საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება
მიღების თარიღი 12.11.2013
ძალაში შესვლა 06.07.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
ნომერი №32-15
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016257
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/07/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორისსაერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი,
სურთ რა ხელი შეუწყონ, სამგზავრო და სატვირთო საგზაო გადაზიდვების განვითარებას თავიანთ სახელმწიფოებს შორის და ტრანზიტად მათი სახელმწიფო ტერიტორიების გავლით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
გამოყენების სფერო
მუხლი 1🔗
1. წინამდებარე შეთანხმება ეხება მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვას საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის, ტრანზიტად მათი სახელმწიფო ტერიტორიების გავლით, ისევე როგორც მესამე ქვეყნის სახელმწიფო ტერიტორიასა და ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიას შორის და უკუმიმართულებით, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
2. ერთი ხელშემკვრელი მხარის გადამზიდველებს არ აქვთ უფლება განახორციელონ მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მდებარე ორ პუნქტს შორის.
მუხლი 2🔗
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის:
1) „გადამზიდველი” ნიშნავს საქართველოს ან პოლონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ორგანიზაციას ან პირთა ჯგუფს სამართალსუბიექტურობის გარეშე, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
2) „ავტოსატრანსპორტო საშუალება” ნიშნავს ძრავიან ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც საკუთარი აგებულებით განკუთვნილია საავტომობილო გზით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვისათვის, ან ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი მისაბმელის/ნახევარმისაბმელის გასაწევად.
3) „ავტობუსი” ნიშნავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც საკუთარი აგებულებით განკუთვნილია, მძღოლის ჩათვლით, ცხრა მგზავრზე მეტის გადასაყვანად და გამოიყენება ამ მიზნისათვის.
4) „მგზავრთა რეგულარული გადაყვანა” ნიშნავს ავტობუსით მგზავრთა გადაყვანას დადგენილი მარშრუტით წინასწარ შეთანხმებული და გამოქვეყნებული განრიგის და ტარიფების შესაბამისად.
5) „მგზავრთა დახურული კარით გადაყვანა” ნიშნავს მგზავრთა ორგანიზებული ჯგუფის გამგზავრებასა და დაბრუნებას, გამგზავრების ერთ პუნქტსა და დაბრუნების ერთ პუნქტს შორის, იმ პირობით, რომ სრულდება შემდეგი დამატებითი პირობები:
a) გამგზავრებული მგზავრებისაგან შემდგარი თითოეული ჯგუფი დაბრუნებული უნდა იქნეს გამგზავრების პუნქტში;
b) მგზავრთა დახურული კარით გადაყვანისას, პირველი დაბრუნება და უკანასკნელი გამგზავრება უნდა განხორციელდეს დაუტვირთავად.
გამგზავრებისა და დანიშნულების პუნქტები, შესაბამისად ნიშნავს პუნქტს, საიდანაც იწყება გამგზავრება და პუნქტს, სადაც იგი სრულდება, ისევე როგორც მათთან 50 კილომეტრის რადიუსში მდებარე პუნქტებს.
6) „მგზავრთა არარეგულარული გადაყვანა” ნიშნავს გადაყვანას, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით.
7) „სახელმწიფო ტერიტორია“ ნიშნავს:
– საქართველოს მიმართებაში – მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიას საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში, მათ შორის, სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებს და ტერიტორიულ ზღვას, მათ წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტსა და იურისდიქციას.
– პოლონეთის რესპუბლიკის მიმართებაში – პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიას პოლონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრებში, მათ შორის, სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებს და ტერიტორიულ ზღვას, მათ წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც პოლონეთის რესპუბლიკა ახორციელებს სუვერენიტეტსა და იურისდიქციას.
8) „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:
– საქართველოს შემთხვევაში – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს.
– პოლონეთის რესპუბლიკის შემთხვევაში – ტრანსპორტის, მშენებლობისა და საზღვაო ეკონომიკის სამინისტროს.
ზემოაღნიშნული კომპეტენტური ორგანოების დასახელებაში ან კომპეტენციაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აცნობებენ დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მგზავრთა გადაყვანა
მუხლი 3🔗
1. ხელშემკვრელ მხარეთა სათანადო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ავტობუსით მგზავრთა რეგულარული გადაყვანა ექვემდებარება სანებართვო სისტემას.
2. ერთობლივი შეთანხმების შესაბამისად, მგზავრთა რეგულარული გადაყვანის ნებართვა გაიცემა ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ, საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე განხორციელებული გადაყვანისათვის.
3. დაუტვირთავი ავტობუსის გაგზავნა მწყობრიდან გამოსული ავტობუსის ჩანაცვლებისა და ამ უკანასკნელის მგზავრთა ჩასხმის მიზნით, არ საჭიროებს ნებართვას.
მუხლი 4🔗
1. მგზავრთა არარეგულარული ან დახურული კარით გადაყვანა ავტობუსით, არ საჭიროებს ნებართვას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღწერილი სატრანსპორტო მომსახურების განმახორციელებელ ავტობუსის მძღოლს უნდა გააჩნდეს წინამდებარე შეთანხმების მე-11 მუხლში აღნიშნული ოქმით განსაზღვრული ფორმის საკონტროლო დოკუმენტი.
ტვირთის გადაზიდვა
მუხლი 5🔗
1. ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება ხელშემკვრელ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი სანებართვო სისტემის საფუძველზე, გარდა წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მოყვანილი შემთხვევებისა, რომელთა დროსაც მომსახურება თავისუფლდება ნებართვის მოთხოვნისაგან.
2. თითეული ავტოსატრანსპორტო საშუალებით განხორციელებული თითოეული გადაზიდვა საჭიროებს შესაბამის ინდივიდუალურ ნებართვას. ნებართვა იძლევა ერთი გამგზავრებისა და დაბრუნების უფლებას. დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალების გარბენი ასევე საჭიროებს ნებართვას.
3. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ყოველწლიურად ცვლიან ნებართვების ცარიელი ფორმების შეთანხმებულ რაოდენობას.
4. ნებართვები ძალაშია ერთი კალენდარული წლის ვადით.
მუხლი 6🔗
1. გადაზიდვის შემდეგი კატეგორიები თავისუფლდება ნებართვის მოთხოვნისაგან:
1) მოძრავი ქონების გადაზიდვა;
2) მასალებისა და მოწყობილობების გადაზიდვა, ბაზრობებისათვის განკუთვნილი ხელოვნების ნიმუშების ჩათვლით, გამოფენებისა და არაკომერციული ღონისძიებებისათვის;
3) ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ცოცხალი საქონლის, მოწყობილობებისა და სპორტული ინვენტარის გადაზიდვა;
4) მხოლოდ რეკლამისა და ინფორმაციული მიზნებისათვის საჭირო, ისევე როგორც რადიო, კინო, სატელევიზიო ან საცირკო წარმოდგენებისათვის გამიზნული თეატრალური დეკორაციების და მოწყობილობების, მუსიკალური ინსტრუმენტების, მასალისა და მოწყობილობების გადაზიდვა;
5) ნეშტის, გვამის ან ფერფლის გადაზიდვა;
6) ჰუმანიტარული, სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ღონისძიებებისათვის ან ბუნებრივი კატაკლიზმებისას განხორციელებული გადაზიდვა;
7) გადაზიდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომლის ტვირთამწეობა ნაკლებია 3.5 ტონაზე ან მისი მთლიანი ნებადართული მასა ნაკლებია 6.0 ტონაზე.
2. შემდეგი სახის გარბენები თვისუფლდება ნებართვის მოთხოვნებისაგან:
1) იმ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავი გარბენი, რომელიც გამიზნულია მწყობრიდან გამოსული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩასანაცვლებლად და ტვირთის გადმოსატანად ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიიდან;
2) დამხმარე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარბენი.
3. წინამდებარე შეთანხმების მე-12 მუხლში ხსენებულმა ერთობლივმა კომიტეტმა შესაძლებელია განიხილოს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში ჩამოთვლილი გადაზიდვის სახეობის გარდა, ნებისმიერი სხვა სახის გადაზიდვის ნებართვის მოთხოვნისაგან გათავისუფლების საკითხი.
მუხლი 7🔗
1. ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით განხორციელებული გადაზიდვა, რომლის მთლიანი ნებადართული მასა, ღერძზე დატვირთვა ან გაბარიტები აჭარბებს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედ შეზღუდვებს, საჭიროებს სპეციალურ ნებართვას (რეკომენდაციას), რომლის მისაღებადაც წინასწარ უნდა გაკეთდეს ამ ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისი განაცხადი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულმა სპეციალურმა ნებართვამ (რეკომენდაციამ) შესაძლებელია გამოიწვიოს ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ცალკეულ მარშრუტზე მოძრაობის შეზღუდვა, ან სხვა მოთხოვნებისა და შეზღუდვების დაწესება.
3. სახიფათო ტვირთის გადაზიდვა რეგულირდება იმ ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის სახელმწიფო ტერიტორიაზეც ხორციელდება ასეთი გადაზიდვა.
ზოგადი დებულებები
მუხლი 8🔗
წინამდებარე შეთანხმებით, ისევე როგორც ხელშემკვრელ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვები და სხვა დოკუმენტები უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტზე და მოთხოვნისთანავე წარედგინოს მაკონტროლებელ ორგანოებს.
მუხლი 9🔗
წინამდებარე შეთანხმების პირობებით გათვალისწინებული მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ექვემდებარება თითოეული ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად დაწესებულ გადასახდელებს, მოსაკრებლებსა და სხვა გადასახადებს.
მუხლი 10🔗
1. მოწყობილობები და ის ნივთები, რომლებიც საჭიროა ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართული მუშაობისათვის, მწარმოებლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მუდმივად დამონტაჟებულ სტანდარტულ საწვავის ავზში მოთავსებული საწვავის ჩათვლით, ისევე როგორც საცხებ-საპოხი მასალები თავისუფლდება მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, იმპორტზე დაწესებული ყველა სახის გადასახდელის, მოსაკრებლისა და სხვა გადასახადისაგან, ამ უკანასკნელის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების მიზნით, დროებით იმპორტირებული სათადარიგო ნაწილები, რომლებიც მწყობრიდანაა გამოსული, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე თავისუფლდება იმპორტზე დაწესებული ყველა სახის გადასახდელის, მოსაკრებლისა და სხვა გადასახადისაგან, თუ მიმღები ხელშემკვრელი მხარის შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა იძლევა აღნიშნული გათავისუფლების საშუალებას.
გამოუყენებელი ან შეცვლილი სათადარიგო ნაწილების რეექსპორტი უნდა მოხდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიიდან.
მუხლი 11🔗
წინამდებარე შეთანხმების ოქმი წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს და იგი განსაზღვრავს:
1) მგზავრთა გადაყვანისათვის საჭირო ნებართვების გაცემის პროცედურებსა და პირობებს,
2) ტვირთის გადაზიდვისათვის საჭირო ნებართვების კატეგორიებს, ისევე როგორც პირობებსა და მათი გამოყენების გზებს,
3) წინამდებარე შეთანხმების შესაბამისი დებულებების დანერგვასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელ ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს,
4) წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა საკითხს.
მუხლი 12🔗
1. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესრულებისა და მის გამოყენებასთან დაკავშირებული შესაძლო დავების აღმოფხვრის მიზნით, ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა ჩამოაყალიბონ ერთობლივი კომიტეტი.
2. ერთობლივი კომიტეტის შეხვედრები უნდა გაიმართოს საჭიროებისამებრ, მონაცვლეობით, ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიებზე.
მუხლი 13🔗
1. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გადამზიდავის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე წინამდებარე შეთანხმების დებულებების დარღვევის შემთხვევაში, იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანოებმა, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა დარღვევა, აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობონ იმ მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოებს, სადაც რეგისტრირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება.
2. იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანოებმა, რომლის სახელმწიფო ტერიტორიაზე მოხდა დარღვევა, შესაძლებელია მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს მოსთხოვონ შემდეგი:
1) გაფრთხილების მიცემა იმ გადამზიდველისთვის, რომელმაც ჩაიდინა დარღვევა;
2) გადამზიდველისთვის იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვების განხორციელების უფლების დროებითი, ნაწილობრივი ან სრულად ჩამორთმევა, რომლის სახელმწიფო ტერიტორიაზეც მოხდა დარღვევა.
3. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შესახებ.
მუხლი 14🔗
ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გადამზიდველებმა, ისევე როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟმა, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ყოფნისას, უნდა დააკმაყოფილონ ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა და საავტომობილო ტრანსპორტთან და მის მოძრაობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები.
მუხლი 15🔗
ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელსაც არ ფარავს წინამდებარე შეთანხმება ან ის საერთაშორისო შეთანხმებები, რომელთა წევრებიც არიან ხელშემკვრელი მხარეები, უნდა გადაწყდეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის სათანადო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
დასკვნითი დებულებები
მუხლი 16🔗
ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც ფორმდება ცალკე ოქმების სახით, წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-17 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული წესების შესაბამისად.
მუხლი 17🔗
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ბოლო დიპლომატიური ნოტის მიღების თარიღიდან ოცდამეათე დღეს, რომლითაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს აცნობებს შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.
2. წინამდებარე შეთანხმება ფორმდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წერილობითი შეტყობინების გზით მეორე ხელშემკვრელ მხარეს აცნობოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას წყვეტს ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან 6 თვის შემდეგ.
რის დასტურადაც, საკუთარი შესაბამისი მთავრობების მიერ ამაზე სათანადოდ უფლებამოსილმა ქვემორე ხელმომწერნმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.
შესრულებულია 2013 წლის 12 ნოემბერს, ქ. თბილისში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, პოლონურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
პოლონეთის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)