უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.08.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №462
სარეგისტრაციო კოდი 130030000.10.003.018082
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 398 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №462 2014 წლის 4 აგვისტო ქ.თბილისი უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების თანდართული წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების წესი მუხლი 1🔗 უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის (შემდგომში - პირი) სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების პირობებს, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 2🔗 1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დასაშვებად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში პირი წარადგენს: ა) ანკეტას; ბ) ავტობიოგრაფიას; გ) პასპორტის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში, პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტის ასლს, რომელიც გამოიყენება მგზავრობისათვის ან/და ბინადრობის მოწმობის ასლს. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, პირი ვალდებულია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში წარადგინოს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმან(ებ)ი. 3. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის  განმახორციელებელი იურიდიული პირი, ამ დადგენილებით განსაზღვრული პირის მიმართ შემოწმების პროცედურის განხორციელების მიზნით, უზრუნველყოფს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 3🔗 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად, პირის შემოწმებას ახორციელებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. 2. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დასაშვებად, პირის შემოწმების დროს, დგინდება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობა ან არარსებობა, ასევე, პირთან დაკავშირებული ყველა მონაცემი, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს/წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფისათვის. მუხლი 4🔗 1. გადაწყვეტილება სახელმწიფო საიდუმლოებასთან პირის დაშვების მიზანშეწონილობის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ეგზავნება საქართველოს პრემიერ-მინისტრს. 2. სახელმწიფო საიდუმლოებასთან პირი დაიშვება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით. მუხლი 5🔗 1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუქმება შესაძლებელია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წერილის საფუძველზე, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების შექმნის ან გამოვლენის შემთხვევაში. 2. გადაწყვეტილებას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუქმების თაობაზე იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.   მუხლი 6🔗 სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებული პირი ვალდებულია: ა) არ გაახმაუროს სახელმწიფო საიდუმლოება, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა; ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული მოთხოვნები; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ თანამდებობის პირს აცნობოს გარემოებანი, რომლებიც ხელს უშლის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვაში.