საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 28.07.2014
გამომცემი ორგანო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
ნომერი №17575
სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016034
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.07.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება 18.10.2011
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის
ბრძანება
№17575
2014 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №77 დადგენილების მე-9 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა და სამსახურის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის სხვა პირების წახალისების მიზნით დამტკიცდეს:
ა)
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ“ დებულება, დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ)
„სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სანიმუშო დისციპლინისათვის“ - სიგელის ნიმუში, დანართი №2-ის შესაბამისად;
გ)
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - სიგელის ნიმუში, დანართი №3-ის შესაბამისად;
დ)
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ - სიგელის ნიმუში, დანართი №4-ის შესაბამისად;
ე)
„უმწიკვლო სამსახურისთვის“ - სიგელის ნიმუში, დანართი №5-ის შესაბამისად;
ვ)
„უმწიკვლო სამსახურისთვის“ - სამკერდე ნიშნის ნიმუში, დანართი №6-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 18 ოქტომბრის №1196 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსითეიმურაზ მღებრიშვილი
დანართი №1
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ
დებულება
მუხლი 1🔗
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ“ დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (შემდგომში – სამსახური) უწყებრივი ჯილდოების სახეებს და მათი გადაცემის წესს.
მუხლი 2🔗
1.
შესაბამისი დამსახურების მქონე თანამშრომლებს, წახალისების მიზნით, გადაეცემათ შემდეგი სახის უწყებრივი ჯილდოები:
ა)
სიგელი „სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სანიმუშო დისციპლინისათვის“;
ბ)
სიგელი „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“;
გ)
სიგელი „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის“;
დ)
სიგელი „უმწიკვლო სამსახურისთვის“;
ე)
სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისთვის“.
2.
სიგელი „სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სანიმუშო დისციპლინისათვის“ გადაეცემა თანამშრომელს, რომელმაც თავი გამოიჩინა დაკისრებულ მოვალეობათა კეთილსინდისიერი შესრულებით, სანიმუშო ყოფაქცევით და მაღალი საშემსრულებლო დისციპლინით, აგრეთვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალების ან დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულებით.
3.
სიგელი „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ გადაეცემა თანამშრომელს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამსახურის პროფესიულ და ტექნოლოგიურ განვითარებაში.
4.
სიგელი „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ გადაეცემა პირს (არათანამშრომელს), რომელმაც მნიშვნელოვანად შეუწყო ხელი სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტას ან სამსახურის პოპულარიზაციას.
5.
სიგელი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ გადაეცემა სამსახურის ღვაწლმოსილ თანამშრომელს, ხანგრძლივი სამსახურებრივი საქმიანობისთვის (სიგელში კეთდება აღნიშვნა ნამსახურები წლების შესახებ).
6.
სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ გადაეცემა ღვაწლმოსილ თანამშრომელს, რომელიც ხასიათდება დადებითად და წარმატებით ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს.
მუხლი 3🔗
1.
„უმწიკვლო სამსახურისთვის“ სამკერდე ნიშნით დაჯილდოებისას მხედველობაში მიიღება თანამშრომლის წელთა ნამსახურობა დაჯილდოების დღისათვის, კერძოდ:
ა)
10-დან 15 წლამდე ნამსახურობისთვის გაიცემა III ხარისხის სამკერდე ნიშანი;
ბ)
15-დან 20 წლამდე ნამსახურობისთვის გაიცემა II ხარისხის სამკერდე ნიშანი;
გ)
20 და მეტი წლის ნამსახურობისთვის გაიცემა I ხარისხის სამკერდე ნიშანი.
2.
თანამშრომელს „უმწიკვლო სამსახურისთვის“ შესაბამისი ხარისხის სამკერდე ნიშანთან ერთად შეიძლება გადაეცეს ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგელიც.
3.
სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, „უმწიკვლო სამსახურისთვის“ სამკერდე ნიშნით, ნამსახურები წლების მიუხედავად, შეიძლება დაჯილდოვდნენ ის თანამშრომლებიც, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანების ეფექტიანად გადაწყვეტაში, რამაც განაპირობა სამსახურის წარმატება და პოპულარიზაცია.
მუხლი 4🔗
1.
ჯილდოზე თანამშრომლებს და სხვა პირებს წარადგენენ სამსახურის უფროსის მოადგილეები და სტრუქტურული დანაყოფების უფროსები კურატორ ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმებით.
2.
წარდგენა ხორციელდება წერილობითი პატაკით, რომელშიც აღინიშნება ჯილდოს სახეობა და წარდგინების საფუძველი.
3.
პატაკები სათანადო რეზოლუციით გადაეცემა სამსახურის კადრების მთავარ სამმართველოს, რომელიც უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანების მომზადებას (აღნიშნულ ბრძანებაში აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იყვნენ სამსახურის უფროსის მიერ მითითებული პირებიც).
4.
უწყებრივი ჯილდოების სააღრიცხვო რეგისტრაციას აწარმოებს კადრების მთავარი სამმართველო.
5.
უწყებრივ ჯილდოსთან ერთად შეიძლება გაიცეს ფულადი ჯილდოც, რომლის ოდენობაც დგინდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.
6.
მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე თანამშრომელი, შესაბამისი დამსახურების შემთხვევაში, უწყებრივი ჯილდოს მისაღებად წარდგენასთან ერთად იმავდროულად შეიძლება წარდგენილ იქნეს დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნაზე.
7.
დაჯილდოებული თანამშრომელი ახალი დამსახურების გამო შეიძლება კვლავ დაჯილდოვდეს იმავე ან სხვა ჯილდოთი.
მუხლი 5🔗
1.
დაჯილდოებულ პირს უწყებრივი ჯილდო გადაეცემა პირადად ან საზეიმო ვითარებაში. ჯილდოს გადასცემს სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე.
2.
სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში ჯილდო გადაეცემა დაჯილდოებულის ოჯახს.
3.
სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულს, თუ არ ჰყავს მემკვიდრე, ჯილდო რჩება სამსახურს.
4.
სამკერდე ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დაუშვებელია მისი ასლის გაცემა.
5.
დაჯილდოებული თანამშრომლის პირად საქმეში თავსდება დაჯილდოების შესახებ სამსახურის უფროსის ბრძანების ეგზემპლარი ან ამონაწერი, ხოლო პირადი საქმის ნამსახურობის ნუსხაში კეთდება სათანადო ჩანაწერი, ბრძანების ნომრის, გამოცემის თარიღისა და ჯილდოს სახეობის მითითებით.
მუხლი 6🔗
1.
დაჯილდოებულ თანამშრომლებს აქვთ ჯილდოების ან მათი აღმნიშვნელი ნიშნების ტარების უფლება. დაჯილდოებული თანამშრომელი სამკერდე ნიშანს ატარებს მკერდზე, მარცხენა მხარეს.
2.
დაუშვებელია სამკერდე ნიშნის ტარება საამისოდ არაუფლებამოსილი პირის მიერ.
3.
აკრძალულია ჯილდოდ გადაცემულ სიგელზე და სამსახურებრივ სამკერდე ნიშანზე ნებისმიერი სახის ზემოქმედება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მისი ორიგინალური სახის (ვიზუალური და ხარისხობრივი) შეცვლა.
4.
სიგელის და სამსახურებრივი სამკერდე ნიშნის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის უფროსს, რაც უნდა მოხსენდეს სამსახურის ხელმძღვანელობას. ასეთ დროს ხორციელდება მისი ჩამოწერა, რაც წარმოადგენს სარეგისტრაციო-სააღრიცხვო მონაცემებში შესაბამისი აღნიშვნების შეტანის საფუძველს.
მუხლი 7🔗
სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი სიგელების, სამკერდე ნიშნებისა და მათი შესანახი ყუთების დამზადების ორგანიზაციულ და ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს კადრების მთავარი სამმართველოს მოთხოვნის საფუძველზე.
დანართი №2
დანართი №3
დანართი №4
დანართი №5
დანართი №6
სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისათვის“
1. ავერსი - სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ წარმოადგენს მრგვალ ოქროსფერ ჰერალდიკურ ფარს, რომელზეც განთავსებულია ვერცხლისფერი მეტალის ბოლნური ჯვარი, რომლის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია ოქროსფერ რკალშემოვლებული ჰერალდიკური ფარი, რომლის შავ ველზე წრიულად, ოქროსფერი ასოებით გამოსახულია წარწერა „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური SPECIAL STATE PROTECTION SERICE OF GEORGIA“. ქართულ და ინგლისურ წარწერებს შორის გამოსახულია ოქროსფერ წრეში ჩასმული ჯვარი. ფარის ცენტრალურ ნაწილში ლაჟვარდის ველზე გამოსახულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გერბის ცენტრალური კომპოზიცია – ოქროს არწივი რომელსაც კლანჭებით უპყრია ოქროს ხმალი. არწივის მკერდზე გამოსაზულია მეწამული ფარი, რომელზეც გამოსახულია ერთი დიდი და ოთხი მცირე ოთხქიმიანი ვარსკვლავი. ჰერალდიკური ფარის ზემოთ ბოლნურ ჯვარზე განთავსებულია ოქროსფერი მეტალის ბაფთა, რომლის ოქროსფერ ველზე ლურჯი ასოებით შესრულებულია ხარისხის აღმნიშვნელი წარწერა, ხოლო ჰერალდიკური ფარის ქვემოდან ბოლნურ ჯვარზე განთავსებულია ოქროსფერი ბაფთა, რომლის ოფროსფერ ველზე ლურჯი ასოებით შესრულებულია წარწერა „უმწიკვლო სამსახურისთვის“.
2. რევერსი - სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს წრიულად ოქროსფერი ასოებით გაკეთებულია წარწერა „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური SPECIAL STATE PROTECTION SERICE OF GEORGIA“. ქართულ და ინგლისურ წარწერებს შორის გამოსახულია ოქროსფერ წრეში ჩასმული ჯვარი. სამკერდე ნიშნის უკანა გვერდის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ერთიანი საქართველოს რუკა, რომელსაც ფონად აქვს საქართველოს სახელმწიფო დროშა.