დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.07.2014
ძალის დაკარგვა 15.12.2017
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016163
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილი | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 08.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2014 წლის 24 ივლისი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ჯავახიშვილი
დანართი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას.
2. სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომში – ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინირებულად.
3. სამსახური მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
4. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
5. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
6 . სამსახურის იურიდიული მისამართია ქ.დედოფლისწყარო, კოსტავას ქუჩა №44.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;
ბ) გამგეობის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
გ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე გამგებლისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
დ) დამტკიცებული წლიური და სტრატეგიული გეგმების წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრში;
ე) შიდა აუდიტორული შემოწმებების განხორციელება;
ვ) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
ზ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
თ) გამგეობის სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა;
ი) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
კ) მუნიციპალიტეტის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; გამგებლის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
მ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
ნ) ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ო) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, გამგებელთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა;
პ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა;
ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობა;
რ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფლებები
სამსახური უფლებამოსილია:
ა) გამგეობის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ჩაატაროს სისტემური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება გაირკვეს, თუ რამდენად შეესაბამება მათი საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება დაფინანსების გამოყენება, რამდენად სრულყოფილად არის დანერგილი მართვის და კონტროლის მექანიზმები და სხვა;
ბ) განახორციელოს გამგეობის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მათი შესაძლებლობის რისკები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიიღოს, განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები ან სხვა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები. მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება და რისკების მართვა;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში გამგებლის წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით;
დ) მიმდინარე შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან საკითხის შესწავლა-ანალიზის პროცესში გამგეობის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებიდან შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტური თუ სხვა სახის ინფორმაცია, ამასთან, გასაუბრებაზე გამოიძახოს ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან ახსნა-განმარტების მიღების მიზნით;
ე) განახორციელოს შიდა აუდიტთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
სამსახურის მოვალეობები
სამსახური ვალდებულია:
ა) დაიცვას წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული ნორმები, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი შემოწმების ხასიათიდან და კონკრეტული საქმის მასალების თავისებურებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია შემოწმების ჩატარება შემოწმების ობიექტის წინასწარ ინფორმირების გარეშე;
გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, შუალედური სახით, გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში;
დ) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა გაუგზავნოს გამგებელს;
ე) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს გამგებელს, საკრებულოს და ჰარმონიზაციის ცენტრს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე;
ვ) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მასალები გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოს გამგებელთან შეთანხმებით;
ზ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით.
მუხლი 5🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისაგან
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს გამგეობის ერთ-ერთი საჯარო მომოხელე.
3. სამსახურის სხვა მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით. მათი ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
4. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და მათ შორის, დაწინაურების, გადაყვანისა და ა.შ. წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
დებულებაში ცვლილების შეტანა, სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.
სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა, სამსახურის რეორგანიზაცია და მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.