„საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენცია
მიღების თარიღი 06.11.2013
ძალაში შესვლა 26.07.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
ნომერი №45/5
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016262
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/08/2014
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | შვედეთის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | შვედეთის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენცია
კონვენცია
„საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“
საქართველოს მთავრობა და შვედეთის მთავრობა, სურთ რა, გააფორმონ კონვენცია შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
პირები, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია
1. ეს კონვენცია ვრცელდება პირებზე, რომლებიც არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით აღიარებული ფისკალურად გამჭვირვალე პირის მიერ ან მისი მეშვეობით მიღებული შემოსავალი, ჩაითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებულ შემოსავლად, რომელ სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობითაც შემოსავლების ეს სახე გაიგივებულია რეზიდენტის მიერ მიღებულ შემოსავალთან.
მუხლი 2🔗
გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია
1. ეს კონვენცია ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.
2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი, მთელი კაპიტალი, ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავლის ჩათვლით, და ასევე კაპიტალის აფასებით მიღებული შემოსავალი.
3. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია:
a) საქართველოს შემთხვევაში:
(i) მოგების გადასახადი;
(ii) საშემოსავლო გადასახადი; და
(iii) ქონების გადასახადი;
(შემდგომში „საქართველოს გადასახადი”).
b) შვედეთის შემთხვევაში:
(i) ეროვნული საშემოსავლო გადასახადი (den statliga inkomstskatten);
(ii) წყაროსთან დასაბეგრი გადასახადი დივიდენდებზე (kupongskatten);
(iii) არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადი (den sarskilda inkomstskatten for utomlands bosatta);
(iv) არარეზიდენტი ხელოვნების მუშაკებისა და სპორტსმენების საშემოსავლო გადასახადი (den särskilda inkomstskatten for utomlands bosatta artister m.fl.);
(v) მუნიციპალური საშემოსავლო გადასახადი (den kommunala inkomstskatten), და
(vi) წმინდა ქონების გადასახადი (den statliga förmögenhetsskatten)
(შემდგომში „შვედეთის გადასახადი”).
4. კონვენცია ასევე გავრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად ანალოგიურ გადასახადებზე, რომლებიც ამ კონვენციის ხელმოწერის შემდეგ დაწესდება მე-3 პუნქტში განსაზღვრული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთი სახელმწიფოების საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ.
მუხლი 3🔗
ზოგადი განსაზღვრებები
1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a) საქართველოს ტერიტორია ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
b) ტერმინი „შვედეთი” ნიშნავს შვედეთის სამეფოს და გეოგრაფიული მნიშვნელობის გამოყენებისას მოიცავს ეროვნულ ტერიტორიას, შვედეთის ტერიტორიულ წყლებს, ისევე, როგორც საზღვაო სივრცეს, რომლის მიმართ შვედეთი ახორცილებს თავის სუვერენულ უფლებებს ან იურისდიქციას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
c) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო” ნიშნავს საქართველოს ან შვედეთს, კონტექსტის შესაბამისად;
d) ტერმინი „პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;
e) ტერმინი „კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული;
f) ტერმინი „საწარმო” მოიცავს ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობის წარმართვას;
g) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და “მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
h) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, რომლის ექსპლოატაცია ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო და საჰაერო ხომალდის ექსპლოატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;
i) ტერმინი „ნაციონალური პირი” ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს:
(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალობა ან მოქალაქეობა; და
(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;
j) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:
(i) საქართველოს შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
(ii) შვედეთის შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს, მის უფლებამოსილ წარმომადგენელს ან ამ კონვენციის მიზნებისათვის განკუთვნილ კომპეტენტურ ორგანოს.
k) ტერმინი „ეკონომიკური საქმიანობა" მოიცავს პროფესიულ მომსახურებასა და დამოუკიდებელი ხასიათის მქონე ნებისმიერ საქმიანობას.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ კონვენციის მიზნებისთვის ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს კონვენცია. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამართლებრივი ნორმებით.
მუხლი 4🔗
რეზიდენტი
1. ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, მართვის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე და ასევე მოიცავს ამ სახელმწიფოსა და მის სამთავრობო სტრუქტურულ დანაყოფს, პოლიტიკურ ქვედანაყოფს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს. ეს ტერმინი, ამასთან, არ მოიცავს პირს, რომელიც ამ სახელმწიფოში დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ მასში არსებული წყაროდან ან იქ განთავსებული კაპიტალიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:
a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);
b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არც ერთ ამ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;
c) თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც წარმოადგენს;
d) თუ ის არის ორივე სახელმწიფოს ან არ არის არც ერთი მათგანის ნაციონალური პირი, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, გარდა ფიზიკური პირისა, არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები საკითხს მოაწესრიგებენ ორმხრივი შეთანხმებით.
მუხლი 5🔗
მუდმივი დაწესებულება
1. ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.
2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” ძირითადად მოიცავს:
a) მართვის ადგილს;
b) ფილიალს;
c) ოფისს;
d) ფაბრიკას;
e) სახელოსნოს და
f) მაღაროს, ნავთობის, ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.
3. სამშენებლო მოედანი ან კონსტრუქცია, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი, ან მათთან დაკავშირებული საზედამხედველო საქმიანობა მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის არსებობს 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” არ მოიცავს:
a) შენობა-ნაგებობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან დანიშნულების ადგილამდე მიტანის მიზნით;
b) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მარაგის დასაწყობებას, მხოლოდ მარაგად შენახვის, დანიშნულების ადგილამდე მიტანის ან დემონსტრირების მიზნით;
c) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მარაგების შენახვას, მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;
d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ შესყიდვის ან მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;
f) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ, მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებულ საამწყობო ობიექტს, რომელიც დაკავშირებულია მანქანა-დანადგარების დანიშნულების ადგილამდე მიტანასთან;
g) ფიქსირებული ადგილის ამ პუნქტის a) - f) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა ნებისმიერი ერთობლიობისათვის გამოყენებას, იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირებული ადგილის საქმიანობის ამგვარი ერთობლიობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის.
5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტისა, მოქმედებს საწარმოს სახელით, აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, მაშინ ეს საწარმო ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით განიხილება ამ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ამ პირის საქმიანობა არ შემოიფარგლება მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობებით, რომელიც, ამავე პუნქტის დებულებების შესაბამისად, ამ საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში არ გადააქცევს საქმიანობის ასეთ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად.
6. საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ სახელმწიფოში საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.
7. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან რომელიც საქმიანობას ახორციელებს მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად.
მუხლი 6🔗
შემოსავალი უძრავი ქონებიდან
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ტერმინს „უძრავი ქონება” ექნება ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათის ქონებას, სასოფლო და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ პირუტყვსა და მოწყობილობებს, უფლებებს, რომლებზეც ვრცელდება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები, შენობებს, უძრავი ქონების უზუფრუქტსა და უფლებებს, რომლებიც წარმოადგენენ ცვლადი ან ფიქსირებული ანაზღაურებების კომპენსაციას მინერალური წიაღისეულის, საბადოების და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისთვის ან დამუშავების უფლებისთვის. საზღვაო და საჰაერო ხომალდები უძრავ ქონებად არ განიხილება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებზე.
4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებები ვრცელდება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებზე.
მუხლი 7🔗
მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.
2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, იმ საწარმოს მიმართ სრულიად დამოუკიდებელი მოქმედებით, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც ის წარმოადგენს.
3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია მუდმივი დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების გამოქვითვა, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, რომელშიც განთავსებულია მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.
4. მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება მოგება ამ მუდმივი დაწესებულების მიერ საწარმოსათვის საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ შეძენის საფუძველზე.
5. წინა პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულებისათვის მისაკუთვნებელი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იგივე მეთოდით, თუ არ არის სხვაგვარად განსაზღვრის რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი მიზეზი.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ისეთ სახეობებს, რომლებიც ამ კონვენციის სხვა მუხლებში ცალკეა განხილული, მაშინ ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებს იმ მუხლების დებულებებზე.
მუხლი 8🔗
საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი
1. საერთაშორისო გადაზიდვებში, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საზღვაო და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. საჰაერო სატრანსპორტო კონსორციუმის „სკანდინავიის ავიახაზების სისტემის” (SAS) მიერ მიღებული მოგების მიმართ, პირველი პუნქტის დებულებები გავრცელდება მოგების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც შეესაბამება ამ კონსორციუმში შვედური პარტნიორის წილობრივ მონაწილეობას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ასევე ვრცელდება პულში, ერთობლივ საქმიანობაში ან საერთაშორისო საოპერაციო სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობით მიღებულ მოგებაზე.
მუხლი 9🔗
ურთიერთდამოკიდებული საწარმოები
1. იმ შემთხვევაში როდესაც:
a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან
b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოსა და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთობებში შექმნილი ან დაწესებული პირობები განსხვავდება იმ პირობებისაგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდა ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც ამ პირობების არ არსებობის შემთხვევაში წარმოეშვებოდა რომელიმე მათგანს, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და შესაბამისად გადასახადით ბეგრავს იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლება დარიცხვოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუ ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების განსაზღვრის დროს სათანადო წესით უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ კონვენციის სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს.
მუხლი 10🔗
დივიდენდები
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ამგვარი დივიდენდები შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს შიდაკანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს:
a) დივიდენდების საერთო რაოდენობის 0 პროცენტს, თუ ბენეფიციური მფლობელი არის კომპანია (ან ამხანაგობა), რომელიც ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის სულ მცირე 10 პროცენტს;
b) დივიდენდების საერთო რაოდენობის 10 პროცენტს, ყველა სხვა შემთხვევაში.
ეს პუნქტი არ გავრცელდება კომპანიის იმ მოგებების დაბეგვრაზე, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.
3. ამ მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი “დივიდენდი” ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ მოგებაში მონაწილე სავალო მოთხოვნებს, ასევე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.
5. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს შემოსავალს ან მოგებას, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას გადასახადი დააკისროს გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისთვის, ან როდესაც ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას. მეორე სახელმწიფოს ასევე არ შეუძლია დაბეგროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან.
მუხლი 11🔗
პროცენტი
1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი პროცენტი, რომლის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ტერმინი “პროცენტი” ამ მუხლის მიზნებისთვის ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად. კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და შემოსავალს ობლიგაციებიდან ან სავალო ვალდებულებებიდან მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე პროცენტად არ განიხილება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სავალო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ხდება პროცენტის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.
4. თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, პროცენტის თანხა, იმ სავალო ვალდებულების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინებით.
მუხლი 12🔗
როიალტი
1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი როიალტი დაიბეგრება მხოლოდ იმ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს როიალტის ბენეფიციური მფლობელი.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის ტერმინი „როიალტი” ნიშნავს გადახდის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ნებისმიერ ლიტერატურულ, ხელოვნების ან მეცნიერულ ნამუშევარზე, კინემატოგრაფიული ფილმებისა და ტელევიზის ან რადიომაუწყებლობის ჩანაწერების ჩათვლით, საავტორო უფლებით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისათვის, ნებისმიერი პატენტის, სასაქონლო ნიშნის, პროექტის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ასევე სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული გამოცდილების შემცველი ინფორმაციით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისთვის.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.
4. თუ გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომლის საფუძველზე ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინებით.
მუხლი 13🔗
შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) გასხვისებიდან მიღებული ასეთი შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ, საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო და საჰაერო ხომალდების, ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული შემოსავალი დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
საჰაერო სატრანსპორტო კონსორციუმის „სკანდინავიის ავიახაზების სისტემის” (SAS) მიერ მიღებული შემოსავლების მიმართ, პირველი პუნქტის დებულებები გავრცელდება შემოსავლების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც შეესაბამება ამ კონსორციუმში შვედური პარტნიორის წილობრივ მონაწილეობას.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ აქციების გასხვისებით მიღებული შემოსავალი, რომლის ღირებულების 50%-ზე მეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოიშვება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
5. ამ მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.
6. მიუხედავად მე-5 პუნქტის დებულებებისა, შემოსავლები ქონების გასხვისებიდან, მიღებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისაგან, რომელიც შემდგომში გახდა მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, შეიძლება დაიბეგროს პირველადხსენებულ სახელმწიფოში, თუ ქონების გასხვისება განხორციელდა, პირის მიერ პირველადხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტობის შეწყვეტის შემდეგ ათი წლის განმავლობაში.
მუხლი 14🔗
შემოსავალი დაქირავებით მუშაობიდან
1. ამ კონვენციის მე-15, მე-17 და მე-18 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებით მუშაობა არ განხორციელებულა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:
a) ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდით, ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ ფისკალურ წელს, და
b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ, ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს, და
c) ანაზღაურების ხარჯის მატარებელი არ არის მუდმივი დაწესებულება, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.
3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში გამოყენებულ საზღვაო ან საჰაერო ხომალდებზე დაქირავებით მუშაობით მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოში. შვედეთის რეზიდენტის მიერ საჰაერო სატრანსპორტო კონსორციუმის „სკანდინავიის ავიახაზების სისტემის” (SAS) საერთაშორისო გადაზიდვებში გამოყენებულ საჰაერო ხომალდზე დაქირავებით მუშაობით მიღებული ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ შვედეთში.
მუხლი 15🔗
დირექტორთა ჰონორარები
დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
მუხლი 16🔗
ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
1. მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი, ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.
3. პირველი და მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება ხელშემკვრელ სახელმწიფოში ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის მიერ განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის მიმართ, თუ ამ სახელმწიფოში ვიზიტის დაფინანსება ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საჯარო ფონდებიდან. ასეთ შემთხვევაში, შემოსავალი იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი.
მუხლი 17🔗
პენსიები, ანუიტეტები და მსგავსი გადახდები
1. სოციალური დაცვის კანონმდებლობის ფარგლებში გაცემული პენსიები და ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისთვის გადახდილი ანუიტეტები შეიძლება დაიბეგროს პირველადხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
2. ტერმინი „ანუიტეტი” ნიშნავს თანხის დადგენილ ოდენობას, რომლის გადახდა ხდება პერიოდულად, განსაზღვრულ დროს სიცოცხლის განმავლობაში, ან დროის გარკვეული ან დადგენილი პერიოდის მანძილზე, იმ პირობით, რომ გადახდის სანაცვლოდ მოხდება მისი ადეკვატური და სრული კომპენსაცია ნაღდი ფულით, ან შესაბამისი ფასეულობით.
მუხლი 18🔗
საჯარო სამსახური
1. a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, გარდა პენსიისა, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს:
(i) არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი; ან
(ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.
2. ამ კონვენციის მე-14, მე-15 და მე-16 მუხლების დებულებები ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ანაზღაურებაზე.
მუხლი 19🔗
სტუდენტები
1. ანაზღაურება, მიღებული სტუდენტის ან სტაჟიორის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თუ იგი განკუთვნილია მხოლოდ მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არ დაიბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ დაფინანსების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.
2. დაქირავებით მუშაობიდან მიღებულ ანაზღაურებაზე, გრანტებსა და სტიპენდიებზე, რომლებზეც არ ვრცელდება პირველი პუნქტი, სტუდენტზე ან სტაჟიორზე სწავლის ან სტაჟირების პერიოდში გავრცელდება იგივე შეღავათები, გადასახადისგან გათავისუფლებისა და შემცირების სახით, რაც იმ სახელმწიფოს რეზიდენტზე, რომელსაც ის ეწვევა, თუ სტუდენტი ან სტაჟიორი ამ სახელმწიფოში რჩება ექვს თვეზე მეტი ხნით.
მუხლი 20🔗
სხვა შემოსავლები
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლების სახეები, რომლებიც არ არის განხილული ამ კონვენციის წინა მუხლებში, მათი წარმოშობის ადგილის მიუხედავად, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. პირველი პუნქტის დებულებები არ გავრცელდება შემოსავლებზე, გარდა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისა, თუ ასეთი შემოსავლების მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც ხდება შემოსავლის გადახდა, რეალურად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.
მუხლი 21🔗
კაპიტალი
1. კაპიტალი, წარმოდგენილი მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონებით, რომელსაც ფლობს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც მდებარეობს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. კაპიტალი, წარმოდგენილი მოძრავი ქონებით, რომელიც ქმნის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ ექსპლოატირებული საზღვაო და საჰაერო ხომალდებით, ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
საჰაერო სატრანსპორტო კონსორციუმის “სკანდინავიის ავიახაზების სისტემის” (SAS) მიერ მფლობელობაში არსებული კაპიტალის მიმართ, პირველი პუნქტის დებულებები გავრცელდება კაპიტალის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც შეესაბამება ამ კონსორციუმში შვედური პარტნიორის წილობრივ მონაწილეობას.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირის კაპიტალის დაბეგვრის უფლება მხოლოდ ამ სახელმწიფოს გააჩნია, ასეთი კაპიტალი შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წმინდა კაპიტალი პირველად ხსენებული სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით არ ექვემდებარება დაბეგვრას წმინდა კაპიტალზე.
მუხლი 22🔗.
ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა
1. a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ კონვენციის დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს შვედეთში, საქართველო დაუშვებს:
(i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც შვედეთში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;
(ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც შვედეთში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.
ასეთი გამოქვითვა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ შემოსავალსა და კაპიტალზე საქართველოში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით.
b) თუ ამ კონვენციის ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.
2. შვედეთის შემთხვევაში, ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა განხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
a) თუ შვედეთის რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც საქართველოს შიდაკანონმდებლობის და ამ კონვენციის დებულებების შესაბამისად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, შვედეთი დაუშვებს, უცხოურ გადასახადზე შეღავათის მინიჭების შესახებ, შიდაკანონმდებლობის დებულებების მიხედვით (რომელიც შესაძლებელია დროდადრო შეიცვალოს არსებითი ცვლილებების გარდა) შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.
b) როდესაც შვედეთის რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ კონვენციის დებულებების თანახმად უნდა დაიბეგროს საქართველოში, შვედეთი, გადასახადის დადგენისას, მხედველობაში მიიღებს შემოსავალს, რომელიც დაიბეგრება საქართველოში.
c) ამ პუნქტის a) ქვეპუნქტის დებულებების მიუხედავად, საქართველოს რეზიდენტი კომპანიის მიერ შვედეთის რეზიდენტი კომპანიისათვის გადახდილი დივიდენდები, უცხოური კომპანიის მიერ შვედური კომპანიისათვის გადახდილი დივიდენდების გათავისუფლების შესახებ შვედეთის შიდაკანონმდებლობის შესაბამისად გათავისუფლდება შვედეთის გადასახადისგან.
d) როდესაც შვედეთის რეზიდენტი ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ კონვენციის დებულებების შესაბამისად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, შვედეთი დაუშვებს ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში გადახდილი გადასახადის ტოლია. ამასთან, ამგვარი გამოქვითვა არ უნდა აჭარბებდეს კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოანგარიშებული იყო გამოქვითვამდე და რომელიც დაკავშირებულია კაპიტალის იმ ნაწილთან, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოში.
მუხლი 23🔗
დისკრიმინაციის თავიდან აცილება
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში. ეს დებულება, ამ კონვენციის პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.
2. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში კუთვნილი მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა არ უნდა განხორციელდეს ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში, ვიდრე იმ საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ანალოგიურ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე სახელმწიფოში. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ის ხელშემკვრელ სახელმწიფოს ავალდებულებდეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტების რომელიმე გადასახადისგან გათავისუფლებას, მათთვის რაიმე საგადასახადო შეღავათის მინიჭებას ან გადასახადის შემცირებას მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.
3. იმ შემთხვევების გარდა, რომლებზეც ამ კონვენციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის ან მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დებულებები ვრცელდება, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი ან სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იგივე პირობით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტთან მიმართებაში. ანალოგიურად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერი დავალიანება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ, ამ საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნით, ექვემდებარება იგივე პირობებით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის შემთხვევაში.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომელთა კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის, ან პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.
5. მიუხედავად მე-2 მუხლისა, ამ მუხლის დებულებები ვრცელდება ნებისმიერი სახისა და ფორმის გადასახადებზე.
მუხლი 24🔗
ურთიერთშეთანხმების პროცედურა
1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ კონვენციის დებულებების შეუსაბამოდ, მას შეუძლია ამ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობებით გათვალისწინებული ზომებისგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს; ან, თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება ამ კონვენციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ სახელმწიფოში, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს ამ კონვენციის დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში.
2. თუ კომპეტენტური ორგანო განცხადებას ჩათვლის დასაბუთებულად და არ შეუძლია საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა დამოუკიდებლად, უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი ამ კონვენციის დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული დროში შეზღუდვების მიუხედავად.
3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან გაუგებრობა, რომლებიც წარმოიშობა ამ კონვენციის განმარტების ან გამოყენების დროს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, მათ აგრეთვე შეუძლიათ ერთმანეთთან კონსულტაციების წარმოება ამ კონვენციის გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც.
4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, წინა პუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეუძლიათ იქონიონ ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი.
მუხლი 25🔗
ინფორმაციის გაცვლა
1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გაცვალონ ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ საჭირო იქნება ამ კონვენციის დებულებების შესრულების ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირების ან გატარების მიზნით, ხელშემკვრელი სახელმწიფოების ან მათი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებთან მიმართებაში, რომლებით დაბეგვრა არ მოდის წინააღმდეგობაში ამ კონვენციასთან. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული ამ კონვენციის პირველი და მეორე მუხლებით.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ, ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათზე წვდომა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უწყებებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების შეფასება ან შეგროვება, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო წარმოება ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებსაც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტი ან ზემოაღნიშნულის ზედამხედველობა. ეს პირები ან უწყებები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:
a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას და ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;
c) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან საქმიანი პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკის უსაფრთხოებას (საზოგადოებრივ წესრიგს).
4. თუ ამ მუხლის შესაბამისად ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო მოითხოვს ინფორმაციას, მეორე ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს მის ხელთ არსებული ზომები მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიებისათვის, მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა მეორე სახელმწიფოს ეს ინფორმაცია თავისი საგადასახადო მიზნებისათვის. წინა წინადადებაში ჩამოყალიბებულ ვალდებულებაზე გავრცელდება მე-3 პუნქტის შეზღუდვები, მაგრამ ეს შეზღუდვები არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მეორე სახელმწიფოს ეს ინფორმაცია არ ესაჭიროება შიდასახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის.
5. მე-3 პუნქტის დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ინფორმაცია ბანკის, სხვა ფინანსური ინსტიტუტის, აგენტის ან მინდობილი მესაკუთრის განკარგულებაშია ან იგი დაკავშირებულია პირის საკუთრების უფლების ინტერესებთან.
მუხლი 26🔗
შეღავათით სარგებლობის შეზღუდვები
ამ კონვენციის დებულებების მიუხედავად, როდესაც
a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია შემოსავალს იღებს ძირითადად სხვა სახელმწიფოებიდან,
(i) ისეთი საქმიანობიდან, როგორიცაა საბანკო, საზღვაო, ფინანსური ან სადაზღვეო, ან
(ii) ადმინისტრაციული მომსახურების გამწევი ან კომპანიების ჯგუფთან დამხარე სათავო ოფისი, საკოორდინაციო ცენტრი ან მსგავსი ერთეული, რომელიც საქმიანობას აწარმოებს ძირითადად მეორე სახელმწიფოში;
b) ამგვარი შემოსავალი ამ სახელმწიფოს შიდაკანონმდებლობით დაიბეგრება შედარებით დაბალი განაკვეთებით, ვიდრე ამ სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ან ადმინისტრაციული მომსახურების გამწევი ან კომპანიების ჯგუფთან დამხარე სათავო ოფისი, საკოორდინაციო ცენტრი ან მსგავსი ერთეული, რომელიც საქმიანობას აწარმოებს ძირითადად მეორე სახელმწიფოში, შესაბამისად.
ამ კონვენციის დებულებები, რომლებიც ეხება გადასახადისგან გათავისუფლებას ან შემცირებას, არ გავრცელდება კომპანიის შემოსავალზე და მის მიერ გადახდილ დივიდენდზე.
მუხლი 27🔗
დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და
საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები
ეს კონვენცია გავლენას ვერ მოახდენს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებზე, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების ან სპეციალური შეთანხმებების დებულებების საფუძველზე.
მუხლი 28🔗
ძალაში შესვლა
1. თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო დიპლომატიური არხების საშუალებით ერთმანეთს წერილობით აცნობებს ამ კონვენციის ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.
2. ეს კონვენცია ძალაში შედის უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ოცდამეათე დღეს და იმოქმედებს:
a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ გადახდილ ან დარიცხულ თანხებზე, რომელიც მიღებული იქნა ამ კონვენციის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.
b) შემოსავალებსა და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ კონვენციის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.
მუხლი 29🔗
მოქმედების შეწყვეტა
ეს კონვენცია ძალაშია, ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს კონვენციის მოქმედება, კონვენციის შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით, ნებისმიერი კალენდარული წლის ბოლომდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე. ასეთ შემთხვევაში კონვენცია წყვეტს მოქმედებას:
a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ გადახდილ ან დარიცხულ თანხებზე, რომელიც მიღებული იქნა შეტყობინების მიღების წლის ბოლომდე ექვსი თვით ადრე;
b) შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება შეტყობინების მიღების წლის ბოლომდე ექვსი თვით ადრე.
რის დასტურადაც ამ კონვენციას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია 2013 წლის 6 ნოემბერს, ქ. თბილისში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, შვედურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
შვედეთის მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
ოქმი
საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” კონვენციის ხელმოწერის დროს ხელშემკვრელი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენენ კონვენციის განუყოფელ ნაწილს:
ამ კონვენციასთან მიმართებაში:
საქართველოს შემთხვევაში ტერმინი „პოლიტიკური ქვედანაყოფები” ან ,,ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები’’ ნიშნავს ,,ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს და ხელისუფლების თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს”;
რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია 2013 წლის 6 ნოემბერს, ქ. თბილისში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, შვედურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
შვედეთის მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)