განჩინება შპს „ნაზარლოს მეთესლეობის მეურნებობა“-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/7164-14
განჩინება
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2014 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი: შპს „ნაზარლოს მეთესლეობის მეურნებობა’’
წარმომადგენელი:ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა: შპს „ნაზარლოს მეთესლეობის მეურნეობას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ნაზარლოს მეთესლეობის მეურნეობას“ გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2014 წლის 5 მაისს შპს „ნაზარლოს მეთესლეობის მეურნეობის“ წარმომადგენელმა ბიძინა ჩიკვილაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „ნაზარლოს მეთესლეობის მეურნეობის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, საწარმო არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. შპს „ნაზარლოს მეთესლეობის მეურნეობა ს“ უზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია, ხოლო არაუზრუნველყოფილი კრედიტორია ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი ვალერიან მუხიგულაშვილი, რომლის მიმართ შპს „ნაზარლოს მეთესლეობის მეურნეობის“ ერიცხება სახელფასო დავალიანება 470 ლარის ოდენობით. შპს „ნაზარლოს მეთესლეობის მეურნეობის“ ანგარიშწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „ლიბერთი ბანკში’’. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშსა და სალაროში თანხა არ ერიცხება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 27 მარტის ცნობის თანახმად, შპს „ნაზარლოს მეთესლეობის მეურნეობის“ სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები მოძიებული ვერ იქნა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 2 აპრილის პასუხის თანახმად, შპს „ნაზარლოს მეთესლეობის მეურნეობის“ სახელზე საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მაისის განჩინებით შპს „ნაზარლოს მეთესლეობის მეურნებობის“ განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, ვინაიდან შპს „ნაზარლოს მეთესლეობის მეურნეობას“ არ გააჩნდა ქონება, რომელიც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ნაზარლოს მეთესლეობის მეურნეობის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მაისის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 16 მაისს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „ნაზარლოს მეთესლეობის მეურნეობა’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „ნაზარლოს მეთესლეობის მეურნეობის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ნაზარლოს მეთესლეობის მეურნეობა’’ (ს/კ 226521127) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ნაზარლოს მეთესლეობის მეურნეობის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი