1. საკრებულო, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე, გამგეობის  საქმიანობაზე, თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვასა და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმებია:

ა) საკრებულოს წევრის მიერ კითხვის დასმა და ინტერპელაცია;

ბ) ინფორმაციის გამოთხოვა;

გ) ანგარიშის მოსმენა;

დ) დამოუკიდებელი აუდიტი.

3. საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3 უფლება აქვს მოითხოვოს დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევა.

4. დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევის მოთხოვნაში უნდა მიეთითოს საკითხთა ის წრე, რომელიც უნდა იქნეს შესწავლილი დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.

5. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მოთხოვნა წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად შეიტანოს ეს საკითხი.

6. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ისა.

7. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საკრებულო ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ქმნის დროებით სამუშაო ჯგუფს (სატენდერო კომისიას), რომელიც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე შეარჩევს დამოუკიდებელ აუდიტორს.

8. დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევად გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მომზადებასა და ჩატარებას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

9. ხელშეკრულებას დამოუკიდებელ აუდიტორთან დებს საკრებულოს თავმჯდომარე.

10. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ქვეყნდება საჯაროდ.

11. საკრებულოს მიერ დამოუკიდებელი აუდიტორი შეიძლება მოწვეული იქნეს არაუმეტეს წელიწადში ერთხელ