„ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე ევროპის კავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ძირითადი პრინციპების შესახებ“ ერთის მხრივ, ევროპის გაერთიანებებსა და მათ წევრ სახელმწიფოებსა, და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ოქმი
მიღების თარიღი 12.12.2013
ძალაში შესვლა 12.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №200/52
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016252
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/06/2014
დოკუმენტის ტექსტი
„ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე ევროპის კავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ძირითადი პრინციპების შესახებ“ ერთის მხრივ, ევროპის გაერთიანებებსა და მათ წევრ სახელმწიფოებსა, და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ოქმი
ერთის მხრივ, ევროპის გაერთიანებებსა და მათ წევრ სახელმწიფოებსა და
მეორეს მხრივ, საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის
შესახებ შეთანხმების ოქმი ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის
ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე
ევროპის კავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის
ძირითადი პრინციპების შესახებ
საქართველო, შემდგომში წოდებული, როგორც „საქართველო”,
ერთის მხრივ, და
ევროპის კავშირი, შემდგომში წოდებული, როგორც „კავშირი”,
მეორეს მხრივ,
შემდგომში ერთობლივად წოდებულნი, როგორც „მხარეები”,
იმის გათვალისწინებით, რომ
(1) საქართველომ გააფორმა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ევროპის გაერთიანებებსა და მათ წევრ სახელმწიფოებთან (შემდგომში „შეთანხმება”)1, რომელიც ძალაში შევიდა 1999 წლის 1 ივლისს.
(2) ევროპული საბჭო, 2004 წლის 17 და 18 ივნისს, მიესალმა ევროპული კომისიის შემოთავაზებებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) თაობაზე და დაამტკიცა 2004 წლის 14 ივნისის საბჭოს დასკვნები.
(3) საბჭომ, შემდგომში მრავალ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღო ხსენებული პოლიტიკის სასარგებლოდ.
(4) საბჭომ, 2007 წლის 5 მარტს, გამოხატა მხარდაჭერა 2006 წლის 4 დეკემბრის ევროპული კომისიის კომუნიკაციით გათვალისწინებული ზოგადი მიდგომის მიმართ, რაც საშუალებას აძლევს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პარტნიორ სახელმწიფოებს, რომ მონაწილეობა მიიღონ თანამეგობრობის ორგანოებსა და თანამეგობრობის პროგრამებში, თავიანთი დამსახურებების მიხედვით და რამდენადაც ეს დაშვებულია სამართლებრივად.
(5) საქართველომ გამოხატა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს კავშირის მთელ რიგ პროგრამებში.
(6) კონკრეტული პირობები, კერძოდ, საქართველოს მიერ განსახორციელებელი ფინანსური კონტრიბუცია, ანგარიშები და შეფასების პროცედურები, რომელიც ეხება საქართველოს მონაწილეობას კავშირის თითოეულ პროგრამაში, უნდა განისაზღვროს შეთანხმებით ევროპულ კომისიასა და საქართველოს კომპეტენტურ უწყებებს შორის,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
1 „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროპის გაერთიანებებსა და მათ წევრ სახელმწიფოებს, და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის (OJEUL205,4.8.1999, გვ. 3.).
მუხლი 1🔗
საქართველოს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს კავშირის ყველა მიმდინარე და სამომავლო პროგრამაში, რომლებიც ღიაა საქართველოს მონაწილეობისთვის იმ დებულებათა შესაბამისად, რომლითაც ეს პროგრამები იქნება მიღებული.
მუხლი 2🔗
საქართველო განახორციელებს ფინანსურ კონტრიბუციას ევროპის კავშირის ძირითად ბიუჯეტში, რომელიც ეხება იმ კონკრეტულ პროგრამებს, რომლებშიც საქართველო მონაწილეობს.
მუხლი 3🔗
საქართველოს წარმომადგენელს უნდა მიეცეს უფლება, საქართველოსთან დაკავშირებით არსებულ საკითხებთან მიმართებით, დამკვირვებლის სტატუსით, მონაწილეობა მიიღოს მართვის კომიტეტებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმ პროგრამების მონიტორინგის განხორციელებაზე, რომლებშიც საქართველოს შეაქვს ფინანსური კონტრიბუცია.
მუხლი 4🔗
საქართველოს მხრიდან მონაწილეების მიერ წარმოდგენილი პროექტები და ინიციატივები, შეძლებისდაგვარად, დაექვემდებარება იგივე პირობებს, წესებსა და პროცედურებს, კავშირის პროგრამებთან მიმართებით, რომლებიც გამოიყენება წევრი სახელმწიფოების მიერ.
მუხლი 5🔗
1. კავშირის თითოეულ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული კონკრეტული პირობები, კერძოდ, გადასახდელი ფინანსური კონტრიბუცია, ასევე, ანგარიშების წარდგენა და შეფასების პროცედურები, განისაზღვრება ევროპულ კომისიასა და საქართველოს კომპეტენტურ უწყებებს შორის შეთანხმების გზით, შესაბამისი პროგრამების მიერ დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.
2. თუ საქართველო ევროპის კავშირს დამატებით მიმართავს დახმარების თხოვნით, მონაწილეობა მიიღოს კავშირის ხსენებულ პროგრამებში, ევროპის პარლამენტისა და საბჭოს №1638/2006 რეგულაციის2 მე-3 მუხლის ან მსგავსი რეგულაციების შესაბამისად, რომლებიც ითვალისწინებენ კავშირის მიერ საქართველოს მიმართ დამატებითი დახმარების გაწევას, რაც შესაძლოა შემდგომში იქნეს მიღებული, საქართველოს მიერ კავშირის დამატებითი დახმარების გამოყენებასთან დაკავშირებული პირობები განისაზღვრება ფინანსური შეთანხმებით, ევროპის საბჭოს N1638/2006 რეგულაციის, კერძოდ, მე-20 მუხლის თანახმად.
მუხლი 6🔗
1. მე-5 მუხლის შესაბამისად დადებული თითოეული შეთანხმება, ევროპის პარლამენტისა და საბჭოს N966/2012 რეგულაციის3 (ევროპის კავშირი, ევრატომი) თანახმად, უნდა ითვალისწინებდეს, რომ ფინანსური კონტროლი ან აუდიტი ან სხვა სახის შემოწმებები, ადმინისტრაციული გამოძიებების ჩათვლით, ჩატარდება ევროპული კომისიის, ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ოფისისა და აუდიტორთა სასამართლოს მიერ ან მათი უფლებამოსილების ქვეშ.
2. დეტალურად უნდა გაიწეროს დებულებები ფინანსური კონტროლისა და აუდიტის, ადმინისტრაციული ზომების, ჯარიმებისა და ანაზღაურების შესახებ, რომელიც ევროპულ კომისიას, ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ოფისსა და აუდიტორთა სასამართლოს მისცემს იგივე უფლებამოსილებას, როგორც ეს მათ მინიჭებული აქვთ კავშირში შექმნილ ბენეფიციარებთან ან კონტრაქტორებთან მიმართებით.
მუხლი 7🔗
1. წინამდებარე ოქმი გამოიყენება შეთანხმების ძალაში ყოფნის განმავლობაში.
2. წინამდებარე ოქმს ხელი მოეწერება და დამტკიცდება მხარეთა მიერ მათი შესაბამისი პროცედურების თანახმად.
3. თითოეულ მხარეს, მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გზით, შეუძლია გააკეთოს წინამდებარე ოქმის დენონსაცია. ამ ოქმის მოქმედება შეწყდება ამგვარი შეტყობინების თარიღიდან ექვი თვის შემდეგ. ნებისმიერი მხარის მიერ ოქმის დენონსაციის შემდგომ, მისი მოქმედების შეწყვეტა არ იმოქმედებს ჩასატარებელ შემოწმებებსა და კონტროლზე, საჭიროებისამებრ, მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად.
მუხლი 8🔗
წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს სამი წლისა, და მას შემდეგ ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, ორივე მხარეს შეუძლია გადახედოს ოქმის შესრულების მდგომარეობას, ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს რეალური მონაწილეობის საფუძველზე.
მუხლი 9🔗
წინამდებარე ოქმი ვრცელდება, ერთის მხრივ, საქართველოს ტერიტორიაზე და მეორეს მხრივ, იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც მოქმედებს „ევროპის კავშირის ფუნქციონირების შესახებ“ ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების შესაბამისად დადგენილი პირობების თანახმად.
მუხლი 10🔗
1. წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ ოქმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, შეტყობინების თარიღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
2. ამ ოქმის ძალაში შესვლამდე, მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ოქმს გამოიყენებენ დროებით, მისი ხელმოწერის თარიღიდან მის გაფორმებამდე, რომელიც მოხდება მოგვიანებით.
მუხლი 11🔗
წინამდებარე ოქმი წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 12🔗
წინამდებარე ოქმი შესრულებულია ორ-ორ დედნად ბულგარულ, ხორვატულ, ჩეხურ, დანიურ, ნიდერლანდურ, ინგლისურ, ესტონურ, ფინურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, უნგრულ, იტალიურ, ლატვიურ, ლიტვურ, მალტურ, პოლონურ, პორტუგალიურ, რუმინულ, სლოვაკურ, სლოვენიურ, ესპანურ, შვედურ და ქართულ ენებზე. თითოეული ტექსტი თანაბრად აუთენტურია.
საქართველოს სახელით ევროპის კავშირის სახელით
______________________________________
[2] ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 24 ოქტომბრის №1638/2006 რეგულაცია, რომელიც ადგენს ზოგად წესებს ევროპული სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის ჩამოყალიბების შესახებ (OJEUL310,9.11.2006, გვ.1.).
[3] ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2012 წლის 25 ოქტომბრის №966/2012 რეგულაცია (ევროპის კავშირი, ევრატომი) კავშირის ძირითად ბიუჯეტთან დაკავშირებით გამოყენებული ფინანსური წესების შესახებ, რომელმაც გააუქმა საბჭოს N1605/2002 რეგულაცია (ევროპის კავშირი, ევრატომი) (OJEUL298,26.10.2-12, გვ.1.).