საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 20.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-111
სარეგისტრაციო კოდი 480070000.22.030.016103
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,894 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-111 2014 წლის 20 ივნისი ქ. თბილისი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 6​1 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესი და ტიპობრივი დებულება“. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის N156 ბრძანება (სსმ III, 09.10.2007, №140, მუხ. 1553). 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეო საქმეთა მინისტრიმაია ფანჯიკიძე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების  საქმიანობის წესი და ტიპობრივი დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა (შემდგომში – წარმომადგენლობა) არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ქვედანაყოფი და ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში) წარმოადგენს საქართველოს. 2. დიპლომატიური წარმომადგენლობის დაარსებისა და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა. 3. წარმომადგენლობა თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და მინისტრის ბრძანებებითა და ინსტრუქციებით. წარმომადგენლობა თავისი საქმიანობისას ითვალისწინებს ასევე მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობას. 4. წარმომადგენლობა უზრუნველყოფს საქართველოს ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსის განხორციელებას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში) და აღნიშნული მიზნის მისაღწევად ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა, დელეგაციათა და ექსპერტთა ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობას, კოორდინაციას და მონიტორინგს. 5. წარმომადგენლობის შენობაზე და/ან მის ტერიტორიაზე, ასევე წარმომადგენლობის ხელმძღვანელის რეზიდენციაზე, ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აღმართულია საქართველოს სახელმწიფო დროშა. საქართველოს სახელმწიფო დროშა აგრეთვე განთავსდება წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ავტომობილზე ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში) არსებული საპროტოკოლო პრაქტიკის შესაბამისად. 6. წარმომადგენლობის შენობის წინა ფასადზე განთავსდება საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით, რომლის ქვეშაც განთავსდება აბრა წარმომადგენლობის შესაბამისი დასახელებით ქართულ და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ენებზე. 7. სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების სხვა შემთხვევები განისაზღვრება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში) არსებული საპროტოკოლო პრაქტიკის შესაბამისად. 8. წარმომადგენლობა, წარმომადგენლობის კარმიდამო, წარმომადგენლობის თანამშრომლები და მათთან მცხოვრები ოჯახის წევრები სარგებლობენ საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმუნიტეტებითა და პრივილეგიებით. 9. წარმომადგენლობა, მასში დასაქმებული მოსამსახურეები და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები ვალდებულნი არიან პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას, ჩვეულებებსა და ტრადიციებს, არ დაუშვან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევა და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნეს საშინაო საქმეებში ჩარევად. 10. წარმომადგენლობა წარმოადგენს სამინისტროს საბალანსო ერთეულს, გარდა ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. წარმომადგენლობას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდებით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, ანგარიში საბანკო დაწესებულებებში, ემბლემა და სატიტულო ფურცელი თავისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 11. წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც წარმოადგენს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს როგორც ადგილსამყოფელ ქვეყანაში, ასევე იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც აკრედიტებულია წარმომადგენლობა. 12. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შეიძლება დაინიშნოს ერთ ან რამდენიმე სახელმწიფოში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელად, თუ შესაბამისი ადგილსამყოფელი სახელმწიფო ამის წინააღმდეგი არ იქნება. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მუდმივი ადგილსამყოფელი არ აქვს, მინისტრის გადაწყვეტილებით და ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, შეიძლება დაინიშნოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლობის დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს იმ დიპლომატიური წარმომადგენლობის ბიუჯეტიდან, რომელიც განთავსებულია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ადგილსამყოფელ ქვეყანაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს აქვთ ერთიანი ბალანსი.  15. იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე, სადაც ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, დანიშნულია საქმეთა დროებითი რწმუნებული, ვრცელდება ამ დებულებით გათვალისწინებული ნორმები საერთაშორისო ხელშეკრულებებით და მინისტრის მიერ დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით. მუხლი 2🔗. ძირითადი მოვალეობები წარმომადგენლობის ძირითადი მოვალეობებია: ა) წარმოადგინოს საქართველო ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში); ბ) უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის განხორციელება; გ) დიპლომატიური საშუალებებითა და გზებით უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრების ხელშეუხებლობა, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ინტერესები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში); დ) დაიცვას საქართველოს, მისი მოქალაქეებისა და იურიდული პირების უფლებები და კანონიერი ინტერესები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში); ე) წარმართოს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) უზრუნველყოს საქართველოდან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში) და საქართველოში ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან (საერთაშორისო ორგანიზაციიდან) ოფიციალურ დელეგაციათა ვიზიტების მომზადება და განხორციელება. მუხლი 3🔗. წარმომადგენლობის ფუნქციები წარმომადგენლობის ფუნქციებია: ა) სამინისტროს მეშვეობით მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობასა და მინისტრს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესახებ; ბ) ხელი შეუწყოს საქართველოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს (საერთაშორისო ორგანიზაციას) შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო, კულტურულ და სხვა სფეროებში; გ) ხელი შეუწყოს მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას საქართველოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის, შეიმუშაოს და სამინისტროს წარუდგინოს წინადადებები ადგილსამყოფელ სახელმწიფოსა და ზოგადად რეგიონში საქართველოს ინტერესების დასაცავად და გასატარებლად; დ) უზრუნველყოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს საშინაო და საგარეო-პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, საქართველოს როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯის პოპულარიზაცია ადგილსამყოფელ ქვეყანაში; ე) ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებს, საჭიროების შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სხვა დაწესებულებებს წარმოაჩინონ საქართველოს შესაძლებლობანი და თანამშრომლობის განვითარების, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, დაამყარონ კავშირები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებებთან; ვ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს (საერთაშორისო ორგანიზაციას) შორის ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების შემუშავებაში, მოამზადოს წინადადებები საქართველოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს (საერთაშორისო ორგანიზაციას) შორის ხელშეკრულებათა ხელმოწერის, აღსრულების, ანულირებისა და დროებითი შეჩერების თაობაზე; ზ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობითა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, განახორციელოს საკონსულო ფუნქციები; თ) დაიცვას საქართველოს ინტერტესები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში); ი) საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით გაატაროს ღონისძიებები წარმომადგენლობის, მისი კარმიდამოს, ქონების და არქივის დაცვის მიზნით; კ) საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, ადგილსამყოფელი ქვეყნის თანხმობისა და მესამე ქვეყნის თხოვნის შემთხვევაში დაიცვას მესამე ქვეყნის მოქალაქეთა უფლებები და კანონიერი ინტერესები; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლოს ქართულ დიასპორასთან და სათვისტომოებთან და ხელი შეუწყოს მის საქმიანობას; მ) რეგულარულად მიაწოდოს სამინისტროს ინფორმაცია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ეკონომიკური, სოციალური, სამეცნიერო-ტექნიკური, სამხედრო და კულტურული სიახლეებისა და განვითარების თაობაზე, მათ შორის, დაამუშაოს ინფორმაცია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური მიმართულებების, მისი ადგილის შესახებ საერთაშორისო ასპარეზზე და ზოგადად რეგიონში, შეისწავლოს სხვა სახელმწიფოთა საქმიანობა და კონკრეტული რეგიონის რეგიონალური და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი; ნ) შეასრულოს საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის დავალებები, ასევე სამინისტროსთან შეთანხმებით განიხილოს სხვა სახელმწიფო უწყებათა წინადადებები; ო) განიხილოს საქართველოსა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ადგილობრივი დაწესებულებების, თვითმმართველი ორგანიზაციების, სააგენტოების, ორგანიზაციებისა და კომპანიების წინადადებები; პ) ხელი შეუწყოს საქართველოს შესაბამის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს ქართული პროდუქციისა და მომსახურების საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციაში; ჟ) განახორციელოს საქმიანობა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ტერიტორიულ და ფუნქციონალურ დეპარტამენტებთან უშუალო კოორდინაციით; რ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციები. მუხლი 4🔗. წარმომადგენლობის უფლებამოსილებები წარმომადგენლობა მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად უფლებამოსილია: ა) მოამზადოს და წარუდგინოს სამინისტროს წინადადებები ოფიციალურ დელეგაციათა ვიზიტების თაობაზე; ბ) დაამყაროს ურთიერთობა მიმღები სახელმწიფოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან (საზოგადოებრივ დაწესებულებებთან და ასოციაციებთან), სამეცნიერო და კულტურული წრეებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან, დიპლომატიურ მისიებთან, საკონსულო დაწესებულებებთან და საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან, რომლებიც განლაგებულნი არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე; გ) მოიპოვოს დოკუმენტაცია, ინფორმაცია და/ან სხვა მასალები საქართველოსა და ადგილსამყოფელი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოებიდან, სააგენტოებიდან, ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან წარმომადგენლობის საქმიანობის განსახორციელებლად; დ) წარუდგინოს სამინისტროს წინადადებები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს საპატიო კონსულის დანიშვნის თაობაზე; ე) ჩაატაროს კონფერენციები, შეხვედრები, გამოფენები, ფორუმები და სხვა ღონისძიებები. მუხლი 5🔗. წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა 1. წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციასთან. 2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე და პირადად არის პასუხისმგებელი წარმომადგენლობაზე დაკისრებული ამოცანებისა და დავალებების შესრულებაზე. 3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმომადგენლობის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს წარმომადგენლობის საქმიანობას; ბ) ახორციელებს ადმინისტრაციულ ზედამხედველობას საკონსულო სამსახურისა და საკონსულო თანამდებობის პირების საქმიანობაზე საკონსულო ფუნქციების განხორციელების კუთხით; გ) თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად, უზრუნველყოფს თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე ზედამხედველობას; დ) აკონტროლებს წარმომადგენლობის ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვასა და ფინანსურ წესრიგს; ე) პასუხისმგებელია გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმომადგენლობისათვის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე; ვ) ზედამხედველობს წარმომადგენლობის თანამშრომელთა მიერ საქართველოსა და საერთაშორიშო კანონმდებლობის, მინისტრის ბრძანებების, ინსტრუქციებისა და დირექტივების შესრულებას; ზ) უზრუნველყოფს წარმომადგენლობის თანამშრომელთათვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნას და წარუდგენს სამინისტროს წინადადებებს წარმომადგენლობის საქმიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით; თ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს  წარმომადგენლობის თანამშრომელთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დიპლომატიური რანგის მინიჭების შესახებ; ი)გამოსცემს ბრძანებებს წარმომადგენლობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომელთა ადგილსამყოფელი ქვეყნის და იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მივლინების თაობაზე, რომელშიც ასევე აკრედიტებულია წარმომადგენლობა, ამტკიცებს წარმომადგენლობის შინაგანაწესს და ზედამხედველობს შინაგანაწესის სათანადოდ შესრულებას; კ) იმ შემთხვევაში, როცა რამდენიმე დამოუკიდებელ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დანიშნულია ერთი ხელმძღვანელი, იგი გამოსცემს ბრძანებებს მისი მივლინების შესახებ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელშიც იგი წარმოადგენს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, მაგრამ არ გააჩნია ამ სახელმწიფოში მუდმივი ადგილსამყოფელი; ლ) უზრუნველყოფს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინფორმაციისა და უსაფრთხოების რეჟიმის დაცვას; მ) ატარებს შესაბამის ღონისძიებებს წარმომადგენლობის, წარმომადგენლობის თანამშრომელთა და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვისათვის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად; ნ) სამინისტროსთან შეთანხმებით აფორმებს ხელშეკრულებას წარმომადგენლობის შტატგარეშე თანამშრომლებთან და წყვეტს მათთან სახელშეკრულებო ურთიერთობას; ო) გამოსცემს ბრძანებებს წარმომადგენლობის შტატგარეშე თანამშრომლების შვებულების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების და მათი ადგილსამყოფელი ქვეყნის და იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მივლინების თაობაზე, რომელშიც ასევე აკრედიტებულია წარმომადგენლობა; პ) აწარმოებს მოლაპარაკებებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს (საერთაშორისო ორგანიზაციის) წარმომადგენლებთან, მონაწილეობს საერთაშორისო დონის კონფერენციებსა და შეხვედრებში და კანონმდებლობის შესაბამისად ხელს აწერს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; ჟ) სამინისტროს აწვდის ინფორმაციას საქართველოს დელეგაციების, ექსპერტთა ჯგუფებისა და სააგენტოების საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებათა და ქმედებათა შესახებ და საჭიროების შემთხვევაში წარუდგენს მინისტრს წინადადებას მათი საქმიანობის ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით; რ) სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს წარმომადგენლობის მიერ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ; ს) არის წარმომადგენლობის მატერიალურ ფასეულობებზე პასუხისმგებელი პირი ფინანსურ მენეჯერთან  ერთად. 4. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბრძანების გამოცემისთანავე უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში ამ მუხლის მე-3 პუნქტის  „ი“, ,,კ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრძანების ელექტრონული ვერსიის გადაგზავნას, რომელშიც ასახული უნდა იყოს ბრძანების გამოცემის მიზანი, საფუძველი და ვადები. 5. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში წარმომადგენლობის მუშაობას ხელმძღვანელობს საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომელსაც წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით, ნიშნავს მინისტრი. მუხლი 6🔗.  საკონსულო სამსახური 1 . წარმომადგენლობაში ან საქართველოს ინტერესთა სექციაში ორი ან ორზე მეტი საკონსულო თანამდებობის პირის მიერ საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას, თუ მიზანშეწონილია მათი და საკონსულო მოსამსახურეთა კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა, მინისტრის ბრძანებით იქმნება საკონსულო სამსახური. 2. საკონსულო სამსახური წარმოადგენს წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულს. 3. საკონსულო სამსახური უზრუნველყოფს წარმომადგენლობაში საკონსულო საქმიანობის განხოციელებას. მუხლი 7🔗. საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელობა 1. საკონსულო სამსახურს ხელმძღვანელობს წარმომადგენლობის ან საქართველოს ინტერესთა სექციის საკონსულო თანამდებობის პირი, გარდა გენერალური კონსულისა.  2. საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი: ა) ახორციელებს საკონსულო საქმიანობას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად; ბ) კოორდინაციას უწევს საკონსულო სამსახურში  საკონსულო თანამდებობის პირთა და საკონსულო მოსამსახურეთა საქმიანობას; გ) თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად, უზრუნველყოფს საკონსულო  თანამდებობის პირთა და  საკონსულო მოსამსახურეთა მიერ  მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე ზედამხედველობას; დ) მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, მასზე დაკისრებული საკონსულო ფუნქციების შესასულებლად, უფლებამოსილია მიმართოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს; ე) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს საკონსულო სამსახურის საქმიანობის  გაუმჯობესების თვალსაზრისით; ვ) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს საკონსულო სამსახურში ხელშეკრულების საფუძველზე მისაღები პირის ან/და სტაჟირების მსურველ კანდიდატთა შესახებ;  ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს წარუდგენს ანგარიშს საკონსულო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მუხლი 8🔗.   წარმომადგენლობის თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები 1. წარმომადგენლობის თანამშრომლები ექვემდებარებიან წარმომადგენლობის ხელმძღვანელს (ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საქმეთა დროებით რწმუნებულს) და ვალდებულნი არიან შეასრულონ მისი ბრძანებები და დავალებები. 2. საკონსულო თანამდებობის პირის საქმიანობაზე ადმინისტრაციულ ზედამხედველობას ახორციელებს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ხოლო საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას  ექვემდებარება სამინისტროს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს. 3. საკონსულო თანამდებობის პირი  საკონსულო საქმიანობას ახორციელებს ,,საკონსულო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ამ დებულების, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციისა   და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად. 4. წარმომადგენლობას შეიძლება ჰყავდეს ფინანსური მენეჯერი, რომელიც, გარდა წარმომადგენლობის ხელმძღვანელისა, ანგარიშვალდებულია სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წინაშე. 5. ფინანსური მენეჯერის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, წარმომადგენლობის უძრავი და მოძრავი ქონების აღწერისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა. 6. წარმომადგენლობის თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მათ თანამდებობრივ ინსტრუქციებს ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებები 1. წარმომადგენლობის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი. 2. წარმომადგენლობა თავის საქმიანობას წარმართავს შესაბამისი ფორმით შემუშავებული წლიური მოქმედებათა გეგმის მიხედვით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს სხვა სტრუქტურათა წარმომადგენლები შესაძლებელია მივლინებულ იქნენ წარმომადგენლობაში. დასახელებული პირები თავის საქმიანობისას და გადაწყვეტილებათა მიღებისას კოორდინირებულად მოქმედებენ წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან. 4. საქართველოსა და ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად წარმომადგენლობასთან შეიძლება ფუნქციონირებდეს სკოლა. 5. დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.