საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.07.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/91
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016120
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,862 სიტყვა · ~34 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრი მირიანე ოდიშარია მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/91 2014 წლის 7 ივლისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და  „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №367 დადგენილების შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანდართული წესდება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრიმირიანე ოდიშარია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1.    ეს წესდება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში: უნივერსიტეტი) საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, საგანმანათლებლო  და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების წესსა და პირობებს, სტრუქტურას, მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს. 2. წესდება წარმოადგენს უნივერსიტეტის საქმიანობის მომწესრიგებელ დოკუმენტს. მუხლი 2🔗. უნივერსიტეტის სტატუსი 1. უნივერსიტეტი არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოს მიერ შექმნილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 2. უნივერსიტეტი შექმნილია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის  „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“ №367 დადგენილების საფუძველზე. 3. უნივერსიტეტი არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმემკვიდრე. 4. უნივერსიტეტი იქმნება და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. 5. უნივერსიტეტს აქვს საკუთარი ვებგვერდი ინტერნეტში, რომლის მისამართია: www.tafu.edu.ge. 6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია ჰქონეს საკუთარი ლოგო და დროშა, რომელსაც აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. მუხლი 3🔗. სახელწოდება და იურიდიული მისამართი 1. უნივერსიტეტის სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2. უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: შოთა რუსთაველის გამზირი №19, 0105 თბილისი, საქართველო. თავი II უნივერსიტეტის ამოცანები, მიზანი და საქმიანობა მუხლი 4🔗. უნივერსიტეტის მიზანი უნივერსიტეტის მიზანია: ა) მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირების მომზადება; ბ) ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია; გ) სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და პედაგოგების აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა; დ) აკადემიური პერსონალისა და პედაგოგების პროფესიული განვითარება, ახალი სამეცნიერო პერსონალის მოზიდვა; ე) სამეცნიერო კვლევებისთვის შესაფერისი პირობების შექმნა, შენარჩუნება და განვითარება; ვ) ტექნოლოგიური განვითარება, განსაკუთრებით კინო - ტელემიმართულებით; ზ) კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიან საგანმანათლებლო კურსების განხორციელება; თ) ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების განხორციელება, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გააქტიურება და განვითარება; ი) უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის და სტუდენტების მობილობის ხელშეწყობა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება; კ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგების კომერციალიზაციის ხელშეწყობა. მუხლი 5🔗. უნივერსიტეტის მისია უნივერსიტეტის მისიაა: ა) ხელოვნების დარგების (პრიორიტეტულად - თეატრალური ხელოვნების, კინო და მედიახელოვნების, ტრადიციული ქართული ქორეოგრაფიული და სამუსიკო ხელოვნების) განვითარება და მათი კვლევა, ამ დარგებში აკადემიური უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა; ბ) მაღალი რანგის პროფესიონალების აღზრდა. მომავალ ხელოვანთა შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება და ხელოვნების მეშვეობით  მისსავე წიაღში სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობის შეთავაზება; გ) სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლების ფორმირება ორი ძირითადი ორიენტირით – საშემსრულებლო/შემოქმედებითი უნარების განვითარებითა და ხელოვნების შესაბამისი დარგების თეორიული კვლევების საშუალებით – ხელოვნების შესაბამისი დარგებისათვის დამახასიათებელი მეთოდებისა და მიღწევების შესწავლა და კვლევა; დ) მაღალკვალიფიციური სახელოვნებო-შემოქმედებითი განათლების მიღების შესაძლებლობის დანერგვა უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა; ე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურსების დანერგვით პრაქტიკულ მუშაობაზე ორიენტირებული სახელოვნებო-შემოქმედებითი განათლების მიღების შესაძლებლობა; ვ) ხელოვნების შესაბამის დარგებში ტრადიციული სპეციალობებით თანამედროვე მოთხოვნებთან დაახლოება და ახალი სპეციალობების დანერგვა; ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი სწავლებისა და კვლევის პირობების უზრუნველყოფა; ჰუმანიტარული და სოციალური მეცნერებების პრობლემების კვლევის,  როგორც წარმატებული სწავლების, ხელოვნების სფეროში მეცნიერთა მომზადების და ახალი ცოდნის შექმნის საფუძვლის განვითარება; ზ) სტუდენტის ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარების განვითარება; ხელოვნების სეგმენტის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება; თ) მჭიდრო თანამშრომლობა სხვა სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საგანმანათლებლო პროგრამებზე ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, მიღწევების გაზიარება და რეკომენდაციის გაცემა; ი) ქართული კულტურისა და ხელოვნების – ქართული თეატრისა და კინოს, ტრადიციული  ქართული ხელოვნების განვითარება საშემსრულებლო/შემოქმედებითი პოტენციალისა თუ უნარების  გააქტიურებისა და თეორიული კვლევების საშუალებით; კ) სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლებისა და ხელოვნების დარგების პოპულარიზაცია; ხელოვნების მენეჯმენტის, კულტურული ტურიზმის განვითარების უზრუნველყოფა; ლ) ხელოვნების ნაწარმოებების შექმნა და წარდგენა სწავლის, სწავლებისა და შეფასებების პროცესში; მ) სტუდენტებზე მორგებული სწავლისა და სწავლების ინოვაციური მეთოდების წახალისება და დანერგვა; ნ) სწავლების შინაარსობრივი მხარის, მიდგომების და შედეგების მიმართ მრავალფეროვანი დამოკიდებულების ხელშეწყობა; ო) შემოქმედებითი აზროვნებისა და პროცესისათვის სამუშაო სივრცის გამოყოფა; შემოქმედებით პრაქტიკაზე ორიენტირებული თეორიული კვლევების წახალისება; პ) აკადემიური და სამეცნიერო პროცესის მრავალფეროვნების ხელშეწყობა, დაცვა და საზოგადოების ჩართვა ამ პროცესში; ჟ) ახალი ტექნოლოგიებისა და მასმედიის საშუალებების გამოყენება შემოქმედებით ინსტრუმენტებად; რ) აკადემური პერსონალის ხელშეწყობა – შეიმუშაონ ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები; უზრუნველყონ საგანმანათლებლო პროგრამების მაქსიმალური მოქნილობა; ს) სტუდენტებისა და პედაგოგების თავისუფალი მობილობის უზრუნველყოფა, სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და  კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა; ტ) თანამედროვე ხელოვნების შესაბამისი დარგის, სფეროს განვითარებასა თუ უფრო ფართო კულტურულ კონტექსტში სტუდენტებისთვის საკუთარი წვლილის შეტანის ხელშეწყობა. მუხლი 6🔗. უნივერსიტეტის საქმიანობის საგანი 1. უნივერსიტეტი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ახორციელებს უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) საგანმანათლებლო პროგრამებს და ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს/კვალიფიკაციას. 2. უნივერსიტეტს უფლება აქვს, განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობის მიზნით, დამოუკიდებლად ან/და სხვა პირებთან ერთად დააფუძნოს კერძო სამართლის კომერციული ან/და არაკომერციული  იურიდიული პირი. 3. უნივერსიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ამ წესდების საფუძველზე. 4. უნივერსიტეტის საქმიანობის საგანია: ა)  საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; ბ) ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებზე მიღებული პირების სწავლება და განათლების დამადასტურებელი დიპლომის/სერტიფიკატის გაცემა; გ) თავისუფალ გარემოს შექმნა განათლების მიღებისა და კვლევის განხორციელებისათვის; დ) სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის ხელშეწყობა; ე) საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობა სახელმწიფო დაწესებულებებთან, სახელოვნებო სეგმენტთან და სხვა ორგანიზაციებთან; ვ) ეფექტური საგანმანათლებლო პოლიტიკის წარმართვა; ზ) ინოვაციური პროექტების დანერგვა და განხორციელება; თ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ი) თანამშრომლობა ქართულ და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიულ გაერთიანებებთან; კ) უცხოელი ექსპერტების, კონსულტანტების და პროფესორების მოწვევა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების და კონფერენციების მოწყობის მიზნით; ლ) ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიული გაერთიანებების წევრობა; მ) სტუდენტთა და პედაგოგთა გაცვლითი პროგრამების ორგანიზება, დანერგვა და განხორციელება; ნ) ერთობლივი საქმიანობა სხვა პირებთან/ორგანიზაციებთან განათლებისა და მეცნიერების განვითარების მიზნით; ო) წიგნების, კვლევების, საინფორმაციო ბროშურების გამოცემისა და თარგმნის ორგანიზება; პ) სემინარების, კონფერენციების, ტრენინგების მოწყობა ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე; ჟ) სახელოვნებო-შემოქმედებითი განათლების პოპულარიზაცია, საინფორმაციო-შემეცნებითი საქმიანობა, გამოკითხვების/კვლევების ჩატარება; რ) განვითარებაზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება; ს) სახელოვნებო-შემოქმედებითი განათლებისა და კვლევების სფეროში საინფორმაციო ბაზის შექმნა; ტ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა; უ) შემოსავლების მიღების მიზნით ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა, მათ შორის, დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობის; ფ) საგამომცემლო საქმიანობა, საკუთარი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება. მუხლი 7🔗. სწავლების ენა 1. უნივერსიტეტში სწავლების ძირითადი ენა არის ქართული. 2. სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) უცხო ენაზე სწავლება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში. თავი III უნივერსიტეტის მართვა და სტრუქტურა მუხლი 8🔗. უნივერსიტეტის სტრუქტურა 1. უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება: ა) აკადემიური საბჭო; ბ) წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი); გ) რექტორი; დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი); ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური; ვ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები - ფაკულტეტები; ზ) სადისერტაციო საბჭოები; თ) სასწავლო თეატრი; ი) სასწავლო სტუდია; კ) ბიბლიოთეკა; ლ) სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი; მ) დამხმარე სტრუქტურული ერთეულები: რექტორის აპარატი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატი, კანცელარიისა და მართვის ორგანოების სამდივნოები.  2. უნივერსიტეტის სტრუქტურა მტკიცდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ. 3. უნივერსიტეტის საშტატო ნუსხა მტკიცდება რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი ბრძანებით თანამდებობების დასახელების, რაოდენობის და ხელფასის მითითებით. 4. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. მუხლი 9🔗. მართვის ორგანოები        უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია): აკადემიური საბჭო,  წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი), რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. მუხლი 10🔗. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები - ფაკულტეტები 1. უნივერსიტეტში შექმნილია შემდეგი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები: ა) დრამის ფაკულტეტი; ბ) კინო- ტელეფაკულტეტი; გ) ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი; დ) ქართული ხალხური სამუსიკო და ქორეოგრაფიული ხელოვნების ფაკულტეტი. 2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია – ფაკულტეტის საბჭო, დეკანი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 3. ფაკულტეტზე შეიძლება შეიქმნას სადისერტაციო საბჭო. მუხლი 11🔗. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა 1. უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, საგანმანათლებლო პროგრამების, პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა. 2. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში შედის - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურები. 3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ხოლო ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელებს ირჩევს შესაბამისი ფაკულტეტის საბჭო. არჩეული სამსახურის ხელმძღვანელებთან შრომის ხელშეკრულებას აფორმებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 4. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით. 5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი  კოორდინაციას უწევს ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელების საქმიანობას. 6. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელების  უფლებამოსილებაა: ა) უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო-სამეცნიერო პერსონალის შეფასების მექანიზმების შემუშავება უნივერსიტეტის მისიისა და მიზნების შესაბამისად; ბ) საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება; გ) სტუდენტთა მობილობის მომზადება; დ) კრედიტ-სატრანსფერო სისტემის დანერგვა; ე) აკადემიური პერსონალისა და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება; ვ) უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციისათვის მომზადება; ზ) ფაკულტეტის თვითშეფასების მომზადება, ფაკულტეტების პროგრამებისა და გეგმების შესრულების უზრუნველყოფა. მუხლი 12🔗. აკადემიური საბჭო 1. აკადემიური საბჭო არის უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უმაღლესი განათლების მიზნების შესაბამისად განსაზღვრავს უნივერსიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებებს. 2. აკადემიური საბჭო კოლეგიური ორგანოა, რომელიც იქმნება ფაკულტეტების  აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებისგან არჩევნების საფუძველზე. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის რექტორი. 3. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 9 წევრით: ა) რექტორი - აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე; ბ) დრამის ფაკულტეტიდან  – 2 წევრი; გ) კინო-, ტელეფაკულტეტიდან – 2 წევრი; დ) ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტიდან  – 2 წევრი; ე) ქართული ხალხური სამუსიკო და ქორეოგრაფიული ხელოვნების ფაკულტეტიდან – 2 წევრი. 4. ფაკულტეტებიდან აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა უნივერსიტეტის პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი. ისინი აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა მიერ საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატები, რომლებიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებენ. ხმების გაყოფის შემთხვევაში ტარდება მეორე ტური. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 5. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლის ვადით. 6. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით მათი არჩევიდან ორი წლის გასვლის შემდეგ. განახლება წარმოებს აკადემიური საბჭოს არჩევნების დადგენილი წესით და ეხება ფაკულტეტიდან თითო წევრს, კენჭისყრის შედეგად აირჩევა ახალი წევრი და განისაზღვრება, რომელ წევრს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება. 7. აკადემიური საბჭო იღებს დადგენილებას, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე. 8. აკადემიური საბჭოს წევრი უფლებამოსილებას ასრულებს პირადად. დაუშვებელია აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისთვის გადაცემა. 9. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია: ა) აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება; ბ) რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა; გ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება; დ) სასამართლოს მიერ პირის ქმედუუნაროდ ცნობა ან/და გარდაცვალება. 10. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, აკადემიური საბჭოს მორიგ არჩევნებამდე აირჩევა ახალი წევრი. რიგგარეშე არჩევნები უნდა გამოცხადდეს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 თვის ვადაში, აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის დადგენილი წესით. არჩევნების თარიღს ნიშნავს აკადემიური საბჭო. მუხლი 13🔗. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება 1. აკადემიური საბჭო: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ბ) ფაკულტეტის ან/და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას; დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს; ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას; ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას; ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში; თ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში; ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების წარდგინებით; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; ლ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; მ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს; ნ) ფაკულტეტის საბჭოს ან/და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას; ო) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას; პ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ჟ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; რ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის/ბიბლიოთეკების ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებს; ს) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; ტ) ამტკიცებს საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამებისთვის უნივერსიტეტში აბიტურიენტთა მისაღები კონკურსის (შიდა ტურები) წესს; უ) იღებს გადაწყვეტილებას წიგნის გამოცემაზე; ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ინიციირება დოკუმენტურად დასაბუთებული უნდა იყოს. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. მუხლი 14🔗. აკადემიური საბჭოს სხდომები 1. აკადემიური საბჭოს ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველყოფისა და ოქმის წარმოების მიზნით, აკადემიური საბჭოს მიერ რექტორის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატიდან შეიძლება მოწვეულ იქნეს პასუხისმგებელი მდივანი, რომელიც არ არის აკადემიური საბჭოს წევრი. 2. აკადემიური საბჭო მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით და დღის წესრიგის მითითებით. საბჭოს წევრებს ინფორმაცია სხდომის მოწვევის ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ მიეწოდებათ პასუხისმგებელი მდივნის ან/და აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა პირის მიერ, ელექტრონული ფოსტით 1 დღით ადრე მაინც. აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით ხორციელდება სატელეფონო შეტყობინება. 3. აკადემიური საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს რექტორი. 4. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, თუ ამ წესდებით გადაწყვეტილების მისაღებად არ არის დადგენილი სხვა წესი. 5. აკადემიური  საბჭოს წევრი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვაზე გადაცემა. 6. აკადემიური საბჭოს თითოეულ სხდომაზე დგება ოქმი. ოქმში უნდა შევიდეს შემდეგი ინფორმაცია: ა) სხდომის დრო და ადგილი; ბ) დღის წესრიგი; გ) დამსწრე წევრების დასახელება; დ) კენჭისყრაზე გატანილი საკითხები და კენჭისყრის შედეგები; ე) მიღებული გადაწყვეტილება. 7. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და ოქმის მწარმოებელი პირი. მუხლი 15🔗. წარმომადგენლობითი საბჭო 1. წარმომადგენლობითი საბჭო არის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აირჩევა ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ფაკულტეტებში მათი რაოდენობის პროპორციულად.  2. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტების რაოდენობა უნდა შეადგენდეს წევრთა 1/3-ს. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 21 წევრით: ა) დრამის ფაკულტეტიდან  – 3 წევრი; ბ) კინო-, ტელეფაკულტეტიდან – 3 წევრი; გ) ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტიდან  – 3 წევრი; დ) ქართული ხალხური სამუსიკო და ქორეოგრაფიული ხელოვნების ფაკულტეტიდან – 3 წევრი; ე) ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი – 1 წევრი; ვ) სტუდენტები  – 8 წევრი, ორი წარმომადგენელი თითო ფაკულტეტიდან. 4. ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად აირჩევა პირი, რომელსაც უნივერსიტეტში უკავია აკადემიური თანამდებობა. საბჭოს წევრები აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრის მიერ საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. 5. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს, როგორც სტუდენტი. 6. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად სტუდენტების არჩევას უზრუნველყოფს სტუდენტური თვითმმართველობა. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლით. 8. წარმომადგენლობითი საბჭო საკუთარი წევრებიდან ფარული კენჭისყრით ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარეს (სპიკერს). არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. კანდიდატის დასახელების უფლება აქვს წარმომადგენლობითი საბჭოს ნებისმიერ წევრს. თანაბარი ხმის მიღების შემთხვევაში  კენჭისყრა ტარდება თავიდან. 9. წარმომადგენლობითი საბჭო იღებს დადგენილებას, რომელსაც ხელს აწერს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი. 10. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი უფლებამოსილებას ასრულებს პირადად. დაუშვებელია წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისთვის გადაცემა. 11. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია: ა) აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება; ბ) სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა. 12. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილება შეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით. რიგგარეშე არჩევნები უნდა გამოცხადდეს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 თვის ვადაში, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის არჩევისათვის დადგენილი წესით. არჩევნების თარიღს ნიშნავს წარმომადგენლობითი საბჭო. მუხლი 16🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება 1. წარმომადგენლობითი საბჭო: ა) აკადემიური საბჭოს მონაწილეობით შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს; გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს; ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ვ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე; თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს; ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს; კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ლ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; მ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ნ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით შეაქვს ცვლილებები დამტკიცებულ ბიუჯეტში; ო) ადგენს სტუდენტის სწავლის საფასურის ოდენობას; პ) იღებს გადაწყვეტილებას სტუდენტის სწავლის საფასურისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლებაზე; ჟ) გასცემს თანხმობას უნივერსიტეტის რესურსებით შეძენილი ქონების ან მისი ნაწილის გასხვისებაზე ან/და სარგებლობაში გადაცემაზე; რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 17🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან არაუმეტეს წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით. 2. სპიკერი აირჩევა 4 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადისა. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) ამავე უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება. მუხლი 18🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები 1. წარმომადგენლობითი საბჭო მოიწვევა წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით და დღის წესრიგის მითითებით. სხდომის მოწვევის ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია ეცნობება წევრებს ელექტრონული ფოსტით 3 დღით ადრე მაინც, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის ან/და საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა პირის მიერ. აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით ხორციელდება სატელეფონო შეტყობინება. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი. 3. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 4. წარმომადგენლობითი  საბჭოს წევრი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვაზე გადაცემა. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეულ სხდომაზე იქმნება ოქმი. ოქმში უნდა შევიდეს შემდეგი ინფორმაცია: ა) სხდომის დრო და ადგილი; ბ) დღის წესრიგი; გ) დამსწრე წევრების დასახელება; დ) კენჭისყრაზე გატანილი საკითხები და კენჭისყრის შედეგები;  ე) მიღებული გადაწყვეტილება. 6. ოქმს ხელს აწერს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და ოქმის მწარმოებელი პირი. მუხლი 19🔗. რექტორი 1. რექტორი არის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში. 2. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ არანაკლებ საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტისა. 3. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აქვეყნებს აკადემიური საბჭო, რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. კანდიდატების რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 10 დღე, რის შემდეგადაც იმართება კენჭისყრა. კანდიდატთა რეგისტრაციისა და კენჭისყრის თარიღს ადგენს აკადემიური საბჭო. 4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადება ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და დამატებით რომელიმე საინფორმაციო წყაროს საშუალებით ინტერნეტში ან პრესაში. 5. რექტორობის კანდიდატმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ფოტოსურათით; გ) სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) დოქტორის ან დოქტორთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმეტი; ე) სახელოვნებო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ამავე უნივერსიტეტის ერთი ან/და რამდენიმე ფაკულტეტის რეკომენდაცია; ზ) სამოქმედო გეგმა; თ) უნივერსიტეტის განვითარების კონცეფცია. 6. რექტორის უფლებამოსილების ერთი სრული ვადა შეადგენს 4 წელს. დაუშვებელია ერთი და იგივე პირი არჩეულ იქნეს რექტორად ზედიზედ ორ ვადაზე მეტით და მისი ჯამური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 8 წელს. 7. პირმა, რომელსაც ეკავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, ამავე უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.  8. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. მუხლი 20🔗. რექტორის უფლებამოსილება 1. უნივერსიტეტის რექტორი: ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტს და წარმოადგენს მას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში; ბ) უნივერსიტეტის სახელით აფორმებს გარიგებებს, მემორანდუმებსა და შეთანხმებებს. თუ გარიგების, მემორანდუმის და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; გ) ზრუნავს უნივერსიტეტის განვითარებაზე და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებაზე; დ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს; ე) უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევის მიზნით ქმნის საარჩევნო კომისიას, გარდა რექტორის არჩევნებისა; ვ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ამტკიცებს უნივერსიტეტის საშტატო ნუსხას თანამდებობების დასახელების, რაოდენობის და ხელფასის მითითებით. 2. რექტორის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს რექტორის მიერ განსაზღვრული პირი/პირები (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ან/და აკადემიური საბჭოს წევრი). 3. რექტორის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა (მივლინება) ფორმდება რექტორის ბრძანებით. 4. რექტორის შვებულება ფორმდება რექტორის ბრძანებით. მუხლი 21🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ეკონომიკურ და ადამიანური რესურსების სფეროებში და წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა შეადგენს 4 წელს. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ და მისი უფლებამოსილების ჯამური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 8 წელს. 3. წარმომადგენლობითი საბჭო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭისყრით. ერთი და იმავე პირის კანდიდატურა აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას. 4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას; ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები; გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის კოლეგიურ ორგანოს ან წარმომადგენლობით საბჭოს; დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის კოლეგიურ ორგანოს ან წარმომადგენლობით საბჭოს; ე) ხელმძღვანელობს ფაკულტეტების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას; ვ) ადგენს და რექტორთან ერთად ამტკიცებს უნივერსიტეტის საშტატო ნუსხას თანამდებობების დასახელების, რაოდენობის და ხელფასის მითითებით; ზ) ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს; თ) შტატგარეშე დასაქმებულებთან დებს შრომის ხელშეკრულებებს, განსაზღვრავს შრომის ანაზღაურების ოდენობას; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს; კ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ლ) იღებს გადაწყვეტილებას: ლ.ა) დასაქმებულებზე პრემიისა და მატერიალური დახმარების გაცემის შესახებ; ლ.ბ) სტუდენტის სწავლის საფასურის გადახდის გადავადებაზე ან/და ზედმეტად გადახდილის დაბრუნებაზე; ლ.გ) უნივერსიტეტის დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობაზე; მ) უფლებამოსილია მოახდინოს საკუთარი უფლებამოსილების დელეგირება უნივერსიტეტის თანამშრომელზე. 5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე. 6. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე. 7. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე; ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული საფუძველი. 8. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს უნივერსიტეტის თანამშრომელი, რაც განისაზღვრება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით ან წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილებით. მუხლი 22🔗. სადისერტაციო საბჭო 1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო.   2. სადისერტაციო საბჭო იქმნება ფაკულტეტზე. 3. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო. 4. ფაკულტეტში სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით. 5. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს/ფაკულტეტების საბჭოების და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის/დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების, ან ძირითადი ფაკულტეტების საბჭოების, ან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით. 6. ფაკულტეტში სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისგან. სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება მოწვეული იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა ნებისმიერი პირი. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შედგება უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან. 7. სადისერტაციო საბჭოს წარდგინებით ან/და აკადემიური საბჭოს ინიციატივით სადისერტაციო საბჭოში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკადემიური საბჭოს მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. მუხლი 23🔗. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფორმირება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ. მუხლი 24🔗. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 1. ბიბლიოთეკა არის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამებს სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურით. 2. ბიბლიოთეკის უფლებამოსილებაში შედის: ა) წიგნებით, სახელმძღვანელოებით, ჟურნალებითა და სხვა ბეჭდური თუ ელექტრონული მასალით უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფა; ბ) პირობების შექმნა განათლების მიღებისა და კვლევის ხელშეწყობისათვის; გ) სასწავლო-სამეცნიერო ფონდის გადახალისება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ორგანიზება; დ) მიღებული მასალის აღრიცხვა, ნუმერაცია, ელექტრონულ კატალოგებსა და საძიებო სისტემაში შეტანა. 3. ბიბლიოთეკის საქმიანობის წესი განისაზღვრება ბიბლიოთეკის  დებულებით, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. თავი IV ფაკულტეტი და მისი უფლებამოსილება მუხლი 25🔗. ფაკულტეტი 1. ფაკულტეტის შექმნის ან გაუქმების გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო. გადაწყვეტილება ძალაში შედის წესდებაში ცვლილებების განხორციელების შემდეგ. 2. ფაკულტეტის დებულება მტკიცდება ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ. მუხლი 26🔗. ფაკულტეტის საბჭო 1. ფაკულტეტის საბჭო არის შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. 2. ფაკულტეტის საბჭო კოლეგიური ორგანოა, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. მის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. 3. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტების რაოდენობა არ უნდა იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები. 4. ფაკულტეტის საბჭო:           ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს; ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს; გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;  ვ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ზ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის  უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას; თ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს, ფარული კენჭისყრით. ი) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით გასცემს რეკომენდაციას რექტორობის კანდიდატებზე. მუხლი 27🔗. ფაკულტეტის დეკანი 1. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი  შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 2. დეკანის კანდიდატად რეგისტრაციისთვის აუცილებელია მოკლე ბიოგრაფიული ინფორმაციისა და ფაკულტეტის განვითარების კონცეფციის წარმოდგენა. დეკანად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც არ არის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, მაგრამ გააჩნია სათანადო კომპეტენცია. 3. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს უნივერსიტეტის ვებგვერდზე კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. კანდიდატების რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 10 დღე, რის შემდეგადაც იმართება კენჭისყრა. კანდიდატთა რეგისტრაციისა და კენჭისყრის თარიღს ადგენს ფაკულტეტის საბჭო. 4. ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თუ ვერცერთმა პრეტენდენტმა ვერ მიიღო ხმების ნახევარზე მეტი, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში უკეთესი შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ტარდება ხელახალი კენჭისყრა გამარჯვებული დეკანის გამოვლენამდე. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ მოხერხდა დეკანის არჩევა, არაუგვიანეს 5 დღისა ინიშნება ახალი არჩევნები. 5. ფაკულტეტის დეკანი: ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისთვის; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს (ბრძანებას); ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს; ზ) პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებისთვის; თ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 28🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური: ა) ხელს უწყობს სწავლების მაღალი დონის უზრუნველყოფას ფაკულტეტზე სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) დანერგვის გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას; ბ) ამზადებს ფაკულტეტის თვითშეფასებას, შეისწავლის და აანალიზებს ფაკულტეტის პროგრამებისა და გეგმების შესრულების უზრუნველყოფას; გ) შეიმუშავებს წინადადებებს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ; დ) კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის, გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. თავი V უნივერსიტეტის პერსონალი მუხლი 29🔗. პერსონალი უნივერისტეტში არსებობს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი. მუხლი 30🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე და დამატებით, რომელიმე საინფორმაციო წყაროს საშუალებით ინტერნეტში ან პრესაში, საბუთების მიღებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე. საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ 10 დღე, რის შემდეგაც ხდება შერჩევა და შედეგების გამოცხადება. 3. კონკურსის პირობებს ადგენს აკადემიური საბჭო. 4. პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. 5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 6. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, 3 ან 4 წლის ვადით. 7.  ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი, 3 ან 4 წლის ვადით. 8. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე,  საშემსრულებლო მიმართულებებზე აკადემიური თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელსაც არა აქვს მოპოვებული დოქტორის აკადემიური ხარისხი, მაგრამ მისი კვალიფიკაცია დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და შემოქმედებითი საქმიანობით. ასეთ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია უნდა შემოწმდეს აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი მოთხოვნებით. 9. აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის  ვადის გასვლის შემდეგ. 10. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ფაკულტეტის საბჭოს რეკომენდაციისა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ფაკულტეტის მიერ რეკომენდაცია გაიცემა და აკადემიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს წევრთა სიითი შეადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერით. 11. არჩეულ აკადემიურ პერსონალთან შრომის ხელშეკრულებას აფორმებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მუხლი 31🔗. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი 1. უნივერსტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის დეკანი და მათი მოადგილეები, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები. 2. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება უნივერსიტეტის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები. 3. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მუხლი 32🔗. თანამდებობრივი  შეუთავსებლობა 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა. 3. პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა დამატებით შეიძლება განისაზღვროს მათთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულებით. მუხლი 33🔗. საპატიო დოქტორი უნივერსიტეტს უფლება აქვს მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება. მუხლი 34🔗. ემერიტუსის წოდება 1. უნივერსიტეტს უფლება აქვს პროფესორს აკადემიურ მოღვაწეობაში პროფესიული აღიარების ნიშნად მიანიჭოს ემერიტუსის წოდება. 2. ემერიტუსის წოდების მაძიებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) განცხადების წარდგენის დროისთვის უნივერსიტეტში ეკავოს პროფესორის თანამდებობა და მიღწეული იყოს 65 წლის ასაკს (ემერიტუსის წოდების მინიჭების მოთხოვნით განცხადების წარდგენა  პროფესორის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია); ბ) ჰქონდეს ამავე უნივერსიტეტში პედაგოგიური მოღვაწეობის 12-წლიანი გამოცდილება; გ) იყოს საქართველოს მოქალაქე. 3. ემერიტუსის წოდების მინიჭების მოთხოვნით დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს აკადემიურ საბჭოს და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა) დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი (ან მასთან გათანაბრებული) დოკუმენტის ასლი; ბ) ამავე უნივერსიტეტის პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) უნივერსიტეტში პედაგოგიური მოღვაწეობის ხანგრძლივობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ინფორმაცია მის აკადემიურ მოღვაწეობაზე (გამოცემული ნაშრომების დასახელება, პროფესიულ კონფერენციებში/ტრენინგებში მონაწილეობა, მოპოვებული აკადემიური წოდებები, გამოშვებული ჯგუფები, დადგმული სპექტაკლები, კონფერენციები და პრეზენტაციები, გადაღებული ფილმები, განხორციელებული პროექტები და ა.შ.).   4. დაინტერესებული პირის განცხადებას ემერიტუსის წოდების მინიჭებაზე განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო 3 თვის ვადაში. 5. განცხადების განხილვისას აკადემიური საბჭო აფასებს დაინტერესებული პირის აკადემიური მოღვაწეობის მნიშვნელობას მისი პროფესიული აღიარებისათვის და ემერიტუსის წოდების მინიჭებისათვის. გადაწყვეტილების მიღებამდე აკადემიური საბჭო ემერიტუსის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას უგზავნის ფაკულტეტს რეკომენდაციის წარმოსადგენად. 6. ემერიტუსის წოდების მინიჭების ან მინიჭებაზე უარის რეკომენდაციას გასცემს ფაკულტეტის საბჭო სიითი შემადგენლობის 2/3-ს მხარდაჭერით.  7. ემერიტუსის წოდების მინიჭების ან მინიჭებაზე უარის გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო წევრთა სიითი შემადგენლობის 2/3-ს მხარდაჭერით. 8. ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებით პირს ენიშნება ანაზღაურება, რომელიც შეადგენს პროფესორის შრომის ანაზღაურების 75%-ს. 9. ემერიტუსის წოდების მქონე პირს იმავდროულად არ შეიძლება ეკავოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობა. თავი VI სტუდენტი მუხლი 35🔗. უნივერსიტეტში სტუდენტის მიღება 1. სტუდენტი არის პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის პროგრამაზე. 2. უნივერსიტეტში სწავლების პირველ საფეხურზე სტუდენტის მიღების საფუძველია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტები ფაკულტეტებზე მიიღებიან ფაკულტეტების მიერ საგამოცდო საგნებისთვის მინიჭებული კოეფიციენტების მიხედვით. 3. საშემსრულებლო სპეციალობებზე აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გადის შემოქმედებითი კონკურსს (შიდა ტურები) აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით. 4. შემოქმედებითი კონკურსი ტარდება 3 ეტაპად: I შესარჩევი ტური, II შესარჩევი ტური, III - გამოცდა. 5. აბიტურიენტმა, რომელმაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადი შეიტანა უნივერსიტეტის რამდენიმე სპეციალობაზე, სადაც სწავლის გაგრძელება სურს, კონკურსი უნდა გაიაროს მის მიერ დასახელებულ ყველა საშემსრულებლო სპეციალობაში. უნივერსიტეტში შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც მრავლდება კოეფიციენტზე. 30 ქულა ნიშნავს უარყოფით შედეგს. 6. აბიტურიენტი, რომელიც ვერ გადალახავს ერთიანი ეროვნული გამოცდების მინიმალურ ზღვარს, ვერ ჩაირიცხება უნივერსიტეტში შემოქმედებით კონკურსზე მიღებული ქულების მიხედვით. 7. იმ ფაკულტეტზე, რომელზეც უნივერსიტეტში არ ტარდება შემოქმედებითი კონკურსი, ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, დამატებითი გამოცდის გარეშე. 8. ნებისმიერ აბიტურიენტს უფლება აქვს ჩააბაროს საქართველოს რომელიმე თეატრის მიერ უნივერსიტეტისათვის დაკვეთილ მიზნობრივ ჯგუფში. ამასთან დაკავშირებით გამოცდების შედეგების მიხედვით, უფასო სწავლების მოპოვების შემთხვევაში, აბიტურიენტი აფორმებს წერილობით შეთანხმებას უნივერსიტეტთან, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისა და მიზნობრივ ჯგუფში ჩარიცხვის შემთხვევაში, მინიმუმ სამი წლის ვადით იმ თეატრში მუშაობის თაობაზე, რომლისთვისაც მზადდება მიზნობრივი ჯგუფი. 9. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა ჩარიცხვისათვის საჭირო ქულა მის მიერ არჩეულ პირველ სპეციალობაზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე სპეციალობაზე და ა.შ. 10. მაგისტრატურაში მიღება ხდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების საფუძველზე. საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურაში მიღება ხორციელდება უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით, რომელსაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 11. დოქტორანტურაში მიღებისათვის აუცილებელია მაგისტრის ან მასთან განათაბრებული დიპლომი. დოქტორანტურაში მიღების წესებსა და მოთხოვნებს ადგენს აკადემიური საბჭო. მუხლი 36🔗. სტუდენტთა მობილობა სტუდენტთა გარე და შიდა მობილობის წესს ადგენს უნივერსიტეტის ხარისხის სამსახური და ამტკიცებს აკადემიური საბჭო. მუხლი 37🔗. სტუდენტის უფლებები 1. სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში; გ) უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; დ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოებში უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად; ე) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; ვ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას; ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო სახელმწიფო დაფინანსების გადატანის წესს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე;  საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს მაგისტრატურის სხვა აკრედიტებულ   საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში; ი) საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები; კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა; ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში; მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება; ნ) განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. მუხლი 38🔗. სტუდენტის ვალდებულებები სტუდენტი ვალდებულია: ა) ისწავლოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული საგნები; ბ) დაემორჩილოს უნივერსიტეტის წესდებას, ეთიკის კოდექსს, ფაკულტეტის დებულებას, რექტორის ბრძანებებს და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ  მითითებებს; გ) ესწრებოდეს ლექციებს, დადგენილ ვადებში ასრულებდეს საგანმანათლებლო გეგმით და პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სახის დავალებას; დ) არ ჩაებას ისეთ საქმიანობაში, რომელიც არ არის დაკავშირებული სასწავლო პროცესთან; ე) გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის ქონებას; ვ) დროულად დაფაროს სწავლების საფასური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად; ზ) იყოს კორექტული უნივერსიტეტის თანამშრომლისა და სხვა სტუდენტების მიმართ. მუხლი 39🔗. სტუდენდის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა 1. სტუდენტის სტატუსის შეჩერება განიხილება სტუდენტის უფლება-მოვალების შესრულებისაგან გათავისუფლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე. 2. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია: ა) აკადემიური შვებულება; ბ) ავადმყოფობა; გ) უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა; დ) ფინანსური დავალიანება; ე) პირადი განცხადება. 3. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია: ა) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე; ბ) პირადი განცხადება; გ) ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის აკადემიურ საფეხურზე; დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში; ე) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის; ვ) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა ზედიზედ სამი სემესტრის განმავლობაში; ზ) ერთი და იმავე საგნის ორჯერ მოსმენა და კრედიტის ვერ მიღება; თ) სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელება, როგორიცაა: თ.ა) უხეში და არაეთიკური დამოკიდებულება, ძალადობა და შეურაცხყოფა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიმართ; თ.ბ) შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობითა თუ სხვა დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებით; ი) გარდაცვალება. 5. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით. 6. სტუდენტის სტატუსის შეჩერების ან/და შეწყვეტის შესახებ რექტორი შესაბამისი ფაკულტეტის წარდგინებით გამოსცემს ბრძანებას. მუხლი 40🔗. სტუდენტთა თვითმმართველობის უფლებები 1. უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობები. 2. ფაკულტეტებში არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა არის უნივერსიტეტის თვითმმართველობა, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას. 3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად: ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში; ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას; გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში; დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს შესაბამის ორგანოს; ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. მუხლი 41🔗. სტუდენტის პასუხისმგებლობა 1. სტუდენტის პასუხისმგებლობა და პასუხიმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით. 2. სტუდენტს ეკისრება პასუხისმგებლობა მის მიერ ვალდებულების დარღვევის შესაბამისად. 3. სტუდენტის პასუხიმგებლობის საქმეს განიხილავს და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტი. 4. სტუდენტის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პასუხიმგებლობის შემდეგი ღონისძიებები: ა) გაფრთხილება (რეკომენდაცია); ბ) საყვედური (შენიშვნა); გ) სტუდენტის სტატუსის შეჩერება; დ) სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა. 5. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უნივერსიტეტის წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გათვალისწინებული წესით, სამართლიანი პროცედურის გზით. 6. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხს წყვეტს უნივერსიტეტი. სტუდენტს უფლება აქვს, დაესწროს თავისი საქმის განხილვას. 7. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს: ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ; ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით; გ) მიაწოდოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები; დ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში; ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე. 8. სტუდენტს უფლება აქვს პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს რექტორთან ან/და სასამართლოში. მუხლი 42🔗. დაფინანსების გაცემა სტუდენტზე 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტისათვის, რომელიც მოიპოვებს დაფინანსებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსაგან მოპოვებული დაფინანსების 50% გაიცემა სტუდენტზე სტიპენდიის სახით. 2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია დაადგინოს სტუდენტისათვის სხვა სახის სტიპენდიის გაცემა. თავი VII მართვის ორგანოების არჩევის წესი მუხლი 43🔗. არჩევნების დანიშვნა 1. მართვის ორგანოების არჩევნებს ნიშნავს რექტორი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა გარდა. 2. არჩევნების დანიშვნის დოკუმენტი უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და ინფორმაცია უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე. 3. რექტორისა და უნივერსიტეტს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნებს ნიშნავს აკადემიური საბჭო, თავისი გადაწყვეტილებით. მუხლი 44🔗. საარჩევნო კომისია 1. უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების მიზნით, იქმნება საარჩევნო კომისია. 2. საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა არის კენტი. საარჩევნო კომისია შედგება არაუმეტეს 5 წევრისაგან. 3. საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს შესაბამისად რექტორი ან აკადემიური საბჭო. 4. საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი. 5. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს მართვის ორგანოების წევრობის კანდიდატი. 6. საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება არჩევნების ყველა საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით, უზრუნველყოს ხმის მიცემის ფარულობა. 7. საარჩევნო კომისიის წევრებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად შეიძლება დაენიშნოთ შრომის ანაზღაურება. მუხლი 45🔗. შედეგების გამოქვეყნება 1. საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგებს აფიქსირებს კენჭისყრის ოქმში. 2. არჩევნების საბოლოო შედეგები ძალაში შედის კენჭისყრის ოქმზე ხელმოწერისთანავე. თავი VIII დაფინანსება მუხლი 46🔗. უნივერსიტეტის ბიუჯეტი 1. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.             3. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტის პროექტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 4. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტი აკადემიური საბჭოს წინადადებითა და დასაბუთებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის პროექტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალარჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით. მუხლი 47🔗. უნივერსიტეტის შემოსავალი 1. უნივერსიტეტის დაფინანსების წყარო  შეიძლება იყოს: ა) სტუდენტის მიერ გადახდილი სწავლის საფასური; ბ) სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი, რომელიც აფინანსებს მის სწავლის საფასურს; გ) დამფუძნებლის პროგრამული დაფინანსება; დ) ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ე) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ვ) ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი; ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება უნივერსიტეტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. უნივერსიტეტის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. მუხლი 48🔗. ქონების განკარგვა 1. უნივერსიტეტის ქონება შედგება სახელმწიფოს, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ გადაცემული და საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 2. უნივერსიტეტის ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება ან სარგებლობაში გადაცემა შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს თანხმობით. ეს წესი არ ვრცელდება მცირე ღირებულების ქონებისა და ნარჩენების განკარგვაზე. მუხლი 49🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. უნივერსიტეტის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 50🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. უნივერსიტეტს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით აქვს   შემდეგი ქმედების განხორციელების უფლება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უარი, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე, უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში. თავი IX დასკვნითი დებულებები მუხლი 51🔗. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. უნივერსიტეტის რეორგანიზაციას ან/და ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით. მუხლი 52🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა 1. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების მომზადება ხდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ. წარმომადგენლობით საბჭოში წესდების განხილვაში მონაწილეობს აკადემიური საბჭო. 2. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.