ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.07.2014
ძალაში შესვლა 16.07.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016213
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/07/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2014 წლის 16 ივლისი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის, 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულება დანართის შესაბამისად.
/მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა
კომისიის დებულება დადგენილებას თან ერთვის/
მუხლი 2🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში /ვ.კუპრაძის ქუჩა № 11/, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 16 ივლისიდან.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი
დანართი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ საკითხთა კომისიის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით, შექმნილია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია /შემდგომში კომისია/.
2. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს, სხვა სამართლებრივი აქტების პროექტებთან დაკავშირებით, მოსაზრებებსა და დასკვნებს.
3. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
თავი II
კომისიის სტრუქტურა და კომპეტენცია
მუხლი 2🔗
1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრით.
2. კომისიის შემადგენლობას, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის დაცვით, ამტკიცებს საკრებულო.
3. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი.
4. კომისიის თავმჯდომარის მიერ, დებულებით დადგენილი წესით, კომისიაში სამუშაოდ დროებით, ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შეიძლება მოწვეულნი იქნენ სხვა პირებიც ანაზღაურებით, ან ანაზღაურების გარეშე.
მუხლი 3🔗
1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და ამზადებს საკრებულოს განკარგულებებისა და დადგენილებების პროექტებს;
ბ) მონაწილეობს საკრებულოში შემოსული პროექტების განხილვაში, ამზადებს დასკვნებს და გადასცემს საკრებულოს შესაბამის ორგანოებს;
გ) მონაწილეობს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების განხილვაში, რომლებსაც ირჩევს, ნიშნავს ან თანხმობას აძლევს დანიშვნაზე საკრებულო, რის თაობაზეც დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს;
დ) წარადგენს მოსაზრებებსა და დასკვნებს კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით;
ე) ახორციელებს კონტროლს კომისიის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებული მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობაზე;
ვ) ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნებს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. აკონტროლებს საკრებულოს წევრთა, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საკრებულოს დებულების მოთხოვნათა დაცვას. შეისწავლის საკრებულოს წევრის სტატუსთან საკრებულოს წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს. შეისწავლის ფრაქციის რეგისტრაციისათვის საჭირო მასალებს და საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგენს შესაბამის დასკვნას. საკრებულოს უახლოეს სხდომას აცნობებს ფრაქციის გაუქმებისა და ფრაქციის შემადგენლობიდან წევრის გასვლის ფაქტს, ცნობად იღებს ფრაქციიდან წევრის გარიცხვის, აგრეთვე, ფრაქციის თავმჯდომარისა და სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ ინფორმაციას, რის შესახებაც აცნობებს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს უახლოეს სხდომას, იხილავს კომისიის წევრის მიერ კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადებას, რის შესახებაც აცნობებს საკრებულოს, ასრულებს ხმისდამთვლელი კომისიის ფუნქციებს. თვალყურს ადევნებს კენჭისყრის პროცედურას, ითვლის ხმებს ღია და ფარული კენჭისყრისას, ატარებს არჩევნებს ფარული კენჭისყრით, ადგენს ფარული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს და ა,შ. განიხილავს ადამიანის უფლებების დარღვევის, ბავშვთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის, კანონიერებისა და მართლწესრიგის, რელიგიის, ეროვნული უმცირესობების, შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, გამოჩენილ ადამიანთა პატივგების საკითხებზე შემოტანილ წინადადებებს;
ზ) განიხილავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებს და ახდენს სათანადო რეაგირებას კომპეტენციის ფარგლებში;
თ) კომისიის გადაწყვეტილებით კომისიასთან შეიძლება შეიქმნეს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ–კონსულტანტებისაგან.
2. კომისია ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗
1. კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, მოსაზრებები და წარმოადგინოს წინადადებები;
ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომისიის თანამდებობაზე;
გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.
2. კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;
ბ) არ გაახმაუროს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია;
გ) შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.
თავი III
კომისიის სხდომები
მუხლი 5🔗
1. კომისიის სხდომები იმართება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, თვეში 2 – ჯერ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.
2. კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა, საკრებულოს თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის, ან კომისიის წევრთა 1/3–ის ინიციატივით. საკრებულოს სხდომების დროს, კომისია შეიძლება შეიკრიბოს საკრებულოს დავალებით, ცალკეულ დავალებათა სასწრაფოდ განხილვის მიზნით.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
4. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში.
5. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრის დროს ხმების გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომისია ატარებს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
7. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები, ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი და მოწვეული სხვა პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემა სიტყვით გამოსვლის უფლება. კომისიის სხდომაზე დასასწრებად, ასევე, შეიძლება მოწვეულ იქნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დადგენილი წესით აკრედიტებული წარმომადგენლები.
8. კომისიის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით შეიძლება ჩატარდეს კომისიის გასვლითი სხდომა.
9. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე კომისიის სამუშაო გეგმის საფუძველზე. კომისიის წევრთა წინადადებით, კომისიის გადაწყვეტილებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები.
10. კომისიის სხდომაზე განიხილება კომისიაში შემუშავებული და შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, ქალაქ ქუთაისის მერიის თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები და სხვა საკითხები.
11. კომისია იღებს რეკომენდაციას, დასკვნას, წინადადებას, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებებს.
12. კომისიის დასკვნები, როგორც წესი, წარედგინება საკრებულოს სხდომას, ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.
13. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.
14. საკრებულოს მიერ არჩეული და მისი თანხმობით დანიშნული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომისიამ.
15. საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით ან შესაბამისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომისიების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
16. კომისიის სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის წესები.
თავი IV
კომისიის თანამდებობის პირები
მუხლი 6🔗
1. კომისიის თავმჯდომარეს, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, თავისი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, ირჩევს საკრებულო.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის და წარმართავს კომისიის სხდომებს;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;
გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხებზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს, კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;
ზ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
ი) მოვალეა წელიწადში ერთხელ მაინც საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ და წელიწადში ერთხელ მაინც შეადგინოს და გამოაქვეყნოს კომისიის მუშაობის ანგარიში.
3. კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა, იგი იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.
4. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება თანამდებობიდან გადარჩევის, გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისათვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.
5. კომისიის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, შესაბამისი კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა და საკრებულოს თავმჯდომარემ.
6. კომისიის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
7. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მას გააცნობს საკრებულოს. კომისიის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება განცხადების საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენის დღიდან.
8. კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო უახლოეს სხდომაზე, რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ირჩევს კომისიის ახალ თავმჯდომარეს.
9. კომისია თავის წევრთაგან, უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს.
10. კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის წევრს.
11. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს კომისიის ცალკეულ დავალებებს;
ბ) კომისიის (სიითი შემადგენლობის უმრავლესობის) დავალებით ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობებს და მისი გადადგომის, გადაყენების, ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.
თავი V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 7🔗
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.