საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმება
მიღების თარიღი 20.01.2014
ძალაში შესვლა 28.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №176/2
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016254
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/07/2014
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის შესახებ
საქართველოს მთავრობა და კორეის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში ,,ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი),
სურთ რა, უფრო მეტად განავითარონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და გაამყარონ საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა თანასწორობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების საფუძველზე; და
დარწმუნებული არიან რა, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვაო ტრანსპორტის განვითარება ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას,
მხედველობაში იღებენ რა, საერთაშორისო სამართალში მოცემულ პრინციპებს, მათ შორის საერთაშორისო საზღვაო კონვენციებს, რომელთა წევრიც ორივე ქვეყანაა,
შეთანხმდენენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განსაზღვრებანი
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის:
1. ტერმინი ,,ხელშემკვრელი მხარის გემი” ნიშნავს ნებისმიერ გემს, რომელიც რეგისტრირებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გემების რეესტრში და ცურავს მისი დროშის ქვეშ, ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. ეს ტერმინი არ მოიცავს:
(a) სამხედრო გემებს;
(b) სახელმწიფო გემებს, რომლებიც განკუთვნილია ან გამოიყენება არაკომერციული მიზნებისთვის;
(c) გემებს, ჰიდროგრაფიული, საოკეანო და მეცნიერული კვლევებისთვის;
(d) თევზსაჭერ გემებს, თევზის მარაგის კვლევისა და ინსპექტირების განმახორციელებელ გემებს და თევზსარეწ გემებს;
(e) გემებს, რომლებიც გამოიყენება სალოცმანო გაცილებისთვის, ბუქსირებისთვის, საზღვაო-სამაშველო საქმიანობისთვის;
(f) ბირთვულ გემებს.
2. ტერმინი ,,ხელშემკვრელი მხარის სანაოსნო კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც იყენებს სანაოსნო გემებს და აქვს თავისი რეგისტრირებული ოფისი ასეთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
3. ტერმინი ,,ეკიპაჟის წევრები” ნიშნავს კაპიტანს ან სხვა პირს, რომელიც დასაქმებულია ან დაკავებულია, ან მუშაობს ნებისმიერი სიმძლავრის გემის ბორტზე და შეყვანილია ეკიპაჟის სიაში.
4. ტერმინი ,,ნავსადგური” ნიშნავს ადგილს, რომელიც ოფიციალურად განკუთვნილია მგზავრების აყვანა-გადმოსხდომისათვის, ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ოფიციალურად აღიარებული ღუზასადგომის ჩათვლით, რომელიც ნებადართულია და ღიაა საერთაშორისო ნაოსნობისათვის.
5. ტერმინი ,,კომპეტენტური ორგანოები” საქართველოს მხრიდან ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დაკორეის მხრიდან, საოკეანო და თევზჭერის საქმეთა სამინისტროს და კომპეტენტური ორგანოს ფუნქციის ან სახელის ცვლილების შემთხვევაში, ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა გაუგზავნონ ერთმანეთს საჭირო შეტყობინება დიპლომატიური არხების საშუალებით.
მუხლი 2🔗
საზღვაო ტრანსპორტის თავისუფლება
1. ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ, დაიცვან თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის პრინციპები საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტში, კერძოდ:
(a) უზრუნველყონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სანაოსნო კომპანიებისა და გემების მონაწილეობა ორივე ხელშემკვრელი მხარის ნავსადგურებს შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში და ხელი არ შეუშალონ მათ მონაწილეობას საზღვაო ტარნსპორტის სფეროში მესამე ქვეყნების ნავსადგურებს შორის.
(b) დაადასტურონ, რომ გემს, რომელიც დაქირავებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის სანაოსნო კომპანიის მიერ, განურჩევლად, რომელი დროშის ქვეშ ცურავს იგი, მიენიჭოს ისეთივე უპირატესობები, როგორც იმ ხელმშეკვრელი მხარის დროშის ქვეშ მცურავ გემებს და
(c) ითანამშრომლონ საზღვაო ვაჭრობის განვითარების შემაფერხებელი ნებისმიერი დაბრკოლების აღმოსაფხვრელად მათ ნავსადგურებსა და მესამე ქვეყნის ნავსადგურებს შორის, ანდა საზღვაო ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქმიანობისთვის ხელის შეშლის აღმოსაფხვრელად.
2. ამ მუხლის დებულებები არ ზღუდავს მესამე ქვეყნის გემების უფლებას, მიიღოს მონაწილეობა ხელშემკვრელი მხარეების ნავსადგურებს შორის საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების სფეროში.
მუხლი 3🔗
საზღვაო ტრანსპორტის ხელშეწყობა
თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში გაატარებს ყველა საჭირო ზომას საზღვაო გადაზიდვების ხელშეწყობის, გემების უმიზეზოდ დაყოვნების თავიდან აცილების და ნავსადგურებში საბაჟო კონტროლისა და სხვა ფორმალობების შესრულების დაჩქარებისა და გამარტივების მიზნით.
მუხლი 4🔗
ნავსადგურებში თანაბარი მოპყრობა
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე შეუქმნის მეორე ხელშემკვრელი მხარის გემებს მომსახურების ისეთივე პირობებს, როგორსაც საკუთარ გემებს, რომელიც ჩართულია საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტში ნავსადგურებში თავისუფალი შესვლის, ტვირთების დატვირთვა-გამოტვირთვისათვის და მგზავრთა აყვანა-გადმოსხმისათვის ნავსადგურების გამოყენების, გემზე სადგომი ადგილებით უზრუნველყოფის, გემის ტონაჟისა და სხვა გადასახდელების გადახდის, ჩვეულებრივი კომერციული საქმიანობის შესრულებისა და ნავიგაციასთან დაკავშირებული მომსახურებით სარგებლობის კუთხით.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე შეუქმნის მესამე ქვეყნის დროშით მცურავ გემებს, რომელთა მართვას ახორციელებენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სანაოსნო კომპანიები, ამავე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოყალიბებულ პირობებს, თუ ის არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებს ან ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედ შიდასახელმწიფობრივ კანონმდებლობას.
მუხლი 5🔗
ფილიალები
თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ თავის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მისცეს უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის სანაოსნო კომპანიებს დააფუძნონ ფილიალები თავის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ფილიალებს აქვთ უფლება როგორც აგენტებმა შეასრულონ მთავარი ოფისის ფუნქცია. ორივე ხელშემკვრელი მხარე თანხმდება, რომ ისინი მეორე ხელშემკვრელი მხარის სანაოსნო კომპანიების ფილიალებს შეუქმნიან მომსახურების ისეთივე პირობებს, როგორსაც ისინი უქმნიან საკუთარ კომპანიებს ნორმალური კომერციული საქმიანობისათვის.
მუხლი 6🔗
შემოსავლების თავისუფალი გადარიცხვა
1. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ მეორე ხელშემკვრელი მხარის სანაოსნო კომპანიებს გადახდის განხორციელების მიზნით უნდა მისცეს უფლება გამოიყენოს საზღვაო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები და სხვა ფულადი შემოსავლები პირველად მოხსენიებული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებში.
2. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მისცეს უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის სანაოსნო კომპანიებს ყველა ადგილობრივი ხარჯის, მათ შორის გადასახადის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დაფარვის შემდეგ გადარიცხოს შემოსავლები და სხვა ფულადი შემოსავლები, რომელიც მოხსენიებულია ამავე მუხლის პირველ პუნქტში, თავისუფალ კონვერტირებად ვალუტაში, უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე, სწრაფი წესით, დისკრიმინაციული გადასახადების დაკისრების გარეშე ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც პირველად მოხსენიებული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით არ განისაზღვრება.
მუხლი 7🔗
კაბოტაჟის გამორიცხვა
ამ შეთანხმების დებულებები არ ეხება კაბოტაჟს. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გემი ცურავს ერთი ნავსადგურიდან მეორე ნავსადგურში მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შიდა ტვირთის გადმოტვირთვის, ან /და მგზავრების გადმოსხდომის მიზნით უცხოეთიდან, ან გარედან ტვირთის ჩატვირთვის ან/და უცხო ქვეყანაში გადასაყვანი მგზავრების ჩასხდომის მიზნით, არ შეიძლება მიიჩნეოდეს როგორც კაბოტაჟი.
მუხლი 8🔗
გემის დოკუმენტების ურთიერთაღიარება
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე აღიარებს გემის ეროვნული კუთვნილების დამადასტურებელ დოკუმენტს, სატონაჟო სერტიფიკატებს და სხვა დოკუმენტებს, რომელიც გაცემულია ან აღიარებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ.
2. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გემი, რომელიც ფლობს სათანადო წესით გაცემულ ტონაჟის სერტიფიკატებს, არ ექვემდებარება მეორე ხელშემკვრელი მხარის ნავსადგურებში ხელახლა გაზომვას და ყველა შესაბამისი სანავსადგურე გადასახდელები ამოღებულ უნდა იქნას ამ სერტიფიკატების საფუძველზე.
მუხლი 9🔗
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარება
თითოეული ხელშემკვრელი მხარე აღიარებს მეორე ხელეშემკვრელი მხარის შესაბამისი ორგანოს მიერ სათანადო წესით გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. კორეის რესპუბლიკის შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებია ,,მეზღვაურის წიგნაკი”, ,,მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი” ან ,,პასპორტი” და საქართველოს შემთხვევაში ,,მეზღვაურის წიგნაკი” ან ,,პასპორტი”.
მუხლი 10🔗
გემის ეკიპაჟის შესვლა, ტრანზიტი და ყოფნა
1. წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლში აღნიშნული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გემის ეკიპაჟის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ გადავიდნენ ნაპირზე და დროებით იმყოფებოდნენ ნაპირზე ვიზების გარეშე, ამ გემის მეორე ხელშემკვრელი მხარის ნავსადგურში ყოფნისას, თუ გემის კაპიტნის მიერ შეყვანილია ისინი მეორე ხელშემკვრელი მხარის შესაბამისი ორგანოსათვის წარსადგენ გემის ეკიპაჟის სიაში. მიუხედავად ამისა, ნაპირზე გადასვლისას და გემზე დაბრუნებისას, შესაბამისი პირი უნდა დაექვემდებაროს საიმიგრაციო და საბაჟო ფორმალობებს ამავე ნავსადგურში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მე-9 მუხლში აღნიშნულ ნებისმიერ პირს, რომელიც ფლობს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, უფლება აქვს შევიდეს, დატოვოს ან გადაკვეთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია სამშობლოში დაბრუნების მიზნით, შეურთდეს გემს, ან ნებისმიერი სხვა მიზნით, რომელიც გამართლებურად მიიჩნევა მეორე ხელშემკვრელი მხარის შესაბამისი ორგანოს მიერ თავის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. იმ შემთხვევაში, თუ გემის ეკიპაჟის ნებისმიერი წევრი გადმოვა მეორე ხელშემკვრელი მხარის ნავსადგურში ჯანმრთელობის პრობლემების გამო ან სხვა მიზნით, რაც გამართლებურად მიიჩნევა მეორე ხელშემკვრელი მხარის ორგანოების მიერ, შესაბამისი ორგანოები გასცემენ საჭირო ნებართვას შესაბამისი პირების საკუთარ სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარჩენის მიზნით, რომ მიიღონ სამედიცინო მომსახურება ან ჰოსპიტალიზირებულები იქნენ, ან დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში ან მოხდეს სხვა ნავსადგურში ჩასხდომის მიზნით მათი გადაყვანა ტრანსპორტის ნებისმიერი საშუალებით. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად აღმოუჩენს საჭირო სამედიცინო დახმარებას მეორე ხელშემკვრელი მხარის გემის ეკიპაჟის წევრებს.
4 .ვიდრე ერთი ხელშემკვრელი მხარის გემი გაჩერდება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გემის მეპატრონეს, მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, ან დიპლომატიური მისიის პერსონალს, ან საკონსულო თანამდებობის პირს ენიჭებათ უფლება დაუკავშირდნენ ან შეხვდნენ გემის ეკიპაჟის წევრებს, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივიკანონმდებლობის შესაბამისად.
5. მიუხედავად ამ მუხლის 1-4 პუნქტების დებულებებისა, ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს უცხოელთა შესვლას, ყოფნას და გასვლას, რჩება უცვლელი.
მუხლი 11🔗
საზღვაო ინციდენტის შემთხვევაში გემებისათვის დახმარების აღმოჩენა
1. თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გემი დაიღუპა, დაჯდა მეჩეჩზე, გაირიყა ნაპირზე ან მიიღო დაზიანებები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიული ზღვის ნაპირებთან, მეორე ხელშემკვრელმა მხარემ უნდა აღმოუჩინოს ისეთივე დახმარება გემს, მის ეკიპაჟს, ტვირთსა და მგზავრებს, როგორსაც აღმოუჩენდა ასეთივე შემთხვევაში საკუთარ გემებს, მათ ეკიპაჟს, ტვირთებსა და მგზავრებს და დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ მეორე ხელშემკვრელი მხარის შესაბამის ორგანოებს და მიაწოდოს მათ ყველა საჭირო ინფორმაცია და აღმოუჩინოს ყველა შესაძლო დახმარება.
2. გადარჩენილი ტვირთი და საგნები, რომელიც ამ მუხლის პირველ პუნქტშია მოხსენიებული, თავისუფლდება ყველა იმპორტის (საბაჟო) გადასახდელებით იმ პირობით, რომ იგი არ იგზავნება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოხმარებისა და გამოყენებისთვის.
მუხლი 12🔗
შეხვედრები საზღვაო საკითხების შესახებ
ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს შეუძლიათ პერიოდულად მონაცვლეობით შეხვდნენ კორეის რესპუბლიკაში ან საქართველოში ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, რათა განიხილონ ამ შეთანხმებასთან დაკავშირებული ან ორმხრივი ინტერესებიდან გამომდინარე საზღვაო ტრანსპორტთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესრულება. ასეთ შეხვედრებზე წარმომადგენლებმა შეიძლება, კერძოდ:
(a) განიხილონ ორმხრივ ინტერესებთან დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებიდან გამომდინარე საკითხები;
(b)შეისწავლონ კვლევების ხელშეწყობის, ტექნიკური თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის, საზღვაო სფეროსთან დაკავშირებულ სექტორებში განათლების მიღებისა და საზღვაო სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის გზები;
(c) განიხილონ საზღვაო ურთიერთობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე სამომავლო თანამშრომლობა და ორმხრივი დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციებში.
მუხლი 13🔗
კონსულტაციები
1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ან მის კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლია გამართოს კონსულტაციები მეორე ხელშემკვრელ მხარესთან ან მის კომპეტენტურ ორგანოსთან.
2. ნებისმიერი ასეთი კონსულტაცია, რომელიც მოითხოვა ერთ-ერთმა ხელშემკვრელმა მხარემ ან მისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა, შეიძლება გაიმართოს ასეთი მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღის განმავლობაში.
მუხლი 14🔗
დავების მოგვარება
თუ ხელშემკვრელ მხარეთა შორის ამ შეთანხმების ინტერპრეტაციასთან და/ან შესრულებასთან დაკავშირებით წარმოიქმნება ნებისმიერი სადავო საკითხი, დავა მოგვარდება ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის კონსულტაციების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 15🔗
ცვლილებები და დამატებები
ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შევა იმავე წესით, როგორც ეს შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს
მუხლი 16🔗
ძალაში შესვლა
ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს შეატყობინებენ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. შეთანხმება ძალაში შევა უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს.
წინამდებარე შეთანხმება ძალაში რჩება 5 წლის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 5 წლიანი პერიოდებით, თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი განზრახვის შესახებ მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე შეთანხმებას, მისი ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე.
რის დასტურადაც, თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელმომწერმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას
შესრულებულია 2014 წლის 10 იანვარს, ქ. თბილისში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, კორეულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს კორეის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით მთვარობის სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია).