განჩინება შპს „მერქსი“-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/8772-14
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2014 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „მერქსი” (ს/ნ 203862061)
წარმომადგენელი: შპს ”მერქსის” (ს/ნ 203862061) დირექტორი მზევინარ მახარაძე
მოთხოვნა: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „მერქსის” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 28 მაისს განცხადებით მომართა შპს „მერქსის” (ს/ნ 203862061) დირექტორმა მზევინარ მახარაძემ და მოითხოვა შპს „მერქსის” გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
შპს „მერქსი” (ს/ნ 203862061) წარმოადგენს მზევინარ მახარაძის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. განმცხადებლის მითითებით, შპს ”მერქსის” კრედიტორი არის სსიპ – შემოსავლების სამსახური, რომლის მიმართაც გააჩნია დავალიანება ძირითადი თანხა 33 861,43 (ოცდაცამეტი ათას რვაას სამოცდაერთი მთელი ორმოცდასამი მეასედი) ლარი და საურავი 47 803,16 (ორმოცდაშვიდი ათას რვაას სამი მთელი თექვსმეტი მეასედი) ლარი. კომპანიას შემოსავლების სამსახურის მიმართ გააჩნია ზედმეტობა 2 408,67 (ორი ა თას ოთხას რვა მთელი სამოცდაშვიდი მეასედი) ლარი. შესაბამისად, დავალიანება ჯამურად შეადგენს 79 255,92 (სამოცდაცხრამეტი ათას ორას ორმოცდათხუთმეტი მთელი ოთხმოცდაცხრამეტი მეასედი) ლარს. განმცხადებლის მითითებით, საწარმოს უკვე ექვსი წელია შეწყვეტილი აქვს საქმიანობა და არ გააჩნია ვადამოსული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. განმცხადებლის მითითებით, 2014 წლის 19 მაისის მდგომარეობით შპს „მერქსის” სახელზე არც მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და არც უძრავი ქონება არ ირიცხება. დღეის მდგომარეობით კომპანიას საბანკო ანგარიშზე თანხა არ აქვს. მოვალეს არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს ვადამოსული მოთხოვნები და, ამასთან, უზრუნველყოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისათვის საჭირო საპროცესო ხარჯის დაფარვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 02 ივნისის განჩინებით, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „მერქსს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით და მოეთხოვათ შპს „მერქსის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყება და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იქნებოდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 ივნისის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 4 ივნისს, ამავე დღეს განჩინება ჩაბარდა ასევე კრედიტორის – შემოსავლების სამსახურს. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შპს „მერქსის” კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს „მერქსის” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს „მერქსის” გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მერქსი” (ს/კ 203862061) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. მოვალე შპს „მერქსს” (ს/კ 203862061) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე