აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.07.2014
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016154
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.07.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2014 წლის 29 ივლისი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ბ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის დებულება თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №16 დადგენილება ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ”.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის დებულება
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება–მოვალეობებს.
მუხლი 1🔗.
კომისიის სტატუსი
1. აგრარულ და მიწის საკითხთა კომისია (შემდგომ ,,კომისია') წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი', საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. კომისია იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.
4. კომისიის საქმიანობის წესი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით
მუხლი 2🔗.
კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია:
ა) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებსა და დასკვნებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად (გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა სპეციალური ზონების) დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ;
ბ) განიხილავს თვითმმართველი ერთეულის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს;
გ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ;
დ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დასახლებებში ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაცის შესახებ;
ე) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის, გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ;
ვ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმას;
ზ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სარგებლობის შესახებ;
თ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამებს;
ი) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და წყლის რესურსების მართვის წესების დადგენის შესახებ;
კ) ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
მუხლი 3🔗.
კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე და საკრებულოს რეგლამენტის 26-ე, 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;
ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;
გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;
დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;
ე) ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს;
ვ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;
ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;
თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;
ი) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ–სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;
კ) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას;
ლ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
მ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ნ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ–ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არ არსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება–მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.
მუხლი 4🔗.
კომისიის სამუშაო ჯგუფები
1. კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან იქმნება სამუშაო ჯგუფები.
2. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამოდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი.
3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავის უფლებამოსილების ფარგლებში განიხილონ და მოამზადონ კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები.
მუხლი 5🔗.
კომისიის საკონსულტაციო საბჭოები
1. კომისიის საკონსულტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან.
2. კომისიის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
3. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს. განიხილავს კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტის შესაძლო გზებს.
მუხლი 6🔗.
კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიის, მისი სამუშაო ჯგუფების ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არა უმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.