საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.07.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/90
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016119
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 8,280 სიტყვა · ~41 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრი მირიანე ოდიშარია მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/90 2014 წლის 7 ივლისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (საიდენტიფიკაციო კოდი: 203850813) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №358 დადგენილების შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრიმირიანე ოდიშარია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია დაარსდა 1917 წლის 1 მაისს და წლების მანძილზე იყო ევროპული ტიპის ერთადერთი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელი კავკასიაში. 1924 წელს მას სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა, 1947 წლიდან კი გამოჩენილი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს. სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია არის 1917 წელს დაარსებული კონსერვატორიის უფლებამონაცვლე და წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. ეს წესდება ადგენს სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პირობებს, მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, აგრეთვე კონსერვატორიის სტატუსს, მისი საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს. თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. კონსერვატორიის საქმიანობის საფუძვლები საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (შემდგომში - კონსერვატორია) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი სამუსიკო, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი საქმიანობა, ასევე სამეცნიერო კვლევების წარმართვა. იგი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს და სკოლისგარეშე სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამებს. კონსერვატორიის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას. კონსერვატორიის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. კონსერვატორიის სახელწოდების აბრევიატურაა „თსკ“. კონსერვატორიის ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: ალ.გრიბოედოვის ქ. №8-10, ქ. თბილისი, 0108,  საქართველო. კონსერვატორიას აქვს ოფიციალური ბეჭედი, საბანკო ანგარიშები, ოფიციალური ვებგვერდი - www.tsc.edu.ge და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა. კონსერვატორიაში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან). კონსერვატორია საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. კონსერვატორია, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ. მუხლი 2🔗. კონსერვატორიის მიზნები და საქმიანობა 1. კონსერვატორიის მიზანია: ა) დაკმაყოფილება პიროვნების მოთხოვნილებებისა, განვითარდეს კულტურულად, ზნეობრივად და ინტელექტუალურად, რაც უზრუნველყოფილია მუსიკალური ხელოვნების სფეროში აკადემიური უმაღლესი განათლების მიღებით; ბ)  საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოთხოვნების დაკმაყოფილება უმაღლესი განათლების მქონე კვალიფიციური სპეციალისტებისა და მაღალი დონის პედაგოგიური კადრების მომზადების გზით; გ) მუსიკალური ხელოვნების და მეცნიერების განვითარება აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის, სტუდენტების შემოქმედებით-პრაქტიკული მოღვაწეობის და სამეცნიერო კვლევების მეშვეობით; დ)  პიროვნების შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე მუსიკოს-შემსრულებლების მომზადება, სტუდენტთა, მოსწავლეთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის აკადემიური უმაღლესი სამუსიკო განათლების შეთავაზება დაინტერესებულ პირთათვის; ე)  შემოქმედებითი, სასწავლო და სამეცნიერო მიმზიდველობის გაზრდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; ვ) ინტეგრაცია ერთიან მსოფლიო საგანმანათლებლო, შემოქმედებით და სამეცნიერო სივრცეში. 2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მის საფუძველზე, კონსერვატორია უზრუნველყოფს: ა)  საშუალო და უმაღლესი სამუსიკო განათლების ხელმისაწვდომობასა და ღია ხასიათს; სწავლის, სწავლების, შემოქმედებითი საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას, რაც ნიშნავს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა უფლებას, დამოუკიდებლად განახორციელონ შემოქმედებითი საქმიანობა, სამეცნიერო კვლევა, სწავლება და სწავლა, სასწავლო პროგრამების ფარგლებში და მათი განვითარების მიზნით; ბ) უმაღლესი სამუსიკო განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში; გ) უმაღლესი სამუსიკო განათლების, შემოქმედებისა და მეცნიერების ინტეგრაციას; დ)   სწავლებისა და სწავლის ხარისხის სისტემების განვითარებას და მისი მართვის მექანიზმების ფუნქციონირებას; ე)   სწავლებას, სწავლას, შემოქმედებასა და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეში, აგრეთვე თანამშრომლობის სხვა საერთაშორისო სისტემებში სრულუფლებიან მონაწილეობას; ვ) კონსერვატორიის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისებას და ხელშეწყობას, რაც გულისხმობს ამ უკანასკნელთა სწავლის, სწავლების, შემოქმედებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ, საქართველოს კანონმდებლობითა და კონსერვატორიის მიერ დადგენილი წესით, აკადემიური ხარისხებისა და კვალიფიკაციის ცნობით; ზ) ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის, აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით; თ) მართვისა და კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას; ი) სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ წესდებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას; კ) კონკურენტუნარიანი და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი კადრების მომზადებას და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის განვითარებას; ლ)  ინოვაციური კვლევებისა და სწავლებისათვის აუცილებელი პირობების, მათ შორის – ახალი მუსიკალური ტექნოლოგიების დანერგვისათვის სათანადო პირობების შექმნასა და ხელშეწყობა; მ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დასახული მიზნების მისაღწევად კონსერვატორია: ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს შემოქმედებით უნარებსა და თეორიულ ცოდნას, შემოქმედებითი და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას, რისთვისაც შეიმუშავებს  სახელოვნებო-შემოქმედებით, საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებს; ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე; გ) ხელს უწყობს სტუდენტთა და მოსწავლეთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას; დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა და სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად; ე) თანამშრომლობს უცხოეთის და საქართველოს მუსიკალურ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, კულტურულ ცენტრებთან და სხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო ინსტიტუციებთან; ვ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და როგორც სტუდენტთა, ისე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლას უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; ზ) ორგანიზებას უკეთებს ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებს, ფესტივალებს, სიმპოზიუმებს, კონფერენციებს, სემინარებს, ლექციებს, ლექცია-კონცერტებსა და მასტერკლასებს; თ) ემსახურება მუსიკალური კულტურისა და მუსიკის შესახებ მეცნიერების განვითარებას სწავლის, სწავლების, კვლევისა და კვალიფიკაციის ამაღლების გზით; ი) გამოსცემს სახელმძღვანელოებს, სამეცნიერო-მეთოდურ და სანოტო ლიტერატურას, ზრუნავს ბიბლიოთეკის ფონდის დაცვა-შევსებაზე; კ) ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას სწავლისა და შემოქმედებითი-სამეცნიერო მოღვაწეობისთვის; ლ) ქმნის აქტუალურ მიმართულებათა შემოქმედებით კოლექტივებს  სტუდენტების, მოსწავლეებისა და პერსონალის ბაზაზე; მ) აკადემიურ თანამდებობებზე მოიზიდავს წამყვან, დამწყებ თუ უკვე ცნობილ აქტიურ შემსრულებლებს და მეცნიერებს, რომელთაც შეუძლიათ თანამედროვეობის მოთხოვნების შესატყვისი სასწავლო პროცესის წარმართვა; ნ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. 4. აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: ა) სამეცნიერო კვლევის თავისუფლებისა – საორგანიზაციო საკითხებისა და პრიორიტეტების განსაზღვრაში; ბ) სწავლების თავისუფლებისა – სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში, ლექციების ცხრილისა და სასწავლო კურსის პროგრამების შედგენა-დამტკიცების საკითხებში; გ) სწავლის თავისუფლებისა – სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და მაღალი ხარისხის სწავლების უზრუნველყოფაში. 5. კონსერვატორია დამოუკიდებლად ახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს კონტაქტებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, დებს გარიგებებსა და მემორანდუმებს. მუხლი 3🔗. კონსერვატორიის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი კონსერვატორია დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. მუხლი 4🔗. კონსერვატორიის სიმბოლიკა და დღესასწაული კონსერვატორიას აქვს თავისი ლოგო. კონსერვატორიის დღესასწაულია 1 მაისი - კონსერვატორიის დაარსების დღე. თავი II სტრუქტურა და მართვა მუხლი 5🔗. კონსერვატორიის მართვის ორგანოები და სტრუქტურა 1. კონსერვატორიის მართვის ორგანოებია: რექტორი, აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 2. კონსერვატორიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის - ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 3. კონსერვატორიის სტრუქტურა შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების - ფაკულტეტებისაგან, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისაგან, კონსერვატორიის ბიბლიოთეკისაგან,  კონსერვატორიის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების (ადმინისტრაციის) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატისაგან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატისაგან, წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსა და აკადემიური საბჭოს სამდივნოსაგან. 4. კონსერვატორიის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულები ახორციელებენ დამხმარე საგანმანათლებლო საქმიანობას და უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში. 5. კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები ახორციელებენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში. 6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და საქმიანობის წესი დგინდება ამ სტრუქტურული ერთეულების დებულებებით, რომლებიც მათი წარდგინებით მტკიცდება ამ წესდებით დადგენილი წესით. 7. კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში დაცულია ფონდებად ორგანიზებული სამეცნიერო-კულტურული ხასიათის მქონე საბიბლიოთეკო დოკუმენტები. 8. კონსერვატორიის ბიბლიოთეკა შედგება ადმინისტრაციისაგან,  სამკითხველო დარბაზისაგან და წიგნსაცავისგან. 9. კონსერვატორიის ბიბლიოთეკა: ა) ხელს უწყობს საუნივერსიტეტო - სახელოვნებო  განათლებისა და სამეცნიერო კვლევის პროცესს, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ და თანამედროვე საბიბლიოთეკო მოთხოვნის შესაბამისად განთავსებულ საბიბლიოთეკო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობას; ბ) კონსერვატორიის სასწავლო და სამეცნიერო მოთხოვნათა შესაბამისად აყალიბებს ბიბლიოთეკის ფონდებს; გ) აწარმოებს საბიბლიოთეკო ერთეულების აღრიცხვას, კატალოგიზაციას, კლასიფიკაციას და უზრუნველყოფს მათ დაცვას. 10. კონსერვატორიის სტრუქტურა მტკიცდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი წარდგინებით, რაც აისახება კონსერვატორიის წესდებაში. 11. გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებით დადგენილი წესით დამტკიცებული შესაბამისი დებულებით. მუხლი 6🔗. კონსერვატორიის მართვის პრინციპები 1. კონსერვატორია უზრუნველყოფს: ა) კონსერვატორიის გადაწყვეტილებების, მართვის  ორგანოების ანგარიშებისა და სამართლებრივი აქტების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროობას და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის; ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას; გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში; დ) თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა და სხვა; ე) კონსერვატორიაში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას. 2. კონსერვატორიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები. მუხლი 7🔗. აკადემიური საბჭო აკადემიური საბჭო 1. აკადემიური საბჭო არის კონსერვატორიის კოლეგიური, აკადემიური (საგანმანათლებლო – სამეცნიერო) საქმიანობის მართვის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედიან აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები. 2. აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს  წევრ  სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. 3. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით. 4. აკადემიურ საბჭოში თითოეული ფაკულტეტიდან აირჩევა 3 წარმომადგენელი. არჩეულად ითვლება კენჭისყრის მიხედვით სამი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. 5. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 6. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) კონსერვატორიასთან მისი შესაბამისი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა; ბ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; დ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. 7. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით, 2 წლის გასვლის შემდეგ. 8. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ვაკანტურ ადგილზე შესაძლებელია ჩატარდეს არჩევნები. ვაკანტურ ადგილზე პირი აირჩევა აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით. მუხლი 8🔗. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება 1, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად, აკადემიური საბჭო: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს კონსერვატორიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ბ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს, ფაკულტეტების განვითარების სტრატეგიულ გეგმებს; გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას; დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს; ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას; ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას; ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში; თ) მონაწილეობს კონსერვატორიის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში; ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; ლ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში, ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; მ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს; ნ) ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით, ამტკიცებს  სადისერტაციო საბჭოს დებულებას, რომელიც ასევე მოიცავს სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესს; ო) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას; პ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ჟ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; რ) ირჩევს კონსერვატორიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს; ს) კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით, ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; ტ) ადგენს კონსერვატორიის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების წესსა და პირობებს, ასევე ემერიტუსის წოდების მქონე პირისათვის ანაზღაურების განსაზღვრისა და მიცემის წესს; უ) იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო ერთეულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების შექმნისა და გაუქმების შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ფ) განსაზღვრავს პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ქ) ამტკიცებს სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესს; ღ) დადგენილებით იღებს დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ყ) ამტკიცებს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურის მოწყობის ერთიან მოდელს; შ) შეიმუშავებს კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ჩ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ; ც) ქმნის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევ საკონკურსო კომისიებს, ამტკიცებს მათ შემადგენლობასა და კომისიის მუშაობის შედეგებს; ძ) აწესებს კონსერვატორიის მედლებს, ჯილდოებსა და პრემიებს, ამტკიცებს მათი მიღების პირობებსა და წესს; წ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ  სხვა უფლებამოსილებას. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მის მისაღებად აუცილებელია კონსერვატორიის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური და სამართლებრივი დასაბუთების არსებობა. 3. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. 4. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ. 5. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უწყდება რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში. მუხლი 9🔗. აკადემიური საბჭოს სხდომების ჩატარების წესი და საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა 1. ახლად არჩეული აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე არჩეულ წევრთა უფლებამოსილების დადასტურება ხდება იმავე მოთხოვნების დაცვით, რაც დადგენილია კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის. 2. აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეობს კონსერვატორიის რექტორი. რექტორის, როგორც აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის, მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საბჭოს უხუცესი წევრი, რაც განისაზღვრება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. აკადემიური საბჭო, როგორც წესი, იკრიბება ორ კვირაში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. 4. აკადემიური საბჭოს წევრთა ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს რექტორის აპარატი და აკადემიური საბჭოს მდივანი. 5. რექტორის აპარატი და აკადემიური საბჭოს მდივანი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც 3 დღით ადრე გადასცემს აკადემიური საბჭოს წევრებს. 6. აკადემიური საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს მდივანს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებამდე არაუგვიანეს 2 დღისა. 7. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. 8. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის სხვა ფორმით, დამსწრეთა უმრავლესობით. 9. აკადემიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აკადემიური საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია აკადემიური საბჭოს მდივანთან (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს). 10. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა, გარდა წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აკადემიური საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. 11. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აკადემიური საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია. 12. აკადემიური საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/4-ს უფლება აქვს მოითხოვოს ფარული კენჭისყრა/აკადემიური საბჭოს დახურული სხდომის ჩატარება. გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა უმრავლესობამ. 13. აკადემიური საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს მდივანი. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება კონსერვატორიის ბეჭედი. 14. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს დადგენილება, განცხადება, წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე. 15. აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, აკადემიური საბჭოს წევრთა მონაწილეობით შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები, სამუშაო ჯგუფები. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას აკადემიური საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოების წარმომადგენლების, კონსერვატორიის თანამშრომლების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით. მუხლი 10🔗. წარმომადგენლობითი საბჭო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა კონსერვატორიის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე, სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის მომენტში ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა აღემატება აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობას და შეადგენს 23 წევრს. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება 4 წლის ვადით, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი, რომელიც ამავე დროს არის დოქტორანტი, არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ. წარმომადგენლობით საბჭოში შედის კონსერვატორიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. სტუდენტისა და პროფესორისათვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია კონსერვატორიასთან მათი, შესაბამისად, აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად იმავე ვადით. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები. მუხლი 11🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება 1. წარმომადგენლობითი საბჭო, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად: ა) აკადემიური საბჭოს მონაწილეობით შეიმუშავებს და განიხილავს კონსერვატორიის წესდების, წესდების ცვლილებების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს კონსერვატორიის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს; გ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს ფაკულტეტის დებულებას, აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს კონსერვატორიის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების დებულებებს, ხოლო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს; ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს; ვ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს კონსერვატორიის ადმინისტრაციის სტრუქტურას, დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების (სახელფასო ფონდის) ოდენობასა და პირობებს; ზ) კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების არჩევის წესს; თ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით, აკადემიური საბჭოს მონაწილეობით განიხილავს კონსერვატორიის ბიუჯეტის პროექტს;  ი)  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით, ამტკიცებს კონსერვატორიის ბიუჯეტს  და კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ბიუჯეტის ცვლილებებს; კ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით, ამტკიცებს კონსერვატორიის ბიუჯეტის შედგენის წესს, რომელიც გარდა ბიუჯეტის შედგენის ძირითადი პრინციპებისა, შესაძლებელია ითვალისწინებდეს ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების ზღვრულ ოდენობებს; ლ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით; მ) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით, უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს; ნ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს; ო) აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს; პ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას; ჟ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; რ)  უფლებამოსილია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები; ს)  ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.  2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების   მიღება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მის მისაღებად აუცილებელია კონსერვატორიის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური და სამართლებრივი დასაბუთების არსებობა. 3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება,  აგრეთვე, მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები. მუხლი 12🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან 4 წლის ვადით. 2. სპიკერი: ა) ორგანიზებას უწევს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას და თავმჯდომარეობს საბჭოს სხდომებს; ბ) უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვასა და საკითხის სრულყოფილ, ყოველმხრივ განხილვას; გ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; დ) უფლებამოსილია წარმოადგინოს წინადადება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის რიგგარეშე განხილვისა და კენჭისყრის შესახებ; ე) უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენლობითი საბჭოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში; ვ) ხელს აწერს საბჭოს სხდომების ოქმებს. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები განისაზღვერება მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 13🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის წესი წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს რექტორი, საბჭოს არჩევნებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას თავმჯდომარეობს სხდომის უხუცესი წევრი. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომაზე კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საბჭოს მოახსენებს არჩევნების შედეგებს და სხდომის თავმჯდომარეს გადასცემს საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დამადასტურებელ საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მისი მოწყობის სისწორის, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების და სხვა საარჩევნო ინფორმაციის შესახებ). სხდომის თავმჯდომარე სხდომის მონაწილეებს აცნობს სარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და დოკუმენტაციას. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი შემადგენლობიდან, ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს ორ საუკეთესო შედეგების მქონე პრეტენდენტს შორის გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, 5 დღის ვადაში იმართება წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა და სპიკერის შერჩევის პროცედურა იმართება ხელახლა. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომებს წარმართავს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი. ინფორმაცია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ სხდომის ადგილის, დროისა და დღის წესრიგის მითითებით, განთავსდება საჯარო  გაცნობისათვის კონსერვატორიის შენობაში და კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე, სხდომის ჩატარებამდე 2 დღით ადრე მაინც, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას და ეცნობება საბჭოს წევრებს. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას. წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომას იწვევს საბჭოს სპიკერი მისი მოწვევის აუცილებლობის შემთხვევაში. საბჭოს წევრები სხდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის პერიოდში წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს განხილვის საგანია, წამოაყენოს წინადადებები, შენიშვნები და შესწორებები განსახილველ საკითხზე. შესთავაზოს კანდიდატურები და გამოთქვას თავისი აზრი ასარჩევი, დასანიშნი ან წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დასამტკიცებელი კანდიდატურების მიმართ, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით. სრული შემადგენლობის უმრავლესობით წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია, შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები და/ან სამუშაო ჯგუფები, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მონაწილეობით. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოების წარმომადგენლების, კონსერვატორიის თანამშრომელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწვევას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნის წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანთან. (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს). გარდა კანონითა და ამ წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარმომადგენლობითი საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს დამსწრე შემადგენლობის უმრავლესობით. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმით. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები შეიძლება იყოს დახურული; საკითხები, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებენ, დამსწრეთა უმრავლესობით ცხადდება მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულად. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა (გარდა საბჭოს წევრებისა) წრეს განსაზღვრავს საბჭოს სპიკერი. სხდომის დროს წევრები, მოწვეული პირები ვალდებული არიან დაიცვან დადგენილი ეთიკის ნორმები და სხვა მოთხოვნები. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი. წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი, სპიკერთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც 2 დღით ადრე გადასცემს საბჭოს წევრებს. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან, დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებამდე არაუგვიანეს 2 დღისა. სხდომაზე განსახილველი საკითხები დგინდება არანაკლებ ორი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგისა). დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია, სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და მდივანი. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება. მუხლი 14🔗. რექტორი 1. რექტორი არის კონსერვატორიის ხელმძღვანელი, კონსერვატორიის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე. 2. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით. თუ ვერცერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში პირველი და მეორე საუკეთესო შედეგის მქონე პრეტენდენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს აკადემიური საბჭო. 3. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს აკადემიური უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე პირი, რომელსაც გააჩნია სპეციალობით მუშაობის 4-წლიანი სტაჟი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. 5. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას. 6. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორ ვადაზე მეტით. 7. პირმა, რომელსაც ეკავა კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, კონსერვატორიის რექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ. 8. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, რექტორი: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კონსერვატორიის მართვას; ბ) წარმოადგენს კონსერვატორიას მესამე პირებთან ურთიერთობაში, ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ, შემოქმედებით და სამეცნიერო სფეროებში; გ) უფლებამოსილია კონსერვატორიის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები, მათ შორის ხელშეკრულებები კონსერვატორიასა და კონსერვატორიის სტუდენტს შორის; დ) უფლებამოსილია დადოს ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული გარიგებები, რომელთაც ხელს ასევე აწერს კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; ე) ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ადგენს აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების, ხოლო დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით ამ სტრუქტურული ერთეულის პერსონალის ნუსხას და წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კონსერვატორიის საშტატო ნუსხის პროექტში შეყვანის მიზნით; ვ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ამტკიცებს კონსერვატორიის ერთიან საშტატო განრიგს; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მართვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს; თ) ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორის მოადგილეებს; ი) ნიშნავს და ათავისუფლებს დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელს; კ) ნიშნავს და ათავისუფლებს დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების დირექტორებს; ლ) ფაკულტეტის საბჭოს დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე, წყვეტს კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის მიერ სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულებით სარგებლობის საკითხს; მ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთობლივად წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს კონსერვატორიის სტრუქტურის პროექტს დასამტკიცებლად; ნ) წყვეტს კონსერვატორიის საგანმანათლებლო-სამეცნიერო, აკადემიური საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის აუცილებელ სხვა საკითხებს, თუ ისინი არ წარმოადგენს კონსერვატორიის მართვის სხვა ორგანოს, სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამდებობის პირის უფლებამოსილებას; ო) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 9. რექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, რექტორის ბრძანების სახით. 10. რექტორს ჰყავს მოადგილე და მისი უფლებამოსილება რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 11. რექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში,  მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, რაც განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ეზღუდება აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეობის უფლებამოსილება და უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტებზე - დიპლომისა და პროფესიულ დიპლომზე ხელმოწერის უფლებამოსილება. 12. რექტორი უფლებამოსილია, მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად სათათბირო ორგანოს სახით შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომისიები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 13. კონსერვატორიის ინტერესებიდან გამომდინარე, კონსერვატორიის რექტორის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა (მივლინება) ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით. 14. კონსერვატორიის რექტორის შვებულება ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით. 15. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის კონსერვატორიის აკადემიური თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. მუხლი 15🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის კონსერვატორიის უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების სფეროში, იგი წარმოადგენს კონსერვატორიას საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭისყრით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო  წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას. 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. 4. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 5. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე; ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება; გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები. მუხლი 16🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება 1. კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს კონსერვატორიის ადმინისტრაციას; ბ) უფლებამოსილია კონსერვატორიის სახელით კონსერვატორიის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები; გ) კონსერვატორიის რექტორთან ერთობლივად წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს კონსერვატორიის სტრუქტურის პროექტს დასამტკიცებლად; დ) ადგენს კონსერვატორიის ადმინისტრაციის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) ადგენს და რექტორთან ერთად ამტკიცებს კონსერვატორიის ერთიან საშტატო განრიგს თანამდებობების დასახელების, რაოდენობის და თანამდებობრივი სარგოს მითითებით; ვ) ნიშნავს და ათავისუფლებს კონსერვატორიის ადმინისტრაციის პერსონალს; ზ) კონსერვატორიის პერსონალთან აფორმებს შრომით კონტრაქტებს; თ) ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეებს და უფლებამოსილია გაანაწილოს მათი ფუნქციები; ი) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; კ) კონსერვატორიის ფაკულტეტებთან და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციის შედეგად კოორდინაციას უწევს კონსერვატორიის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას; ლ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ნ) პასუხისმგებელია კონსერვატორიის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; ო) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე. მუხლი 17🔗. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. სასწავლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე, კონსერვატორიის პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე კონსერვატორიის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 2. კონსერვატორიის სასწავლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით, იქმნება  კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 3. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, რომელიც უნდა იყოს კონსერვატორიის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო   აკადემიური საბჭოს  წარდგინებით 4 წლის ვადით. 4. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 5. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რომელიც განმსაზღვრელია ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციური საქმიანობისა. 6. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზით და ხელმძღვანელობს და განახორციელებს აკადემიურ სფეროში კონსერვატორიის საქმიანობის თვითშეფასების პროცესს. 7. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს: ა) შეფასების შიდა და გარე პროცედურებს, რომელთა მიზანია კონსერვატორიაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; ბ) დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით კონსერვატორიაში სწავლების ხარისხის მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; გ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მოთხოვნების, ასევე, მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას; დ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებიდან ამ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებას შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში მათი ასახვის მიზნით; ე) სხვა საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს და ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესისათვის მომზადებას. 8. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე. თავი III ფაკულტეტი მუხლი 18🔗. ფაკულტეტის სტრუქტურა და ფაკულტეტის მართვის ორგანოები 1. კონსერვატორიის ფაკულტეტები წარმოადგენენ კონსერვატორიის ძირითად სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ ერთეულებს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას. 2. კონსერვატორიის ფაკულტეტებია: ა) საშემსრულებლო ფაკულტეტი; ბ) კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი. 3. ფაკულტეტის სტრუქტურა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით და მის შემადგენლობაში შედის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები. 4. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 5. ფაკულტეტის დებულებას დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით. მუხლი 19🔗. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე არჩეული აკადემიური პერსონალი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. საბჭოს წევრთა ოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები. ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში, ფაკულტეტის საბჭოს  წევრის  სტატუსით,  ასევე   შედის ფაკულტეტის დეკანი. მუხლი 20🔗. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება ფაკულტეტის საბჭო: ა) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანს; ბ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს; დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; ვ) კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით  ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ზ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას; თ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შემადგენლობიდან ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს; ი) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 21🔗. დეკანი 1. ფაკულტეტის საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს 4 წლის ვადით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში პირველი და მეორე საუკეთესო შედეგის მქონე პრეტენდენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს აკადემიური საბჭო. 2. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. 3. დეკანად შეიძლება აირჩეს კონსერვატორიის შესაბამისი ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელსაც გააჩნია სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება.    4. ფაკულტეტის დეკანს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე. 5. დეკანი: ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) მოქმედი კანონმდებლობისა და წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებისთვის; დ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოს, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების და კონსერვატორიის სამართლებრივი აქტების შესრულებისთვის; ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს; ზ) კონსერვატორიის რექტორსა და კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს დეკანის მოადგილის კანდიდატურას; თ) კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს ფაკულტეტის ადმინისტრაციის პერსონალს; ი) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 6. დეკანი, თავისი კომპეტენციის შესაბამისად, ინდივიდუალური საკითხების გადასაწყვეტად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ბრძანებებს, რომლითაც რეგულირდება ფაკულტეტის ფარგლებში სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი საკითხი. 7. ფაკულტეტის ან კონსერვატორიის ინტერესებიდან გამომდინარე, დეკანისათვის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლის (მივლინება), ასევე შვებულების მიცემის გადაწყვეტილებას იღებს რექტორი, რაც ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით. 8. დეკანის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დეკანის მოადგილე ან მოვალეობის დროებით შემსრულებელი, დანიშნული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 22🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად. 2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფლებამოსილია ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან, ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო 4 წლის ვადით. 4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი  პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. 5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენების გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას. 6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ერთიანი  სისტემის ნაწილს. მუხლი 23🔗. სადისერტაციო საბჭო 1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო. 2. სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მასთან გათანაბრებული („უმაღლესი განათლების შესახებ“კანონის შესაბამისად) ყველა პროფესორის და ასოცირებული პროფესორისაგან. მათ გარდა,  სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეული იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირიც. 3. სადისერტაციო საბჭოს შედგენის, საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი და საქმიანობა, ასევე დისერტაციის დაცვის პროცედურა განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც  ფაკულტეტების საბჭოების  წარდგინებით ამტკიცებს კონსერვატორიის აკადემიური საბჭო. მუხლი 24🔗. მართვის ორგანოების არჩევნების გამოცხადების უფლებამოსილება 1. რექტორის არჩევნები ცხადდება კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მიერ. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს აცხადებს აკადემიური საბჭო. 3. აკადემიური საბჭოს არჩევნები ცხადდება კონსერვატორიის რექტორის მიერ. თავი IV  კონსერვატორიის პერსონალი მუხლი 25🔗. კონსერვატორიის პერსონალი 1. კონსერვატორიაში არსებობს ადმინისტრაციული, აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე თანამდებობები. 2. კონსერვატორიის ადმინისტრაციულ და დამხმარე თანამდებობებზე პირი, მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით, შესაძლებელია დასაქმებულ იქნეს არაუმეტეს 12 თვის ვადით, გარდა კანონმდებლობითა და კონსერვატორიის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 26🔗. კონსერვატორიის აკადემიური პერსონალი კონსერვატორიის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისა და ასისტენტებისაგან. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში   ან/და წარმართავენ მათ. 4. ასისტენტი ახორციელებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში. მუხლი 27🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ   უნდა  განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და კონსერვატორიის ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა. კონკურსის ჩატარების წესსა და ვადებს განსაზღვრავს კონსერვატორიის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. მუხლი 28🔗. აკადემიურ თანამდებობაზე  არჩევის პირობები 1. კონკურსი ცხადდება და ტარდება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მიხედვით, აღნიშნული ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო აკადემიურ თანამდებობებზე. 2. საშემსრულებლო და კომპოზიციის სპეციალობებზე არჩევის პირობები: ა) პროფესორად აირჩევა პირი, რომელსაც აქვს აკადემიური უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმხორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სრულ ან ასოცირებულ პროფესორად მუშაობის არანაკლებ ექვსი წლის გამოცდილება; ბ) ასოცირებულ პროფესორად აირჩევა პირი, რომელსაც აქვს: ბ. ა) უმაღლეს სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან აკადემიური უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმხორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; ბ. ბ) უმაღლეს სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან უმაღლესი აკადემიური სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; გ) ასისტენტ-პროფესორად აირჩევა პირი, რომელსაც აქვს უმაღლეს სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან უმაღლესი აკადემიური სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება 3 ან 4 წლის ვადით; დ) ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს კონსერვატორიის დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით. 3. მუსიკოლოგიურ სპეციალობებზე არჩევის პირობები: ა) პროფესორად აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს აკადემიური უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში  პროფესორად მუშაობის არანაკლებ ექვსი წლის გამოცდილება; ბ) ასოცირებულ პროფესორად აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს უმაღლეს სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან აკადემიური უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორად  მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; გ) ასისტენტ-პროფესორად აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით; დ) ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს კონსერვატორიის დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით. 4. აკადემიური საბჭოს მიერ შეიძლება განისაზღვროს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია. მუხლი 29🔗. აკადემიური პერსონალის უფლებები 1. აკადემიურ პერსონალს, კომპეტენციის შესაბამისად, უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს კონსერვატორიის მართვაში, მათ შორის, მართვის ორგანოების არჩევნებში; ბ) დამოუკიდებლად განახორციელოს სწავლება, შემოქმედებითი საქმიანობა და კვლევა. გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები. დ) პროფესიული განვითარების მიზნით, 5 წელიწადში ერთხელ, აკადემიური თანამდებობის დაკავებიდან 1 აკადემიური წლის შემდეგ, აიღოს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება არა უმეტეს 10 თვის ვადით. იმ პერსონალის მიმართ, რომელიც აკადემიურ თანამდებობას დაიკავებს ზედიზედ მეორე ან მომდევნო ვადით, ამ პუნქტით გათვალისწინებული ერთწლიანი შეზღუდვა არ ვრცელდება. 2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია: ა) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები; ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი და კონსერვატორიის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოვალეობები; გ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ; დ) დაიცვას წინამდებარე წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; ე) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ. 3. კონსერვატორია უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სწავლების, შემოქმედებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს. მუხლი 30🔗. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება  აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა ან/და კონსერვატორიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დარღვევა; ე) ემერიტუსის წოდების მინიჭება; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები. მუხლი 31🔗. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები და აკადემიური წოდებები 1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით განსაზღვრული ვადით. 2. საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას აკადემიური საბჭო იღებს ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე. 3. ემერიტუსის აკადემიური წოდება ენიჭება პირს, რომელიც ამ წოდების მინიჭების შესახებ განაცხადის გაკეთების მომენტისათვის: ა) არის 65 წლის ან მეტი ასაკის; ბ) უკავია კონსერვატორიის  პროფესორის თანამდებობა; გ) ორჯერ მაინც იყო არჩეული კონსერვატორიის პროფესორის თანამდებობაზე; დ) აქვს კონსერვატორიაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 20 წლის გამოცდილება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტიდან გამონაკლისი შესაძლებელია დაადგინოს აკადემიურმა საბჭომ. 5. ემერიტუსის წოდება პირს ენიჭება შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე. უფლებამოსილ პირს, მისი შრომითი ხელშეკრულების ვადის ნახევრის გასვლის შემდგომ, მაგრამ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, აქვს უფლება მოითხოვს მისთვის ემერიტუსის წოდების მინიჭება,  პროფესორის თანამდებობიდან გათავისუფლების პირობით. ემერიტუსის წოდების მინიჭებისთანავე იგი თავისუფლდება კონსერვატორიის პროფესორის თანამდებობიდან. 6. კონსერვატორიის ემერიტუსის წოდების მქონე პირს კონსერვატორიის მიერ მიეცემა ყოველთვიური ანაზღაურება. ანაზღაურების ოდენობა და გაცემის პირობები დგინდება აკადემიური საბჭოს დადგენილებით. 7. ემერიტუსის წოდების მქონე პირს კონსერვატორიაში იმავდროულად არ შეიძლება ეკავოს აკადემიური ან/და ადმინისტრაციული თანამდებობა. 8. კონსერვატორიის 65 წლის ან მეტი ასაკის პროფესორი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს განაცხადი ან ემერიტუსის წოდების მისანიჭებლად ან კონსერვატორიის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესახებ განაცხადის გაკეთების შემდგომ პირი ვერ დაიკავებს პროფესორის თანამდებობას, იგი კარგავს ემერიტუსის წოდების მინიჭებაზე განაცხადის გაკეთების უფლებას. 9. ემერიტუსის წოდების მქონე პირმა შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს კონსერვატორიის საგანმანათლებლო და  სამეცნიერო საქმიანობაში, შეასრულოს როგორც ანაზღაურებადი, ისე არაანაზღაურებადი სამუშაო, აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე. 10. ემერიტუსის წოდების მქონე პირმა, კონსერვატორიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ისარგებლოს დამატებითი სოციალური გარანტიებით, ისარგებლოს კონსერვატორიის რესურსებით და კონსერვატორიის მიერ დაწესებული სხვა შეღავათებით. 11. კონსერვატორიის ემერიტუსის წოდების მქონე პირს მის მიერ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, უწყდება კონსერვატორიის მიერ გასაცემი ყოველთვიური ანაზღაურება. 12. კონსერვატორიის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი და პირობები განისაზღვრება კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს დადგენილებით. 13. კონსერვატორიას უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება. მუხლი 32🔗. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი კონსერვატორიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი და მისი მოადგილე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ფაკულტეტების დეკანები და მათი მოადგილეები, კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები. კონსერვატორიის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის დანიშვნისა და არჩევის, ასევე გათავისუფლების საკითხს წყვეტს უშუალოდ ამ თანამდებობაზე არჩევის/დანიშვნის გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე სუბიექტი. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი და კონცერტმაისტერი (კორეპეტიტორი). მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობების დაკავების გარეშე. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული, ასევე ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული შტატგარეშე, კონსერვატორიის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პერსონალი. კონსერვატორია უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეულ სპეციალისტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს კანცლერი, რექტორის გადაწყვეტილებით. მუხლი 33🔗. ადმინისტრაციული თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლება კონსერვატორიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) 65 წლის ასაკის მიღწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებულია ამ წესდებით; ვ) კონსერვატორიის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და კონსერვატორიის წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. მუხლი 34🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება კონსერვატორიაში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, ან იყოს კონსერვატორიაში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს უფლებამოსილების შეწყვეტას, შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება კონსერვატორიაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა. კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეუთავსებელია კონსერვატორიის ადმინისტრაციულ, ასევე დამხმარე თანამდებობასთან. პირს არ შეიძლება კონსერვატორიაში ერთდროულად ეკავოს ორი აკადემიური თანამდებობა. თავი V სტუდენტი მუხლი 35🔗. კონსერვატორიის სტუდენტი კონსერვატორიის სტუდენტი არის პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ” ან ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კონსერვატორიის წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს კონსერვატორიაში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად. მუხლი 36🔗. სტუდენტის სტატუსი და უფლებები 1. პირს კონსერვატორიის სტუდენტის სტატუსი ენიჭება კონსერვატორიაში ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს კონსერვატორიასთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე. 2. სტუდენტის სტატუსი სტუდენტს უფლებას აძლევს ისარგებლოს სტუდენტისათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. 3. სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში; გ) ამ წესდებით, შინაგანაწესითა და კონსერვატორიის ინდივიდუალური აქტებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს კონსერვატორიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; დ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, კანონმდებლობისა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, წარმომადგენლობით საბჭოსა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებში; ე) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; ვ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას; ზ) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, კონსერვატორიისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები; თ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა; ი) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში; კ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება; ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და კონსერვატორიის სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. 4. კონსერვატორია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის სტიპენდიის დანიშვნის, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის თუ სხვა შეღავათების დადგენაში. მუხლი 37🔗. სტუდენტის ვალდებულებები სტუდენტი ვალდებულია: ა) კონსერვატორიის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომლის სწავლება სავალდებულოა და რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია; ბ) დაიცვას კონსერვატორიის წესდება; გ) პერიოდულად ეცნობოდეს კონსერვატორიის შესაბამის სამართლებრივ აქტებს და განუხრელად დაიცვას მათი მოთხოვნები. მუხლი 38🔗. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა 1. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესდებით, კონსერვატორიის ,,ეთიკის კოდექსით“, ,,შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში და გათვალისწინებული წესით, სამართლიანი პროცედურის გზით. 2. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა ამ წესდებითა და ,,შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით“ გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, კონსერვატორიის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხს წყვეტს იმ ფაკულტეტის საბჭო, რომელზედაც ირიცხება სტუდენტი. სტუდენტს უფლება აქვს, დაესწროს თავისი საქმის განხილვას. 3. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს: ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ; ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით; გ) მიაწოდოს კონსერვატორიის შესაბამის ორგანოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები; დ) მონაწილეობა მიიღოს კონსერვატორიის შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში; ე) მოითხოვოს მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე. 4. დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით და მოქმედი კანონმდებლობითა და კონსერვატორიის სამართლებრივი აქტების დაცვით მოპოვებულ მტკიცებულებებს. 5. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს კონსერვატორიის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. მუხლი 39🔗. სტუდენტური თვითმმართველობა                         1. კონსერვატორიაში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობები. 2. ფაკულტეტზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა არის კონსერვატორიის თვითმმართველობა, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას. 3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად: ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას კონსერვატორიის მართვაში; ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას; გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში; დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები კონსერვატორიის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს შესაბამის მართვის ორგანოს; ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. კონსერვატორიის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. მუხლი 40🔗. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა 1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია: ა) კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება; ბ) სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო საფეხურზე საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება; გ) პირადი განცხადება; დ) ერთსა და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში (საგანში) სამჯერ კრედიტის ვერმიღება; ე) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა; აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში; ვ) საკვალიფიკაციო გამოცდაზე დავალიანების ორჯერ არსებობა; ზ) ფაკულტეტის საბჭოს მიერ სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება კონსერვატორიის ეთიკის კოდექსის, ,,შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების“ საფუძველზე; თ) გარდაცვალება. 2. სტუდენტის სტატუსის შეჩერებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული  სამართლებრივი საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობითა და კონსერვატორიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. თავი VI კონსერვატორიის განათლების საფეხურები მუხლი 41🔗. განათლების საფეხურები 1. კონსერვატორიაში მოქმედებს სამსაფეხურიანი უმაღლესი აკადემიური განათლება. 2. კონსერვატორიაში მოქმედებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. 3. კონსერვატორიაში მოქმედებს სკოლისგარეშე სახელოვნებო-შემოქმედებითი საგანმანათლებლო პროგრამები. მუხლი 42🔗. აკადემიური ხარისხის მინიჭება და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას კონსერვატორია პირს ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს. სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი სტანდარტული დანართით. სკოლისგარეშე სახელოვნებო-შემოქმედებითი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას გაიცემა სათანადო მოწმობა. მოკლევადიანი, ინტენსიური სასერტიფიკატო კურსის დასრულებისას გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა სათანადო მოწმობა. თავი VII კონსერვატორიის დაფინანსება, ბიუჯეტი, ქონება და სახელმწიფო კონტროლი მუხლი 43🔗. კონსერვატორიის ბიუჯეტი კონსერვატორიის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ფაკულტეტებთან და კონსერვატორიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით. კონსერვატორიის ბიუჯეტის პროექტს და ფინანსურ ანგარიშგებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი, სათანადოთ დასაბუთებული, დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს. წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენილ დასაბუთებას უნდა ერთოდეს აკადემიური საბჭოს წინადადებები. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალშერჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით. მუხლი 44🔗. კონსერვატორიის დაფინანსება 1. კონსერვატორიის დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებასა და სამეცნიერო კვლევაზე, შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობაზე, კონსერვატორიისათვის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაზე. 2. კონსერვატორიის დაფინანსების წყაროებია: ა) სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება; ბ) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით (მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე); გ) გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები; დ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები; ე) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; ვ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები. მუხლი 45🔗. კონსერვატორიის ეკონომიკური საქმიანობა 1. კონსერვატორია შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ   ეკონომიკურ საქმიანობას. 2. კონსერვატორია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია დააფუძნოს კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირები. მუხლი 46🔗. კონსერვატორიის ქონება და სახელმწიფო კონტროლი 1. კონსერვატორიის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 2. კონსერვატორიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელიც ახორციელებს კონსერვატორიის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო  უფლებამოსილია მოსთხოვოს კონსერვატორიას კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით, კონსერვატორიას შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, კონსერვატორიის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) სხვა გადაწყვეტილებები კონსერვატორიის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში. 5. კონსერვატორიის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. მუხლი 47🔗. კონსერვატორიის ბალანსის შედგენა და შემოწმება კონსერვატორია ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. კონსერვატორიის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. თავი VIII რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია მუხლი 48🔗. კონსერვატორიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია  1. კონსერვატორიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. კონსერვატორიის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით. თავი IX წესდებაში ცვლილების შეტანა მუხლი 49🔗. წესდებაში ცვლილების შეტანის წესი წესდებაში ცვლილების პროექტს კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მონაწილეობით შეიმუშავებს და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დასამტკიცებლად  წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო. კონსერვატორიის წესდების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით. თავი X გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 50🔗. გარდამავალი დებულებები  „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის  (საიდენტიფიკაციო კოდი 203850813) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №385 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, კონსერვატორიის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური), ასევე ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით.