საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.07.2014
ძალის დაკარგვა 24.11.2017
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016095
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე | საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 20.11.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 29.12.2010
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2014 წლის 16 ივლისი
ქ. საჩხერე
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
“ 24
-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ
“ ქვეპუნქტის, 61
-ე მუხლის მე-2 პუნქტის და
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სა
ჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №35 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე
დანართი
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ-სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას; ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; აუდიტსა და შიდა კონტროლს; გამგებლის წარმომადგენლების მუშაობის კოორდინაციას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) აუდიტისა და შიდა კონტროლის განყოფილება;
ბ) გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება;
გ) საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და პროტოკოლის განყოფილება;
დ) საორგანიზაციო, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილება;
ე) იურიდიული განყოფილება;
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე არსებული რისკების დადგენას და შეფასებას;
ბ) გამგეობის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავებას და საანგარიშო წლის დაწყებამდე გამგებლისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;
დ) დამტკიცებული წლიური და სტრატეგიული გეგმის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრში;
ე) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელებას;
ვ) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს;
ზ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას;
თ) გამგეობის სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგს, შეფასებას, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრას;
ი) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმებას, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენას;
კ) მუნიციპალიტეტის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასებას;
ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგს; კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზს და მათ პრევენციას; გამგებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენას;
მ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლს, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლას და შესაბამის რეაგირებას;
ნ) ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებას;
ო) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, გამგებელთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნას;
პ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობასა და გამჭვირვალობას, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობას და მხარდაჭერას;
ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობას;
რ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
ს) გამგებლის წარმომადგენლების მეშვეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკრებულოსა და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციების მიღებას და სათანადო დამუშავების შემდეგ გამგებლისათვის წარდგენას;
ტ) გამგებლის წარმომადგენლებისაგან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე გამგებლისათვის წინადადებების წარდგენას ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაჭრის გზების შესახებ;
უ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;
ფ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;
ქ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, საკრებულოს, მუნიციპალურ სამსახურებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის;
ღ) საკრებულოსა და გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათ შესრულების კონტროლს;
ყ) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; გამგეობის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას;
შ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;
ჩ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;
ც) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;
წ) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
ჭ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას;
ხ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით;
ჯ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ჰ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;
ჰ.1) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ჰ.2) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ჰ.3) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
აუდიტისა და შიდა კონტროლის განყოფილება
1. აუდიტისა და შიდა კონტროლის განყოფილება უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას.
2. განყოფილება ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომში – ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინირებულად.
3. განყოფილება მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
4. განყოფილება თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
აუდიტისა და შიდა კონტროლის განყოფილების ფუნქციები
განყოფილების ფუნქციებია:
ა) კონტროლის განხორციელება გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, თანამდებობის პირებისა და თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და კანონმდებლობის შესრულებაზე;
ბ) გამგეობის, მისი სტრუქტურელი ერთულების ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების ეფექტურობის, ეკონომიურობის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
გ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
დ) შემუშავებულ და გაცემულ რეკომენდაციათა შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
ე) გამგეობაში ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენების, მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის შესწავლა, ანალიზი და შეფასება;
ვ) მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება;
ზ) გამგეობის საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;
თ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;
ი) ფინანსური მართვის და კონტროლის სისტემის თვითმმართველობის მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი, მათი ეფექტურობის ამაღლების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
კ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა, ანალიზი, შეფასება და შესაძლო დარღვევების, ხარვეზებისა და რისკების განსაზღვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ლ) ფინასური მართვის, აღრიცხვიანობის და კონტროლის სისტემების შესაბამისობისა და ეფექტურობის შეფასება;
მ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
ნ) თვითმმართველობის მოხელეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ო) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული შიდა აუდიტის შედეგად, შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა;
პ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების ან საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
ჟ) გამგეობის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა ან/და რეკომენდაციების შემუშავება;
რ) გამგეობის თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
ს) სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 6🔗.
აუდიტისა და შიდა კონტროლის განყოფილების უფლებები
განყოფილება უფლებამოსილია:
ა) გამგეობის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ჩაატაროს სისტემური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება გაირკვეს, თუ რამდენად შეესაბამება მათი საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება დაფინანსების გამოყენება, რამდენად სრულყოფილად არის დანერგილი მართვის და კონტროლის მექანიზმები და სხვა;
ბ) განახორციელოს გამგეობის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მათი შესაძლებლობის რისკები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიიღოს, განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები ან სხვა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები. მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება და რისკების მართვა;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში გამგებლის წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახის ღონისძიებების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით;
დ) მიმდინარე შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან საკითხის შესწავლა-ანალიზის პროცესში გამგეობის სტრუქტურულ ქვედანაყოფებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებიდან შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტური თუ სხვა სახის ინფორმაცია, ამასთან, გასაუბრებაზე გამოიძახოს ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან ახსნა-განმარტების მიღების მიზნით;
ე) განახორციელოს შიდა აუდიტთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
აუდიტისა და შიდა კონტროლის განყოფილების მოვალეობები
განყოფილება ვალდებულია:
ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი შემოწმების ხასიათიდან და კონკრეტული საქმის მასალების თავისებურებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია შემოწმების ჩატარება შემოწმების ობიექტის წინასწარ ინფორმირების გარეშე;
გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, შუალედური სახით, გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში;
დ) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა გაუგზავნოს გამგებელს;
ე) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს გამგებელს, საკრებულოს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე;
ვ) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მასალები გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოს გამგებელთან შეთანხმებით;
ზ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით.
მუხლი 8🔗.
გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების ფუნქციები
გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) გამგებლის წარმომადგენლების კოორდინირებულ მუშაობას;
ბ) გამგებლის წარმომადგენლებისაგან შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე საკრებულოსა და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციების მიღებას და სათანადო დამუშავების შემდეგ გამგებლისათვის წარდგენას;
გ) გამგებლის წარმომადგენლებისაგან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე გამგებლისათვის წინადადებების წარდგენას ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაჭრის გზების შესახებ;
დ) გამგებლის წარმომადგენლების დახმარებას მათ მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის, სახალხო განხილვების ჩატარებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზების საქმეში;
ე) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 9🔗.
საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და პროტოკოლის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და პროტოკოლის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;
ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;
გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;
დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;
ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;
ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;
თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;
ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
კ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;
ლ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;
მ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას;
ნ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვაზე;
ო) მუნიციპალურ მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; მუნიციპალურ მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას;
პ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
ჟ) კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
რ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას;
ს) გამგეობის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას;
ტ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინური ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას;
უ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას;
ფ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურეობრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;
ქ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
ღ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის ამაღლების) კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას;
ყ) თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
შ) მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციას;
ჩ) მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზებას საქართველოსა და უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ც) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
წ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების ორგანიზებას;
ჭ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
მუხლი 10🔗.
საორგანიზაციო, მატერიალურ-ტექნიკური, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების ფუნქციები
სამსახურის საორგანიზაციო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) გამგეობის სამუშაო თათბირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზებას; სამუშაო თათბირებზე პირთა მოწვევას, სამუშაო თათბირებზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას, თათბირების ოქმების წარმოებას და თათბირებზე მიცემული დავალებების შესრულების კონტროლს;
ბ) მუნიციპალური სამსახურებისა და გამგებლის წარმომადგენლების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვას;
გ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
დ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას;
ე) გამგეობის თანამდებობის პირების, მუნიციპალური სამსახურებისა და გამგებლის წარმომადგენლების საოფისე მასალებით მომარაგებას;
ვ) მუნიციპალური სამსახურებისა და გამგებლის წარმომადგენლების ინვენტარით, ტექნიკითა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;
ზ) გამგეობის თანამდებობის პირების, მუნიციპალური სამსახურებისა და გამგებლის წარმომადგენლების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას;
თ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას;
ი) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის გაცემას;
კ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას;
ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრეს-კონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
მ) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას;
ნ) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;
ო) გამგეობის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;
პ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 11🔗.
იურიდიული განყოფილების ფუნქციები
სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) გამგებლის, გამგეობის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ე) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.