განჩინება შპს „აბვ ჯგუფი“-ს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/537
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმის წარმოების შეჩერების შესახებ
2014 წლის 11 ივლისი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი ნოდარი გიორგიძე
განმცხადებელი /მოვალე/ – შპს ,,აბვ ჯგუფი’’
(საიდენტიფიკაციო კოდი – 419982503)
დირექტორი – ბექა ვეკუა.
მეურვე – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო;
წარმომადგენელი – ნათია სახოკია;
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2014 წლის 7 აპრილს შპს ,,აბვ ჯგუფის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა ბექა ვეკუამ და შპს ,,აბვ ჯგუფის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა მოითხოვა, ხოლო მოტივად საზოგადოების გადახდისუუნარობა და ვადამოსული გადახდის ვალდებულებების დაფარვის შეუძლებლობა მიუთითა.
განცხადება 2014 წლის 22 აპრილის განჩინებით მიღებული იქნა წარმოებაში და კრედიტორთა პირველი კრება დაინიშნა 2014 წლის 5 ივნისს, 14:00 საათზე, რომელიც გადაიდო და გაგრძელდა 2014 წლის 11 ივლისს.
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ უნდა შეჩერდეს შპს ,,აბვ ჯგუფის’’ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2014 წლის 26 ივნისს ზუგდიდის რაიონული სასამართლოდან განსჯადობით გადმოგზავნილი იქნა შპს ,,აბვ ჯგუფის’’ სარჩელი მოპასუხე ალი რიზა კიზილდაგის მიმართ. მოსარჩელე მოითხოვს ალი რიზა კიზილდაგს შპს ,,აბვ ჯგუფის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 371,000 ლარის გადახდა, მასვე დაეკისროს უსაფუძვლოდ მიღებული თანხის სარგებლობით მიღებული შემოსავლის 105690 ლარის ანაზღაურება და ზიანის ანაზღაურება ვალდებულების შესრულებამდე ყოველი დღისათვის 0,1%-ის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილია ალი რიზა კიზილდაგის შეგებებული სარჩელი მოპასუხე შპს ,,აბვ ჯგუფის’’ მიმართ, მოპასუხეზე 26257,5 ევროს ეკვივალენტი ლარის დაკისრების თაობაზე.
ასევე დადგენილია, რომ ამჟამად საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს შპს ,,აბვ ჯგუფის’’ საკასაციო საჩივარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. ამ უკანასკნელი გადაწყვეტილებით შპს ,,აბვ ჯგუფს’’ დაკისრებული აქვს შპს ,,ანკა ფუდის’’ სასარგებლოდ 410 210 ლარისა და 200 200 ევროს გადახდა.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილება არსებითად შეცვლის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შედეგს, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის შემთხვევაში სასამართლომ შეიძლება მიიღოს მოტივირებული გადაწყვეტილება კრედიტორთა პირველი კრების ჩატარების თარიღის ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სარჩელზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს 90 დღით გადატანის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში №2/1010-14წ. არსებულ საქმეზე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შპს ,,აბვ ჯგუფს’’ ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ასევე შემცირდება დავალიანება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც თავის მხრივ დღის წესრიგში დააყენებს საკითხს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ. ამდენად ირკვევა, რომ ზემოდასახელებული სამოქალაქო დავების შედეგი არსებითად შეცვლის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შედეგს.
სასამართლო სხდომაზე გამოცხდებული კრედიტორები და მეურვე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ნათია სახოკია დაეთანხმნენ შპს ,,აბვ ჯგუფის’’ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეჩერებას.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანა.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-12, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შეჩერდეს შპს ,,აბვ ჯგუფის’’ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
2. კრედიტორთა პირველი კრება გადატანილ იქნეს 88 დღის შემდეგ და გაიმართოს 2014 წლის 7 ოქტომბერს 14:00 საათზე.
3 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე გენადი მაკარიძე