„2013 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
მიღების თარიღი 01.08.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №2652-რს
სარეგისტრაციო კოდი 010100000.09.001.016230
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/08/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.08.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქუთაისი, 1 აგვისტო 2014 წ. N2652-რს | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„2013 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
„2013 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში დეტალურად არის ასახული 2013 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება. იგი მოიცავს სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრს, რომელთა შორისაა: სიცოცხლის უფლება; წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; სამართლიანი სასამართლოს უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება; აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება; გამოხატვის თავისუფლება; შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება; მიმოსვლის თავისუფლება; საკუთრების უფლება; შრომის უფლება; სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება; ჯანმრთელობის დაცვის უფლება; ბავშვის უფლებები; სათანადო საცხოვრისის უფლება; სოციალური უზრუნველყოფის უფლება.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მიმოხილულია ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ ორგანოებში; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, მათ შორის, პენიტენციარულ დაწესებულებებში, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში; ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში; ეროვნულ უმცირესობათა, ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა, კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ პირთა, რეპატრიანტთა, ეკომიგრანტთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა, თავშესაფრის მაძიებელთა და სხვა პირთა უფლებრივი მდგომარეობა.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს 2012 წელთან შედარებით მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები შეინიშნებოდა: ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში 2013 წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება იქნეს მიჩნეული სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რასაც წლების განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაცია ეხებოდა; მომზადდა და დამტკიცდა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია (2014−2020 წლებისთვის) და სრულდება მუშაობა შესაბამის სამოქმედო გეგმაზე; გაუმჯობესდა მდგომარეობა ინფორმაციის მრავალფეროვნებისა და მედიაგარემოს თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით − მედიაზე ზეწოლის ფაქტები არ დაფიქსირებულა; თუ წინა წლებში (2012 წლის შემოდგომამდე) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში წამებასა და სხვა არასათანადო მოპყრობას სისტემური ხასიათი ჰქონდა, 2013 წელს ამ მხრივ მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა − წამების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა; 2013 წელს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, საერთო სასამართლოებში აღდგა ფოტო-, ვიდეო- და აუდიოგადაღების შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობას; საგრძნობლად გაუმჯობესდა მდგომარეობა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების კუთხით; წინა წლებისაგან განსხვავებით, სამართალდამცველმა ორგანოებმა რეაგირება მოახდინეს და დაიწყეს გამოძიება ყველა ფაქტისა, რომლებშიც რელიგიური დაპირისპირების ნიშნები გამოიკვეთა. ანგარიშში აღნიშნულია სხვა დადებითი ტენდენციებიც.
საქართველოს სახალხო დამცველმა თავის ანგარიშში ხელისუფლების ორგანოებისთვის შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება.
საქართველოს პარლამენტი იზიარებს სახელმწიფო უწყებებისადმი მიმართულ რეკომენდაციებს და ადგენს:
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ:
ა) პატიმრის სასჯელაღსრულების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს პატიმრისათვის გადაყვანის საფუძვლისა და მიზეზის გაცნობა და შესაბამისი აქტის შედგენა, აგრეთვე პატიმრისათვის იმის განმარტება, რომ მას აქვს გადაყვანის შესახებ ბრძანების გასაჩივრების უფლება;
ბ) ყველა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოყოს შეხვედრების ოთახი, სადაც საქართველოს სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ნებისმიერ დროს შეხვდებიან პატიმარს ყოველგვარი მიყურადებისა და თვალთვალის გარეშე;
გ) შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ პატიმრის სხეულზე დაზიანების კვალის ფოტოგადაღების მეშვეობით დაფიქსირების სამართლებრივ პროცედურებთან დაკავშირებით;
დ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმრებს შეუქმნას იმგვარი საცხოვრებელი პირობები, რომლებიც არ ლახავს მათ ღირსებას და უზრუნველყოფს მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებას;
ე) უზრუნველყოს არასრულწლოვანი პატიმრების სრული იზოლაცია სრულწლოვანი პატიმრებისაგან;
ვ) სტამბოლის ოქმის შესაბამისად შეიმუშაოს და დანერგოს სხეულზე არსებული დაზიანების აღრიცხვის ახალი ფორმა, რომელშიც შესაძლებელი გახდება ასეთი დაზიანების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის შეტანა.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ:
ა) საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქეთა საქართველოდან გასვლის უფლება შეზღუდოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოს „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებაში ცვლილებების შეტანა და განსაზღვროს სისხლის სამართლის საქმის წარმოების საფუძვლით საკუთრების უფლებით სარგებლობისათვის ხელის შეშლის აღმკვეთი ღონისძიებების შეჩერების გონივრული ვადა;
გ) უზრუნველყოს 2012-2013 წლებში მომხდარი იმ ფაქტების სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება, რომლებშიც გამოიკვეთა რელიგიური დაპირისპირების ნიშნები;
დ) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების იმ ნაწილისთვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მოხსნა (განსაიდუმლოება), რომელიც გამოძიების წარმოების უფლებამოსილების განხორციელების წესს ადგენს;
ე) გამოიძიოს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულთათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტები;
ვ) გააძლიეროს მუშაობა ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, აგრეთვე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის თავიდან აცილების მექანიზმების დანერგვა და განხორციელება.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ:
ა) ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შეიმუშაოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების გაზრდას და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვის (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლი) ფარგლების გაფართოებას სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად;
ბ) უზრუნველყოს სხვადასხვა დროს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მდებარეობის საკითხების სისტემური გამოკვლევა და მათი საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
4. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ:
ა) უზრუნველყოს სიცოცხლის ხელყოფის, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება, რომლებშიც იკვეთება სამართალდამცველ პირთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ნიშნები;
ბ) გამოძიების თაობაზე ინფორმაცია საჯაროდ გაავრცელოს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვით;
გ) გაააქტიუროს 2007 წლის 7 ნოემბერს, 2009 წლის 6 მაისსა და 15 ივნისს და 2011 წლის 26 მაისს ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ფაქტების გამოძიება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად;
დ) 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ პირთა საქმეების გამოძიების წარმართვისას დაიცვას დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების ყველა პრინციპი;
ე) 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების დროს და შემდგომ პერიოდში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულთა საქმეების, მათ შორის, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საქმეების, გამოძიება წარმართოს სწრაფად და ეფექტიანად;
ვ) გონივრულ ვადაში გამოიძიოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად მასალების მოპოვების ფაქტები;
ზ) წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების გამოძიება წარმართოს სწრაფად და ეფექტიანად, დამნაშავეთა გამოვლენისა და მსხვერპლთა რეაბილიტაციის მიზნით;
თ) გამოიძიოს ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლის ყველა ფაქტი.
5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს მოსამართლეთა მიერ ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომებზე, რათა საქმეების განხილვა არ გაჭიანურდეს და უზრუნველყოფილ იქნეს დროული და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება;
ბ) უზრუნველყოს მოსამართლეთა პერიოდული გადამზადება ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და სასამართლო გადაწყვეტილებებში მათი ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინების მიზნით.
6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ:
ა) კერძო საკუთრებაში მყოფ ობიექტებში მცხოვრებ დევნილებს უმოკლეს ვადაში გამოუყოს ალტერნატიული ფართობები კერძო მესაკუთრეთა საკუთრების უფლების დაცვის მიზნით;
ბ) პრიორიტეტი მიანიჭოს დევნილთა იმ შენობებიდან გამოსახლებას, რომელთა რეაბილიტაციაც მძიმე მდგომარეობის გამო შეუძლებელია და საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
გ) გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის დროს გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები და უზრუნველყოს მათთვის საცხოვრებელი შენობის როგორც გარე, ისე შიგა ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა;
დ) განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მაღალმთიან რეგიონებში მდებარე, კერძო საკუთრებაში მყოფ ობიექტებში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილებს, რომლებიც გრძელვადიან განსახლებას საჭიროებენ;
ე) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ეკომიგრანტთა სამართლებრივი სტატუსი და მოაწესრიგოს სტიქიური უბედურების შედეგად პირთა იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე შექმნას რეპატრიანტი ოჯახების შესახებ მონაცემთა ბაზა, რომელშიც შეიტანება ინფორმაცია მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, განათლების, პროფესიული გამოცდილების, სახელმწიფო ენის ცოდნის დონის შესახებ და სხვა მონაცემები, რაც ხელს შეუწყობს შესაბამისი პოლიტიკის განსაზღვრას და ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვას.
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:
ა) გაზარდოს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სოციალურ მუშაკთა უფლებამოსილება ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით;
ბ) უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებისათვის საჭირო ღონისძიებების ნუსხის საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა;
გ) გააძლიეროს ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების მექანიზმები; განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების ძალადობისაგან დაცვის და მათი დახმარების ღონისძიებების განხორციელებას;
დ) შეიმუშაოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია, რომელიც უსახლკარო ოჯახებსა და იმ ოჯახებს, რომლებიც თავს სხვის საკუთრებაში მყოფ სახლებს აფარებენ, საჭიროების შემთხვევაში დახმარების მიღების საშუალებას მისცემს, აგრეთვე გადახედოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმებს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფთან მიმართებით;
ე) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ბავშვისათვის შესაბამისი მომსახურების მიწოდება, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა მათი ოჯახები სიღარიბის ზღვრის ქვემოთ; ოჯახის მხარდამჭერი სოციალური პროგრამები დაუკავშიროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის საჭიროებებს და არა იმას, აქვს თუ არა მის ოჯახს სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი;
ვ) უზრუნველყოს ბავშვზე ზრუნვის რეფორმის გაგრძელება დარჩენილი დიდი ზომის ბავშვთა დაწესებულებების დახურვის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინტერესების უგულებელყოფის აღმოსაფხვრელად;
ზ) გააძლიეროს ხანდაზმულებზე ზრუნვა, შეიმუშაოს მათზე ზრუნვის სტანდარტები, უზრუნველყოს აღნიშნული მომსახურების გამწევი პერსონალის ამ სტანდარტების მიხედვით მომზადება/გადამზადება ხანდაზმულებზე ადეკვატური ზრუნვის მიზნით;
თ) მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მყოფ ბავშვებს გაუწიოს ადეკვატური ფსიქოლოგიური/ფსიქიატრიული დახმარება შესაბამისი ფსიქოსოციალური პროგრამების საშუალებით, შეიმუშაოს და განახორციელოს ასეთ ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვების მიმართ ყველა ფორმის ძალადობის აღმოფხვრის ეფექტიანი მექანიზმები;
ი) შექმნას შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუტი (შრომის ინსპექცია).
8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ:
ა) უზრუნველყოს ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, რათა რეალიზებულ იქნეს მათი უფლება, მიიღონ დაწყებითი და საბაზო განათლება;
ბ) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმაღლესი განათლების ინკლუზიის პროცესში ჩართვა და ამ პროცესის ხელშეწყობა;
გ) ხელი შეუწყოს ინკლუზიური განათლების სისტემასა და დღის ცენტრებს შორის აქტიურ თანამშრომლობას, რათა ბავშვი მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით ერთი სისტემიდან მეორეში იქნეს გადაყვანილი;
დ) შეიმუშაოს და განახორციელოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების განათლების სტრატეგია;
ე) გადახედოს მაღალმთიანი რეგიონების სკოლების დაფინანსების საკითხს, დაგეგმოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის დამატებითი დაფინანსების გაცემა და მოაწესრიგოს მათი ინფრასტრუქტურა.
9. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვისა და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით განსაზღვროს ღონისძიებები საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესასრულებლად.
10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2006 წლის 20 დეკემბრის კონვენციის რატიფიცირების პროცესი.
11. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ კანონით დადგენილი წესით პერიოდულად შეამოწმოს ის საწარმოები, რომლებიც სისტემატურად არღვევენ საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობას და საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
12. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს სამოქალაქო ინტეგრაციისა და უმცირესობათა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ, კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის საკითხს.
13. საქართველოს პარლამენტი იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს კანონმდებლობაში, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, ცვლილებების შეტანისას დაცული უნდა იქნეს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი.
14. საქართველოს პარლამენტს საყურადღებოდ მიაჩნია საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივა, რომ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის დაცვის, უწყებათაშორისი ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის და საგამოძიებო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სისხლის სამართლის რეფორმის, კერძოდ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში საქართველოს მთავრობასთან გაგრძელდეს მუშაობა დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნის მიზნით.
15. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მონიტორინგი გაუწიოს „2013 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული ფაქტების თავიდან აცილებისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში წარედგინოს 2015 წლის 1 მარტამდე.
16. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი
ქუთაისი,
1 აგვისტო 2014 წ.
N2652-რს