კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 17.06.2014
ძალის დაკარგვა 01.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №50/04
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016135
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№50/04
2014 წლის 17 ივნისი
ქ.თბილისი
კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 41 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-14 და მე-15 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების დაწესების მიზნით, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალდაკარგულად გამოცხადდეს „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტმებრის №234 ბრძანება.
მუხლი 3🔗
საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი, უცხოური ბანკის ფილიალი ან შვილობილი ბანკი, უცხოური სანდო ბანკი ვალდებულია მოქმედი ადმინისტრატორების ხელახალი ან ახალი ადმინისტრატორების დანიშვნა განახორციელოს ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით და შესაბამისი ინფორმაცია წარუდგინონ საქართველოს ეროვნულ ბანკს.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი
დებულება
კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის
კრიტერიუმების შესახებ
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკისა და უცხოეთის ბანკის ფილიალის (შემდგომში – ბანკი) ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებს და შესაფერისობის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკისათვის (შემდეგში – ეროვნული ბანკი) წარმოდგენის საკითხებს.
2. ბანკის ადმინისტრატორები საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელი არიან მიღებული დეპოზიტების საიმედოობისა და უსაფრთხოების, საბანკო მომსახურების დროულად და სრულყოფილად წარმოებისათვის, ბანკის ეფექტიანად და მომგებიანად მართვისათვის.
3. საბანკო მომსახურების განხორციელებისათვის ბანკის ადმინისტრატორები უნდა სარგებლობდნენ საზოგადოების ნდობით.
4. ბანკის ეფექტიანად მართვისა და დეპოზიტორთა ნდობის მოპოვების აუცილებელი წინაპირობაა, ბანკის ადმინისტრატორებს ჰქონდეთ საბანკო საქმიანობის წარმოებისათვის აუცილებელი სათანადო კვალიფიკაცია, პროფესიული გამოცდილება, შესაბამისი კომპეტენცია და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
5. ბანკის ადმინისტრატორები ვალდებული არიან პირად და ბანკის ინტერესებზე მაღლა დააყენონ დეპოზიტორთა ფულადი სახსრების დაცვის საიმედოობა და უსაფრთხოება, ვინაიდან ბანკის ადმინისტრატორთა საქმისადმი არაპროფესიონალურმა და არაკეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბანკის გადახდისუუნარობა და გაკოტრება, საფრთხე შეუქმნას დეპოზიტორთა ფულად სახსრებს და შეასუსტოს საზოგადოების ბანკებისადმი ნდობა, რაც საბანკო სისტემის სტაბილურობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.
6. ბანკს უფლება აქვს მიიღოს საბანკო საქმიანობის ლიცენზია და აწარმოოს საბანკო საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ადმინისტრატორები აკმაყოფილებენ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.
7. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ბანკის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებს, არ შეიძლება დაინიშნოს ბანკის ადმინისტრატორად, ან/და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს – აქციონერთა საერთო კრების, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით უნდა გათავისუფლდეს ბანკის ადმინისტრატორის თანამდებობიდან.
8. ბანკის აქციონერთა საერთო კრება და სამეთვალყურეო საბჭო თავისი საზედამხედველო და მმართველობითი უფლებამოსილების გამოყენებით ვალდებულია, უზრუნველყოს ბანკის ადმინისტრატორებად ისეთი პირების დანიშვნა, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დებულებით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.
9. ბანკის აქციონერთა საერთო კრებამ და სამეთვალყურეო საბჭომ უნდა განახორციელონ სხვადასხვა მმართველობითი ორგანოს ისეთი წევრებით დაკომპლექტება, რომ მათი გამოცდილება უზრუნველყოფდეს მმართველობითი ორგანოს ჯამურ შესაბამისობას და მათზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებას.
10. ამ დებულების მოთხოვნები ეხებათ ბანკის შემდეგ ადმინისტრატორებს:
ა) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს;
ბ) ბანკის აუდიტის კომიტეტის წევრებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან დამოუკიდებლად ან ერთ ან/და ერთზე მეტ პირთან ერთად ბანკის სახელით აიღონ ვალდებულებები;
გ) ბანკის დირექტორატის წევრებს;
დ) ბანკის ფილიალის და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, მის მოადგილესა და მათი უფლებამოსილების განმახორციელებელ პირებს;
ე) ბანკის მთავარ ბუღალტერსა და მის მოადგილეს;
ვ) ბანკის სხვა ადმინისტრატორებს, რომლებიც ბანკის შინაგანაწესით უფლებამოსილი არიან საბანკო საქმიანობის განხორციელებისას (მათ შორის კონკრეტული საქმიანობის ხელმძღვანელობისას) დამოუკიდებლად ან/და ერთ ან მეტ პირთან ერთად ბანკის სახელით იკისრონ ვალდებულებები.
მუხლი 2🔗.
ბანკის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმები
1. ბანკის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმები ეფუძნება პირის კვალიფიციურობას, პროფესიულ გამოცდილებას, კომპეტენტურობასა და საქმისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას.
2. ადმინისტრატორის თანამდებობაზე დასანიშნი პირი ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების მიხედვით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, აუდიტის კომიტეტის წევრს, დირექტორატის წევრს, ფილიალის და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, საბუღალტრო საქმე ან სამართლალმცოდნეობა;
ბ) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შემადგენლობა უნდა უზრუნველყოფდეს სხვადასხვა გამოცდილებისა და უნარის ერთობლიობას, რაც შეესაბამება ბანკის საქმიანობის მასშტაბებსა და კომპლექსურობას;
გ) ბანკის მთავარ ბუღალტერსა და მის მოადგილეს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი და საბუღალტრო საქმე;
დ) ბანკის დირექტორატის წევრს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს საფინანსო სექტორში მუშაობის სულ ცოტა 4 წლის სტაჟი, მათგან ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან მოადგილე) მუშაობის 2 წლის სტაჟი;
ე) ბანკის ფილიალის დირექტორსა და მის მოადგილეს, (ბანკის განყოფილების (სერვის-ცენტრის)) ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მათ უნდა ჰქონდეთ საფინანსო სექტორში მუშაობის სულ ცოტა 3 წლის სტაჟი, მათგან ხელმძღვანელ თანამდებობებზე (სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან მოადგილე) მუშაობის – 1 წლის სტაჟი;
ვ) ბანკის მთავარ ბუღალტერსა და მის მოადგილეს უნდა ჰქონდეთ საფინანსო სექტორში მუშაობის სულ ცოტა 3 წლის სტაჟი;
ზ) ბანკის ფილიალის მთავარ ბუღალტერს და მის მოადგილეს უნდა ჰქონდეთ საფინანსო სექტორში მუშაობის სულ ცოტა 2 წლის სტაჟი;
თ) დასანიშნი პირი - დირექტორი, ბანკის ფილიალის და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირები, ბანკის მთავარი ბუღალტერი და მისი მოადგილე, არ უნდა იყოს ამავე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ან აუდიტის კომიტეტის წევრი ან/და სხვა კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან/და სხვა საწარმოს ადმინისტრატორი;
ი) დასანიშნი პირი - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, არ უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული სხვა კომერციული ბანკის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკავია ადმინისტრატორის თანამდებობა ამ ბანკის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ბანკში ან ბანკში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება მოცემული კომერციული ბანკი;
კ) დასანიშნი პირი - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, არ უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი საქართველოში რეგისტრირებულ შვიდზე მეტ საწარმოში;
ლ) დირექტორატის, სამეთვალყურეო საბჭოსა და აუდიტის კომიტეტის წევრი არ უნდა იყოს ამავე ბანკის დირექტორატის ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის I და II რიგის მემკვიდრე;
მ) ბანკის მთავარი ბუღალტერი და მისი მოადგილე არ უნდა იყვნენ ამავე ბანკის დირექტორის ან მისი მოადგილის I და II რიგის მემკვიდრე.
3. ბანკის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების მიხედვით პირს ეკრძალება იყოს ბანკის ადმინისტრატორი, თუ:
ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს და შელახა კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის დეპოზიტორთა ან სხვა კრედიტორთა უფლებები, ან/და გამოიწვია კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის გადახდისუნარიანობა ან გაკოტრება;
ბ) კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში – საკრედიტო კავშირში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებები;
გ) წარსულში იყო კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი გადახდისუუნარო გახდა;
დ) კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის მიმართ არ შეასრულა ერთი ან მეტი ფინანსური ვალდებულება;
ე) გამოცხადებულია გადახდისუუნაროდ;
ვ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;
ზ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ;
თ) არ აქვს საკმარისი განათლება და გამოცდილება მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად. ადმინისტრატორის განათლებისა და გამოცდილების დონე შესაბამისობაში უნდა იყოს ბანკისა და უშუალოდ მისი ფუნქციების მასშტაბებთან და კომპლექსურობასთან.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით ადგენს თავად ბანკი.
5. ბანკის ადმინისტრატორები აკმაყოფილებენ ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებს, თუ ისინი სრულყოფილად ასრულებენ ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებს და არ ექცევიან “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი აკრძალვების ქვეშ.
მუხლი 3🔗.
კომერციული ბანკის ვალდებულება
1. ბანკი ვალდებულია თავის შინაგანაწესში ბანკის მართვის სხვა საკითხებთან ერთად დეტალურად განსაზღვროს:
ა) ბანკის ადმინისტრირებისთვის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურები;
ბ) ბანკის ადმინისტრატორების შესაფერისობის კრიტერიუმები ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით;
გ) საბანკო საქმიანობის განხორციელებისას ბანკის ადმინისტრატორთა მოვალეობები კონკრეტული საქმიანობის წარმოებისას და უფლება დამოუკიდებლად ან/და ერთ ან მეტ პირთან ბანკის სახელით იკისრონ ვალდებულებები;
დ) ბანკის ის სტრუქტურული ერთეული (ან თანამდებობა), რომელიც პასუხისმგებელი იქნება ადმინისტრატორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურების დაცვისათვის.
2. ბანკი ადმინისტრატორის დანიშვნისას ვალდებულია:
ა) ადმინისტრატორის თანამდებობაზე დანიშვნამდე პირის შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით იქონიოს დასანიშნი პირის შესახებ ამ დებულებით დადგენილი დოკუმენტაცია და უზრუნველყოს მასში არსებული ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტის დეტალური შემოწმება;
ბ) ბანკის ადმინისტრატორად დანიშვნამდე განსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა დასანიშნი პირი ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებს;
გ) არ დანიშნოს ან თანამდებობიდან გაათავისუფლოს ადმინისტრატორი იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა, რომ დასანიშნი ან დანიშნული პირი არ აკმაყოფილებს დებულებით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს;
დ) ბანკის ადმინისტრატორების შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის განსაზღვრის შემდეგ, მათი დანიშვნამდე სულ მცირე 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე, ეროვნულ ბანკისგან შესაბამისი თანხმობის მიღების მიზნით, წარუდგინოს ადმინისტრატორების შესახებ ამ დებულებით დადგენილი სრული დოკუმენტაცია და წერილობით დაადასტუროს, რომ იგი პასუხისმგებელია წარდგენილი ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტისათვის;
3. ბანკის ადმინისტრატორების შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ ბანკის მიერ ეროვნულ ბანკისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) დასანიშნი ადმინისტრატორის ზემდგომი სტრუქტურული ერთეულის წერილობით განცხადებას, რომ მათ მიერ შემოწმებულია ადმინისტრატორის შესახებ არსებული ინფორმაცია, იგი აკმაყოფილებს ამ დებულებით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს და რომ მათ მიერ წარდგენილი ინფორმაცია უტყუარია და ზუსტი;
ბ) ადმინისტრატორის წერილობით განცხადებას, რომ იგი სრულად აკმაყოფილებს ამ დებულებით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს და მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უტყუარია და ზუსტი;
გ) ადმინისტრატორის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
დ) ადმინისტრატორის კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელ ინფორმაციას (დანიშვნის თარიღისათვის განახლებული კადრების აღრიცხვის ფურცელი, ამონაწერი შრომის წიგნაკიდან და/ან წინა სამუშაო ადგილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები).
ე) ინფორმაციას ადმინისტრატორის ვალების შესახებ;
ვ) 2 სარეკომენდაციო წერილს (გაცემულს იმ პირთა მიერ, რომლებთანაც მუშაობდა დასანიშნი პირი);
ზ) ცნობას ნასამართლობის შესახებ რეზიდენტი პირებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ხოლო არარეზიდენტი პირებისათვის შესაბამისი ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, ლეგალიზებულს ან აპოსტილით დამოწმებულს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ბანკი უფლებამოსილია დანიშნოს პირი ადმინისტრატორად მხოლოდ ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ.
5. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკის ადმინისტრატორის თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი არის:
ა) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისათვის _ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის თარიღი;
ბ)სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას არდაქვემდებარებული პირებისათვის _ ბანკის შესაბამისი დოკუმენტის (ოქმი, ბრძანება და სხვ.) გამოცემის თარიღი.
6. ბანკმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს:
ა) ყოველწლიურად 31 იანვრამდე, ინფორმაცია მოქმედი ადმინისტრატორების ვალების შესახებ 1 იანვრის მდგომარეობით;
ბ) მოქმედი ადმინისტრატორების მიერ თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ პერიოდში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
7. ბანკი ვალდებულია ეროვნული ბანკის მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკვე დანიშნული ადმინისტრატორი დაკავებული თანამდებობიდან, თუ ეროვნულმა ბანკმა გამოავლინა, რომ იგი არ აკმაყოფილებს შესაფერისობის კრიტერიუმს.
მუხლი 4🔗.
ეროვნული ბანკის უფლებები
1. ეროვნული ბანკი ამოწმებს აკმაყოფილებენ თუ არა ბანკის ადმინისტრატორები ამ დებულებით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.
2. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ადმინისტრატორის შესახებ წერილობითი დოკუმენტების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში ეროვნული ბანკი აძლევს თანხმობას ან ეუბნება დასაბუთებულ უარს ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე.
3. შესაფერისობის კრიტერიუმებთან ადმინისტრატორთა შესაბამისობის შემოწმების მიზნით ეროვნულ ბანკს უფლება აქვს დეტალურად შეამოწმოს ადმინისტრატორის შესახებ ბანკის მიერ წარდგენილი ინფორმაციის უტყუარობა და სიზუსტე, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: გადაამოწმოს, დააზუსტოს ან/და მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, გაესაუბროს კანდიდატს. ამ შემთხვევაში საკითხის სირთულიდან გამომდინარე, პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაგრძელდეს 10 (ათი) სამუშაო დღემდე და ამის შესახებ უნდა ეცნობოს ბანკს.
4. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წერილობითი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ეროვნული ბანკის მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი პირის ადმინისტრატორად დანიშვნაზე თანხმობის მიცემას.
5. იმ შემთხვევაში თუ ბანკის მიერ სრულყოფილად არ იქნა წარმოდგენილი ადმინისტრატორის დასანიშნად ეროვნული ბანკის თანხმობის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტები, მაშინ ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკს განუსაზღვროს დამატებითი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. ამ პერიოდში ჩერდება ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. ბანკის მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის უშედეგოდ გაშვება ნიშნავს ეროვნული ბანკის ავტომატურ უარს ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე.
6. ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე ბანკის გადაწყვეტილება ბათილია, თუ ბანკმა ეროვნულ ბანკს არ წარუდგინა ამ დებულებით გათვალისწინებული წერილობითი დოკუმენტები ან წარუდგინა არასწორი/არაზუსტი ინფორმაცია ან ეროვნული ბანკისაგან მიიღო დასაბუთებული უარი, მაგრამ მაინც დანიშნა პირი ადმინისტრატორად.
7. უკვე დანიშნული ბანკის ადმინისტრატორის ამ დებულებით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ასეთ ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და წერილობით მოსთხოვოს ბანკს მისი დაკავებული თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან გათავისუფლება.
8. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკის სიდიდისა და კომპლექსურობიდან, ასევე დასაკავებელი თანამდებობის თავისებურებებიდან გამომდინარე თითოეულ ადმინისტრატორზე დააწესოს დამატებითი ინდივიდუალური მოთხოვნები.
9. ბანკის მიერ ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ბანკის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.