მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.07.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №132
სარეგისტრაციო კოდი 100040000.22.038.016386
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.07.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ გიორგაძე | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 18.03.2011
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- პატიმრობის კოდექსი 09.03.2010
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- პატიმრობის კოდექსი საქართველოს კანონი „ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობა შეიძლება განხორციელდეს საფასურის გადაუხდელად, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით"
დოკუმენტის ტექსტი
მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №132
2014 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის მე-11 ნაწილის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესი“ თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №42 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე
მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
ეს წესი მიღებულია პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე და აწესრიგებს მსჯავრდებულთა მიერ ხანგრძლივი პაემნის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗.
ხანგრძლივი პაემნის მიღება
1. მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ხანგრძლივი პაემანი მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან (შემდგომში – სტუმარი).
2. ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის თაობაზე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) ადმინისტრაცია წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული ორი კვირით ადრე. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დაწესებულების ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. დაწესებულების ადმინისტრაცია ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს ორი კვირისა, უზრუნველყოფს ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი ინფორმირებული უნდა იქნეს 10 დღის ვადაში.
4. ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემის საკითხს წყვეტს დაწესებულების დირექტორი.
5. ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემაზე დაწესებულების დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით.
6. ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნაზე განცხადების წარდგენისას ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებულები არიან წარადგინონ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირების თაობაზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ოფიციალურად დამოწმებული დოკუმენტი.
7. დაწესებულების სოციალური განყოფილება ვალდებულია დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნის უზრუნველმყოფელი იურიდიული პირის უფლებამოსილ თანამშრომელს დანიშნული პაემნის არაუგვიანეს წინა სამუშაო დღეს, მიაწოდოს სტუმრის შესახებ მონაცემები დადგენილი ფორმით (დანართი №3), რომელსაც თან ერთვის სტუმრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ოფიციალურად დამოწმებული დოკუმენტის ასლი.
მუხლი 3🔗.
ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა
1. მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნით, რომელიც გრძელდება არაუმეტეს 23 საათისა.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს:
ა) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 6 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით - წელიწადში 3 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
ბ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით - წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
გ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით - წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
დ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით - წელიწადში 6 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.
3. ხანგრძლივი პაემანი ხორციელდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ, ხანგრძლივი პაემნებისათვის გამოყოფილ პაემნის ოთახში დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლის დაუსწრებლად.
4. მსჯავრდებულთან ერთად ხანგრძლივ პაემანზე ერთდროულად შეიძლება იმყოფებოდეს არაუმეტეს ერთი სრულწლოვანი პირი, რომელსაც შეიძლება ახლდნენ ხანგრძლივი პაემნის უფლების მქონე არასრულწლოვანი პირებიც (დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით).
5. ხანგრძლივი პაემნის განხორციელებისას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დროის განმავლობაში მსჯავრდებულთან ერთად ხანგრძლივ პაემანზე, ერთდროულად შეიძლება იმყოფებოდეს ერთი სრულწლოვანი პირი, რომელსაც დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეიძლება თან ახლდეს ერთზე მეტი არასრულწლოვანი პირი.
6. დაწესებულებაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის შემთხვევაში სრულწლოვან პირთან თანმხლები ერთზე მეტი არასრულწლოვანი პირი/პირები შესაძლებელია ხანგრძლივ პაემანზე იმყოფებოდეს/იმყოფებოდნენ დღის 16.00 საათამდე.
7. ერთზე მეტი არასრულწლოვანის ყოფნის შემთხვევაში ხანგრძლივ პაემნზე მისული სრულწლოვანი პირი ვალდებულია დაწესებულების ადმინისტრაციას წინასწარ აცნობოს იმ პირის ვინაობა, რომელსაც დღის 16.00 საათის შემდგომ ჩააბარებს არასრულწლოვანს/არასრულწლოვნებს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ხანგრძლივი პაემანი წყდება და ითვლება ჩატარებულად. აღნიშნულ შემთხვევაში ხანგრძლივ პაემანზე მისული პირი/პირები ვალდებულნი არიან დატოვონ დაწესებულების ტერიტორია.
9. ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, აგრეთვე იმ მსჯავრდებულს, რომელიც იმყოფება საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი ან/და შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.
10. დაწესებულების ადმინისტრაცია ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნაზე განცხადების მიღების შემდეგ, თუ არ არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, უფლებამოსილია შეადგინოს გარკვეული გრაფიკი, რა დროსაც განცხადებების შეტანის მიხედვით დაცული უნდა იყოს თანამიმდევრობა.
მუხლი 4🔗.
ხანგრძლივ პაემანთან დაკავშირებული ხარჯები
1. ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა ხორციელდება მსჯავდებულის ან სტუმრის ხარჯზე უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. თითოეული ხანგრძლივი პაემნის საფასურის ოდენობა განისაზღვრება 60 ლარით, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში - 30 ლარით.
3. ხანგრძლივი პაემნის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს პაემნის განხორციელებამდე.
4. ხანგრძლივი პაემნით სარგებლობისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან სტუმრები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
5. იმ შემთხვევაში, თუ პაემნის ჩატარებამდე მსჯავრდებულს დაეკისრება დისციპლინური/ადმინისტრაციული სახდელი, გადაყვანილი იქნა საკარანტინო რეჟიმში ან განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში, მას ხანგრძლივი პაემანი აღარ მიეცემა.
6. იმ შემთხვევაში, თუ ხანგრძლივი პაემნის საფასურის გადახდის შემდეგ, პაემანი არ ჩატარდა, გადახდილი თანხა, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორებით უბრუნდება იმ პირს ვინც გადაიხადა აღნიშნული თანხა.
7. ხანგრძლივი პაემნის საფასური ძირითადად ხმარდება მისი მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.
8. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა განხორციელდეს საფასურის გადახდის გარეშე.
მუხლი 5🔗.
პაემნის ოთახში შესვლის წესი
1. პაემნის ოთახს იცავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის) გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს შესაბამისი განყოფილება (დაწესებულების მიხედვით).
2. გუშაგი გამშვებ პუნქტზე გაატარებს ხანგრძლივ პაემანზე მისულ სტუმარს დაწესებულების თანამშრომლის თანხლებით, თუ მათ გააჩნიათ დაწესებულების დირექტორის წერილობითი ნებართვა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების შესახებ, შესაბამისი ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დირექტორის მიერ გაცემული საშვი.
3. გამშვებ დერეფანში პირების გაშვებისას გუშაგი იცავს შემდეგ თანმიმდევრობას:
ა) აღებს პირველ შემსვლელ კარს, შეუშვებს გამშვებ დერეფანში პირს და დაკეტავს კარს;
ბ) ამოწმებს საშვს და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, დარწმუნდება მათ სისწორესა და კუთვნილებაში წარმდგენი პირის მიმართ;
გ) გამოკითხავს პირს აქვს თუ არა მას იარაღი, თუ პირს იარაღი გააჩნია, გუშაგი მოახსენებს უშუალო უფროსს და მისი ბრძანებით იარაღს ინახავს საამისოდ გამოყოფილ დაცულ ადგილას და სანაცვლოდ აძლევს პირს შესაბამის ნომერს. იარაღის მიღება/გაცემა რეგისტრირდება ჟურნალში;
დ) არ დაუშვებს გამშვებ დერეფანში 3 პირზე მეტის ყოფნას, პაემნის ოთახიდან გამომსვლელი და შემსვლელი პირების ერთად ყოფნას, აგრეთვე მსჯავრდებულთა და სხვა პირების ერთდროულ გაშვებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსჯავრდებულს ახლავს დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
4. სტუმარს ჩამოერთმევა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაეცემა საშვი (საკონტროლო ტალონის მოხევის შემდეგ), გამოსვლისას უბრუნდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩამოერთმევა საშვი. სტუმარს, რომელმაც ობიექტიდან გამოსვლის დროს გადაამეტა, გუშაგი შეაჩერებს დროის გადამეტების მიზეზის გამორკვევამდე.
5. სტუმარს სრული შემოწმება უტარდება ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობამდე და მის შემდეგ. სრული შემოწმებისას ხდება სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მუშაკთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები.
6. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სტუმარს, რომელიც პაემნის ოთახის საკონტროლო-გამშვებ პუნქტში გადის, განზრახული აქვს შეიტანოს პაემნის ოთახში აკრძალული ნივთები, ნივთიერებები და აკრძალული საკვები პროდუქტები ან გაიტანოს არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები, დაწესებულების წარმომადგენელი ამ პირს განუცხადებს, რომ მას შესვლის/გამოსვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენისას ოპერატიული მორიგის გამოძახების საფუძველზე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავებს პირს და დაუყოვნებლივ აცნობებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად.
7. პაემნის ოთახის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სტუმრის დაკავების შესახებ ყარაულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს პუნქტის ჟურნალში და მიუთითებს როდის, ვინ და რა მიზეზით იქნა დაკავებული შესამოწმებლად, ვინ ატარებს შემოწმებას და შემოწმების შედეგები.
8. შემსვლელ/გამომსვლელ პირთა აღრიცხვის მიზნით წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალი.
9. პაემნის დაწყებამდე ხანგრძლივი პაემნის უზრუნველმყოფელი იურიდიული პირის უფლებამოსილი თანამშრომელი სტუმარს აფრთხილებს ოთახში არსებული ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული მატერიალური ზიანის საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურების ვალდებულების შესახებ, რაც დასტურდება შესაბამისი ოქმით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმს ხელს აწერს სტუმარი და დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნის უზრუნველმყოფელი იურიდიული პირის უფლებამოსილი თანამშრომელი. იმ შემთხვევაში, თუ სტუმარი უარს განაცხადებს ოქმის ხელის მოწერაზე, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
მუხლი 6🔗.
მსჯავრდებულის შემოწმება
1. მსჯავრდებულის სრული შემოწმება ტარდება მსჯავრდებულის მიერ ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობამდე და მის შემდეგ. სრული შემოწმებისას ხდება მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. სრული შემოწმებისას მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მუშაკთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. მსჯავრდებულს დარჩება მხოლოდ ის კვების პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები, სხვა ნივთები და საგნები, რომელთა კანონიერად გამოყენებისა და მაღაზიაში შეძენის უფლებაც დადგენილი ჩამონათვალის ფარგლებში მათ გააჩნიათ (დანართი №
2).
2. მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმება ხდება იმ ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების, დოკუმენტების, კვების პროდუქტების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, რომელთა შენახვა და გამოყენებაც აკრძალულია (დანართი №
1), აგრეთვე, რომლებიც არ ეკუთვნის მსჯავრდებულს. შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი აქტი. მსჯავრდებულის შემოწმებას ახორციელებს დაწესებულების იმავე სქესის თანამშრომელი.
3. გამოყენებისათვის და შენახვისათვის აკრძალულს განეკუთვნება ის ნივთები, ნივთიერებები, რომლებიც:
ა) წარმოადგენენ საფრთხეს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის;
ბ) შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანაშაულის ჩადენის იარაღად ან თავისუფლების აღკვეთის მიზნების საწინააღმდეგოდ;
გ) არ არის გათვალისწინებული იმ კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომლებიც მსჯავრდებულს უფლება აქვს ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობის დროს კანონიერად გამოიყენოს ან შეიძინოს მაღაზიაში (დანართი №
2).
4. სრული შემოწმებისას აკრძალული ნივთების და ნივთიერებების ამოღების თაობაზე დგება აქტი.
5. დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია დაიცვას ,,თქვენობით’’ მიმართვის ფორმა.
6. დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება აქვს ხანგრძლივი პაემნის გაცემისას განცხადებების შეტანის მიხედვით დაიცვას თანმიმდევრული რიგითობა.
მუხლი 7🔗.
პაემნის ოთახში ყოფნის პირობები
1. პაემნის ოთახი წარმოადგენს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელს.
2. პაემნის ოთახში შექმნილი პირობები არ უნდა ლახავდეს მსჯავრდებულის ან სტუმრის პატივსა და ღირსებას.
3. ხანგძლივი პაემნის ოთახში შექმნილი პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.
4. პაემნის ოთახი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთებით (საწოლი – ორი სტანდარტული და ერთი ბავშვის, მაგიდა, სკამი, ტუმბო) და აბაზანით.
5. პაემნის ოთახში უნდა იყოს თეთრეული და ჰიგიენური საშუალებები. სტუმარს უფლება აქვს თავისი სურვილის შესაბამისად შეიტანოს თეთრეული და ჰიგიენური საშუალებები.
6. მსჯავრდებულს ან სტუმარს უფლება აქვთ პირადი მოთხოვნებიდან ან უსაფრთხოების დაცვიდან გამომდინარე ტელეფონით დაუკავშირდეს დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს.
7. ხანგძლივი პაემნით მოსარგებლე პირების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ტელეფონით დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელთან კონტაქტის დროს, გარკვეული ეჭვის არსებობის საფუძველზე დაწესებულების ადმინისტრაციის ან/და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს შესაბამისი განყოფილების თანამშრომელი უფლებამოსილია შევიდეს პაემნის ოთახში და შეამოწმოს იქ არსებული მდგომარეობა.
8. პაემნის ოთახში ყოფნის დროს მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით, საკუთარ ხარჯზე, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, დაწესებულების სოციალური მუშაკის მეშვეობით.
9. ხანგრძლივი პაემნით სარგებლობისას, პირები ვალდებულნი არიან გაუფრთხილდნენ პაემნის ოთახში არსებულ ინვენტარს, დაიცვან პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიონ ტანსაცმელი და თეთრეული.
მუხლი 8🔗.
ხანგრძლივი პაემნის შეწყვეტის წესი
1. ხანგრძლივი პაემანი შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ დროს, მსჯავრდებულის ან მისი სტუმრის მოთხოვნით.
2. დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება აქვს შეწყვიტოს პაემანი მსჯავრდებულის ან სტუმრის მოთხოვნით, ანდა თუ მსჯავრდებულსა და სტუმარს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რომელიც ხელს უშლის პაემნის მიზნის შესრულებას ან საფრთხეს უქმნის მსჯავრდებულის ან სტუმრის უსაფრთხოებას.
3. ხანგრძლივი პაემნის შეწყვეტისას დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელი ადგენს ოქმს.
დანართი №1
ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობის დროს იმ ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების, დოკუმენტების, კვების პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა შენახვა და გამოყენება ეკრძალებათ მსჯავრდებულებსა და მის სტუმრებს
1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.
2. ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა.
3. სატრანსპორტო საშუალებები.
4. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები.
5. ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები.
6. ოპტიკური ხელსაწყოები.
7. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას (ყავა-ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი.
8. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი.
9. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები.
10. გადასამრავლებელი აპარატები.
11. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი
12. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები.
13. ბანქო.
14. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.
15. მობილური ტელეფონები.
16. ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა).
17. კომპასები.
18. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდები და ფეხსაცმელი.
19. საღებავები და კოპირების ქაღალდები.
დანართი №2
ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც მსჯავრდებულს უფლება აქვს ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობის დროს კანონიერად გამოიყენოს ან შეიძინოს მაღაზიაში/აფთიაქში
1. კვების პროდუქტები.
2. სასმელები (მინერალური წყალი და უალკოჰოლო სასმელი).
3. თამბაქო და ასანთი.
4. ტანსაცმელი, ქუდი, ფეხსაცმელი და საწოლის ნივთები.
5. საცვლები (თბილი და უბრალო).
6. წინდები, კოლგოტკები, ოთახის ფლოსტები, სპორტული ფეხსაცმელი, ძაფები, მოსასხამები, პირსახოცები.
7. ტუალეტის ნივთები (ტუალეტის და საყოფაცხოვრებო საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის ფხვნილი, კბილის პასტა, ნელსაცხებელი, სავარცხელი, თმის სამაგრი სავარცხელი).
8. თავსაფრები, რეიტუზები, ქამრები, ბიუსტჰალტერები, მარლა, ჰიგიენური პაკეტები, თმის სამაგრები, ვაზელინი, ბამბა, შამპუნი, კოსმეტიკური ნივთები (ქალებისათვის).
9. სარკე, ერთჯერადი სამართებელი (ქარხნულ მდგომარეობაში).
10. პლასტმასისაგან დამზადებული სათვალის, საპნისა და კბილის ჯაგრისის ბუდეები, ჭურჭელი, ჭიქები და კოვზები.
11. სამაგიდო თამაშები, გარდა ბანქოსი.
12. სახელმძღვანელოები, რვეულები, საფოსტო კონვერტები, ღია ბარათები, საფოსტო მარკები, ფანქრები, ავტოკალმები, მელანი და შავი, ცისფერი და იისფერი ავტოკალმის ღერები.
13. ლიტერატურა.
14. ჟურნალ-გაზეთები.
15. სპორტული ტანსაცმელი.
16. ქარხნული წარმოების ელექტრომადუღარები.
17. არაძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ჯვრები და საკულტო საგნები.
18. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით).
19. ტელევიზორები, რადიომიმღებები.
20. წამლები (ექიმის ნებართვით და მეთვალყურეობით).
21. რუკები (კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის ან/და ქალაქის ტოპოგრაფიული რუკების გარდა).
დანართი №3
ფორმა
მონაცემები სტუმრის შესახებ
სტუმარი: ____________________________________________
(სახელი, გვარი)
სტუმრის პირადი № ____________________________
სტუმრის დაბადების თარიღი _________________________________
(დღე, თვე, წელი)
სტუმრის ნათესაური კავშირი მსჯავრდებულთან ___________________________________
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
_______________________________________________________________________________
ხანგრძლივი პაემნის თარიღი ________________________________
მსჯავრდებული: ________________________________________________________
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
მსჯავრდებულის დაბადების თარიღი _____________________________________
(დღე, თვე, წელი)
მსჯავრდებულის პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ________________
_______________________________
დაწესებულების სოციალური განყოფილების
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა