საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 30.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №426
სარეგისტრაციო კოდი 010130000.10.003.018046
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,635 სიტყვა · ~13 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (10)
საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა (შემდგომში
დასაბრუნებელი მოწმობა) – უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელი (გამოსამგზავრებელი) ერთჯერადი სამგზავრო დოკუმენტი
მუხლი 2
დიპლომატიური წარმომადგენლობა
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა
მუხლი 2
საკონსულო დაწესებულება
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს საკონსულო დაწესებულება
მუხლი 2
საკონსულო თანამდებობის პირი
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში/საკონსულო დაწესებულებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საკონსულო ფუნქციებს
მუხლი 2
საკონსულო დეპარტამენტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი
მუხლი 2
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა (შემდეგში
სააგენტოს მონაცემთა ბაზა) – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა
მუხლი 2
საგანგებო სიტუაცია
ადგილსამყოფელ ქვეყანაში საომარი ვითარების, სტიქიური და ტექნოგენური ხასიათის უბედურების შედეგად წარმოქმნილი სიტუაცია, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აქვს განგრძობადი ხასიათი და შეუძლებელია განისაზღვროს მისი გავრცელების მასშტაბი და დასრულების დრო
მუხლი 2
წარმომადგენელი
კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული მინდობილობის/რწმუნებულების საფუძველზე უფლებამოსილი პირი ან კანონიერი წარმომადგენელი
მუხლი 2
უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანო
ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი პირის დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანო/უწყება, ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის განმახორციელებელი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენლობა ადგილსამყოფელ ქვეყანაში
მუხლი 2
ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი
ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემს, რომელზეც არ არის გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №426 2014 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების სფერო ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საფუძვლებს, გაცემის პირობებსა და მოქმედების ვადებს. მუხლი 2🔗. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ დებულების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა (შემდგომში – დასაბრუნებელი მოწმობა) – უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელი (გამოსამგზავრებელი) ერთჯერადი სამგზავრო დოკუმენტი; ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობა„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა; გ) საკონსულო დაწესებულება„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს საკონსულო დაწესებულება; დ) საკონსულო თანამდებობის პირი„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში/საკონსულო დაწესებულებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საკონსულო ფუნქციებს; ე) საკონსულო დეპარტამენტი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი; ვ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა (შემდეგში – სააგენტოს მონაცემთა ბაზა) – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა; ზ) საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის,  პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირის ოჯახის წევრი - აღნიშნული პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, არასრულწლოვანი გერი, მზრუნველობის/მეურვეობის ქვეშ მყოფი პირი; თ) საგანგებო სიტუაცია – ადგილსამყოფელ ქვეყანაში საომარი ვითარების, სტიქიური და ტექნოგენური ხასიათის უბედურების შედეგად წარმოქმნილი სიტუაცია, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აქვს განგრძობადი ხასიათი და შეუძლებელია განისაზღვროს მისი გავრცელების მასშტაბი და დასრულების დრო; ი) წარმომადგენელი – კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული მინდობილობის/რწმუნებულების საფუძველზე უფლებამოსილი პირი ან კანონიერი წარმომადგენელი; კ) უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანო – ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი პირის დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანო/უწყება, ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის განმახორციელებელი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენლობა ადგილსამყოფელ ქვეყანაში; ლ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი, ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი; მ) ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემს, რომელზეც არ არის გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ნ) სამგზავრო დოკუმენტი - პასპორტი ან მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია საზღვრის გადაკვეთისათვის. თავი II დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის ზოგადი საფუძვლები მუხლი 3🔗. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის მიზანი დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა ხდება: ა) მოქმედების ვადაგასული ან დაკარგული, ან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის უვარგისი (გაცვეთა, დაზიანება) სამგზავრო დოკუმენტის სანაცვლოდ ან მისი არარსებობის შემთხვევაში, საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების მიზნით ან საქართველოში დეპორტაციის (გაძევების) ან რეადმისიის მიზნით; ბ) საგანგებო სიტუაციის არსებობის დროს, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირის ოჯახის წევრების ჰუმანიტარული მიზნებით საქართველოში გამოსამგზავრებლად; გ)  საქართველოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. მუხლი 4🔗. პირები, რომლებზეც გაიცემა დასაბრუნებელი მოწმობა დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა: ა) საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის, პირებზე, რომელთაც უდგინდებათ საქართველოს მოქალაქეობა; ბ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე; გ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებზე; დ) პირებზე, რომელთაც არ მიუღიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა და აკმაყოფილებენ ერთ-ერთ შემდეგ პირობას: დ.ა) 1993 წლის 27 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალნენ და 1993  წლის  27 მარტის შემდეგ არ მოხსნილან საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან; დ.ბ) საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის გზით; ე) პირებზე, რომელთა საქართველოს მოქალაქეობისადმი კუთვნილება დამაჯერებლად ივარაუდება; ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში; ზ) პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირებზე. მუხლი 5🔗. დასაბრუნებელი მოწმობის გამცემი ორგანოები 1. დასაბრუნებელი მოწმობის გამცემი ორგანოებია: ა) დიპლომატიური წარმომადგენლობა; ბ) საკონსულო დაწესებულება; გ) საკონსულო დეპარტამენტი, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2.  განსაკუთრებულ შემთხვევებში, იმ სახელმწიფოში, რომელშიც არ ფუნქციონირებს დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, დასაბრუნებელ მოწმობას გასცემს საკონსულო დეპარტამენტი ან ერთ-ერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების საკონსულო თანამდებობის პირი. მუხლი 6🔗. საკონსულო მოსაკრებელი დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხის განხილვისათვის გადაიხდევინება საკონსულო მოსაკრებელი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 7🔗. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხის განხილვის დაწყების საფუძველი დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხის განხილვის დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) პირადი განცხადება; ბ) წარმომადგენლის განცხადება; გ) პირისათვის, რომელსაც არა ჰყავს წარმომადგენელი და დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია მისი მძიმე ავადმყოფობის გამო – მეუღლის, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავის, დის ან ძმის განცხადება; დ) უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობა; ე) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შუამდგომლობა; ვ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შუამდგომლობა; ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება; თ) საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირის ოჯახის წევრების, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, საქართველოში გამოსამგზავრებლად ადგილსამყოფელ ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის არსებობისას - შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირის განცხადება. თავი III დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის წესი მუხლი 8🔗. დასაბრუნებელი მოწმობის გასაცემად წარსადგენი დოკუმენტები 1. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ა) ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული პირის განცხადება/შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობა; ბ) დასაბრუნებელი მოწმობის მიმღები პირის ორი ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3.5X4.5 სმ, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით; გ) დასაბრუნებელი მოწმობის მიმღები პირის პირადობის ან ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ამ დებულების მე-7 მუხლის „ბ“, „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – წარმომადგენლის ან განცხადების წარმდგენი შესაბამისი პირის პირადობის ან ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საკონსულო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 2. თუ დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა პირზე, რომელსაც უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განსახილველად წარსადგენი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტები. 3. თუ დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა ამ დებულების მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე, დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პირს არ მიუღია ადგილსამყოფელი ქვეყნის მოქალაქეობა. 4. ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი პირის თანხმობა შეიძლება წარდგენილ იქნეს როგორც სანოტარო, ასევე, საკონსულო თანამდებობის პირის ან საკონსულო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით შესრულებული მარტივი წერილობითი ფორმით.  თანხმობა  გამოხატულად  ითვლება  საკონსულო თანამდებობის პირის ან საკონსულო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით განმცხადებლის მიერ დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის ხელმოწერით. 5. ამ დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სააგენტოს მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ან შესაბამისი სტატუსის/ფაქტის დამადასტურებელ ინფორმაციას. 6. ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დგება დასაბრუნებელი მოწმობის მიმღებ პირთან გასაუბრების ოქმი, რომელიც ერთვის საქმის მასალას. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, დამატებით წარსადგენი დოკუმენტები განისაზღვრება ამ დებულების მე-9 და მე-10 მუხლებით. 8.  დასაბრუნებელი მოწმობის გამცემი ორგანო დახმარებას უწევს განმცხადებელს ამ დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტების ან შესაბამისი სტატუსის/ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაციის მოპოვებაში. 9. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტები (მათი ასლები) და გაცემული დასაბრუნებელი მოწმობის ასლი ერთვის საქმის მასალას. მუხლი 9🔗. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა განცხადების საფუძველზე    1. განცხადების საფუძველზე დასაბრუნებელი მოწმობა შეიძლება გაიცეს: ა) ამ დებულების მე-4 მუხლის „ა“-„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე; ბ) ამ დებულების მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირის ოჯახის წევრები, ადგილსამყოფელ ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის არსებობის დროს. 2. არასრულწლოვანსა და ქმედუუნარო პირზე დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე.  ამასთან, არასრულწლოვანზე დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხის განხილვის დაწყებისათვის საკმარისია ერთ-ერთი მშობლის წერილობითი თანხმობა. 3. წარმომადგენლის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. თუ დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა პირზე, რომლის ნების გამოხატვა შეუძლებელია მისი მძიმე ავადმყოფობის გამო და რომელსაც არა ჰყავს წარმომადგენელი, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აღნიშნული პირის მხრიდან ნების გამოხატვის შეუძლებლობას, აგრეთვე, განცხადების წარმდგენ პირთან (მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, და ან ძმა) მისი ნათესაური კავშირის არსებობას. 5.  თუ დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა პირზე, რომლის საქართველოს მოქალაქეობისადმი კუთვნილება დამაჯერებლად ივარაუდება, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ის დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ივარაუდება პირის საქართველოს მოქალაქეობისადმი კუთვნილება, მათ შორის, გასაუბრების ჩატარების შემთხვევაში – გასაუბრების შესახებ ოქმი და საქართველოს მოქალაქეობისადმი კუთვნილების დამაჯერებელი ვარაუდის შესახებ საკონსულო თანამდებობის პირის მიერ მომზადებული, საკონსულო დეპარტამენტის მიერ დადასტურებული დასკვნა. 6. თუ დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირის ოჯახის წევრზე, დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს ოჯახის წევრის თანხმობა და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. 7. თუ ადგილსამყოფელ ქვეყანაში გაცემული დოკუმენტებით ვერ ხდება საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სრული იდენტიფიცირება ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თავისებურებების ან პირის მიერ არასწორი ან არასრული მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენის გამო, ხოლო აღნიშნულ დოკუმენტებში ხარვეზის აღმოფხვრა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის გათვალისწინებით შეუძლებელია ან მოითხოვს აშკარად შეუსაბამოდ დიდ დროს და ამასთანავე, წარდგენილი იქნება მტკიცებულება დასაბრუნებელი მოწმობის დროულად გაცემის აუცილებლობის შესახებ, საკონსულო თანამდებობის პირი წარდგენილი/მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე ამზადებს დასკვნას პირის იდენტურობის შესახებ და დასაბრუნებელ მოწმობას გასცემს პირის ნამდვილ მონაცემებზე დაყრდნობით. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დასაბრუნებელი მოწმობა შეიძლება გაიცეს აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტები არ შეესაბამება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს. 9. ამ დებულების მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს საქართველოში კანონიერად ყოფნის უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან სამი თვის განმავლობაში. მუხლი 10🔗. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე 1. უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე დასაბრუნებელი მოწმობა შეიძლება გაიცეს: ა) ნებაყოფლობით დაბრუნების შემთხვევაში, ამ დებულების მე-4 მუხლის „ა“-„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე; ბ) დეპორტაციის (გაძევების) შემთხვევაში, ამ დებულების მე-4 მუხლის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე; გ) რეადმისიის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირებზე. 2. უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობის შემთხვევაში, როდესაც პირი საქართველოში ბრუნდება ნებაყოფლობით, წარდგენილი უნდა იქნეს ასევე შესაბამისი პირის განცხადება. ამასთან, დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხის განხილვისას გამოიყენება ამ დებულების მე-9 მუხლის მე-2-მე–4, მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილი წესი. 3. უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობის შემთხვევაში, როდესაც დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა პირზე, რომლის საქართველოს მოქალაქეობისადმი კუთვნილება დამაჯერებლად ივარაუდება, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს გარანტია საქართველოში დასაბრუნებელი პირის საქართველოს მოქალაქეობისადმი კუთვნილების დაუდგენლობის შემთხვევაში, მისი უკან დაბრუნების ვალდებულების შესახებ. 4. უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობის შემთხვევაში, როდესაც დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საკონსულო თანამდებობის პირი ახორციელებს შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. უცხო ქვეყნის რეადმისიის განაცხადზე დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოში რეადმისიის განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოს დადებითი პასუხი. 5. უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობის განხილვის შემთხვევაში, პირის იდენტიფიცირების მიზნით, საკონსულო თანამდებობის პირი თანამშრომლობს უცხო ქვეყნის შესაბამის ორგანოებთან. მუხლი 11🔗. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს შუამდგომლობა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს შუამდგომლობით დასაბრუნებელი მოწმობა შეიძლება გაიცეს ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის პირებზე. მუხლი 12🔗. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შუამდგომლობა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შუამდგომლობით დასაბრუნებელი მოწმობა შეიძლება გაიცეს ამ დებულების მე-4 მუხლის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე. მუხლი 13🔗. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა საკონსულო დეპარტამენტის მიერ 1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საკონსულო დეპარტამენტის მიერ დასაბრუნებელი მოწმობა შეიძლება გაიცეს ამ დებულების მე-4 მუხლის „ა“-„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე იმ შემთხვევაში, თუ ისინი იმყოფებიან უცხო ქვეყანაში, სადაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება ან/და როდესაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში არის საგანგებო სიტუაცია. 2. საკონსულო დეპარტამენტის მიერ დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა ამ დებულების მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური  სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირის ოჯახის წევრები და როდესაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში არის საგანგებო სიტუაცია, განურჩევლად ადგილსამყოფელ ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების არსებობისა. მუხლი 14🔗. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემისას პირის იდენტიფიცირება 1. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემისას უნდა მოხდეს პირის იდენტიფიცირება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, მათ შორის, მისი ფოტოიდენტურობის დადგენა. თუ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება ინფორმაცია საიდენტიფიკაციოდ წარდგენილი დოკუმენტის შესახებ, იდენტიფიცირება შეიძლება მოხდეს ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, თუ აღნიშნული დოკუმენტების ნამდვილობა ეჭვს არ იწვევს. 2.  თუ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება ფოტოსურათიანი ჩანაწერი, ან ფოტოსურათის არსებობის მიუხედავად, ვერ დგინდება პირის იდენტურობა განაცხადზე დართულ ფოტოსურათთან ხანდაზმულობის ან სხვა მიზეზის გამო, ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა განაცხადში მითითებული პირის მონაცემებთან საკონსულო თანამდებობის პირის ან საკონსულო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით წერილობით შეიძლება დაადასტუროს საქართველოს ნებისმიერმა ქმედუნარიანმა მოქალაქემ. უცხო ქვეყნის მოქალაქემ და მოქალაქეობის არმქონე პირმა შეიძლება დაადასტუროს მისი იმ არასრულწლოვანი შვილის ფოტოიდენტურობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ფოტოიდენტურობის დადასტურება ხდება წერილობით. ფოტოიდენტურობის დამადასტურებელ დოკუმენტზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა დამოწმებული უნდა იქნეს შესაბამისი ბეჭდით. ამასთან, დოკუმენტზე დაკრულ ფოტოსურათზე ბეჭედი უნდა დაესვას იმგვარად, რომ ბეჭდის ნაწილი გადადიოდეს ფოტოსურათზე და დარღვეული არ იყოს ბეჭდის მთლიანობა. 3. მონაცემთა იდენტურობის და ფოტოიდენტურობის დადგენა არ არის აუცილებელი, თუ დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა: ა) უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე რეადმისიის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში; ბ) იმ პირზე, რომლის საქართველოს მოქალაქეობისადმი კუთვნილება დამაჯერებლად ივარაუდება; გ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე. თავი IV განცხადების/შუამდგომლობის მიღება და განხილვა მუხლი 15🔗. განცხადების/ შუამდგომლობის მიღება 1. განცხადება დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში ან საკონსულო დეპარტამენტში შეიძლება წარდგენილ იქნეს როგორც პირადად, აგრეთვე ფოსტის მეშვეობით. ფოსტის მეშვეობით წარდგენილ განცხადებაზე განმცხადებელს პასუხი ეგზავნება ასევე ფოსტით. 2. უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობა შეიძლება წარდგენილ იქნეს, როგორც დიპლომატიური არხების გამოყენებით, ასევე ფოსტის მეშვეობით. 3. ამ დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტები შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთ-ერთ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში ან საკონსულო დეპარტამენტში, საიდანაც აღნიშნული დოკუმენტები ეგზავნება განცხადების/შუამდგომლობის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს. 4. საკონსულო თანამდებობის პირი/საკონსულო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი განმცხადებლის იდენტიფიცირების ან საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის (დაზუსტების) მიზნით, უფლებამოსილია, მოითხოვოს განმცხადებელთან გასაუბრება. გასაუბრება ტარდება აგრეთვე ადგილსამყოფელი ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მოთხოვნით. მუხლი 16🔗. განცხადების/შუამდგომლობის განხილვის ვადა 1. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება განცხადების/შუამდგომლობის მიღებიდან 15 დღის ვადაში. 2. ამ დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, დამატებითი ვადის განსაზღვრა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, დამატებითი ვადა არ განისაზღვრება უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობის განხილვის შემთხვევაში. 3. რეადმისიის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. მუხლი 17🔗. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული წარმოების შეჩერება 1. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის დროს განმცხადებლის მიერ წარდგენილ, მის სახელზე ადრე გაცემულ ან სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ დოკუმენტებში ურთიერთშეუსაბამობის ან უზუსტობის აღმოჩენის, აგრეთვე, ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნების აღმოჩენისას, საკონსულო თანამდებობის პირი/საკონსულო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, დოკუმენტების გადამოწმების მიზნით, შეაჩეროს საქმისწარმოება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადასტურების შემთხვევაში, დოკუმენტებში დანაშაულის ნიშნების არსებობისას, საკონსულო თანამდებობის პირი/საკონსულო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი დასკვნა, რომელიც სავარაუდო გაყალბების დამადასტურებელ მასალასთან ერთად წერილობითი მიმართვით დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნამდვილი მონაცემების დადგენის მიზნით, საქმის წარმოების შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას. 4. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული საქმის წარმოების შეჩერება შესაძლებელია აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებიდან თანხმობის მიღებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი იძებნება საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ და არ ექვემდებარება დაკავებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით. 5. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული საქმის წარმოების შეჩერების/განახლების შესახებ უნდა ეცნობოს განმცხადებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 18🔗. გადაწყვეტილება დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის შესახებ 1. წარდგენილი დოკუმენტების სისრულეს ადგენს და დასაბრუნებელი მოწმობის  გაცემის  შესახებ  შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საკონსულო თანამდებობის პირი ან საკონსულო დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი. 2. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემისას უქმდება განმცხადებლის სახელზე გაცემული ის სამგზავრო დოკუმენტი, რომელსაც მიუთითებს განმცხადებელი ან დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის მოთხოვნის წარდგენაზე უფლებამოსილი ორგანო. 3. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ან მოთხოვნის წარდგენაზე უფლებამოსილი ორგანო არ მიუთითებს გასაუქმებელ დოკუმენტს, უქმდება განმცხადებლის სახელზე გაცემული ის სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება, როგორც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას გამოყენებული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 4. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის შესახებ განმცხადებელს/შუამდგომლობის წარმდგენ ორგანოს უარი ეთქმება, თუ: ა) არ არსებობს დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საფუძველი; ბ) ვერ ხდება პირის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ დებულების შესაბამისად, იდენტიფიცირება არ არის სავალდებულო; გ) ვერ იქნა წარდგენილი ან საკონსულო თანამდებობის პირის/საკონსულო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ ვერ იქნა მოპოვებული შესაბამისი დოკუმენტები. 5. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის შესახებ უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება განმცხადებელს/შუამდგომლობის წარმდგენ ორგანოს უნდა ეცნობოს წერილობით. მუხლი 19🔗. დასაბრუნებელი მოწმობის მოქმედების ვადა 1. დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა ერთ თვემდე მოქმედების ვადით. 2. დასაბრუნებელი მოწმობა შეიძლება გაიცეს სამ თვემდე მოქმედების ვადით, იმ შემთხვევაში, თუ: ა) დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა უკავშირდება საქართველოში დასაბრუნებლად სატრანზიტო გავლის ან გასვლის უფლებით ვიზის მიღებას; ბ) პირი იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, რაც დასტურდება ოფიციალური შეტყობინებით; გ) დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა ხდება რეადმისიის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. მუხლი 20🔗. დასაბრუნებელი მოწმობის ნიმუში 1. დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად შესავსები განცხადება-ანკეტის ფორმას, დასაბრუნებელი მოწმობის ნიმუშს, განცხადება-ანკეტისა და დასაბრუნებელი მოწმობის შევსების შესახებ ინსტრუქციას, დასაბრუნებელი მოწმობების აღრიცხვის წესს, აღრიცხვის ჟურნალის ფორმასა და მისი შევსების შესახებ ინსტრუქციას ამტკიცებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 2. დასაბრუნებელი მოწმობა არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა, რომლის დამზადების ორგანიზება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.