განჩინება სს „კოლხეთის ველი“-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/608
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2014 წლის 6 ივნისი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი: სს ,,კოლხეთის ველი’’ (ს/კ 239867676)
დირექტორი: შპს ,,რეაბილიტაცია’’
წარმომადგენელი: ბიძინა ჩიკვილაძე.
მოთხოვნა – მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,კოლხეთის ველის’’ (წარმომადენელი შპს ,,რეაბილიტაცია’’, ბიძინა ჩიკვილაძე) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2014 წლის 22 აპრილს სს ,,კოლხეთის ველის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა ბიძინა ჩიკვილაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორი – სახელმწიფო ბიუჯეტი თანხით 5617,94 ლარი, არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს საწარმოს ყოფილი დირექტორი რამაზ კუპრეიშვილი, დავალიანება 750 ლარის ოდენობით (სახელფასო დავალიანება), სხვა კრედიტორები და ასევე დებიტორები საზოგადოებას არ ჰყავს. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე თანხა არ ერიცხება, ასევე რაიმე სახის უძრავი ქონება არ გააჩნია. საზოგადოების სახელზე რეგისტრირებულია ,,გაზ 53-02’’ სახ. ნომრით FFშ-109 ნარჩენი ღირებულებით 900 ლარი და,,საზ-3507’’ სახ. ნომრით LთL-223 ნარჩენი ღირებულებით 1100 ლარი, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები ამორტიზებულია და არ გამოდგება შემდგომი ექსპლოატაციისათვის. ორგანიზაციას სხვა მოძრავი ქონება არ ერიცხება. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საზოგადოება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფის მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას. განმცხადებელი ითხოვს სს ,,კოლხეთის ველის’’ გაკოტრებას.
2014 წლის 25 აპრილის განჩინებით სს ,,კოლხეთის ველს’’ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის სს ,,კოლხეთის ველის’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 2 მაისს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სს ,,კოლხეთის ველი’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს სს ,,კოლხეთის ველის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1სს ,,კოლხეთის ველი’’ (ს/ნ 239867676) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს სს ,,კოლხეთის ველის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე