საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება
მიღების თარიღი 26.09.2013
ძალაში შესვლა 27.05.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №15-21
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016251
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/06/2014
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება
საქართველოს მთავრობა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები“,
მხედველობაში იღებენ რა, საქართველოსა და ევროპის თანამეგობრობას და მის წევრ სახელმწოებს შორის 1996 წელს დადებულ შეთანხმებას პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ;
აღიარებენ რა, რომ თანამშრომლობა საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას;
გაცნობიერებული აქვთ რა საშიშროება, რომელსაც იწვევს საგანგებო სიტუაციები ორივე ქვეყნისათვის;
ითვალისწინებენ რა, საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის გაცვლის ურთიერთსარგებლობას;
მხედველობაში იღებენ რა, ისეთი საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის შესაძლებლობას, რომელთა აღმოფხვრა ერთი მხარის ძალებითა და საშუალებებით შეუძლებელია და საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისთვის მოითხოვს ორივე მხარის მხრიდან კოორდინირებულ მოქმედებას;
ითვალისწინებენ რა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელობას საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განსაზღვრებები
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
a) „კომპეტენტური ორგანო“ – წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის ხელმძღვანელობისა და კოორდინირებისათვის თითოეული მხარის მიერ დანიშნული ორგანო;
b) „მომთხოვნი მხარე“ – მხარე, რომელიც თხოვნით მიმართავს მეორე მხარეს დახმარების აღმომჩენი ჯგუფების, აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების გაგზავნის შესახებ;
c) „მიმწოდებელი მხარე“ – მხარე, რომელიც აკმაყოფილებს მეორე მხარის თხოვნას დახმარების აღმომჩენი ჯგუფების, აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების გაგზავნის შესახებ;
d) „დახმარების აღმომჩენი მხარე“ – მიმწოდებელი მხარის სპეციალისტთა (ექსპერტთა) ორგანიზებული ჯგუფი, რომლის დანიშნულებაში შედის დახმარების აღმოჩენა და აუცილებელი აღჭურვილობით უზრუნველყოფა;
e) „საგანგებო სიტუაცია“ – გარკვეულ ტერიტორიაზე ავარიის, საშიში ბუნებრივი მოვლენის, კატასტროფის, სტიქიური ან სხვა უბედურების შედეგად შექმნილი ვითარება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ან გამოიწვია ადამიანთა მსხვერპლი, მათი ჯანმრთელობისათვის ან ბუნებრივი გარემოსათვის ზიანი, მატერიალური დანაკარგები და ადამიანთა სასიცოცხლო პირობების მოშლა;
f) „საგანგებო სიტუაციის ზონა“ – ტერიტორია, რომელზეც წარმოიშვა საგანგებო სიტუაცია;
g) „საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილება“ – წინასწარ გასატარებელი ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის რისკის მაქსიმალურად შესაძლო შემცირებას, აგრეთვე, ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვას, ბუნებრივი გარემოსათვის მიყენებული ფაქტობრივი ზიანისა და მატერიალური დანაკარგების შემცირებას;
h) „საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაცია“ – საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში გასატარებელი სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოები, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანთა სიცოცხლის შენარჩუნებასა და ჯანმრთელობის დაცვას, ბუნებრივი გარემოსათვის მიყენებული ზიანისა და მატერიალური დანაკარგების შემცირებას და აგრეთვე, საგანგებო სიტუაციის ზონის ლოკალიზაციას და მისთვის დამახასიათებელი საფრთხეების ზემოქმედების შეჩერებას;
i) „სამაშველო სამუშაოები“ – საგანგებო სიტუაციის ზონაში ადამიანების, მატერიალური და კულტურული ფასეულობების გადარჩენისათვის, ბუნებრივი გარემოს დაცვისათვის, საგანგებო სიტუაციის ლოკალიზაციისა და მისთვის დამახასიათებელი საფრთხეების დაძლევის ან მათი ზემოქმედების მაქსიმალურად შესაძლო შემცირებისათვის გამიზნული ქმედებები;
j) „აღჭურვილობა“ – მასალები, ტექნიკური აღჭურვილობა, სატრანსპორტო საშუალებები, დახმარების აღმომჩენი ჯგუფების აღჭურვილობა და დახმარების აღმომჩენი ჯგუფების წევრების პირადი აღჭურვილობა;
k) „უზრუნველყოფის მასალები“ – მატერიალური საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია საგანგებო სიტუაციის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაში განაწილებისათვის;
l) „მესამე ქვეყანა“ – ქვეყნები, რომლებიც არ არიან წინამდებარე შეთანხმების მხარეები.
მუხლი 2🔗
შეთანხმების საგანი
წინამდებარე შეთანხმება არეგულირებს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების აღმოჩენის საკითხებს.
მუხლი 3🔗
კომპეტენტური ორგანოები
1. მხარეები კომპეტენტურ ორგანოებს წარმოადგენენ:
a) საქართველოს მხრიდან – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
b) ლიტვის რესპუბლიკის მხრიდან – ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
2. იმ შემთხვევაში, თუ მხარე კომპეტენტურ ორგანოდ დანიშნავს სხვა ორგანოს, ან არსებულ კომპეტენტურ ორგანოს შეუცვლის სახელწოდებას, მან წერილობითი ფორმით უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს ამის შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 4🔗
თანამშრომლობის ფორმები
წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობა უნდა მოიცავდეს:
a) მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფას, მათ შორის, მესამე ქვეყნებისათვის საგანგებო სიტუაციების დროს დახმარების ღონისძიებებს;
b) საგანგებო სიტუაციების პროგნოზირებას და მათი შედეგების შეფასებას;
c) საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციაში სახელმწიფო ორგანოებს შორის თანამშრომლობის ორგანიზებას;
d) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის ღონისძიებების დაგეგმვასა და გატარებას;
e) გამოცდილების გაზიარებას მოსახლეობის მომზადებასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი საგანგებო სიტუაციების დროს და როგორ აღმოაჩინონ პირველადი სამედიცინო დახმარება;
f) სამრეწველო ავარიების, კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების შედეგად გამოწვეულ დაბინძურებასთან დაკავშირებით მოსახლეობისათვის და ბუნებრივი გარემოსათვის წარმოქმნილი პოტენციური რისკის შეფასებაში თანამშრომლობას;
g) ერთობლივ დაგეგმარებას, სამეცნიერო და ტექნიკური პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას, აგრეთვე სამეცნიერო და ტექნიკური ლიტერატურისა და შესაბამისი კვლევითი მუშაობის შედეგების გაცვლას;
h) საგანგებო სიტუაციეის თავიდან აცილებასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის, აგრეთვე პერიოდული გამომცემლობების, მეთოდური და სხვა პუბლიკაციების, ვიდეო და ფოტომასალების გაცვლას;
i) ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, სწავლებების, ტრენინგებისა და სპეციალიზებული გამოფენების ორგანიზებას;
j) ერთობლივი ანგარიშებისა და პუბლიკაციების მომზადებას;
k) მხარეთა სახელმწიფოების სასწავლო დაწესებულებებში სპეციალისტების მომზადებას წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, აგრეთვე სტაჟიორების, მასწავლებლების, მკვლევარებისა და სპეციალისტების გაცვლას;
l) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შორის შეთანხმებულ სხვა საქმიანობას.
მუხლი 5🔗
ერთობლივი კომისია
წინამდებარე შეთანხმების შესრულებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მხარეთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა შექმნან ერთობლივი კომისია წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან ექვსი თვის შემდეგ ,საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობისათვის. მისი შემადგენლობა, ფუნქციები და მუშაობის წესი განისაზღვრება ერთობლივი კომისიის დებულებით, რომელსაც დაამტკიცებენ მხარეთა კომპეტენტური ორგანოების ხელმძღვანელები.
მუხლი 6🔗
ურთიერთდახმარება საგანგებო სიტუაციების დროს
1. დახმარების აღმოჩენა უნდა განხორციელდეს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელშიც მომთხოვნი მხარე უთითებს ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის ხასიათის შესახებ და განსაზღვრავს საჭირო დახმარების სახეობასა და მოცულობას.
2. მიმწოდებელმა მხარემ გონივრულ ვადებში უნდა განიხილოს მოთხოვნა და აცნობოს მომთხოვნ მხარეს დახმარების აღმოჩენის შესძლებლობის, მისი მოცულობისა და პირობების შესახებ.
3. საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციაში დახმარების აღმოჩენა უნდა განხორციელდეს დახმარების აღმომჩენი ჯგუფების, უზრუნველყოფის მასალების მეშვეობით ან ნებისმიერი სხვა მოთხოვნილი ფორმით.
4. მიმწოდებელი მხარის დახმარების აღმომჩენ ჯგუფს ხელმძღვანელობა უნდა გაუწიოს მომთხოვნი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ აღნიშნული ჯგუფის მეთაურების მეშვეობით.
5. დახმარების აღმომჩენი ჯგუფი უნდა გაიგზავნოს საგანგებო სიტუაციის ზონაში სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების შესრულების მიზნით.
6. მომთხოვნმა მხარემ უნდა აცნობოს დამხმარების აღმომჩენი ჯგუფის მეთაურს ვითარების შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს აღნიშნული ჯგუფი თარჯიმნებით და კომუნიკაციის საშუალებებით და უზრუნველყოს დახმარების აღმომჩენი ჯგუფის დაცვა და მისთვის უფასო სამედიცინო დახმარება, აგრეთვე განახორციელოს მისი მოქმედებების კოორდინირება.
7. დახმარების აღმომჩენი ჯგუფისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა უნდა განახორციელოს მიმწოდებელმა მხარემ.
8. დახმარების აღმომჩენი ჯგუფი უნდა იყოს ადეკვატურად აღჭურვილი, რომ იმოქმედოს ავტონომიურად 72 საათის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ დახმარების აღმომჩენი ჯგუფი ამოწურავს რესურსებს, მომთხოვნმა მხარემ საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ჯგუფი საშუალებებით, რომლებიც აუცილებელია შემდგომი სამუშაოებისთვის.
მუხლი 7🔗
დახმარების აღმომჩენი ჯგუფის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პროცედურები და მისი ყოფნა მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე
1. დახმარების აღმომჩენი ჯგუფის წევრებზე ვიზები უნდა გაიცეს მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისათვის ზიანის მიყენების გარეშე, პირადობის დამადასტურებელი მოქმედი სამგზავრო დოკუმენტების, დახმარების აღმომჩენი ჯგუფის წევრთა სიის, აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების სიის, აღნიშნული ჯგუფის წევრებზე გაცემული შესაბამისი მოქმედი სამედიცინო დაზღვევის, მიმწოდებელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დახმარების აღმომჩენი ჯგუფის მეთაურის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის, აგრეთვე მომთხოვნი მხარის წერილობითი მოთხოვნის, ხოლო ტრანზიტის შემთხვევაში, დახმარების შესახებ მესამე ქვეყნის წერილობითი მოთხოვნის წარდგენისას. მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანომდებლობის დებულებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ვიზები შეიძლება გაიცეს სასაზღვრო კონტროლის პუნქტებში.
2. დახმარების აღმომჩენი ჯგუფის წევრებს უნდა მიეცეთ უფლება პრიორიტეტული წესით გადაკვეთონ საზღვარი საერთაშორისო სასაზღვრო კონტროლის პუნქტებში. საჰაერო ხომალდის სასაზღვრო და საბაჟო კონტროლი უნდა განხორციელდეს საერთაშორისო აეროპორტებში ან წინასწარ განსაზღვრული სხვა დაშვების ადგილებში.
3. დახმარების აღმომჩენ ჯგუფში შემავალმა კინოლოგიურმა ჯგუფებმა უნდა გადაკვეთონ მომთხოვნი მხარის საზღვარი და უნდა იმყოფებოდნენ მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი საკარანტინო წესების შესაბამისად.
4. დახმარების აღმომჩენი ჯგუფის წევრებმა, რომლებიც იმყოფებიან მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე, უნდა დაიცვან ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი სამართლებრივი მოთხოვნები. აღნიშნულ პირთა შრომითი ურთიერთობები, აგრეთვე მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები ექვემდებარება მიმწოდებელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას.
5. დახმარების აღმომჩენი ჯგუფის გადაადგილება, აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების გადატანა უნდა განხორციელდეს საგზაო, სარკინიგზო, წყლის ან საჰაერო ტრანსპორტით.
6. სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს დაზღვეული მიმწოდებელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
7. წინამდებარე მუხლის დებულებები აგრეთვე უნდა გავრცელდეს ერთობლივ სწავლებებზე, როდესაც ერთი მხარის დახმარების აღმომჩენი ჯგუფი შედის მეორე მხარის ტერიტორიაზე და იმყოფება ამ ტერიტორიაზე.
მუხლი 8🔗
აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების იმპორტი და ექსპორტი საგანგებო სიტუაციების დროს
1. აღჭურვილობა და უზრუნველყოფის მასალები უნდა იყოს იმპორტირებული მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ექსპორტირებული მიმწოდებელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიიდან საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციისას დახმარების აღმოჩენის მიზნით და უნდა გათავისუფლდეს იმპორტ/ექსპორტის გადასახდელებისაგან თითოეული მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
2. აღჭურვილობა და უზრუნველყოფის მასალების საბაჟო გაფორმება ხორციელდება გამარტივებული პროცედურით და პრიორიტეტული წესით მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ცნობების საფუძველზე, რომელიც შეიცავს დახმარების აღმომჩენი ჯგუფის შემადგენლობის შესახებ ინფორმაციას და იმპორტირებული ან ექსპორტირებული აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების სიას.
3. დახმარების აღმომჩენ ჯგუფს აქვს უფლება მოახდინოს მხოლოდ აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების იმპორტირება.
4. მას შემდეგ, რაც დასრულდება დახმარების აღმოჩენის სამუშაოები, იმპორტირებული აღჭურვილობა უნდა იქნეს ექსპორტირებული მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან.
5. დაზარალებულთათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საჭიროების შემთხვევაში, მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიძლება იქნეს იმპორტირებული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი სამედიცინო პრეპარატები დადგენილი რაოდენობით. აღნიშნული სამედიცინო პრეპარატები არ შეიძლება იქნეს გადაცემული მომთხოვნი მხარისათვის და ისინი უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ დახმარების აღმომჩენი ჯგუფის კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ მომთხოვნი მხარის წარმომადგენლობის ზედამხედველობის ქვეშ. დახმარების აღმოჩენის სამუშაოების დროს გამოყენებული სამედიცინო პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, უნდა იქნეს ექსპორტირებული მიმწოდებელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
6. ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი სამედიცინო პრეპარატების იმპორტი და ექსპორტი უნდა დაექვემდებაროს მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედ სამართლებრივ მოთხოვნებს.
7. წინამდებარე მუხლი აგრეთვე უნდა გავრცელდეს იმ აღჭურვილობის იმპორტსა და ექსპორტზე, რომელიც საჭიროა ერთობლივი სწავლებებისთვის.
მუხლი 9🔗
საჰაერო ხომალდების გამოყენება
1. მიმწოდებელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ მომთხოვნი მხარის კომპეტენტურ ორგანოს უნდა აცნობოს დახმარების აღმოსაჩენად საჰაერო ხომალდის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ და უნდა მიუთითოს საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის სახელმწიფოები, თითოეული საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების რაოდენობა და ფრენის მარშრუტები (აფრენისა და დაშვების ფრენის დრო), საჰაერო გადამზიდი, ფრენის დამკვეთი და ტვირთის აღწერილობა (აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების სია).
2. მომთხოვნმა მხარემ უნდა მისცეს უფლება დახმარების აღმომჩენი ჯგუფის, აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების გადამზიდავ საჰაერო ხომალდს, რომელიც აფრინდება მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან, ისარგებლოს საჰაერო დერეფნებით საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სანავიგაციო წესების შესაბამისად.
3. ფრენები უნდა განხორციელდეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების და თითოეული მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 10🔗
ტრანზიტი
1. თითოეულმა მხარემ, თავის შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან კონსულტაციით, უნდა უზრუნველყოს მეორე მხარისათვის საჰაერო ტრანზიტი, როდესაც ეს უკანასკნელი აღმოუჩენს დახმარებას მესამე ქვეყანას.
2. დახმარების აღმომჩენი ჯგუფის, აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების სახმელეთო ტრანზიტთან მიმართებაში გამოიყენება წინამდებარე შეთანხმების მე–7 და მე–8 მუხლების დებულებები.
მუხლი 11🔗
დახმარების ხარჯები
1. მიმწოდებელმა მხარემ საკუთარ თავზე უნდა აიღოს საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული დახმარების ყველა ხარჯი, მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დახმარების აღმომჩენი ჯგუფისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირების და მისიის დასრულების შემდეგ მათი უკან დაბრუნების ხარჯების ჩათვლით, იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არ შეთანხმდებიან გადაინაწილონ ეს ხარჯები მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ ხარჯების შესახებ ხელმოწერილი ორმხრივი აქტის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დახმარების ხარჯები სრულად ან ნაწილობრივ იფარება მომთხოვნი მხარის ან დონორი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.
3. დახმარების აღმოჩენის სამუშაოების დროს მომთხოვნმა მხარემ საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ლოჯისტიკური მხარდაჭერა და აუცილებელი სამედიცინო დახმარება დახმარების აღმომჩენი ჯგუფისათვის.
მუხლი 12🔗
ზიანის ანაზღაურება
1. მხარემ უარი უნდა განაცხადოს მეორე მხარისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებზე შემდეგ შემთხვევებში:
a) როდესაც ზიანი იქნება მიყენებული მომთხოვნი მხარის ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, აგრეთვე მათი ქონებისათვის ან ბუნებრივი გარემოსათვის დახმარების აღმომჩენი ჯგუფის წევრის მიერ, რომელიც ასრულებს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებულ ამოცანებს;
b) როდესაც ხდება დახმარების აღმომჩენი ჯგუფის წევრის დასახიჩრება, მისი ჯანმრთელობის დაზიანება ან დაღუპვა წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულების დროს.
2. დახმარების აღმომჩენი ჯგუფის წევრის მიერ განზრახ მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს მიმწოდებელი მხარის მიერ.
მუხლი 13🔗
ინფორმაციის გამოყენება
წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია, გარდა ინფორმაციისა, რომელიც არ უნდა გახმაურდეს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს და გახდეს საჯარო თითოეული მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
მუხლი 14🔗
დავების გადაწყვეტა
1. მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის მოლაპარაკების გზით.
2. გადაუწყვეტელი დავები უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის შემდგომი კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 15🔗
ურთიერთობა სხვა საერთაშორისო შეთანხმებებთან
წინამდებარე შეთანხმება არ ახდენს გავლენას მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობენ იმ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომლებიც სავალდებულოა მათი სახელმწიფოებისათვის.
მუხლი 16🔗
შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები ან დამატებები მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. ცვლილებები და დამატებები უნდა გაფორმდეს ცალკე ოქმებით, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იქნება და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 17🔗
დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი თითოეული სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან.
2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისათვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ მისი მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ შეტყობინების მიღების თარიღიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.
3. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა არ ახდენს გავლენას წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად განხორციელებულ მიმდინარე საქმიანობაზე, რომელიც არ დასრულებულა წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თარიღისათვის, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
შესრულებულია ქ. ვილნიუსში, 2013 წლის 26 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ლიტვურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთანხმების განმარტებისას ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით ლიტვის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ხელმოწერილია ხელმოწერილია