საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების აღმასრულებელი ოქმი

მიღების თარიღი 12.11.2013
ძალაში შესვლა 06.07.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №32-28
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016258
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/07/2014
matsne.gov.ge 838 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.11.2013 მიღება
06.07.2014 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების აღმასრულებელი ოქმი საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების აღმასრულებელი ოქმი ქ. თბილისში 2013 წლის 12 ნოემბერს ხელმოწერილი “საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ” შეთანხმების მე-11 მუხლის შესაბამისად, ამ შეთანხმების განხორციელების მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 1. მგზავრთა რეგულარული გადაყვანისთვის ნებართვის მისაღებად გადამზიდველის განაცხადი შეტანილი უნდა იქნეს  საქართველოს ან პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებაში, რომელიც მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყებიდან ნებართვის მიღების შემდეგ გადასცემს მას გადამზიდველს. 2. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: 1) გადამზიდველის დასახელება და მისამართი; 2) გადაადგილების განრიგი, შეთანხმებული იმ უცხოელ საგზაო გადამზიდველთან, რომელმაც უნდა განახორციელოს რეგულარული გადაზიდვები აღნიშნულ რეგულარულ ხაზზე, გაჩერებების, გასვლისა და ადგილზე ჩასვლის დროის, გადასაკვეთი სასაზღვრო პუნქტების, ასევე, რეგულარული ხაზის სიგრძისა (კილომეტრებში) და  გაჩერებებს შორის მანძილის მითითებით; 3) უცხოელ საგზაო გადამზიდველთან რეგულარული ხაზის ერთობლივი  გამოყენების შესახებ გაფორმებული შეთანხმების ასლი; 4) მძღოლების მუშაობისა და დასვენების განრიგი; 5) საკომუნიკაციო სქემები გადაადგილების მარშრუტისა და გაჩერებების მითითებით; 6) ფასების პრეისკურანტი. 3. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაცემული ნებართვის გამოყენება შეუძლია მხოლოდ იმ გადამზიდველს, რომელზეც იგი გაიცა. ნებართვის გადაცემა სხვა გადამზიდველებზე დაუშვებელია. მუხლი 2🔗 1. არარეგულარული გადაყვანისას გამოიყენება „მგზავრთა სია” 2000 წლის 11 დეკემბერს ბრიუსელში ხელმოწერილი „ავტობუსებით მგზავრების დაუგეგმავი საერთაშორისო გადაყვანის შესახებ“ შეთანხმების (Interbus-ის შეთანხმება) მე-3 დანართში მოცემული ნიმუშის მიხედვით. 2. „მგზავრთა სია” ასევე გამოიყენება ავტობუსის მგზავრების გარეშე გადაადგილებისა და რეგულარული სატრანზიტო გადაადგილებისას, რომლის დროსაც მგზავრთა ჩასხდომა ან გადმოსხდომა არ ხორციელდება. მუხლი 3🔗 1. ტვირთის გადაზიდვაზე  ნებართვის ნიმუშს ადგენენ ხელშემკვრელი მხარეების  შესაბამისი უწყებები.  2. ტვირთის გადაზიდვაზე ნებართვის გაცემას ახორციელებს: -  საქართველოს მხრიდან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (LTA) თბილისი, 0160, ვაჟა-ფშაველას გამზირი 16. ტელ: (+995 32) 2 510 671, ფაქსი: (+995 32) 2 510 664 - პოლონეთის მხრიდან: საერთაშორისო ტრანსპორტის მომსახურების ინსპექტორატი ვარშავა, 00-838, პროსტას ქ. 69 ტელ. (+48 22) 572 97 11, Fax: (+48 22) 572-97-06 3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ყოველი წლის 30 ნოემბრამდე, გადასცემს მეორე ხელშემკვრელ მხარეს მომავალი წლისთვის გათვალისწინებულ ნებართვებს. მუხლი 4🔗 1. ტვირთის გადაზიდვაზე ნებართვების შემდეგი სახეებია განსაზღვრული: ორმხრივი ნებართვები, სატრანზიტო ნებართვები და მესამე ქვეყნებში ან მესამე ქვეყნებიდან გადაზიდვების ნებართვები. 2. ნებართვის ბლანკები თანმიმდევრობით არის დანომრილი, მათი მოქმედების ვადა განისაზღვრება მოცემული კალენდარული წლით. 3. გადამზიდველზე გაცემული ნებართვა არ შეიძლება იქნეს გაყიდული ან გასხვისებული სხვა გადამზიდველზე(ებზე) / პირზე (ებზე). მუხლი 5🔗 1. შეთანხმების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სპეციალური ნებართვის  (რეკომენდაციის) გაცემაზე განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:         1) გადამზიდველის დასახელება და მისამართი; 2) გადაადგილების დაწყებისა და დასრულების თარიღი და ზუსტი მისამართი, ასევე, იმ სასაზღვრო პუნქტის დასახელება, რომლის გადაკვეთაც იგეგმება; 3) ტვირთის სახეობა და მისი მასა; 4) ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა, ტიპი, სარეგისტრაციო ნომერი, პირველი რეგისტრაციის თარიღი, საკუთარი მასა, ტვირთის დასაშვები  ზღვრული მასა, ღერძების რაოდენობა, ასევე, თვლების რაოდენობა თითოეულ ღერძზე; მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში, მონაცემები ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მისაბმელის, მათ შორის, ნახევარმისაბმელის შესახებ ცალ-ცალკე უნდა იყოს წარდგენილი; 5) ცალკე აღებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაბარიტები ან სრული ფაქტობრივი მასა როგორც ტვირთით, ასევე, უტვირთოდ; 6) ღერძების განლაგება და დატვირთვა თითოეულ ღერძზე როგორც ტვირთით, ასევე უტვირთოდ; 7) იმ  ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომელთა მთლიანი ფაქტობრივი მასა აღემატება მთლიან ნებადართულ მასას ან გადაჭარბებულია  ღერძებზე დატვირთვის ნორმები - ტვირთის პატრონის განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ გადასატანი ტვირთის ნაწილებად გაყოფა შეუძლებელია; 8) ინფორმაციას იმის შესახებ, რომელი ტიპის საკიდი აქვს ავტომანქანას - პნევმატური თუ გათანაბრებულ რესორულ-პნევმატური.  2. პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვის შემთხვევაში, რომლის საერთო ნებადართული დატვირთული მასა, ღერძზე დატვირთვა ან გაბარიტები აჭარბებს ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ შეზღუდვებს: 1) განსაზღვრულ დროს, წინასწარ დადგენილი მარშრუტით ერთჯერადი გადაადგილების შესახებ სპეციალური ნებართვის მისაღებად, განაცხადი წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: სახელმწიფო მნიშვნელობის გზებისა და ავტომაგისტრალების გენერალური დირექცია ვარშავა, 00-848, ჟელაზნას ქ. 59 ტელ. (+48 22) 375 88 88, Fax: (+48 22)  375 87 68 2) განსაზღვრულ დროს, სახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე ერთჯერად გადაადგილებაზე სპეციალურ ნებართვას იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელიც სახელმწიფო საზღვარს გადაკვეთს, პოლონეთის რესპუბლიკაში შესვლისას გასცემს საბაჟო სამსახურის უფროსი ზეპირი განცხადების საფუძველზე; 3) განსაზღვრულ დროს, სახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთჯერად გადაადგილებაზე, რომლის საერთო ნებადართული დატვირთული მასა, ღერძზე დატვირთვა ან გაბარიტები აჭარბებს ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ შეზღუდვებს სპეციალური ნებართვები გაიცემა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, რომელიც გადაკვეთს სახელმწიფო საზღვარს და რომლის გაბარიტებიც შეესაბამება ქვემოჩამოთვლილი მოთხოვნებიდან თუნდაც ერთ-ერთს:   a) სიმაღლე, მთლიანი მასა და დატვირთვა ღერძზე, - d პუნქტის დათქმით ნორმების ფარგლებშია; b) სრული სიგანე არ აღემატება 3 მეტრს; c) სრული სიგრძე 2 მეტრზე მეტად არ აღემატება დაშვებულ ნორმას; d)  ერთეულ ღერძზე დატვირთვა ან ნაერთ ღერძებზე დატვირთვების ჯამი ან ორივე ეს ელემენტი ერთად, აჭარბებენ დაშვებულ ნორმას არაუმეტეს 15%-ისა. 3.  საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვის შემთხვევაში, რომლის საერთო ნებადართული დატვირთული მასა, ღერძზე დატვირთვა ან გაბარიტები აჭარბებს ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ შეზღუდვებს, განსაზღვრულ დროს, წინასწარ დადგენილი მარშრუტით გადაადგილების შესახებ წერილობითი განაცხადი სპეციალური ნებართვის (რეკომენდაციის) მისაღებად, გადაზიდვის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, 38, ტელ.: (+995 32) 2 41-85-60,  ფაქსი: (+995 32) 2 41-85-02. მუხლი 6🔗 წინამდებარე ოქმი უნდა ამოქმედდეს „საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“  შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან. შესრულებულია 2013 წლის 12 ნოემბერს, ქ. თბილისში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, პოლონურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)