„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.06.2014
ძალის დაკარგვა 01.07.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №412
სარეგისტრაციო კოდი 010340000.10.003.018032
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- საჯარო სამსახურის შესახებ 31.10.1997
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (2)
- საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი „კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით"
- საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად"
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №412
2014 წლის 18 ივნისი
ქ.თბილისი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი“.
მუხლი 2🔗
დიპლომატიური სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებისათვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით, შესაძლოა, დადგინდეს თანდართული წესისგან განსხვავებული რეგულირება.
მუხლი 3🔗
დადგენილებით გათვალისწინებული წესები მოქმედებს, მხოლოდ, დადგენილების ამოქმედების შემდეგ გამოცხადებულ საჯარო კონკურსებზე.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი
მუხლი 1🔗. წესის რეგულირების სფერო
1. ეს წესი განსაზღვრავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის (შემდგომში - კონკურსი) ჩატარების პროცედურებს, ზოგად პირობებს, კონკურსის ეტაპებს, საკონკურსო-საატესტაციო კომისიების (შემდგომში - კომისია) შექმნისა და საქმიანობის წესს.
2. ამ წესის მიზნებისთვის, ვაკანტური თანამდებობა არის იმ დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოხელის ვაკანტური თანამდებობა, რომელში სამსახურიც, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ითვლება საჯარო სამსახურად (გარდა იმ თანამდებობებისა, რომლებზე დანიშვნაც ხდება უკონკურსოდ), ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო და რელიგიური საქმიანობისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) შტატით გათვალისწინებული თანამდებობები.
მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებანი
1. კონკურსი არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან.
2. კონკურსი, იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომლის სამსახურებრივი ფუნქციის შესრულება დაკავშირებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან, ცხადდება და ტარდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. კონკურსის პრინციპები
კონკურსის პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) სამართლიანობა;
გ) საჯაროობა;
დ) გამჭვირვალობა;
ე) არადისკრიმინაციულობა;
ვ) ობიექტურობა;
ზ) მიუკერძოებლობა;
თ) კოლეგიალურობა;
ი) კორექტულობა.
მუხლი 4🔗. კონკურსის მიზანი და ამოცანები
1. კონკურსის მიზანია, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
2. კონკურსის ამოცანებია:
ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება;
დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 5🔗. კონკურსის გამოცხადება
1. კონკურსი ცხადდება, მხოლოდ, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
2. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ ათდღიანი ვადა, კონკურსის გამოცხადების დღიდან.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, თანამდებობა ვაკანტურად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ:
ა) ამ თანამდებობაზე დანიშნულია თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელი;
ბ) არსებობს თანამდებობის ვაკანტურად გამოცხადების დადასტურებული საფუძველი.
4. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) შესაბამისი დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობის დასახელებას;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;
გ) შესასრულებელ სამუშაოს;
დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას;
ვ) შესაბამისი კომისიის მისამართს;
ზ) კონკურსის ეტაპებს;
თ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას;
ი) კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმას, ამ წესის მე-14 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად.
5. შესაბამისი დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაციაც.
მუხლი 6🔗. კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, 21 წლის ასაკიდან - სახელმწიფო სამსახურში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, ხოლო 18 წლის ასაკიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში, ასაკი დგინდება შესაბამისი დაწესებულების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.
2. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს და რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, საჯარო სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს, მხოლოდ, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
3. საჯარო მოსამსახურეს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნულ პირს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
მუხლი 7🔗. საჯარო სამსახურის ბიუროს უფლება-მოვალეობანი
1. კონკურსის ოფიციალურად გამოცხადება ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში - ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. დასაშვებია, დაწესებულებამ კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია, დამატებით, განათავსოს შესაბამისი დაწესებულების ვებგვერდზე, შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ შესაბამის ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებსა და ბეჭდვით ორგანოებში.
2. ბიურო, ვაკანსიის გამოცხადებამდე, ამოწმებს გამოსაცხადებელი ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს და 3 დღის ვადაში ადგენს მის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას.
3. გამოსაცხადებელი ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, ბიურო უფლებამოსილია დაწესებულებას დაუდგინოს ხარვეზი.
4. დაწესებულება ვალდებულია, ხარვეზის გამოუსწორებლობის მიზეზები დაასაბუთოს წერილობით. ასეთ შემთხვევაში, ბიურო ვალდებულია გამოაქვეყნოს ვაკანსია ხარვეზის მიუხედავად.
5. ბიურო ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზი ასახოს შესაბამის ანგარიშში და წარუდგინოს საქართველოს მთავრობას.
მუხლი 8🔗. დაწესებულების უფლება-მოვალეობანი
1. დაწესებულება უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დაწესებულების ხელმძღვანელი ან ზემდგომი უფროსი უფლებამოსილია, დასაკავებელი ვაკანტური თანამდებობის მიმართ დაადგინოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. დაწესებულება უფლებამოსილია, კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს შესწორება (ტექნიკური, აგრეთვე, გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომა). კონკურსის შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანა ნიშნავს ახალი კონკურსის გამოცხადებას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მოახდინოს კანდიდატის ინფორმირება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შესული ცვლილების ან/და კონკურსის ახალი ვადის შესახებ, რის შემდეგაც კანდიდატს ეძლევა არანაკლებ ათდღიანი ვადა, ცვლილების გათვალისწინებით ან კონკურსის შესახებ ახალი შეტყობინების შესაბამისად, განცხადების წარსადგენად.
5. კონკურსის შესახებ შეტყობინებაში ცვლილების შეტანა ხდება იმავე წესით, რაც დადგენილია კონკურსის გამოცხადებისათვის.
6. დაწესებულება უფლებამოსილია, დასაბუთებული ობიექტური მიზეზის არსებობისას (დაწესებულების ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია, არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრები), შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე.
7. კონკურსის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა გაეგზავნოს ბიუროს და შეტყობინების სახით ეცნობოს თითოეულ კანდიდატს.
მუხლი 9🔗. კანდიდატის უფლება-მოვალეობანი
1. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა, კანდიდატის მიერ, უნდა მოხდეს, მხოლოდ, ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
2. კანდიდატი უფლებამოსილია განცხადებაში შეიტანოს ცვლილება დამსაქმებლის მიერ განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.
3. კანდიდატს უფლება აქვს ერთი კონკრეტული უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს ხუთ ვაკანსიაზე.
მუხლი 10🔗. კომისიის შექმნის წესი
1. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად, დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2. კომისიის თავმჯდომარეს, გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კომისიის თავმჯდომარისა, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით, ნიშნავს ბიუროს უფროსი.
3. დაწესებულების მოხელეთა კომისიის თავმჯდომარედ, როგორც წესი, ინიშნება იმავე დაწესებულების ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე.
4. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.
5. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა და დანიშნოს ასეთი სპეციალიზებული კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 11🔗. კომისიის შემადგენლობა
1. კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე, აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრები, დამოუკიდებელი სპეციალისტები (პირები, რომლებიც სამსახურებრივად არ არიან დაკავშირებულნი შესაბამის დაწესებულებასთან) და ასევე, შესაძლებელია მონაწილეობდნენ ადამიანური რესურსების მართვისათვის პასუხისმგებელი პირები.
2. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.
3. კომისიის შემადგენლობის კანონთან შესაბამისობისა და კონკურსის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ბიურო უფლებამოსილია, მოითხოვოს ინფორმაცია კომისიაში მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრის და დამოუკიდებელი სპეციალისტის მონაწილეობის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა ეცნობოს ბიუროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დარღვევის აღმოჩენისას, ბიურო კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს რეკომენდაციით კომისიის შემადგენლობის კორექტირების თაობაზე და დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია, აღნიშნული ასახოს საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენ შესაბამის ანგარიშში.
5. პირი არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევა.
6. პირს უფლება აქვს მოითხოვოს კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗. კონკურსის ჩატარების ფორმები და პირობები
1. კონკურსს ატარებს შესაბამისი დაწესებულების კომისია.
2. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
ა) განცხადების გადარჩევა;
ბ) წერითი დავალება;
გ) ტესტირება;
დ) გასაუბრება.
3. განცხადების გადარჩევა (პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმება), კომისიის დავალებით და მასთან შეთანხმებით, შესაძლებელია, უზრუნველყოს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვისთვის პასუხისმგებელმა პირ(ებ)მა ან სამდივნომ, რაც დასტურდება კომისიის სხდომის ოქმით და კომისიის წევრების ხელმოწერით.
4. კონკურსის პროგრამას, ეტაპებს, პირობებს, შეფასების ფორმებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია, დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.
6. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვისთვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ამასთან, კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, აღნიშნული ფუნქციის განსახორციელებლად შექმნას კომისიის სამდივნო.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის ეტაპების ჩატარებისათვის, კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.
მუხლი 13🔗. კომისიის წევრის აცილება
1. კომისიის წევრი ვალდებულია, კონკურსის ეტაპების დაწყებამდე, წინასწარ, განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. ის, შესაბამისად, ვერ მიიღებს მონაწილეობას იმავე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების შეფასებასა და კანდიდატების მიმართ გადაწყვეტილების მიღებაში.
3. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული, კომისიისათვის ცნობილი გახდება კონკურსის მიმდინარეობისას, კომისიის შესაბამისი წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
მუხლი 14🔗. კომისიის საქმიანობა
1. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
2. კომისია, ასევე, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, ქულათა სისტემით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შემადგენლობით.
3. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში, ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება, დადგენილი წესით.
4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
5. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
6. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.
7. კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულია უფრო მცირე ვადა, კომისია უფლებამოსილია გაზარდოს იგი ვადის ამოწურვამდე. ასეთ შემთხვევაში, თავდაპირველად განსაზღვრული და გაზრდილი ვადის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
8. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს – კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის ან კანდიდატის წარდგენაზე უარის შესახებ.
9. კომისია, კონკურსის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში, ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ჩატარებული კონკურსის შესახებ: ვაკანტური თანამდებობების დასახელების, შესული განცხადებების რაოდენობის, კონკურსის ეტაპების, პროცედურების და კონკურსის შედეგების მითითებით.
10. კომისიის მოწვეულ წევრთა შრომა შესაძლებელია ანაზღაურდეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 15🔗. საპრეტენზიო კომისია
1. კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, კონკურსის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, შესაძლებელია შეიქმნას საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეული პირები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში.
4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები.
8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს, მხოლოდ, წერილობითი ფორმით, კონკურსის შედეგების (მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან - წერილობით გაგზავნის შემთხვევაში და გაგზავნიდან - გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას.
10. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
მუხლი 16🔗. კონკურსის შედეგების გასაჩივრება
1. კონკურსატს უფლება აქვს, კონკურსის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ -სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში.
2. კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული დავა, დაწესებულებაში საპრეტენზიო კომისიის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია გადაწყდეს ადმინისტრაციული წესით, უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით.