„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 18.06.2014
ძალის დაკარგვა 15.05.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №410
სარეგისტრაციო კოდი 010340000.10.003.018030
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 15.05.2023
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №410
2014 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამა“ (შემდგომში - პროგრამა).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის რეგულირების სფერო
1. ეს პროგრამა განსაზღვრავს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - საჯარო დაწესებულება) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
2. ამ პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში (გარდა აღნიშნული სასამართლოების აპარატებისა), საქართველოს პროკურატურაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - აღსრულების ეროვნულ ბიუროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, სამხედრო სამსახურში, დიპლომატიურ სამსახურში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისტემის ორგანოებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბსა და სახმელეთო ჯარებში სტაჟირების გავლის საკითხებზე.
3. ამ პროგრამით გათვალისწინებულ სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს არ ექვემდებარებიან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამედიცინო პროფილის საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები.
მუხლი 2🔗. სტაჟირების მიზანი
ამ პროგრამის ფარგლებში, საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების მიზანია:
ა) საჯარო დაწესებულებაში დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა;
ბ) შესაბამისი პროფილის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალების მიცემა;
გ) საჯარო დაწესებულებებისათვის კვალიფიციური კადრების მომზადება;
დ) სტაჟირების ერთიანი სტანდარტის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო სექტორში დასაქმების მსურველთათვის ჯანსაღი კონკურენციის შექმნასა და საჯარო სამსახურში დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
ე) სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის საჯარო მოსამსახურისათვის დამახასიათებელი ეთიკური ნორმებისა და სტანდარტების გაზიარება;
ვ) სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლება;
ზ) მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით, საჯარო სამსახურის ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა, საჯარო დაწესებულებების უზრუნველყოფა მოხალისე დამხმარე ძალით;
თ) დასაქმების თანაბარი პირობების შექმნა, როგორც რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის, ისე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.
მუხლი 3🔗. სტაჟიორები
1. საჯარო დაწესებულებებში სტაჟირებაზე მიიღება: საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას; სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი; სწავლობს სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე, პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და რომელიც სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%).
2. სტაჟირება შესაძლებელია გაიაროს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც განათლება მიღებული აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული გადაწყვეტილებით, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ, მისი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%).
3. სტაჟიორის კვალიფიკაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც სტაჟიორი სწავლობს, თანხვედრაში უნდა იყოს საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის პროფილთან.
მუხლი 4🔗. სტაჟიორთა სავალდებულო კვოტა და სტაჟირების ვადა
1. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა მიღების მიზნით, საჯარო დაწესებულება განსაზღვრავს სტაჟიორთა სავალდებულო კვოტას, მაგრამ არანაკლებ შესაბამისი საჯარო დაწესებულების შტატით გათვალისწინებულ თანამდებობეზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-სა.
2. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით.
3. სტაჟირების ვადა, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის, შესაძლებელია, აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ამ პროგრამის მიზნებისათვის, სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე.
მუხლი 5🔗. სტაჟირების უწყვეტობა
1. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა მიღება ხორციელდება ყოველწლიურად, ორ ნაკადად.
2. პირველი, შემოდგომის ნაკადის მიღება ხდება სექტემბერში, ხოლო მეორე, გაზაფხულის ნაკადის - მარტში.
მუხლი 6🔗. სტაჟირების გავლის საერთო წესი
1. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადების წარდგენა ხდება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში - ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
2. სტაჟიორობის კანდიდატების განცხადებების მიღება, მათი რეგისტრაციის (კურსდამთავრებულებისათვის) ან უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის) და პროფილის, ასევე, მათი აკადემიური მოსწრების (GPA‑თ, მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით, მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%) მიხედვით, განაწილება, შესაბამის საჯარო დაწესებულებებში, ხდება ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. ამასთან, სტაჟიორობის კანდიდატებისთვის პროგრამული რეგისტრაციის ვადა არ უნდა იყოს 10 დღეზე ნაკლები.
3. დარეგისტრირებული სტაჟიორობის კანდიდატები, რომლებიც ვერ განაწილდნენ საჯარო დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების შევსების გამო, ირიცხებიან რეზერვში. სტაჟირების მომდევნო ნაკადის ფორმირებისას, რეზერვში ჩარიცხული პირები, ავტომატურად გაივლიან სტაჟირებას, შესაბამის საჯარო დაწესებულებაში ხელახალი რეგისტრაციის გარეშე.
4. ბიურო, თითოეული ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 3 თვით ადრე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, აცნობებს საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს სტაჟირების გამოცხადების ვალდებულების შესახებ, ხოლო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ.
5. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, შესაბამისი ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 2 თვით ადრე, მიაწოდოს ბიუროს შესაბამისი ინფორმაცია საჯარო დაწესებულებაში არსებული სტაჟიორთა კვოტისა და პროფილის შესახებ, ხოლო საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა თაობაზე, ინფორმაციას აწვდის ბიუროს, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში.
6. სტაჟირების დაწყებამდე 10 დღით ადრე, სტაჟიორობის კანდიდატი ვალდებულია, გამოცხადდეს სტაჟირების ადგილზე და გაიაროს რეგისტრაცია საჯარო დაწესებულებაში. სტაჟიორობის კანდიდატის მიერ სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ინფორმაციას აწვდის ბიუროს, რომელიც შესაბამის სტაჟიორობის კანდიდატს აგზავნის სტაჟიორთა რეზერვიდან, რიგითობის პრინციპით, საჯარო დაწესებულებაში.
მუხლი 7🔗. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა
1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) სტაჟიორის პირადი განცხადება;
ბ) სტაჟირების პერიოდში, არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა;
გ) დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით, საჯარო დაწესებულების შინაგანაწესის ან/და საჯარო დაწესებულებასა და შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი და ამის შესახებ, ერთი კვირის ვადაში, აცნობებს ბიუროს.
მუხლი 8🔗. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები
1. სტაჟიორს, სტაჟირების პერიოდში, ენიშნება სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც მას უწევს ზედამხედველობას, სამუშაო აღწერილობის ფარგლებში.
2. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით:
ა) გაეცნოს შესაბამისი საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისა და, მთლიანად, საჯარო დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;
ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის, საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს საჯარო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით, შეატყობინოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
3. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს საჯარო დაწესებულების დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას საჯარო დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით;
გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი.
4. სტაჟიორის ფუნქციური უფლებამოსილებები გამომდინარეობს საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის დებულების შინაარსიდან, ხოლო მისი საჯარო დაწესებულებაში ყოფნისა და ქცევის წესები - შესაბამისი საჯარო დაწესებულების შინაგანაწესიდან.
მუხლი 9🔗. საჯარო დაწესებულების უფლება-მოვალეობები
1. საჯარო დაწესებულება სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორი სტუდენტების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟიორის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის გრაფიკის თაობაზე, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით.
3. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, წელიწადში ორჯერ, ბიუროს მიაწოდოს სრული ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით, სტაჟირების თითოეული ნაკადის დასრულებისთანავე.
მუხლი 10🔗. სტაჟირების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები
1. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, კოორდინაცია გაუწიოს სტაჟიორთა ჯგუფს ან პერსონალურად, კონკრეტულ სტაჟიორს.
2. სტაჟიორის ხელმძღვანელი, პირადად, აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას.
3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟიორს შეუქმნას შესაბამისი გარემო, სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით.
4. სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოითხოვოს სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა.
5. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟირების შედეგები აცნობოს საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელს, ბიუროსათვის წარსადგენ ანგარიშში ასახვის ან/და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის გაგზავნის მიზნით.
მუხლი 11🔗. სტაჟირების დასრულება
1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.
2. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ.