განჩინება სს „ბორჯომის სამშობიარო სახლი“-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1866-14
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2014 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: სს „ბორჯომის სამშობიარო სახლი” (ს/კ 226112907)
წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაცია” (ს/კ 206096419; დირექტორი)
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ბორჯომის სამშობიარო სახლის” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 07 იანვარს განცხადებით მიმართა სს „ბორჯომის სამშობიარო სახლის” დირექტორის – შპს „რეაბილიტაციის” დირექტორმა გიორგი ზღუდაძემ და ითხოვა სს „ბორჯომის სამშობიარო სახლის” (ს/კ 226112907) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ სს „ბორჯომის სამშობიარო სახლი” (ს/კ 226112907) დღეის მდგომარეობით არ ფუნქციონირებს და არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება. საწარმოს დებიტორული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ სალდირებული ზედმეტობის სახით შეადგენს 1955,13 (ათას ცხრაას ორმოცდათხუთმეტი მთელი ცამეტი) ლარს. ორგანიზაციას უზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ხოლო არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს ამავე ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი – ჟენარი გრიგალაშვილი, რომლის მიმართ სახელფასო დავალიანება შეადგენს 2500 (ორიათას ხუთას) ლარს. განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და ამასთან, უზრუნველყოს გაკოტრების საქმის წარმოებისათვის დამახასიათებელი საპროცესო ხარჯის დაფარვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „ბორჯომის სამშობიარო სახლს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ბორჯომის სამშობიარო სახლის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 17 თებერვალს. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შპს „ბორჯომის სამშობიარო სახლის” კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს „ბორჯომის სამშობიარო სახლის” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს ”ბორჯომის სამშობიარო სახლის” გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ბორჯომის სამშობიარო სახლი” (ს/კ 226112907) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ბორჯომის სამშობიარო სახლის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე