⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.10.2014)
გაუქმებულია:

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.07.2014
ძალის დაკარგვა 31.10.2014
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016178
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,243 სიტყვა · ~21 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.07.2014 მიღება
31.10.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ       გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 2014 წლის 24 ივლისი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის' 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 167-ე მუხლის მე-3 ნაწილისა  და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №34 დადგენილება  ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ . მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი დანართი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის'  შესაბამისად, განსაზღვრავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ტექსტში შემდგომ - გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს და მუშაობის ორგანიზაციას. თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. გამგეობა 1. გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის უფლებამოსილების განხორციელებას. 2. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტუქტურული ერთეულებისაგან. მუხლი 2🔗. გამგეობის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები 1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპის ქარტიის, ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად. 2. გამგეობის თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული წარმოების ენა  გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე. მუხლი 4🔗. გამგეობის ადგილსამყოფელი გამგეობის ადგილსამყოფელია: ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N73. თავი II გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები მუხლი 5🔗. გამგეობის თანამდებობის პირები 1. გამგეობის თანამდებობის პირები არიან:  ა) გამგებელი;  ბ) გამგებლის პირველი მოადგილე;  გ) გამგებლის მოადგილე;  დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.  2. გამგეობის თანამდებობის პირების რაოდენობა (გამგებლის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს. 3. გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით.  მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტის გამგებელი 1. გამგებელი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. გამგებელი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. გამგებელი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით.  გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც. 3. გამგებელი: ა) გამგეობის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში: ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებას და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის თანამდებობის პირებს; ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის მოსამსახურეებს; ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს გამგეობის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; ა.ვ) გამგეობის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს გამგეობის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ა.ზ) იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ა.თ) ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში: ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს; ბ.ბ) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს; ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს; ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას; გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში: გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ; გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს; გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით; გ.ვ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას; დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში: დ.ა) ამ კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ; დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ; დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ; დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს; დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი; დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა; დ.ზ) ამ კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ; დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას; დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას; დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე; დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე; ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში: ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას; ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;  ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს; ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს; ე.თ) უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის' მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით; ე.ი) ახორციელებს  საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით', გამგეობის/მერიის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. გამგებელი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგებლის წარმომადგენელი. გამგებლის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება გამგეობის დებულებით. 5. გამგებლის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან გათავისუფლების შემთხვევაში გამგებლის მოვალეობას ასრულებს გამგებლის პირველი მოადგილე. 6. გამგებლის მიერ პერსონალურ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულოს წევრის მიერ მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია. 7. გამგებელი, ამ დებულებით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე. 8. გამგებლის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები, ასევე, გამგებლისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა განსაზღვრულია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“. მუხლი 7🔗. გამგებლის პირველი მოადგილე გამგებლის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. გამგებლის პირველი მოადგილე ასრულებს გამგებლის მოვალეობებს გამგებლის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას. მუხლი 8🔗. გამგებლის მოადგილე (მოადგილეები) 1. გამგებლის მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს გამგეობის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და გამგებლის დავალებების შესრულებას, გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 2. გამგებლის მოადგილე ანგარიშვალდებულია გამგებლის  წინაშე. 3. გამგებლის მოადგილეს (მოადგილეებს) ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. მუხლი 9🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე. 5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“. თავი III გამგეობის სტრუქტურა მუხლი 10🔗. გამგეობის სტრუქტურული აგებულება 1. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულებისაგან. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები - გამგეობის სამსახურები იქმნება (უქმდება) და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 3. გამგეობის სამსახურში, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება შეიქმნას ქვედანაყოფები - განყოფილებები.  მუხლი 11🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები (სამსახურები) 1. გამგეობის სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს გამგებლის და მისი დავალებით - საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად. 3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 4. გამგეობის სამსახურებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო  და შესყიდვების სამსახური; გ) ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური; დ) ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახური; ე) ზედამხედველობის სამსახური; ვ) ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დახმარების, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური; ზ) შიდა აუდიტის სამსახური; თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; ი) სახანძრო სამაშველო სამსახური. 5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.  მუხლი 12🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები  1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და გამგებლის წარმომადგენლების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, საქმისწარმოების, სამართლებრივი, ადამიანური რესურსების მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, აგრეთვე, კომპიუტერული სისტემებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხების რეგულირება; 2. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, საბუღალტრო და სახელმწიფო შესყიდვების საკითხთა განხორციელება, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება; 3. ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, გარემოს დაცვის, აგრარული და საინვესტიციო საკითხების რეგულირება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება; 4. ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა-ორგანიზება და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის, მშენებლობის დოკუმენტების შემუშავებისა და მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების საკითხთა რეგულირება; 5. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მშენებლობაზე და მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე;  მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მოწყობის, კეთილმოწყობის, დასუფთავების, კომუნალური მომსახურების ორგანიზებაზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებასა და საგზაო მეურნეობის სფეროზე ზედამხედველობა; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციაში შემავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება; 6. ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დახმარების, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დახმარებისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა; სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; 7. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის  კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად; 8. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა; 9. სახანძრო სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა. მუხლი 13🔗 თავი IV გამგეობის საჯარო მოსამსახურეები მუხლი 14🔗. სამსახურის განყოფილების უფროსი 1. სამსახურის განყოფილების უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ' კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს; დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას; თ) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ გამგეობის  შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას; ი) უზუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ; კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. მუხლი 15🔗. გამგებლის წარმომადგენელი 1. გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. გამგებლის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში. 3. გამგებლის წარმომადგენელი: ა) აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ბ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; გ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს გამგებლის დავალებით. 4. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. მუხლი 16🔗. გამგეობის მოხელე, შტატგარეშე მოსამსახურე, დამხმარე მოსამსახურე 1. გამგეობაში საჯარო სამსახურს ეწევა: ა) გამგეობის მოხელე, რომელიც დანიშნულია გამგეობის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე; ბ) გამგეობის შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია გამგეობაში არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად; გ) დამხმარე მოსამსახურე, რომელიც ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია გამგეობაში დამხარე, ტექნიკური სამუშაოს შესასრულებლად. 2. გამგეობის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საქართველოს შრომის კოდექსის“ შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომით ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს გამგებელი. მუხლი 17🔗. გამგეობის მოხელის ზოგადი უფლება-მოვალეობები 1. გამგეობის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით. 2. გამგეობის მოხელეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს გამგეობის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისაგან, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება; ვ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება; ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით; თ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება; ი) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს; კ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ლ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; მ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; ნ) ისარგებლოს ყოველწლიური 30-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით; ო) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 2. გამგეობის მოხელე მოვალეა: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე; დ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესი; ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები; ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ; თ) გაუფრთხილდეს გამგეობის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება; ი) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, დადგენილი პერიოდულობითა და წესით გაიაროს ატესტაცია; კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. თავი V გამგეობის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება  მუხლი 18🔗. გამგეობაში ვაკანსიის გახსნა  1. გამგეობის მოხელის ვაკანსია გახსნილად მიიჩნევა: ა) გამგეობის საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამტკიცების მომდევნო დღიდან; ბ) გამგეობის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე; გ) თუ თანამდებობაზე, რომელიც უნდა შეივსოს კონკურსის საფუძველზე, პირი დანიშნულია კონკურსის გარეშე. 2. ვაკანსია უნდა შეივსოს, როგორც წესი, არაუგვიანეს გახსნიდან 3 თვის ვადაში. 3. ვაკანსიის შევსებამდე შტატით გათვალისწინებული თანამდებობრივი მოვალეობის შესრულება გამგებლის ბრძანების შესაბამისად დაეკისრება: ა) გამგებლის პირველი მოადგილის ან მოადგილის ვაკანსიის შემთხვევაში - გამგებლის ერთ-ერთ მოადგილეს, ხოლო თუ გამგებლის მოადგილის თანამდებობაც ვაკანტურია - გამგეობის ერთ-ერთ სამსახურის უფროსს; ბ) სამსახურის უფროსის ვაკანსიის შემთხვევაში - სამსახურის ერთ-ერთ განყოფილების უფროსს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს; გ) სამსახურის უფროსი და უმცროსი საჯარო თანამდებობის ვაკანსიის შემთხვევაში - სამსახურის უფროსის წარდგინებით ამ სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს.  მუხლი 19🔗. გამგეობის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის ზოგადი წესი 1. გამგეობის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ და შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 2. გამგეობის მოხელე თანამდებობაზე ინიშნება: ა) კონკურსის წესით; ბ) უკონკურსოდ, ამ დებულების მე-19 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში. 3. გადაწყვეტილებას გამგეობის ვაკანტურ თანამდებობაზე (გარდა გამგეობის თანამდებობის პირების ვაკანსიისა) კონკურსის გამოცხადების ან ვაკანსიის უკონკურსოდ შევსების შესახებ მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან კონსულტაციის საფუძველზე, ვაკანსიის გახსნიდან არაუგვიანეს 14 დღის ვადაში იღებს გამგებელი. 4. ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულმა კანდიდატმა დანიშვნამდე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში უნდა წარადგინოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი დოკუმენტები.  მუხლი 20🔗. გამგეობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა უკონკურსოდ გამგეობის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობაზე უკონკურსოდ ინიშნება: ა) გამგებლის პირველი მოადგილე; ბ) გამგებლის მოადგილე; გ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; დ) მოხელე სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში; ე) მოხელე სამსახურებრივი გადაყვანისას; ვ) მოხელე დროებით მოვალეობის შემსრულებლად (არაუმეტეს 3 თვის ვადით).  მუხლი 21🔗. გამგეობის მოხელეთა ატესტაცია  1. გამგეობის მოხელე სამ წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციას. 2. ატესტაციას ატარებს მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისია შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. თავი VI გამგეობის სამართლებრივი აქტები და გამგეობის საქმიანობის ორგანიზება მუხლი 22🔗. გამგეობის თანამდებობის პირთა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები 1. გამგეობის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია: ა) გამგებლის ბრძანება; ბ) გამგებლის პირველი მოადგილის ბრძანება; გ) გამგებლის მოადგილის ბრძანება; დ) გამგეობის სამსახურის უფროსის ბრძანება. 2. გამგეობის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, როგორც წესი, გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დისციპლინარული გადაცდომის აღსაკვეთად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში. 3. გამგეობის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, გარდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და იმ ბრძანებებისა, რომლებიც შეეხება 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს, ძალაშია დადგენილი წესით გაცნობისთანავე. 4. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ის ბრძანება, რომელიც 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს შეეხება, ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, თუ შესაბამისი აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი. 5. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა ამოქმედებისათვის აუცილებელია გამოქვეყნება, ქვეყნდება ამ დებულებით დადგენილი წესით. მუხლი 23🔗. სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება 1. გამგეობაში მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსს“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. 2. გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტები ვიზირებული უნდა იქნეს პროექტის ავტორისა და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა პირად საკითხებთან დაკავშირებული პროექტებისა, აგრეთვე, უნდა იქნეს ვიზირებული გამგეობის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც შეეხება ეს პროექტი, აგრეთვე - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსის მიერ, თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას ანდა გამგეობის მიერ გასაწევ ხარჯებს. 3. გამგებლის დავალებით, გამგეობაში მომზადებული პროექტი უნდა იქნეს ვიზირებული გამგებლის პირველი მოადგილის მიერ. 4. კანონითა და დებულებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენ პროექტს, რომელიც მომზადებული იქნა გამგეობაში, საკრებულოს თავმჯდომარესთან წარადგენს გამგებელი. მუხლი 24🔗. სამართლებრივი აქტების გაფორმება 1. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული ბრძანებებისა და გამგებლის ბრძანებების რეგისტრაციას უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების რეკვიზიტები  უნდა შეესაბამებოდეს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 52-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს. 3. გამგებლის ბრძანებები აღინუსხება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში უწყვეტი (ზრდადი) ნუმერაციით. 4. ბრძანებებზე თარიღი ფიქსირდება მათი გამოცემის დღის მიხედვით და აღინიშნება სრული სახით გამოცემის რიცხვის, თვის და წლის მითითებით; 5. სამართლებრივი აქტების გაფორმების დეტალური წესი და პროცედურები განისაზღვრება კანონმდებლობითა და შესაბამისი სამსახურებრივი ინსტრუქციებით. მუხლი 25🔗. გამგეობის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება 1. გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება სასამართლოში კანონით დადგენილი წესით. 2. გამგეობის თანამდებობის პირის, გარდა მუნიციპალიტეტის გამგებლისა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება გამგებელთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით. მუხლი 26🔗. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება 1. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით. 2. „საქართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ განსაზღვრული წესით გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. მუხლი 27🔗. გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში: ა) გამგეობის ვალდებულება შეიმუშავოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი; ბ) გამგეობის ვალდებულება უზრუნველყოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის აღსრულება; გ) გამგებლის ვალდებულება გამოსცეს ბრძანება; დ) გამგეობის უფლებამოსილი მოხელის ვალდებულება შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ე) დაინტერესებული პირის განცხადება; ვ) კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა საფუძვლის არსებობა. მუხლი 28🔗. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების ვადები 1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გამგეობის ადმინისტრაციული წარმოება უნდა დასრულდეს, როგორც წესი, განცხადების რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში. თუ საქმე განსაკუთრებით რთული კატეგორიისაა და მოითხოვს დამატებით შესწავლას, ადმინისტრაციული წარმოების ვადა შეიძლება გაგრძელდეს გამგებლის წერილობითი დავალების საფუძველზე, არა უმეტეს ერთი თვით. 2. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების ვადა, გარდა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება გამგეობის და მუნიციპალური სამსახურების სამუშაო გეგმებით, აგრეთვე გამგებლის დავალებებით. მუხლი 29🔗. გამგეობის შინაგანაწესი 1. გამგეობის შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო დროს დასაწყისი და დასასრული; ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო; გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი; დ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი; ე) ხელფასის გაცემის დრო, ფორმა და ადგილი; ვ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები; ზ) საოფისე ტექნიკითა და სხვა მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესები; თ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი. 2. გამგეობის შინაგანაწესს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 3. შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს გამგებელი. 4. გამგებელი ვალდებულია სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს გააცნოს შინაგანაწესი (ხელწერილის დადებით), აგრეთვე, უზრუნველყოს ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობა. მუხლი 30🔗. გამგეობის სამსახურის სამუშაო გეგმები 1. გამგეობა თავის საქმიანობას წარმართავს გამგეობის და გამგეობის სამსახურების სამუშაო გეგმების საფუძველზე. სამუშაო გეგმა წარმოადგენს ორგანიზაციულ დოკუმენტს, რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება განსახორიელებელ სამუშაოთა ნუსხა და სამუშაოთა შესრულების ვადები. 2. ყოველი სამუშაო გეგმა დგება დასაგეგმი პერიოდისათვის. გამგეობის დასაგეგმი პერიოდებია - 6 თვე და ერთი წელი. გამგეობის სამსახურის და გამგებლის წარმომადგენლების დასაგეგმი პერიოდებია კვარტალი და წელიწადი. 3. სამუშაო გეგმების შესრულების კონტროლს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მეშვეობით ახორციელებს გამგებელი. მუხლი 31🔗. მოხელის სამუშაო გეგმა 1. მოხელის სამუშაო გეგმა მზადდება შესაბამისი სამსახურის უფროსის დავალებით. 2. მოხელის დასაგეგმი პერიოდია ერთი თვე. მოხელის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი სამსახურის სამუშაო გეგმას და სამსახურის უფროსის დავალებებს. 3. მოხელის სამუშაო გეგმის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს შესაბამისი  სამსახურის უფროსი. მუხლი 32🔗. ანგარიშგება 1. ანგარიშგება გამგეობაში ხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისას ან უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადებში წერილობითი ანგარიშის წარდგენით. 2. გამგეობის საანგარიშგებო პერიოდებია - 6 თვე და ერთი წელი. გამგეობის სამსახურის და გამგებლის წარმომადგენლების საანგარიშგებო პერიოდებია კვარტალი და წელიწადი. სამსახურის განყოფილების და მოხელის საანგარიშგებო პერიოდია ერთი თვე. 3. ანგარიშის წარდგენა ხორციელდება შემდეგ ვადებში: ა) გამგეობის ანგარიში საკრებულოს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან საკრებულოს მოთხოვნიდან არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში; ბ) სამსახურის ანგარიში გამგებელს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან გამგებლის მოთხოვნიდან არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში; გ) განყოფილების ან/და სამსახურის მოხელის ანგარიში სამსახურის უფროსს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ან მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში; აგრეთვე, დავალების შესრულებისთანავე, თუ ეს წერილობითი დავალებით არის განსაზღვრული. 4. თუ ანგარიშში მითითებული სამუშაო უკავშირდება მუნიციპალიტეტის სახსრების მიღება-გამოყენებას, მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში). 5. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს შესრულებული სამუშაოს და გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. 6. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი და პროცედურა განსაზღვრულია „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“.  თავი VII გამგეობის რეორგანიზაციის წესი მუხლი 33🔗. გამგეობის რეორგანიზაცია 1. გამგეობის რეორგანიზაცია არის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც ერთდროულად შეეხება ორ ან მეტ სტრუქტურულ ერთეულს. რეორგანიზაცია ხორციელდება აგრეთვე სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის შემთხვევაში. 2. რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება გამგეობის დებულებაში ცვლილებების შეტანისა და გამგეობის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება: ა) გამგეობის რეორგანიზებული სტრუქტურა; ბ) რეორგანიზაციის განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს; გ) რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს; დ) რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის საქმიანობის რეჟიმი. 3. რეორგანიზაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ღონისძიებები განხორციელების ვადების მითითებით: ა) გამგეობის მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების, აგრეთვე ატესტაციის (კონკურსის) ჩატარების შესახებ; ბ) სალიკვიდაციო ღონისძიებები, თუ რეორგანიზაცია გულისხმობს სტრუქტურული ერთეულის გაუქმებას; გ) რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება; დ) გამგეობის საშტატო ნუსხაში და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების, სამუშაოთა აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება; ე) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ატესტაციებისა და კონკურსების საორგანიზაციო ღონისძიებები; ვ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები. მუხლი 34🔗. გამგეობის სამსახურის რეორგანიზაცია 1. გამგეობის სამსახურის რეორგანიზაცია არის სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული და/ან ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც არ შეეხება გამგეობის რომელიმე სხვა სამსახურს. 2. გამგეობის სამსახურის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება სამსახურის დებულებაში (თუ ცვლილება შეეხება სამსახურის სახელწოდებას - აგრეთვე ამ დებულებაში) ცვლილებების შეტანის და სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება: ა) სამსახურის რეორგანიზებული სტრუქტურა და ფუნქციები; ბ) რეორგანიზაციის ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს ორ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს; გ) რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმა; დ) რეორგანიზაციის რეჟიმში სამსახურის საქმიანობის წესი. თავი VIII გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 35🔗. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებული საკრებულოს დადგენილებების მიღება ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით 2014 წლის 1 სექტემბრამდე მიღებულ იქნეს საკრებულოს შემდეგი დადგენილებები: ა) ამ დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გამგეობის სამსახურების დებულებების დამტკიცების შესახებ; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმები და ტაბელის დამტკიცების შესახებ; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ; დ) გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ; ე) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ; ვ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ; ზ) დადგენილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ. მუხლი 36🔗. გამგეობის რეორგანიზაცია 1. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 120-ე დღემდე ჩატარდეს გამგეობის რეორგანიზაცია. 2. გამგებელმა შეიმუშაოს და 2014 წლის 1 სექტემბრამდე საკრებულოში დასამტკიცებლად წარმოადგინოს გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა. 3. გამგეობის რეორგანიზაციის დასრულებამდე გამგეობის მოქმედმა სამსახურებმა საქმიანობა განახორციელონ რეორგანიზაციის რეჟიმში.