საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.08.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №588
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.016341
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.08.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე | შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№588
2014 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე,ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
1. ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის „რ-ღ“ ქვეპუნქტების და მე-11 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, მე-9 მუხლის „რ-ღ“ ქვეპუნქტები და მე-11 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან..
შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მიგრაციის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
მიგრაციის დეპარტამენტის კომპეტენცია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიგრაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებები, წინამდებარე დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის საქმიანობის პრინციპები
დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება კანონიერების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პირის პატივისა და ღირსების, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპების დაცვას.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის სფერო
1. დეპარტამენტი თანამშრომლობს სამინისტროს სისტემის შესაბამის დანაყოფებთან, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
2. დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე, ასევე განახორციელოს ინფორმაციის გაცვლა უცხო ქვეყნის სახელმწიფო უწყებებთან.
თავი II
დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
მუხლი 5🔗.
დეპარტამენტის საქმიანობა და ამოცანები
დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანებია:
ა) ქვეყნის შიგნით კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენისა და იდენტიფიცირების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა გაძევების განხორციელება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია;
დ) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
ზ) მონიტორინგი დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი უცხოელებისათვის მათი კანონიერი უფლებების რეალიზაციის მიზნით;
თ) დროებითი განთავსების ცენტრის მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ი) საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ტრანსპორტირების/გადაყვანის უზრუნველყოფა;
კ) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული, მის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
მუხლი 6🔗.
დეპარტამენტის დირექტორი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ან უფლებას ანიჭებს შესაბამის პირს დეპარტამენტის წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
გ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს;
დ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისთვის იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის კომპეტენციას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას სამინისტროს სისტემის სხვა დანაყოფებთან;
ზ) ამზადებს წინადადებებს სამინისტროს ოპერატიულ თათბირზე განხილვისათვის;
თ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს;
ი) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
კ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას;
ლ) ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗.
დირექტორის მოადგილე/მოადგილეები
1. დირექტორს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე.
2. დირექტორის მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალ საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებს.
3. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მისივე დავალებით, მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 8🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო;
ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) დროებითი განთავსების ცენტრი (სამმართველო);
დ) საორგანიზაციო განყოფილება.
მუხლი 9🔗.
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო:
ა) მართავს კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენის სისტემას;
ბ) გადასცემს ინფორმაციას სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ან/და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილ პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების/ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
გ) ახორციელებს დაკავებული პირის იდენტიფიცირებას;
დ) თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და საჭიროების შემთხვევაში მათგან გამოითხოვს ინფორმაციას თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე;
ე) ახორციელებს შესაბამის გადამყვან კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და კოორდინაციას;
ვ) მიმართავს შუამდგომლობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არაიდენტიფიცირებადი უცხოელისათვის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემისა და გაუქმების თაობაზე;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთათვის ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას;
თ) დირექტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს იმ მოსამსახურეებს, რომლებიც განახორციელებენ დროებითი განთავსების ცენტრიდან უცხოელის ტრანსპორტირებას/გადაყვანას;
ი) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ცენტრში მომუშავე მოსამსახურეებთან, ცენტრში განთავსებულ პირებთან არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე შესაბამისი უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების შეხვედრების ორგანიზებას;
კ) მოიპოვებს ინფორმაციას საინფორმაციო ბაზებში გაძევებას დაქვემდებარებული პირის შესახებ და ამოწმებს შესაბამის მტკიცებულებათა უტყუარობას;
ლ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი დანაყოფის მეშვეობით გადაამოწმებს ინფორმაციას შესაბამის დაწესებულებებში ან მოქალაქეთა საცხოვრებელ ადგილებზე;
მ) უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების დამუშავებასა და ანალიზს;
ნ) სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ამზადებს უკანონო მიგრაციის ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ დოკუმენტებს;
ო) მონაწილეობას იღებს სახელმწიფო უწყებებთან ერთად საქართველოს მიგრაციის პროფილის შემუშავებაში;
პ) ახორციელებს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ინფორმირებას ქვეყანაში სამიგრაციო წესების შესახებ, უზრუნველყოფს ცხელი ხაზის მომსახურებას;
ჟ) ამზადებს გაძევების იძულებითი აღსრულების შესახებ დეტალურ ანგარიშს დეპარტამენტის დირექტორის სახელზე;
რ) განიხილავს გაძევების ან გაძევების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას და ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტებს;
ს) ორგანიზებას უწევს იძულებით გაძევებას;
ტ) თანამშრომლობს საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობებთან რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრების ორგანიზებისა და სარეინტეგრაციო პროგრამებში რეადმისირებული პირის ჩართვის მიზნით;
უ) უზრუნველყოფს რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში მიღებული სატრანზიტო განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით შესაბამისი საფუძვლების გამოკვლევასა და დადგენას;
ფ) ახორციელებს საქართველოში რეადმისიით დაბრუნებული პირების ვინაობის შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) შესაბამისი ბაზების შექმნასა და წარმოებას;
ქ) უზრუნველყოფს შეცდომით განხორციელებული რეადმისიის შემთხვევაში რეადმისიით დაბრუნებული პირის რეადმისიის განაცხადის წარმდგენ სახელმწიფოში დაბრუნებას;
ღ) ამზადებს რეადმისიის განაცხადს და აგზავნის შესაბამის ქვეყანაში;
ყ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 10🔗.
სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო
სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) ახორციელებს უცხოელთა გაძევების ან გაძევების გადავადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ვიზირებას;
ბ) შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს უცხოელის გაძევების ან/და მისი დროებითი განთავსების ცენტრში გადაყვანის თაობაზე;
გ) უზრუნველყოფს უცხოელის მიერ გაძევების გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოში დეპარტამენტის წარმომადგენლობას;
დ) იცავს დეპარტამენტის ინტერესებს სასამართლოში დეპარტამენტის დირექტორის მიერ მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე;
ე) უზრუნველყოფს მიგრაციის დეპარტამენტის სამართლებრივი ბაზის მომზადებასა და შემდგომ განვითარებას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით;
ზ) ამზადებს შესაბამის დასკვნებს მიგრაციის დეპარტამენტში შემოსულ მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების თაობაზე;
თ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას;
ი) ახორციელებს კონტროლს უცხოელთა დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების კანონიერების თაობაზე;
კ) საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივ კონსულტაციას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელებს;
ლ) კონტროლს უწევს განთავსების ცენტრში მყოფი უცხოელების უფლებების რეალიზებას და რეაგირებს შესაბამის დარღვევებზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ატყობინებს სამინისტროს ან სხვა სახელმწიფო უწყების კომპეტენტურ დანაყოფებს;
მ) განიხილავს ცენტრში განთავსებული უცხოელების მხრიდან წარდგენილ განცხადებებს/საჩივრებს მათი უფლებების დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 11🔗.
დროებითი განთავსების ცენტრი (სამმართველო)
დროებითი განთავსების ცენტრი:
ა) ახორციელებს ცენტრის შიდა პერიმეტრის დაცვის ღონისძიებებს;
ბ) უზრუნველყოფს დროებითი განთავსების ცენტრის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებას;
გ) უზრუნველყოფს ვიზიტორების გაცილებას შეხვედრების ოთახში და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს მათ ვიზუალურ კონტროლს;
დ) უზრუნველყოფს ცენტრის ვიზიტორების უსაფრთხოებას;
ე) უზრუნველყოფს დროებითი განთავსების ცენტრში მოქმედი რეჟიმის დაცვას, მასში განთავსებულ უცხოელებზე მეთვალყურეობას და უცხოელის მიერ წესრიგის დარღვევის შემთხვევაში ახორციელებს შესაბამის რეაგირებას;
ვ) უზრუნველყოფს ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას;
ზ) ახორციელებს უცხოელის მიღებასთან, გადაცემასთან, გაგზავნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ცენტრის ტერიტორიაზე;
თ) გეგმავს და ახორციელებს უცხოელის მიერ ცენტრში ყოფნის დროს შესრულებული აქტივობების შინაგანაწესთან შესაბამისობის შემოწმებას;
ი) ახორციელებს ცენტრში განთავსებულ უცხოელთა თავისუფალ სივრცეში გასეირნების ორგანიზებასა და მონიტორინგს;
კ) უზრუნველყოფს უცხოელთა მიერ მათთვის განკუთვნილი სხვადასხვა მოწყობილობის, ტექნიკისა და პირადი გამოყენების ნივთების შესაბამისი მოხმარების მონიტორინგს;
ლ) იცავს სანიტარიულ ნორმებს;
მ) ახორვიელებს რეაგირებას ცენტრში წესრიგის დარღვევის, ქონების დაზიანებისა და განადგურების, ასევე ცენტრის უნებართვოდ დატოვების მცდელობის შემთხვევებთან დაკავშირებით;
ნ) ახორციელებს ცენტრის ტერიტორიაზე არსებული ინვენტარისა და ტექნიკური საშუალებების ზედამხედველობას;
ო) უზრუნველყოფს ვიზუალური მონიტორინგის სათვალთვალო და სიგნალიზაციის სისტემების გამართულ ფუნქციონირებას;
პ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ჟ) უზრუნველყოფს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ტრანსპორტირებას/გადაყვანას;
რ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 12🔗.
საორგანიზაციო განყოფილება
საორგანიზაციო განყოფილება:
ა) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში შემოსულ უცხოელთა რეგისტრაციას, მათი პირადი ნივთების აღრიცხვასა და შენახვას;
ბ) უზრუნველყოფს დაკავებულ უცხოელთან დაკავშირებით სამგზავრო დოკუმენტაციის წარმოებას;
გ) იღებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ უცხოელთა საჩივრებს, თხოვნებსა და განცხადებებს;
დ) აღრიცხავს დროებითი განთავსების ცენტრის ვიზიტორებს;
ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად შეიმუშავებს საგანმანათლებლო-საინტეგრაციო პროგრამებს უცხოელთათვის;
ვ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას ცენტრში განთავსებული უცხოელებისათვის.