მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.05.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №363
სარეგისტრაციო კოდი 010250000.10.003.017983
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/05/2014
matsne.gov.ge 1,515 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №363 2014 წლის 30 მაისი ქ. თბილისი მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 153-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების  გადანაწილების წესი ეს წესი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ (შემდგომში - კოდექსი) 153-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრავს კოდექსის 151-ე და 152-ე მუხლების საფუძველზე, მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტებისთვის გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების (გადაცემა/უფლებამონაცვლის განსაზღვრა) ძირითად პრინციპებსა და პროცედურებს. მუხლი 1🔗. ტერმინთა განმარტებები წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გასაუქმებელი მუნიციპალიტეტი - მუნიციპალიტეტი, რომელიც უქმდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ახალი მუნიციპალიტეტი - მუნიციპალიტეტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იქმნება მუნიციპალიტეტის გაყოფის შედეგად; გ) ძირითადი ადმინისტრაციული შენობა - შენობა და შესაბამისი მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, გარდა მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს შენობისა და შესაბამისი მიწის ნაკვეთისა; დ) დროებითი სამუშაო ჯგუფი - კოდექსის 153-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი; ე) ზღვრული საშტატო რაოდენობა - კოდექსის 156-ე მუხლით განსაზღვრული წესით დადგენილი საშტატო რაოდენობა. ქონების გადანაწილების მიზნებისათვის, საშტატო რაოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება შტატების ის რაოდენობა, რომელიც თვითმმართველ თემს ემატება შესაბამის საკრებულოში 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის შესაბამისად; ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (შემდგომში - ა(ა)იპ)/მეწარმე იურიდიული პირის (შემდგომში - მიპ) სამოქმედო ტერიტორია - შესაბამისი მუნიციპალიტეტის დასახლება/დასახლებები, რომლის/რომლების მოსახლეობასაც შესაბამისი იურიდიული პირი უწევს მომსახურებას. მუხლი 2🔗. უძრავი ნივთების გადანაწილების წესი 1. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, გარდა ძირითადი ადმინისტრაციული შენობისა/შენობებისა და შესაბამისი მიწის ნაკვეთისა, საკუთრების უფლება გადაეცემა იმ ახალ მუნიციპალიტეტს - თვითმმართველ თემს/თვითმმართველ ქალაქს, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც ექცევა შესაბამისი უძრავი ნივთი, თუ ამ წესით განსხვავებული რეგულირება არ არის დადგენილი. 2. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ძირითადი ადმინისტრაციული შენობის/შენობების ნაწილი და შესაბამისი მიწის ნაკვეთი ახალ მუნიციპალიტეტებს გადაეცემა საკუთრების უფლებით, ზღვრული საშტატო რაოდენობის პროპორციის გათვალისწინებით. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც შესაძლებელი არ არის ერთ შენობაში ახალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების (გარდა, ტერიტორიული ორგანოსი) განთავსება, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიაზე გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებიდან ერთ-ერთ მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცემა შესაბამისი შენობა ან მისი ნაწილი და შესაბამისი მიწის ნაკვეთი. მუხლი 3🔗. მოძრავი ნივთების გადანაწილების წესი 1. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ მოძრავ ნივთებზე შესაბამისი უფლება გადაეცემა და მოძრავი ნივთები ნაწილდება ახალ მუნიციპალიტეტებს შორის, ზღვრული საშტატო რაოდენობის პროპორციის გათვალისწინებით, თუ ამ წესით განსხვავებული რეგულირება არ არის დადგენილი. 2. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს სარგებლობაში არსებულ მოძრავ ნივთებზე შესაბამისი უფლება გადაეცემა და მოძრავი ნივთები ნაწილდება ახალ მუნიციპალიტეტებს შორის, ტერიტორიული ორგანოს ადგილსამყოფელის გათვალისწინებით. 3. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის გაყოფის შემდეგ, სხვა მოძრავ ნივთებზე შესაბამისი უფლება გადაეცემა და მოძრავი ნივთები ნაწილდება ახალ მუნიციპალიტეტებს შორის ქონების ფიზიკური ადგილსამყოფელის მიხედვით, თუ ამ წესით განსხვავებული რეგულირება არ არის დადგენილი. მუხლი 4🔗. ვალდებულებების გადანაწილების წესი 1. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ვალდებულების უფლებამონაცვლეა ახალი მუნიციპალიტეტი, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც მოექცევა შესაბამისი უძრავი ნივთი. 2. გასაუქმებელ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ვალდებულების უფლებამონაცვლეა ახალი მუნიციპალიტეტი, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ მოსახლეობასაც უკავშირდება/უკავშირდებოდა მომსახურების გაწევა. 3. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის მიერ აღებული სხვა ვალდებულებების უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ახალი მუნიციპალიტეტი - თვითმმართველი თემი, თუ შეუძლებელია უფლებამონაცვლის განსაზღვრა, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად. მუხლი 5🔗. ა(ა)იპ-ის დამფუძნებლის უფლებამოსილებების გადანაწილების წესი 1.  გასაუქმებელი მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის დაყოფა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ა(ა)იპ-ის დაყოფის შედეგად, იქმნება იმავე მიზნების მქონე ორი ა(ა)იპ (სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით). ერთი ა(ა)იპ-ის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიით, ხოლო მეორე ა(ა)იპ-ის - გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის დარჩენილი ტერიტორიით. 2. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის  დამფუძნებლის უფლებამონაცვლეა ახალი მუნიციპალიტეტი - თვითმმართველი ქალაქი, თუ ა(ა)იპ-ის სამოქმედო ტერიტორიაა, მხოლოდ, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი ან გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი და მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებები, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა არსებითად ნაკლებია ადმინისტრაციული ცენტრის გარეთ მცხოვრები მოსახლეობის საერთო რაოდენობაზე. 3. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ‑ის დამფუძნებლის უფლებამონაცვლეა ახალი მუნიციპალიტეტი - თვითმმართველი თემი, თუ ა(ა)იპ-ის სამოქმედო ტერიტორია  ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიას არ მოიცავს. 4.  ამ მუხლის პირველი - მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, ა(ა)იპ-ის სამოქმედო ტერიტორიის შეფასებას ახორციელებს და შესაბამისად, ა(ა)იპ-ის დამფუძნებლის უფლებამონაცვლის შესახებ გადაწყვეტილებას, დროებითი სამუშაო ჯგუფის წინადადებით, იღებს გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის საკრებულო. 5. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის საკრებულო, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ა(ა)იპ-ის დაყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და ა(ა)იპ-ის დაყოფას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. 6.  გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ქონებაზე, რომელიც ა(ა)იპ-ს გადაცემული აქვს სარგებლობის უფლებით, შესაბამისი უფლება გადაცემა ა(ა)იპ-ის დამფუძნებლის უფლებამონაცვლე ახალ მუნიციპალიტეტს. სარგებლობის უფლების მიმართ ეს წესი მოქმედებს, თუ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტისთვის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებით/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 6🔗. მიპ-ის წილების გადანაწილების წესი 1. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი მიპ-ის წილზე საკუთრების უფლება გადაეცემა ახალ მუნიციპალიტეტს - თვითმმართველ თემს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი მიპ-ის წილზე საკუთრების უფლება გადაეცემა ახალ მუნიციპალიტეტს - თვითმმართველი ქალაქს, თუ მიპ-ის სამოქმედო ტერიტორიაა გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი ან გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი და მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებები, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა არსებითად ნაკლებია ადმინისტრაციული ცენტრის გარეთ მცხოვრები მოსახლეობის საერთო რაოდენობაზე. 3.  ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით, მიპ-ის სამოქმედო ტერიტორიის შეფასებას ახორციელებს და მიპ-ის წილზე საკუთრების უფლების შესაბამისი ახალი მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას, დროებითი სამუშაო ჯგუფის წინადადებით, იღებს გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4.  გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ქონებაზე, რომელიც მიპ-ს გადაცემული აქვს სარგებლობის უფლებით, შესაბამისი უფლება გადაეცემა მიპ-ის წილზე საკუთრების უფლების მქონე ახალ მუნიციპალიტეტს. სარგებლობის უფლების მიმართ ეს წესი მოქმედებს, თუ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტისთვის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებით/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 7🔗. სხვა ქონების გადანაწილების წესი 1. სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო ღონისძიებების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ ქონებაზე შესაბამისი უფლება და ქონება გადაეცემა ახალ მუნიციპალიტეტს - თვითმმართველ ქალაქს. 2. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელბის მიზნით, სახელმწიფოს მიერ სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე შესაბამისი უფლება გადაეცემა ახალ მუნიციპალიტეტს ქონების ადგილსამყოფელის გათვალისწინებით, თუ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებით/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული მსუბუქი ავტომანქანები/მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომანქანები (ავტობუსები/მიკრო ავტობუსები) ახალ მუნიციპალიტეტებს შორის ნაწილდება თანაბრად, მათი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით. კერძოდ, საბალანსო ღირებულების შესაბამისად (ღირებულების კლებადობით), ცალ-ცალკე დგება მსუბუქი ავტომანქანებისა და მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომანქანების (ავტობუსები/მიკრო ავტობუსები) ნუსხა. ამასთან, ნუსხაში ცალკე გამოიყოფა და ნაწილდება საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები. შესაბამის ნუსხაში პირველი ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაეცემა ახალ მუნიციპალიტეტს - თვითმმართველ ქალაქს, მეორე კი - ახალ მუნიციპალიტეტს - თვითმმართველ თემს და ასეთი თანმიმდევრობით ნაწილდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მთლიან ამოწურვამდე. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ სხვა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე (სატვირთო ავტომობილი, მისაბმელი ტექნიკური საშუალებები, სპეციალიზებული თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები და სხვა)  შესაბამისი უფლება გადაეცემა ახალ მუნიციპალიტეტს - თვითმმართველ თემს. აღნიშნული პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტითა და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ შემთხვევებზე. 4.  გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლება, რომელიც დაკავშირებულია უძრავ ნივთებთან, გადაეცემა ახალ მუნიციპალიტეტს, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც მოექცევა აღნიშნული უძრავი ნივთები. 5. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლება, რომელიც დაკავშირებულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის მომსახურების გაწევის მოთხოვნასთან, გადაეცემა შესაბამის ახალ მუნიციპალიტეტს, რომლის მოსახლეობასაც უკავშირდება შესაბამისი მომსახურების გაწევა.  6. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლება, თუ შეუძლებელია უფლებამონაცვლის განსაზღვრა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად, გადაეცემა ახალ მუნიციპალიტეტს - თვითმმართველ თემს. 7. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული და სხვა ნივთები, რომელთა გადანაწილების საკითხი არ რეგულირდება ამ წესის შესაბამისად, ახალ მუნიციპალიტეტებს შორის ნაწილდება მათი ადგილსამყოფელის გათვალისწინებით. მუხლი 8🔗. დროებითი სამუშაო ჯგუფი 1. დროებითი სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციას და ამ წესის შესაბამისად, ადგენს ახალი მუნიციპალიტეტებისათვის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების ნუსხის (შემდგომში - ნუსხა) პროექტს. 2. ნუსხა ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს, ამ წესის შესაბამისად, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ქონებისა და ვალდებულებების ახალი მუნიციპალიტეტისათვის გადაცემისა და უფლებამონაცვლეობის საკითხს. მუხლი 9🔗. ნუსხის დამტკიცება და დავების გადაწყვეტა 1. დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული ნუსხის პროექტი წარედგინება გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულოს თავმჯდომარე უზრუნველყოფს ნუსხის საკრებულოსადმი დასამტკიცებლად წარდგენას. ნუსხის დამტკიცების შესახებ საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების დღემდე. 2. შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განკარგულების შესაბამისად, ახალი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიმართვის ან ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიმართვის საფუძველზე, განახორციელოს ახალი მუნიციპალიტეტისთვის შესაბამისი უფლების რეგისტრაცია (უძრავ ნივთზე, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე) ან კერძო სამართლის იურიდიული პირების სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. 3. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც არ შეესაბამება ამ წესით დადგენილ ნორმებს, მხოლოდ,  „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის №297 დადგენილებით შექმნილი საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის (შემდგომში - კომისია) თანხმობით. კომისია თანხმობას გასცემს საკრებულოს თავჯდომარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე. 4. თუ ქონების ან/და ვალდებულების გადაცემის/უფლებამონაცვლეობის საკითხი ნუსხით არ არის ან არასათანადოდაა დარეგულირებული და აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდა, ქონება ან/და ვალდებულება გადაეცემა ან უფლებამონაცვლედ მიიჩნევა ახალი მუნიციპალიტეტი, რომელსაც, ამ წესის შესაბამისად, ნუსხით უნდა გადაცემოდა შესაბამისი ქონება ან/და ვალდებულება ან განსაზღვრულიყო უფლებამონაცვლედ. აღნიშნულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართავს ახალი მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი. მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მიმართვას თან ერთვის შესაბამისი ახალი მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი თემი ან თვითმმართველი ქალაქი) გამგებლის/მერის თანხმობა.  ახალ მუნიციპალიტეტებს შორის აღნიშნულ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, შესაბამისი გამგებელი/მერი მიმართავს კომისიას. კომისიის პასუხს აქვს, მხოლოდ, სარეკომენდაციო ხასიათი. თუ შეთანხმება კვლავ ვერ იქნა მიღწეული, ახალ მუნიციპალიტეტებს შორის ქონების ან/და ვალდებულების გადანაწილების საკითხზე, დავას წყვეტს სასამართლო. 5. ამ წესის შესაბამისად, გადანაწილებულ ქონებასთან ან/და ვალდებულებასთან დაკავშირებით, ახალ მუნიციპალიტეტებს შორის წარმოშობილი სხვა დავა წყდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 6.  ნუსხის დამტკიცების შესახებ საკრებულოს განაკარგულება ძალაში შედის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან.