საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
მიღების თარიღი 04.06.2014
ძალაში შესვლა 01.08.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №26-12
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016269
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/08/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია ) |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობისა და ჩეხეთის რესპუბლიკას მთავრობა შემდგომში მოხსენიებული როგორც “ხელშემკვრელი მხარეები”,
გამოთქვამენ რა სურვილს განავითარონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა კულტურის, განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში,
დარწმუნებულები არიან რა, რომ მსგავსი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ურთიერთგაცნობასა და ურთიერთგაგებას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ყველა ასპექტში,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
ხელშემკვრელი მხარეები თანასწორობის, ნაცვალგებისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით განავითარებენ თანამშრომლობას კულტურის, განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში და ხელს შეუწყობენ პირდაპირი კონტაქტების დამყარებას ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოებში მოღვაწე კულტურის, განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის.
მუხლი 2🔗
წინამდებარე შეთანხმების თანახმად, თანამშრომლობა განხორციელდება ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
კულტურული თანამშრომლობის სფეროში ხელშემკვრელი მხარეები, მათი შესაძლებლობების ფარგლებში და ნაცვალგების პრინციპებზე დაყრდნობით, ხელს შეუწყობენ:
ა) დაინტერესებულ პარტნიორებს შორის კულტურისა და ხელოვნების სფეროში საგამომცემლო მასალების გაცვლას, ორიგინალური ან ნათარგმნი ვერსიებით;
ბ) თანამშრომლობას კულტურის დაწესებულებებს შორის, როგორიცაა მუზეუმები, თეატრები, გალერეები და ბიბლიოთეკები;
გ) თანამშრომლობას მუსიკალურ ანსამბლებს, ხელოვნების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის;
დ) ლექციების, გამოფენების და სხვა შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებას ისეთი კულტურული დაწესებულებების მეშვეობით, როგორიცაა მუზეუმები, გალერეები, თეატრები, ბიბლიოთეკები, ხელოვნების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები;
ე) პროფესიულ და მოყვარულთა შემოქმედებითი ანსამბლების, ჯგუფების და ინდივიდუალური შემსრულებლების ორმხრივი წარმოდგენების ორგანიზებას ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
ვ) ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას თეატრის, ლიტერატურის, კინოს, მუზეუმების, სახვითი ხელოვნების, ფოლკლორის სფეროში და ამ სფეროებში მოღვაწე შემოქმედებსა და ექსპერტებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებას;
ზ) თანამშრომლობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და შენარჩუნების სფეროში;
თ) თანამშრომლობას კულტურული ფასეულობების უკანონო იმპორტის, ექსპორტის და გადაზიდვების პრევენციის სფეროში საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად;
ი) თანამშრომლობას საბავშვო და ახალგაზრდულ ანსამბლებს შორის.
მუხლი 4🔗
განათლების სფეროში ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები ხელს შეუწყობენ:
ა) პირდაპირ თანამშრომლობას საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის;
ბ) ინფორმაციის, პედაგოგიური, მეთოდოლოგიური და სხვა სასწავლო მასალების გაცვლით;
გ) ჩეხური და ქართული ენების შესწავლას, სასწავლო მასალების გაცვლით;
დ) ლექტორების გაგზავნას და ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსების ორგანიზებას ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოებში;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და ლექტორების, ასევე მეცნიერების გაცვლას.
მუხლი 5🔗
ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატებისა და აკადემიური ხარისხების სრულ ან ნაწილობრივ საპასუხო აღიარებას ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
მუხლი 6🔗
ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას მეცნიერების, კვლევისა და განვითარების სფეროში, განსაკუთრებით:
ა) პირდაპირ თანამშრომლობას უმაღლეს საგანმანთლებლო (სამეცნიერო-კვლევით) დაწესებულებებს შორის;
ბ) სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროში ინფორმაციის გაცვლას;
გ) სემინარებისა და სხვა სამეცნიერო ცოდნის და ინფორმაციის გაცვლის მიზნით ღონისძიებების ორგანიზებას.
მუხლი 7🔗
ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები ხელს შეუწყობენ:
ა) თანამშრომლობას ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის;
ბ) სამთავრობო და არასამთავრობო დონეზე ახალგაზრდობასთან მიმართებაში ინფორმაციის და დოკუმენტების გაცვლას;
გ) გამოცდილების გაზიარებისა და სტუდენტების გაცვლის შესაძლებლობის მიზნით, ახალგაზრდული ორგანიზაციების დაფუძნებას და განვითარებას;
დ) ახალგაზრდობის საქმეებზე პასუხისმგებელ სამთავრობო დაწესებულებებს შორის კონტაქტების დამყარებას;
ე) თანამშრომლობას ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოღვაწე სპორტულ ორგანიზაციებს შორის;
ვ) სპორტულ ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის დამყარებასა და ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებებში მათ მონაწილეობას;
ზ) საჭიროების შემთხვევაში სათანადო პირობების შექმნას ერთობლივი საწვრთნელი ბანაკების მოსაწყობად და სპორტსმენებისა და მწვრთნელების გაცვლას;
თ) ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ გამოცდილების გაზიარებას სპორტის სპეციალისტებს, მწვრთნელებსა და ამ სფეროს სხვა სპეციალისტებს შორის.
მუხლი 8🔗
წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით და ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ მსგავსი თანამშრომლობის ფორმებისა და პირობების დასარეგულირებლად, ხელშემკვრელი მხარეები ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, შეიმუშავებენ კონკრეტული ღონისძიებების პროგრამებს ან ოქმებს. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები შესაძლოა შეთანხმდნენ ცალკეულ ერთობლივ ღონისძიებებსა და მათი ორგანიზების ფორმაზე დიპლომატიური არხების საშუალებით.
მუხლი 9🔗
წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-10 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 10🔗
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
მუხლი 11🔗
ეს შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელ მხარისათვის დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა გავლენას არ ახდენს მის საფუძველზე შექმნილ ვალდებულებებზე.
მუხლი 12🔗
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეებს შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკების გზით.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2014 წლის 4 ივნისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ჩეხურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ჩეხეთის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია
)