განჩინება შპს “სამედიცინო და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის ცენტრი”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/3797-14
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
2014 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს “სამედიცინო და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის ცენტრი” (ს/ნ 202887224)
წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაცია” (ს/ნ 206096419)
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს “სამედიცინო და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის ცენტრის” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 12 მარტს განცხადებით მიმართა შპს „სამედიცინო და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის ცენტრის” დირექტორის _ შპს „რეაბილიტაციის” დირექტორმა გიორგი ზღუდაძემ და ითხოვა შპს ”სამედიცინო და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის ცენტრის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „სამედიცინო და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის ცენტრი” (ს/კ 202887224) წარმოადგენს 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. განმცხადებლის განმარტებით, შპს ”სამედიცინო და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის ცენტრს” (ს/კ 202887224) არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ხოლო უზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართ ორგანიზაციას ერიცხება დავალიანება 12 887,99 (თორმეტი ათას რვაას ოთხმოცდაშვიდი მთელი ოთხმოცდაცხრამეტი) ლარის ოდენობით. მოვალე საწარმოს დებიტორული დავალიანება ერიცხება ასევე მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, რომლის ოდენობაც შეადგენს 4 243,08 (ოთხი ათას ორას ორმოცდასამი მთელი რვა) ლარს. ორგანიზაციას სხვა კრედიტორები და დებიტორები არ ჰყავს. განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და ამასთან, უზრუნველყოს გაკოტრების საქმის წარმოებისათვის დამახასიათებელი საპროცესო ხარჯის დაფარვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 მარტის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს ”სამედიცინო და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის ცენტრს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ”სამედიცინო და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის ცენტრის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით, ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 მარტის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 21 მარტს. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შპს ”სამედიცინო და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის ცენტრის” კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს ”სამედიცინო და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის ცენტრის” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს ”სამედიცინო და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის ცენტრის” გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ”სამედიცინო და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის ცენტრი” (ს/კ 202887224) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ”სამედიცინო და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის ცენტრის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით, განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე