ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.07.2014
ძალის დაკარგვა 15.05.2018
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016238
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი | ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 07.05.2018
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2014 წლის 29 ივლისი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულება“.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულება
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს.
მუხლი 1🔗.
კომისიის სტატუსი
1. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია (შემდგომში - „კომისია“) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. კომისია იქმნება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 28-ე მუხლით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. კომისიის შექმნის მიზანია ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადება, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობა, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის კონტროლი.
4. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.
მუხლი 2🔗.
კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია:
ა) აკონტროლებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს, განიხილავს გამგეობის საფინანსო ორგანოს გაანგარიშებას შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ, შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ბ) განიხილავს, ამზადებს დასკვნას და თანამომხსენებლად გამოდის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვის, აგრეთვე ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვაზე;
გ) საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს ფრაქციის ან/და საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის გაგზავნილ შენიშვნებთან შესაბამისობის შესახებ;
დ) განიხილავს და ამზადებს დასკვნას გამგეობის საფინანსო ორგანოს მიერ საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 82-ე მუხლის შესაბამისად მომზადებული ბიუჯეტის ყოველთვიური და ყოველკვარტალური განწერის შესახებ;
ე) ყოველთვიურად განიხილავს გამგეობის საფინანსო ორგანოს მიერ საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 84-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მომზადებულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით წარმოდგენილ ანგარიშს; შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს;
ვ) განიხილავს საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 85-ე მუხლის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მომზადებულ ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან, რის შემდეგაც საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ზ) შეიმუშავებს წინადადებებს და დასკვნებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების ან/და გაუქმების, განაკვეთების განსაზღვრის, ასევე მათზე შეღავათების დადგენის შესახებ;
თ) შეიმუშავებს წინადადებებს და დასკვნებს ადგილობრივ ბიუჯეტში სარეზერვო ფონდის შექმნის და მისი განკარგვის წესების შესახებ; სამ თვეში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ინფორმაციას სარეზერვო ფონდის გამოყენების თაობაზე;
ი) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას თვითმმართველი ერთეულის მიერ სესხის ან გრანტის აღების, შესაბამისი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით;
კ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრის, აგრეთვე ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ ხელშეკრულების პროექტის თაობაზე;
ლ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებაზე;
მ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას გამგებლისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს;
ნ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს მიერ მისაღები ნორმატიული აქტების პროექტების შესაძლო შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშების მართებულობის შესახებ;
ო) განიხილავს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი აუდიტორული შემოწმების ანგარიშს და დასკვნას, აგრეთვე გამგებლის მიერ წარმოდგენილ ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; ნიშნავს საკრებულოს სხდომაზე კომისიიდან თანამომხსენებელს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისას;
პ) განიხილავს გამგებლის წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ჟ) ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს საკრებულოს დავალებებს.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები, კომისიის მოთხოვნით, ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
მუხლი 3🔗.
კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 28-ე მუხლით და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;
ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განსახილველად წარადგენს და საკრებულოს სხდომაზე დამტკიცების მიზნით საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს კომისიის დებულებას;
გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;
დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;
ე) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;
ვ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;
ზ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;
თ) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტების ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს; წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;
ი) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას;
კ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ლ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.
მუხლი 4🔗.
კომისიის საკონსულტაციო საბჭო
1. კომისიის საკონსულტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან.
2. კომისიის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას, მოწვეულ პირებთან შეთანხმებით, განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
3. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს, განიხილავს კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზებს.
მუხლი 5🔗.
კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიის და კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
2. კონკრეტული საკითხების მოსამზადებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არაუმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.