საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ჯანმრთელობისსამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
მიღების თარიღი 30.06.2014
ძალაში შესვლა 01.08.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №15-25
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016268
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/08/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელით ხელმოწერილია | ლიტვის რესპუბლიკის ჯანმრთელობის სამინისტროს სახელით ხელმოწერილია |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ჯანმრთელობისსამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ჯანმრთელობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ლიტვის რესპუბლიკის ჯანმრთელობის სამინისტრო (შემდგომში 'მხარეებად' წოდებულნი) ამ ქვეყნებს შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროებში ურთიერთობის განვითარებისა და განმტკიცების მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
წინამდებარე შეთანხმების მიხედვით, მხარეები, მათი სახელმწიფოების მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებისა და მათ ტერიტორიებზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, განავითარებენ თანამშრომლობას ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროებში.
მხარეები განსაზღვრავენ თანამშრომლობის მიმათულებებს, რომელიც შეესაბამება მათ ინტერესებს ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სხვადასხვა დარგებში.
მუხლი 2🔗
მხარეები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, გაატარებენ შემდეგ ზომებს:
1. გაცვლიან ინფორმაციასა და ექსპერტთა ჯგუფებს ჯანდაცვის და სამედიცინო მეცნიერების სფეროებში;
2. ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმების, ჯანმრთელობის დაზღვევის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ფარმაციის შესახებ;
3. ერთობლივად გაუწევენ ორგანიზებას თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებსა და გადამზადების კურსებს ჯანდაცვისა და საექთნო საქმიანობის სპეციალისტებისთვის, ლექტორთა და ექსპერტთა ჯგუფების გაცვლის ჩათვლით;
4. გაცვლიან გამოცდილებას მკურნალობის მეთოდებისა და სტანდარტების დანერგვის თაობაზე;
5. შეინარჩუნებენ პირდაპირ კავშირს უმაღლესი სამედიცინო განათლების დაწესებულებებს, სამედიცინო ცენტრებს, სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებს შორის;
6. გაცვლიან ინფორმაციას უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ;
7. მოამზადებენ ორმხრივი თანამშრომლობის პროექტებს ჯანდაცვის და სამედიცინო მეცნიერების სხვადასხვა სფეროებში.
მუხლი 3🔗
ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროებში თითოეული ქვეყნის პრიორიტეტების გათვალისწინებით, მხარეები ორგანიზებას გაუწევენ საგანმანათლებლო სემინარებს და შესაბამისი სფეროს ექსპერტთა ვიზიტებს ორივე ქვეყანაში.
მუხლი 4🔗
ერთ-ერთი მხარის თხოვნით, მეორე მხარე უზრუნველყოფს სამეცნიერო კვლევითი მასალების, სამეცნიერო დოკუმენტების, კვლევითი პროგრამების, სამედიცინო ტრენინგების ვიდეორგოლებისა და სამუშაო მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას წერილობითი და ვირტუალური ფორმით, გარდა იმ მასალისა, რომელიც შეიძლება საიდუმლოდ ჩაითვალოს მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
მხარეები ითანამშრომლებენ თანასწორობის, ორმხრივი ინტერესების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე.
მუხლი 6🔗
წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის შეთანხმების მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 7🔗
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 8🔗
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით, მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.
შეთანხმება იდება ხუთი წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდით, თუ რომელიმე მხარე ექვსი თვით ადრე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება.
ხელმოწერილია ქ. ვილნიუსში, 2014 წლის 30 ივნისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ლიტვურ და ინგლისურ ენებზე. თითოეული ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული განმარტებისა და გამოყენების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
სახელით
ხელმოწერილია
ლიტვის რესპუბლიკის
ჯანმრთელობის სამინისტროს
სახელით
ხელმოწერილია