განჩინება შპს „მტკვარი”“-ს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/7532-14
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
2014 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „მტკვარი”(ს/კ 204979274)
წარმომადგენელი: გიორგი ნასყიდაშვილი
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 8 ივნისს განცხადებით მიმართა შპს „მტკვარის” წარმომადგენელმა გიორგი ნასყიდაშვილმა და ითხოვა შპს „მტკვარის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ მისი დავალიანება კრედიტორთა წინაშე ჯამში შეადგენს 281 689,25 (ორას ოთხმოცდაერთი ათას ექვსას ოთხმოცდაცხრა მთელი ოცდახუთი მეასედი) ლარს. საწარმოს დღეის მდგომარეობით შეწყვეტილი აქვს ყოველგვარი სამეწარმეო საქმიანობა და არ გააჩნია ვადამოსული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. განმცხადებლის მტკიცებით, მოვალე
შპს „მტკვარის” სახელზე ირიცხება შემდეგი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები: ციცხვი თვითმცლელი, მოდელი: KRAZ 256B, სახელმწიფო №TAB 762, ციცხვი თვითმცლელი, მოდელი KRAZ 256, სახელმწიფო №AAH 326, თვითმცლელი, მოდელი WABCO D4355, სახელმწიფო №FA 805, თვითმცლელი, მოდელი KAMAZ 6520-032, სახელმწიფო № NOD 223, უნაგირა საწევარა, მოდელი : MANTGA 18.410, სახელმწიფო №CIC 558, თვითმცლელი, მოდელი FORD CARGO 2530D, სახელმწიფო №FLF 817, სპეციალიზებული, მოდელი:KRAZ 255B1,სახელმწიფო: XVX 234, უნაგირა საწევარა, მოდელი: RENAULT V.1, სახელმწიფო № WIN 972, თვითმცლელი, ნახევრადმისაბმელი,მოდელი: MOD.CRAVEN TASKER ST406BV15D, სახელმწიფო №FF 151, ციცხვი თვითმცლელი, მოდელი: KAMAZ 6520-032, სახელმწიფო №NOD 224, სპეციალიზებული, მოდელი: KAMAZ 5320, სახელმწიფო: ACG 307, სატვირთო
ბორტიანი, მოდელი:MAZ 500, სახელმწიფო №OAL 710, თვითმცლელი, მოდელი:GINAF G4446-S, სახელმწიფო №GOG 394, ავტობუსი (11+1 ადგილი), მოდელი:FORD TRANSIT 2.5D, სახელმწიფო №ZOR 088. მოსარჩელის განმარტებით ზემოაღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებს ადევს ყადაღა. მოვალე საწარმოს სახელზე ასევე ირიცხება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ქ.თბილისი, მუხიანის დასახლება 1-ლი მ/რ, ფართობით: 2670,00 (საკადასტრო კოდი: 01.11.13.002.049) და ქ.თბილისში, ყოფილი ”ბავშვთა სანატორიუმის” ტერიტორიაზე ნაკვეთი, ფართობი: 974,00 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: 01.20.01.088.001), რომლებიც დატვირთულია იპოთეკით. საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით, სხვა ქონება საწარმოს არ გააჩნია. ამ გარემოებებზე მითითებით გიორგი ნასყიდაშვილი ითხოვს შპს ”მტკვარის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მაისის განჩინებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და მისი გამოსწორების მიზნით შპს ”მტკვარს” დაევალა სასამართლოსათვის წარმოედგინა ცნობა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან, რომ მოვალე რეგისტრირებულია მექნიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ და/ან მოსარგებლედ; 2013 წლის 17 ივნისს ხარვეზის გამოწორების მიზნით მოვალემ სასამართლოს წარუდგინა სათანადო დოკუმენტები.
სასამართლო გაეცნო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების და ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადებას, მათზე თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს შპს „მტკვარის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მტკვარის” (ს/კ 204979274) განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში.
2. შპს ”მტკვარის” მეურვედ დაინიშოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. აეკრძალოს შპს „მტკვარს” ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. შეჩერდეს შპს „მტკვარის” მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.
5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს
ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.
6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.
7. განემარტოს შპს „მტკვარის” დირექტორს გურამ კილაბერიძეს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები
შპს „მტკვარის” მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
9. განემარტოთ უცხოელ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან მათთვის წინამდებარე განჩინების შესაბამის ენაზე ნათარგმნი ეგზემპლარის გადაცემიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს ”მტკვარის” მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უზრუნველყოს უცხოელ კრედიტორთა გასაგებ ენაზე განჩინების თარგმნა და მისი კრედიტორებისათვის ჩაბარება.
10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2014 წლის 30 ივლისს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №23). კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია: ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.
11. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე არაუგვიანეს 2014 წლის 1 ივლისს, განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვე
სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.
12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზითб განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე