განჩინება შპს „საკარმიდამო საბაღე და სააგარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქაგროსერვისი“-ს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/11728-14
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2014 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „საკარმიდამო საბაღე და სააგარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქაგროსერვისი” (ს/ნ 202902760)
წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაცია” (ს/კ 206096419; დირექტორი) – დირექტორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 10 ივლისს განცხადებით მიმართა შპს „საკარმიდამო საბაღე და სააგარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქაგროსერვისის” (ს/ნ 202902760) დირექტორის – შპს „რეაბილიტაციის” დირექტორმა ბიძინა ჩიკვილაძემ და ითხოვა შპს „საკარმიდამო საბაღე და სააგარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქაგროსერვისის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „საკარმიდამო საბაღე და სააგარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქაგროსერვისი” (ს/ნ 202902760) წარმოადგენს 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს და არც ბალანსზე და არც საკუთრებაში არ გააჩნია უძრავ ქონება. მოძრავი ქონების სახით, შპს „საკარმიდამო საბაღე და სააგარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქაგროსერვისს” საკუთრებაში ერიცხება შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები: 1. „გაზ 24-10” (სახელმწიფო სანომრე ნიშნით VIP-607) – სავარაუდო ღირებულება 1100.80 (ათას ას მთელი ოთხმოცი) ლარი; 2. „მაზ 55-49” (სახელმწიფო სანომრე ნიშნით ADE-709) – სავარაუდო ღირებულება 850 (რვაას ორმოცდაათი) ლარი; 3. „ზილ 133” (სახელმწიფო სანომრე ნიშნით ADE-726) – სავარაუდო ღირებულება 930 (ცხრაას ოცდაათი) ლარი. ორგანიზაციას სხვა მოძრავი ქონება არ გააჩნია. საწარმოს არაუზრუნველყოფილი კრედიტორები არ ჰყავს, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართაც დავალიანება შეადგენს 20 478.63 (ოცი ათას ოთხას სამოცდათვრამეტი მთელი სამოცდასამი მეასედი) ლარს.
განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და ამასთან, უზრუნველყოს გაკოტრების საქმის წარმოებისათვის დამახასიათებელი საპროცესო ხარჯის დაფარვა.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ შპს „საკარმიდამო საბაღე და სააგარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქაგროსერვისს” (ს/ნ 202902760) უარი უნდა ეთქვას განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღებაზე შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
შპს „საკარმიდამო საბაღე და სააგარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქაგროსერვისს” მისი ქონების სიმცირისა და აქტივის დაბალი ღირებულების სამტკიცებლად სასამართლოსათვის წარდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოს ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი არ აქვს არცერთ ბანკში, ასევე არც სალაროში თანხა არ ერიცხება. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2013 წლის 17 ოქტომბერს გაცემული ცნობა, რომ შპს „საკარმიდამო საბაღე და სააგარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქაგროსერვისის” სახელზე ირიცხება შემდეგი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები: 1. „გაზ 24-10” (სახელმწიფო სანომრე ნიშნით VIP-607); 2. „მაზ 55-49” (სახელმწიფო სანომრე ნიშნით ADE-709); 3. „ზილ 133” (სახელმწიფო სანომრე ნიშნით ADE-726), რომელთა ღირებულებაც ჯამში არ აღემატება 2880.8 (ორი ათას რვაას ოთხმოცი მთელი ოთხმოცი მეათედი) ლარს. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 08 ივლისის ცნობის თანახმად, შპს „საკარმიდამო საბაღე და სააგარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქაგროსერვისს” საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავი საკუთრება არ აქვს რეგისტრირებული.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იგივე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისას მომსახურების გაწევის საფასური შეადგენს სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%-ს, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა.
განსახილველ შემთხვევაში მოვალე შპს „საკარმიდამო საბაღე და სააგარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქაგროსერვისს” აქტივები არ გააჩნია. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა არის მინიმუმ 5000 ლარი. ასეთ პირობებში ცხადი ხდება, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება არათუ ასეთი წარმოების მიზნის – მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რელიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედოტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, არამედ გაკოტრების წარმოებისათვის აუცილებელი ხარჯის დაფარვაც კი შეუძლებელია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „საკარმიდამო საბაღე და სააგარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქაგროსერვისს” (ს/ნ 202902760) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს „საკარმიდამო საბაღე და სააგარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქაგროსერვისის” (ს/ნ 202902760) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, შპს ”საკარმიდამო საბაღე და სააგარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქაგროსერვისი” (ს/ნ 202902760) გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მოვალე შპს „საკარმიდამო საბაღე და სააგარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქაგროსერვისის” (ს/ნ 202902760) რეგისტრაციის გაუქმებას.
3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება არაუგვიანეს 2014 წლის 28 ივლისისა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს შპს „საკარმიდამო საბაღე და სააგარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობი ორგანიზაცია საქქალაქაგროსერვისს” (ს/ნ 202902760).
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე