საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ შეთანხმება
მიღების თარიღი 05.02.2014
ძალაში შესვლა 24.05.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №61-8
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016250
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/06/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ,,ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი:
სურთ რა, გაამყარონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და გაააქტიურონ ეკონომიკური ურთიერთობა;
მიზნად ისახავენ რა, განავითარონ და ხელი შეუწყონ საქართველოსა და კვიპროსს შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის სფეროში თანამშრომლობას თანასწორობის პრინციპისა და ურთიერთსარგებლობის საფუძველზე, მათი ეკონომიკური განვითარების საჭიროებისა და მიზნების შესაბამისად;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განსაზღვრებანი
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის:
(a) ტერმინი ,,გემი” ნიშნავს ნებისმიერ სავაჭრო გემს, რომელიც რეგისტრირებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გემების რეესტრში ან ცურავს მისი დროშის ქვეშ ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;
ეს განმარტება არ მოიცავს სამხედრო ხომალდებს, დამხმარე სამხედრო გემებს, თევზსაჭერ გემებს და სხვა გემებს, რომლებიც აგებულია, ან გამოიყენება არაკომერციული მიზნებისთვის.
(b) ტერმინი ,,ეკიპაჟი” ნიშნავს ყველა პიროვნებას, კაპიტნის ჩათვლით, რომელიც ნამდვილად არის დაქირავებული გემზე კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებისათვის და შეყვანილია ეკიპაჟის განრიგში.
(c) ტერმინი ,,ხელშემკვრელ მხარეთა ნავსადგურები” ნიშნავს საზღვაო ნავსადგურებს, რეიდების ჩათვლით, რომლებიც ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე მდებარეობს, საერთაშორისოდ აღიარებულია და ღიაა საერთაშორისო ნაოსნობისთვის.
მუხლი 2🔗
გამოყენება
წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება ხელშემკვრელი მხარეების შემდეგ ტერიტორიაზე:
(a) საქართველოს მხრიდან, საქართველოს ტერიტორიაზე, და
(b) კვიპროსის მხრიდან, კვიპროსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
მუხლი 3🔗
თანამშრომლობის სფეროები
(1) ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
(a) ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ტვირთების გადაზიდვებს საკუთარი გემების მონაწილეობით;
(b) ითანამშრომლონ მათ ქვეყნებს შორის საზღვაო ვაჭრობის განვითარების შემაფერხებელი ნებისმიერი დაბრკოლების აღმოსაფხვრელად;
(c) მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ხელშემკვრელ მხარეთა შორის, ისევე როგორც მესამე ქვეყნებიდან და მესამე ქვეყნების მიმართულებით ტვირთის გადაზიდვაში საკუთარი გემების ეფექტიან გამოყენებას;
(d) ითანამშრომლონ ხელშემკვრელ მხარეთა მეზღვაურების დასაქმების, ისევე როგორც საკუთარ გემებზე დასაქმებული მეზღვაურების სამუშაო და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით;
(2) ამ მუხლის დებულებები არ ახდენს ზეგავლენას მესამე ქვეყნების გემების უფლებაზე, მიიღონ მონაწილეობა საზღვაო გადაზიდვებში ხელშემკვრელ მხარეთა ნავსადგურებს შორის.
(3) ამ მუხლის თანახმად, ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონდებლობის შესაბამისად მოქმედ სანაოსნო კომპანიებს შეუძლიათ ითანამშრომლონ, ერთობლივად ან დამოუკიდებლად, როგორც სანაოსნო ხაზების განხორციელების, ასევე ნაოსნობასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით.
მუხლი 4🔗
საზღვაო ნავსადგურში გემების მომსახურება
(1) თითოეული ხელშემკვრელი მხარე, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, შეუქმნის მეორე ხელშემკვრელი მხარის გემებს მომსახურების ისეთივე პირობებს, როგორსაც საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებში მონაწილე საკუთარ გემებს, კერძოდ: ნავსადგურში თავისუფალი შესვლა; ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის და მგზავრთა აყვანა-გადმოსხმისათვის ნავსადგურების გამოყენება; გემის ტონაჟზე ან სხვა ფაქტორებზე დამოკიდებული გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა; ჩვეულებრივი კომერციული საქმიანობა და ნავიგაციასთან დაკავშირებული მომსახურებით სარგებლობა.
(2) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის პირობები:
(a) არ ეხება იმ საქმიანობას, რომლის განხორციელება მხოლოდ ხელშემკვრელი მხარის ეროვნულ ორგანიზაციას ან საწარმოს შეუძლია.
(b) არ ავალდებულებს ხელშემკვრელ მხარეს, საკუთარი გემების მსგავსად, მეორე ხელშემკვრელი მხარის გემები გაათავისუფლოს აუცილებელი სალოცმანო გაცილების წესებისგან;
(c) არ ახდენს ზეგავლენას უცხოელების შემოსვლასა და ყოფნასთან დაკავშირებით არსებულ წესებზე.
მუხლი 5🔗
გემების ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაცია/პარალელური რეგისტრაცია
გემი, რომელიც რეგისტრირებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გემების რეესტრში, შესაძლებელია გარკვეული დროის განმავლობაში, რეგისტრირებულ იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ და ფლობდეს მის დროშას იმ პირობით, რომ გემი არის დროებით დაქირავებული ბერბოუტ ჩარტერის საფუძველზე მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქის ან საწარმოს მიერ, რომელიც რეგისტრირებულია ამავე ქვეყანაში და უფლება აქვს ფლობდეს გემს მისი დროშით. ასეთი რეგისტრაციისათვის საჭიროა ორივე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების თანხმობა და უნდა შესრულდეს ნებისმიერი დაკისრებული პირობა. გემი არ მოიხსნება რომელიმე ხელშემკვრელი მხარის რეესტრიდან და მისი საკუთრების უფლებასთან და რეგისტრირებულ გირავნობასთან დაკავშირებული რეგისტრაცია დარჩება ძალაში, მაგრამ მისი ეროვნული კუთვნილება იქნება შეჩერებული.
მუხლი 6🔗
გემების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა
ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის რეგისტრაციის მოთხოვნის განაცხადის წარდგენისას, ამ ხელშემკვრელმა მხარემ შეიძლება მოითხოვოს გემის რეგისტრაციასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხელმისაწვდომი ინფორმაციის წარდგენაც, მეორე ხელშემკვრელმა მხარემ უნდა დააკმაყოფილოს ასეთი მოთხოვნა. პირველი ხელშემკვრელი მხარე არ მისცემს გემს მუდმივ რეგისტრაციას, თუ არ მიიღებს მეორე ხელშემკვრელი მხარისგან გემის წაშლის სერტიფიკატის დამადასტურებელ დოკუმენტს.
მუხლი 7🔗
მოცდენის თავიდან აცილება
თითოეული ხელშემკვრელი მხარე, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, გაატარებს ყველა აუცილებელ ზომას ნავსადგურებში საკუთარი გემების უმიზეზო მოცდენის შემცირებისა და ნავსადგურებში მოქმედი ადმინისტრაციული, ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთისა (ქართული მხარის შემთხვევაში)/საბაჟო (კვიპროსული მხარის შემთხვევაში) და სანიტარიული ფორმალობების მაქსიმალურად გამარტივების მიზნით.
მუხლი 8🔗
გემის დოკუმენტები
(1) თითოეული ხელშემკვრელი მხარე აღიარებს გემის ეროვნულ კუთვნილებას მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული და გემის ბორტზე არსებული საბუთების საფუძველზე.
(2) გემების ბორტზე არსებული, ერთი ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი კომპეტენტური ორგანოს მიერ გემებისთვის გაცემული ან აღიარებული დოკუმენტები, სატონაჟო და ეკიპაჟის საბუთების ჩათვლით, აღიარებული იქნება მეორე ხელშემკვრელი მხარის ორგანოების მიერ.
(3) როდესაც ადგილი აქვს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის საზღვაო ნავსადგურში მყოფი მეორე ხელშემკვრელი მხარის გემის სახელწოდების, მფლობელის ან სხვა გარემოებების ცვლილებას, მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ ამ გემს უნდა მისცეს პირველი ხელშემკვრელი მხარის გემების რეესტრის მიერ ფაქსით გაგზავნილი დოკუმენტებით ცურვის უფლება.
მუხლი 9🔗
საიდენტიფიკაციო დოკუმენტების აღიარება
(1) თითოეული ხელშემკვრელი მხარე აღიარებს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ ეკიპაჟის წევრებზე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომლებიც არიან ამავე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქენი და ასეთი საბუთების მფლობელებს მიანიჭებს წინამდებარე შეთანხმების მე-10 და მე-11 მუხლებში განსაზღვრულ უფლებებს.
(2) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებია:
საქართველოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ,,მეზღვაურის წიგნაკი” და პასპორტი.
კვიპროსის შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული „მეზღვაურის წიგნაკი”, „ზღვაზე ნამსახურობის სტაჟის აღრიცხვის წიგნაკი“ და ,,პასპორტი”.
იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება ამ პუნქტში აღნიშნული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლა ან ახალი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამატება, მისი სახელწოდება უნდა ეცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.
(3) წინამდებარე შეთანხმების მე-10 და მე-11 მუხლებში განსაზღვრული დებულებები შესაბამისად ეხება ნებისმიერ პირს, რომელიც არის არც საქართველოს და არც კვიპროსის მოქალაქე, მაგრამ ფლობს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობის გაადვილების შესახებ 1965 წლის კონვენციისა და მისი დანართის ან მეზღვაურთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ სხვა შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებებს. ასეთი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა გაიცეს შესაბამისი ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნის მიერ და აძლევდეს მის მფლობელს მოწმობის გამცემ სახელმწიფოში დაბრუნების გარანტიას.
(4) წინამდებარე შეთანხმების მე-10 და მე-11 მუხლებში განსაზღვრული დებულებები შესაბამისად ეხება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც არ არის საქართველოს ან კვიპროსის მოქალაქე და ფლობს ისეთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც არ არის აღნიშნული ამ მუხლის მე-3 პუნქტში.
მუხლი 10🔗
მეზღვაურის ხმელეთზე გადასვლის უფლება
(1) წინამდებარე შეთანხების მე-9 მუხლში აღნიშნული მეზღვაურის პირადობის მოწმობების მფლობელებს, რომლებიც ამავდროულად არიან ეკიპაჟის წევრები, ისევე როგორც ამავე გემზე მყოფი მათი ოჯახის წევრებს შეუძლიათ დროებით იმყოფებოდნენ ნაპირზე ვიზების გარეშე, ამ გემის მეორე ხელშემკვრელი მხარის ნავსადგურში ყოფნისას, თუ მათი სახელები შეტანილია კაპიტნის მიერ, ამავე ნავსადგურში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი ორგანოსათვის წარდგენილ გემის ეკიპაჟის სიაში.
(2) ნაპირზე ჩამოსხდომისას და გემის ბორტზე დაბრუნებისას ზემოაღნიშნული პირები უნდა დაემორჩილონ ნავსადგურში მოქმედ სასაზღვრო და ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის (საქართველოს შემთხვევაში)/საბაჟო (კვიპროსული მხარის შემთხვევაში) და სასაზღვრო წესებს.
(3) თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას საკუთარ ტერიტორიაზე არ შეუშვას გემის ბორტზე მყოფი ის პირები, რომელთაც თვლის არასასურველ პიროვნებებად.
მუხლი 11🔗
მეზღვაურთა ტრანზიტის უფლება
(1) წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლში აღნიშნული მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მფლობელებს უფლება აქვთ, როგორც მგზავრი, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით შევიდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან ტრანზიტით გადაკვეთონ მისი ტერიტორია, დანიშნულების გემზე მისვლის, სხვა გემზე გადაყვანის, სამშობლოში დაბრუნების ან შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოებისათვის მისაღები სხვა ნებისმიერი მიზნით ხელშემკვრელ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. იმ პირობით, რომ მათ გააჩნიათ მეზღვაურის ვიზა და სანაოსნო კომპანიის ან მისი აგენტის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული წერილობითი განცხადება იმის შესახებ, რომ ეს პიროვნება უნდა შეუერთდეს ცალკეული გემის ეკიპაჟს კონკრეტულ ნავსადგურში.
(2) თუ წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლში აღნიშნული მეზღვაურის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მფლობელი არ არის არცერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული მიზნების შესრულებისათვის საჭირო ნებისმიერი ვიზა უნდა გაიცეს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, იმ პირობით, რომ ამ პიროვნების დაბრუნება გარანტირებული იქნება მეზღვაურის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გამცემ ქვეყანაში.
მუხლი 12🔗
ტექნიკური დახმარება
ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, შესაძლებლობის ფარგლებში აღმოუჩინონ ერთმანეთს ტექნიკური დახმარება სავაჭრო ფლოტის განვითარებაში, მეზღვაურთა გადამზადების ჩათვლით. ამ მიზნისთვის ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან, მხარს დაუჭერენ და ხელს შეუწყობენ შესაბამის სასწავლო ინსტიტუტებსა და საზღვაო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
მუხლი 13🔗
მეზღვაურთა დასაქმება
(1) ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გემების კვალიფიცირებული პერსონალით დაკომპლექტებისათვის, ამ ხელშემკვრელი მხარის გემთმფლობელებს, სათანადო კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლიათ დაიქირავონ მეორე ხელშემკვრელი მხარის კვალიფიცირებული მოქალაქენი. მეორე ხელშემკვრელი მხარის გემებზე ასეთ მოქალაქეთა დაქირავების პირობები, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოწონებული უნდა იქნეს მეზღვაურის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების ან მეზღვაურთა კავშირების მიერ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ყველა ღონეს იხმარს დასაქმების ასეთი პირობების უზრუნველყოფისა და შესრულების მიზნით.
(2) ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები ან კომპეტენტური სასამართლოები განიხილავენ ერთი ხელშემკვრელი მხარის გემთმფლობელსა და მეორე ხელშემკვრელი მხარის მეზღვაურს შორის შესაბამის კონტრაქტთან დაკავშირებით წარმოშობილ შრომით დავებს.
მუხლი 14🔗
მუდმივი წარმომადგენლობები
სანაოსნო ორგანიზაციებსა და საწარმოებს, რომლებიც რეგისტრირებულია, აქვთ რეგისტრირებული ოფისები და საქმიანობენ ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ მუდმივი წარმომადგენლობა დააფუძნონ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 15🔗
ნავსადგურებში წარმომადგენელთა მხარდაჭერა
თითოეული ხელშემკვრელი მხარე, თავის მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მისცემს მეორე ხელშემკვრელი მხარის მთავრობის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, შესაბამისი საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ან დიპლომატიურ და საკონსულო მისიებს, ისევე როგორც ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სანაოსნო საწარმოების წარმომადგენლებს, მის ნავსადგურებში შესვლისა და მეორე ხელშემკვრელი მხარის გემებზე ასვლის უფლებას, რათა მათ განახორციელონ მათი გემებისა და ეკიპაჟის საქმიანობასთან დაკავშირებული მოვალეობები.
მუხლი 16🔗
საზღვაო შემთხვევები
(1) თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გემი დაიღუპა, დაჯდა მეჩეჩზე, გაირიყა ნაპირზე ან მიიღო დაზიანებები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიულ ზღვაში ნაპირის სიახლოვეს, ეს გემი და ტვირთი ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე აიღებენ იმავე ვალდებულებებს და ისარგებლებენ ისეთივე უპირატესობებითა და პრივილეგიებით, როგორსაც ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს ასეთ შემთხვევაში თავის გემებს და ტვირთს. გემის ეკიპაჟს და მგზავრებს, აგრეთვე გემსა და ტვირთს ნებისმიერ დროს უნდა აღმოუჩინონ ისეთივე დახმარება და დაცვა, როგორსაც აღმოუჩენდნენ ასეთ შემთხვევაში საკუთარ გემს. შემთხვევის ადგილის განურჩევლად, ასეთივე სახის ღონისძიებები ვრცელდება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გემის ეკიპაჟიდან გადარჩენილ მგზავრებზე, თუ გადარჩენილი მგზავრების აღმოჩენა მოხდება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე.
(2) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ გემმა განიცადა უბედური შემთხვევა, გადარჩენილი ტვირთი, აღჭურვილობა, მოწყობილობა, ქონება ან სხვა საგნები, რომლებიც საჭიროებს გადმოტვირთვას და დროებით შენახვას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, დატვირთვის ქვეყანაში დაბრუნებამდე ან მესამე ქვეყანაში გატანამდე, მეორე ხელშემკვრელი მხარე ხელს შეუწყობს ამ ოპერაციების განხორციელებას და ამგვარი ოპერაციები და ტვირთი გათავისუფლდება ყველა სახის იმპორტის ან სხვა გადასახდელებისგან იმ პირობით, რომ იგი არ იგზავნება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მოხმარების და გამოყენებისათვის.
(3) ამ მუხლის მე-2 დებულებანი არ ხელყოფს ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებზე მოქმედ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გამოყენებას საქონლისა და ტვირთების დროებით საწყობში შენახვასთან დაკავშირებით.
(4) ამ მუხლის დებულებები არ ზღუდავს გემზე არსებული ტვირთისა და ქონების გადარჩენისათვის დახმარების აღმოჩენის მოთხოვნის წაყენების უფლებას.
(5) თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის გემს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შეემთხვევა უბედური შემთხვევა, როგორც ამ მუხლის პირველ პუნქტშია აღწერილი, მაშინ ამ უკანასკნელის კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ აცნობებენ მეორე ხელშემკვრელი მხარის საზღვაო ადმინისტრაციას და უახლოეს საკონსულოს წარმომადგენლობას ამ შემთხვევის შესახებ და დაიწყებენ გამოძიებას უბედური შემთხვევის მიზეზის დასადგენად ან აღმოუჩენენ ყოველმხრივ შესაძლო დახმარებას მეორე ხელშემკვრელი მხარის შესაბამის ორგანოებს ასეთი გამოძიების ჩატარებაში. ხელშემკვრელი მხარეები მაქსიმალურად აღმოუჩენენ ერთმანეთს დახმარებას მსგავსი გამოძიების ჩატარებაში და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მიაწვდიან ერთმანეთს საჭირო ხელმისაწვდომ ინფორმაციას.
მუხლი 17🔗
დახურული ნავსადგურები
მიუხედავად წინამდებარე შეთანხმების დებულებებისა, გემებს, რომლებიც ეკუთვნის, მოქმედებს და დაქირავებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საწარმოს მიერ, რომელიც მოქმედებს ამ ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და ფლობს რეგისტრირებულ ოფისს მის სახელმწიფო ტერიტორიაზე, არ შეიძლება იყოს დაქირავებული ან შევიდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ნავსადგურში, რომელიც ამ უკანასკნელის მიერ დახურულია საერთაშორისო ნაოსნობისათვის.
მუხლი 18🔗
შემოსავლის გამოყენება
ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის საზღვაო კომპანიებს უფლება აქვთ გამოიყენონ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და საზღვაო გადაზიდვების ოპერაციებიდან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში მიღებული შემოსავალი და სხვა მოგება ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადახდის განხორციელების მიზნით. ყველა ადგილობრივი ხარჯის, მათ შორის გადასახადის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხა შესაძლებელია გადარიცხულ იქნას საზღვარგარეთ.
მუხლი 19🔗
საერთაშორისო უფლებები და ვალდებულებები
(1) წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ ზემოქმედებს ხელშემკვრელ მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო კონვენციებიდან, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობიდან, კერძოდ რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციებიდან, რომელთა წევრებსაც წარმოადგენენ ხელშემკვრელი მხარეები.
(2) თუ წინამდებარე შეთანხმებით სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, ხელშემკვრელი მხარეები გამოიყენებენ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას მათ გემებთან მიმართებაში.
მუხლი 20🔗
ერთობლივი საზღვაო კომიტეტი
(1) წინამდებარე შეთანხმების ეფექტური დანერგვის მიზნით იქმნება ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებითა და მათ მიერ შერჩეული ექსპერტებით დაკომპლექტებული ერთობლივი საზღვაო კომიტეტი (შემდეგში „კომიტეტად“ წოდებული).
(2) კომიტეტი იმსჯელებს წინამდებარე შეთანხმების გამოყენების პროცესში წარმოქმნილ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე განიხილავს სავაჭრო ნაოსნობის სფეროსთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, რომლებიც ხელშემკვრელ მხარეთა საერთო ინტერესებშია.
(3) კომიტეტი მონაცვლეობით იკრიბება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის თხოვნით ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
მუხლი 21🔗
კომპეტენტური ორგანოები
(1) წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ.
კომპეტენტური ორგანოებია:
- საქართველოს მხრიდან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;
- კვიპროსის რესპუბლიკის მხრიდან - კომუნიკაციებისა და მშრომელთა სამინისტრო.
(2) ამ მუხლში მოხსენიებული კომპეტენტური ორგანოების ცვლილების შემთხვევაში ახალი ორგანოს დასახელება მეორე ხელშემკვრელ მხარეს გადაეგზავნება დიპლომატიური არხებით.
მუხლი 22🔗
დავების მოგვარება
(1) წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასთან და/ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სადავო საკითხი, მოგვარდება ხელშემკვრელი მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის პირდაპირი მოლაპარაკების გზით.
(2) იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანოები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, სადავო საკითხები გადაწყდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 23🔗
ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
(1) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საკონსტიტუციო ან შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის შემდეგ.
(2) წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წინამდებარე შეთანხმების დენონსირება მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით დიპლომატიური არხების მეშვეობით. ამ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმება წყვეტს მოქმედებას მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.
მუხლი 24🔗
ცვლილებები
ამ შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული ოქმები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
შესრულებულია 2014 წლის 5 თებერვალს, ქ. თბილისში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
კვიპროსის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)