პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი, ზედამხედველობით ორგანოებთან და მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადადინებასთან დაკავშირებით
მიღების თარიღი 01.05.2014
ძალაში შესვლა 01.05.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №11/12
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016248
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2014
დოკუმენტის ტექსტი
პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი, ზედამხედველობით ორგანოებთან და მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადადინებასთან დაკავშირებით
პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი, ზედამხედველობით ორგანოებთან და მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადადინებასთან დაკავშირებით
სტარსბურგი 8.11.2001
პრეამბულა
1981 წლის 28 იანვარს, ქალაქ სტრასბურგში ხელმოსაწერად გახსნილი პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ კონვენციის (შემდგომში „კონვენცია) დამატებითი ოქმის მონაწილე მხარეები;
დარწმუნებულნი არიან რა, რომ ზედამხედველობითი ორგანოები, რომლებიც ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს სრულიად დამოუკიდებლად, წარმოადგენენ ფიზიკური პირის ეფექტური დაცვის საშუალებას პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხთან დაკავშირებით;
ითვალისწინებენ რა, ხალხებს შორის ინფორმაციის გადადინების მნიშვნელობას;
მხედველობაში იღებენ რა, რომ სახელმწიფოთა შორის პერსონალური მონაცემების ურთიერთგაცვლის მოცულობის ზრდის პირობებში, აუცილებელია ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების, განსაკუთრებით კი ასეთი ურთიერთგაცვლასთან დაკავშირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, ეფექტურად დაცვის უზრუნველყოფა.
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗 - ზედამხედველობითი ორგანოები
1. ყოველი მხარე გამოყოფს ერთ ან რამდენიმე ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება დაიცვას ყველა შიდასაკანონმდებლო მოთხოვნა, რომელიც აკანონებს კონვენციის მე-2 და მე-3 თავებსა და წინამდებარე ოქმში მოცემულ პრინციპებს.
2. ა. ამ მიზნისთვის, აღნიშნულ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ განსაკუთრებით გამოძიებისა და ინტერვენციის უფლებამოსილება და ასევე სამართლებრივ საქმის წარმოებაში ჩართვის უფლებამოსილება ან იმის უფლებამოსილება, რომ მიაქცევინოს ყურადღება კომპეტენტურ სასამართლო ორგანოებს იმ შიდასაკანონმდებლო დებულებების დარღვევის ფაქტებზე, რომლებიც აკანონებენ წინამდებარე ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტის პრინციპებს.
ბ. ყველა ზედამხედველობითი ორგანო ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი პირის მიერ შეტანილი საჩივარი, რომელიც ეხება მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას.
3. ზედამხედველობითი ორგანოები სრულიად დამოუკიდებლად განახორციელებენ საკუთარ ფუნქციებს.
4. ზედამხედველობითი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოებში.
5. მე-4 თავის დებულებების თანახმად და კონვენციის მე-13 მუხლის დებულებების შეუზღუდავად, ზედამხედველობითმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან თავიანთი მოვალეობების შესრულების, კერძოდ კი ყველა საჭირო ინფორმაციის გაცვლის ფარგლებში.
მუხლი 2🔗 - პერსონალური მონაცემების ტრანსსასაზღვრო გადადინება ისეთი მიმღებისათვის, რომელზეც არ ვრცელდება კონვენციის მხარის იურისდიქცია
1. ყოველი მხარე უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების გადაცემას ისეთი მიმღებისთვის, რომელზეც ვრცელდება იმ სახელმწიფოს ან ორგანიზაციის იურისდიქცია, რომელიც არ არის კონვენციის მხარე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სახელმწიფო თუ ორგანიზაცია უზრუნველყოფს კონკრეტულ გადასაცემ მონაცემთა ადეკვატურ უსაფრთხოებას.
2. წინამდებარე ოქმის მე-2 მუხლის პირველი პარაგრაფის პირობის მიუხედავად, ყოველ მხარეს შეუძლია პერსონალური მონაცემების გადაცემა:
ა. თუკი ამას შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა ითვალისწინებს:
- მონაცემთა შინაარსისადმი არსებული კონკრეტული ინტერესების გამო, ან;
- ლეგიტიმური უპირატესი ძალის მქონე ინტერესებისთვის, კერძოდ კი საზოგადოებრივი ინტერესების გამო, ან
ბ. თუკი პერსონალური მონაცემების გადაცემაზე პასუხისმგებელი მაკონტროლებელი უზრუნველყოფს, სახელშეკრულებო დებულებებიდან გამომდინარეს უსაფრთხოების ზომების მიღებას და ეს ზომები ადეკვატურად ჩაითვლება კომპეტენტური ორგანოების მიერ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით.
მუხლი 3🔗 - დასკვნითი დებულებანი
1. წინამდებარე ოქმის პირველი და მეორე მუხლების დებულებებს, მხარეები მიიჩნევენ კონვენციის დამატებით მუხლებად და კონვენციის ყველა დებულება შესაბამისად იქნება გამოყენებული.
2. წინამდებარე ოქმი ხელმოწერისთვის ღია იქნება კონვენციის ხელმომწერი მხარეებისთვის. კონვენციასთან, მის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მიერთების შემდეგ ევროპულ გაერთიანებას უფლება აქვთ ხელი მოაწერონ წინამდებარე ოქმს. ოქმი ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას და დამტკიცებას. წინამდებარე ოქმზე ხელმომწერს არ აქვს მისი რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების უფლება, თუ მან წინასწარ ან იმავდროულად არ მოახდინა კონვენციის რატიფიცირება, მიღება ან დამტკიცება ან არ მიუერთდა მას. წინამდებარე ოქმის რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების ინსტრუმენტი უნდა ჩაბარდეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.
3. ა. წარმოდგენილი ოქმი ძალაში შევა სამი თვის ვადის გასვლის შემდგომი თვის პირველივე დღიდან, იმ დღის შემდეგ, როდესაც ხუთი ხელისმომწერი გამოთქვამს თანხმობას ოქმის მიღებაზე მე-3 მუხლის მე-2 პარაგრაფის დებულებების მიხედვით.
ბ. წარმოდგენილი ოქმის ნებისმიერ ხელმომწერთან მიმართებაში, რომელიც შემდგომ გამოხატავს თავის თანხმობას ოქმთან დაკავშირებით, ოქმი ძალაში შევა სამი თვის ვადის გასვლის შემდგომი თვის პირველივე დღიდან, მას შემდეგ, რაც მოხდება რატიფიცირების, მიღების და დამტკიცების ინსტრუმენტის ჩაბარება.
4. ა. წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც მიუერთდა კონვენციას, ასევე შეეძლება მიუერთდეს წინამდებარე ოქმს.
ბ. მიერთება ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისთვის მიერთების ინსტრუმენტის ჩაბარების შემდეგ, რომელიც მოხდება მისი შემოტანიდან სამთვიანი პერიოდის ამოწურვის შემდეგ მომდევნო თვის პირველივე დღეს.
5. ა. ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ დროს შეუძლია მოახდინოს წინამდებარე ოქმის დენონსირება, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე;
ბ. ეს დენონსირება ძალაში შევა სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, შემდგომი თვის პირველივე დღიდან, მას შემდეგ, რაც გენერალური მდივანი მიიღებს ასეთ შეტყობინებას;
6. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეატყობინებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ევროპულ გაერთიანებას და ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, რომელიც შეუერთდა წინამდებარე ოქმს:
ა. ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;
ბ. რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების ინსტრუმენტის ჩაბარების შესახებ;
გ. მე-3 მუხლის შესაბამისად წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის ნებისმიერი თარიღის შესახებ;
დ. ნებისმიერი აქტის, შეტყობინების ან კომუნიკაციის შესახებ, რომელიც უკავშირდება წინამდებარე ოქმს.
დასტურის ნიშნად სათანადოდ უფლებამოსილი ხელმომწერი მხარე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს.
ოქმი შედგენილია სტარსტურგში, 2001 წლის 8 ნოემბერს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და ორივე დოკუმენტს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და წარმოადგენს ერთიან ტექსტს, რომელიც ინახება ევროპის საბჭოს არქივში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი გადასცემს დამოწმებულ ასლებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც მოწვეულია, რათა მიურთდეს კონვენციას.