საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმება

მიღების თარიღი 12.11.2013
ძალაში შესვლა 17.08.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №32/25
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016270
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/08/2014
matsne.gov.ge 1,803 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.11.2013 მიღება
17.08.2014 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
“ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები”: -    საქართველოსათვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო და  სხვა კომპეტენტური ორგანოები; -    პოლონეთის რესპუბლიკისათვის – ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის  და საზღვაო ეკონომიკის  მინისტრი და სხვა კომპეტენტური ორგანოები
მუხლი 1
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით   (ხელმოწერილია) პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით   (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს მთავრობა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში “ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი, -    სურთ რა ორ სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარება; -    მიზნად ისახავენ რა საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობას, თანასწორობის პრინციპებისა და უფლებების, ურთიერთსარგებლის, ნაოსნობის თავისუფლებისა და არადისკრიმინაციულობის ნაცვალგების საფუძველზე; -    საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის სავალდებულო საერთაშორისო შეთანხმებების დაცვით; შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 განმარტებები წინამდებარე შეთანხმების  მიზნებისთვის  ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: 1)     “ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები”: -    საქართველოსათვის – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო და  სხვა კომპეტენტური ორგანოები; -    პოლონეთის რესპუბლიკისათვის – ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის  და საზღვაო ეკონომიკის  მინისტრი და სხვა კომპეტენტური ორგანოები; 2)   ,,ხელშემკვრელი მხარის გემი” - ნებისმიერი გემი, რომელიც რეგისტრირებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის რეესტრში და სარგებლობს მისი დროშით ამ ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. ეს ტერმინი არ ვრცელდება სამხედრო, სანაპირო დაცვისა და საპოლიციო გემებზე, თევზსაჭერ და კვლევით გემებზე და იმ გემებზეც, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ მათთვის სავალდებულოდ აღიარებულ საერთაშორისო ნორმებს; ასევე არ ვრცელდება იმ  გემებზე, რომლებიც არის სახელმწიფოს საკუთრებაში ან მართვაში და მოცემულ მომენტში გამოიყენება სამთავრობო არაკომერციული მიზნით, გარდა საწვრთნელი გემებისა; 3)  „ხელშემკვრელი მხარის სანაოსნო კომპანია” ნიშნავს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ფიზიკურ, იურიდიულ ან სხვა პირს, რომლის ადგილსამყოფელი და რეგისტრაციის ადგილი მდებარეობს ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე და რომელიც უფლებამოსილია საერთაშორისო ნაოსნობაზე.   4)     ,,ეკიპაჟის წევრი” ნიშნავს კაპიტანს და სხვა პირს, რომლებიც საქმიანობენ გემის ბორტზე და რომელთა სახელები შეტანილია ეკიპაჟის სიაში. 5)     „ხელშემკვრელი მხარის ნავსადგური” ნიშნავს საზღვაო ნავსადგურს, რეიდების ჩათვლით, ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელიც ღიაა საერთაშორისო ნაოსნობისთვის. მუხლი 2🔗 საზღვაო ტრანსპორტის განვითარება 1.      ხელშემკვრელი მხარეები:   1)     ხელს შეუწყობენ ხელშემკვრელ მხარეებს შორის საზღვაო ტრანსპორტის განვითარებას  და გააერთიანებენ ძალისხმევას ნებისმიერი დაბრკოლების აღმოსაფხვრელად, რომლებმაც შესაძლოა შეაფერხოს საზღვაო ტრანსპორტის განვითარება ხელშემკვრელი მხარეების ნავსადგურებს შორის. 2)     ხელს შეუწყობენ ხელშემკვრელი მხარეების სანაოსნო კომპანიების შეუზღუდავ მონაწილეობას მათ სახელმწიფოებს შორის, აგრეთვე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოსა და მესამე სახელმწიფოს შორის ტვირთების გადაზიდვაში საგარეო ვაჭრობის ფარგლებში. 2.      ერთი ხელშემკვრელი მხარის გემებს აქვთ  მეორე  ხელშემკვრელი მხარის  ნავსადგურში შესვლის უფლება, ისევე როგორც ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოებს შორის მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის უფლება და თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოსა და მესამე სახელმწიფოებს შორის მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის უფლება. 3.      მესამე სახელმწიფოების სანაოსნო კომპანიებმა, აგრეთვე მესამე სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა უნდა ისარგებლონ ტვირთების საზღვაო გადაზიდვაში შეუზღუდავი მონაწილეობით ხელშემკვრელი მხარეების საგარეო ვაჭრობის ფარგლებში. 4.      მესამე სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავი გემები, რომელთა მართვას ახორციელებენ ხელშემკვრელი მხარეების სანაოსნო კომპანიები, უნდა განიხილებოდნენ როგორც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დროშის ქვეშ მცურავი გემები.   5.      ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიებს შორის, ასევე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიასა და მესამე სახელმწიფოს შორის, მგზავრთა გადაყვანა საჭიროებს ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებთან წინასწარ შეთანხმებას ხელშემკვრელ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. მუხლი 3🔗 საერთაშორისო ვალდებულებები 1.      წინამდებარე შეთანხმება არ ახდენს გავლენას ხელშემკვრელი მხარეების უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც გამომდინარეობენ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან ან მათი საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობიდან. 2.      ხელშემკვრელი მხარეები  არ დაიშურებენ ძალისხმევას, რომ გახდნენ საზღვაო უსაფრთხოების, გემისა და ნავსადგურის უშიშროების, ზღვის გარემოს დაცვისა და მეზღვაურთა სოციალური მდგომარეობის სფეროებში შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების მონაწილე მხარეები. მუხლი 4🔗 დისკრიმინაციის არარსებობა და თავისუფალი კონკურენცია ხელშემკვრელი მხარეები საერთაშორისო ნაოსნობაში დაიცავენ დისკრიმინაციის არარსებობისა და თავისუფალი კონკურენციის წესებს და უზრუნველყოფენ სანაოსნო კომპანიის თავისუფალი არჩევანის უფლებას. მუხლი 5🔗 წარმომადგენლობები და ფილიალები ერთი ხელშემკვრელი მხარის სანაოსნო კომპანიებს უფლება აქვთ დააფუძნონ წარმომადგენლობები ან ფილიალები მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, იმ სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დაცვით, სადაც ფუძნდება  ასეთი წარმომადგენლობები ან ფილიალები. ასეთი წარმომადგენლობები და ფილიალები უნდა მოქმედებდეს  ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის სავალდებულო საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად.  მუხლი 6🔗 შემოსავლების თავისუფალი გადარიცხვა თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მისცეს უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის სანაოსნო კომპანიას, რომ მის სახელმწიფო ტერიტორიაზე განხორციელებული საზღვაო-სანაოსნო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი გამოიყენოს ამ მომსახურებებიდან გამომდინარე გადასახდელების დასაფარად ან უზრუნველყოს ასეთი შემოსავლის კონვერტირებად ვალუტაში თავისუფალი გადაგზავნა. მუხლი 7🔗 ნავსადგურებსა და ტერიტორიულ ზღვაში გემებთან მოპყრობა 1.      თითოეული ხელშემკვრელი მხარე, მეორე ხელშემკვრელი მხარის გემებს  მოეპყრობა ისევე, როგორც უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის სახელმწიფოს გემებს მის ნავსადგურებში, ტერიტორიულ ზღვასა და მისი  სუვერენული იურისდიქციის ქვეშ მყოფ საზღვაო რაიონებში. 2.      ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ასევე ვრცელდება ხელშემკვრელი მხარეების გემების ხელშემკვრელი მხარეების ნავსადგურებში შესვლაზე, სანავსადგურე საფასურისა და გადასახდელების გადახდაზე, ნავსადგურში ყოფნის და დატოვების მოპყრობის რეჟიმზე, ტვირთის ტრანსპორტირებისათვის სანავსადგურე საშუალებებით სარგებლობაზე, ასევე ყველა სანავსადგურე მომსახურებისა და საშუალებების ხელმისაწვდომობაზე. მუხლი 8🔗 შეთანხმების მოქმედების სფეროდან გამორიცხული საკითხები წინამდებარე შეთანხმება არ ვრცელდება: 1)     სანაპირო ნაოსნობისას საკუთარი დროშის პრივილეგიებზე, ფსკერდამაღრმავებელ სამუშაოებზე, ღუზის ჩაშვების სამუშაოებზე, ბუქსირებაზე,  სალოცმანო გაცილებაზე და საზღვაო გადაზიდვებთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებაზე, რომელიც განკუთვნილია სანაოსნო კომპანიებისთვის ან სხვა საწარმოებისათვის, ასევე ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის და რეზიდენტებისათვის, თუმცა ეს არ ვრცელდება სანაპირო ნაოსნობაზე, თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გემი  ასრულებს მიმოსვლას მეორე ხელშემკვრელი მხარის ნავსადგურებს შორის მესამე სახელმწიფოდან მომავალი ტვირთის გადმოტვირთვის ან მგზავრების გადმოსხმის მიზნით, ან მესამე სახელმწიფოში გადაზიდვისთვის ტვირთის დატვირთვის ან მგზავრების ჩასხდომის მიზნით. 2)     საზღვაო-სამეცნიერო კვლევა. მუხლი 9🔗 მოქმედი კანონმდებლობის დაცვა 1.      ერთი ხელშემკვრელი მხარის გემები ისევე, როგორც მათი ეკიპაჟები, მგზავრები და ტვირთი, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ყოფნის განმავლობაში, ექვემდებარებიან ამ სახელმწიფოში მოქმედ შესაბამის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, კერძოდ, საზღვაო უსაფრთხოებასა და უშიშროებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს, ეკიპაჟისა და მგზავრების შესვლის, ყოფნის, ტრანზიტსა და  და გამგზავრების, ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის, საზღვრის გადაკვეთის, საემიგრაციო, საბაჟო და საგადასახადო რეგულაციებს, ისევე როგორც სანიტარულ და გარემოს დაცვის რეგულაციებს. 2.      ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ყოფნისას, მეორე ხელშემკვრელი მხარის გემები ექვემდებარებიან გემის აღჭურვილობასთან, მოწყობილობასთან, უსაფრთხოების ხელსაწყოებთან, გაზომვასთან და ნაოსნობისათვის ვარგისიანობასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ წესებს, რომლებიც სავალდებულოა იმ სახელმწიფოებისათვის, რომელთა სახელმწიფო ტერიტორიაზეც იმყოფებიან გემები. მუხლი 10🔗 საზღვაო ტრანსპორტის ხელშეწყობა ორივე ხელშემკვრელი მხარე, მათი სახელმწიფო ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში, მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას ადმინისტრაციული, საბაჟო და სანიტარიული ფორმალობების, ისევე როგორც მათ ნავსადგურებში მოქმედი სანავსადგურე ფორმალობების უზრუნველსაყოფად და გასამარტივებლად. მუხლი 11🔗 გემის დოკუმენტების ურთიერთაღიარება 1.      თითოეული ხელშემკვრელი მხარე ცნობს მეორე ხელშემკვრელი მხარის გემის კუთვნილებას გემზე არსებული დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც გაცემულია იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ, ვისი  დროშითაც დაცურავს გემი სახელმწიფოს ტერიტორიაზე  მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. 2.      თითოეული ხელშემკვრელი მხარე ცნობს მეორე ხელშემკვრელი მხარის გემზე არსებულ გემის აღჭურვილობასთან და ტევადობასთან დაკავშირებულ  დოკუმენტებს,  ასევე ყველა სხვა სერტიფიკატებსა და შესაბამის დოკუმენტებს, რომლებიც გაცემულია კომპეტენტური ორგანოების მიერ ხელშემკვრელი მხარის დროშის ქვეშ მცურავი გემის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.  3.      თითოეული ხელშემკვრელი მხარე ცნობს მეორე ხელშემკვრელი მხარის გემების საერთაშორისო ტონაჟის სერტიფიკატებს, ერთი ხელშემკვრელი მხარის გემებს, რომელთაც გააჩნიათ მოქმედი საერთაშორისო ტონაჟის სერტიფიკატები, თავისუფლდებიან მეორე ხელშემკვრელი მხარის ნავსადგურებში ხელახალი გაზომვისაგან. 4.      თითოეული ხელშემკვრელი მხარე სცნობს მეორე ხელშემკვრელი მხარის გემის ბორტზე არსებულ ყველა დოკუმენტს, რომელიც ეხება გემის ეკიპაჟის წევრებს და რომელიც გაცემულია კომპეტენტური ორგანოს მიერ მეზღვაურთა მომზადების, სერტიფიცირებისა და ვახტაზე დგომის სტანდარტების შესახებ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით და ევროკავშირის  კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად. მუხლი 12🔗 ეკიპაჟის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები 1.      თითოეული ხელშემკვრელი მხარე ცნობს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემულ ეკიპაჟის წევრების ოფიციალურ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს,  რომლებიც არიან ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები, რომელიც მათ აძლევს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლებას და ამ დოკუმენტების მფლობელებს ანიჭებს  წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლით გათვალისწინებულ უფლებებს. ეს დოკუმენტებია: -    საქართველოს მოქალაქეებისათვის – პასპორტი ან მეზღვაურის წიგნაკი; -    პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის – პასპორტი ან მეზღვაურის წიგნაკი. 2.      ხელშემკვრელი მხარეები, წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს  ოცდაათი დღის ვადაში დიპლომატიური არხებით გაცვლიან ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტების ნიმუშებს. ამ დოკუმენტების ნებისმიერი ცვლილება უნდა ეცნობოს შეცვლამდე ან შემოღებამდე ოცდაათი დღით ადრე მაინც. 3.      ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გემის ეკიპაჟის წევრები, რომლებიც არიან მესამე სახელმწიფოს მოქალაქეები, უნდა ფლობდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის ან მესამე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემულ დოკუმენტებს, რომელიც მათ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლებას მიანიჭებს.  მუხლი 13🔗 ეკიპაჟის წევრების შესვლა, ტრანზიტი და ყოფნა 1.      თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის გემის ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც ფლობენ ამ შეთანხმების მე-12 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში ჩამოთვლილ ერთ-ერთ დოკუმენტს და ვიზას ან სხვა შესაბამის დოკუმენტს, თუ მოითხოვება, შეუძლია გადავიდნენ ნაპირზე და დარჩნენ სანავსადგურე ქალაქის ფარგლებში ხელშემკვრელი მხარის ნავსადგურში გემის ყოფნის განმავლობაში, ამ სახელმწიფოში მოქმედი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. 2.      ეკიპაჟის ნებისმიერ წევრს, რომელიც ფლობს ამ შეთანხმების მე-12 მუხლში ჩამოთვლილ ნებისმიერ დოკუმენტს და ვიზას, მოთხოვნის შემთხვევაში, შეუძლია ტრანზიტით გაიაროს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორია შემდეგი მიზნებისათვის: a)     დაბრუნდეს თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე; b)     შეუერთდეს  გემს; c)      ნებისმიერი სხვა მიზნით, რომელიც გამართლებულად მიიჩნევა მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ. 3.      ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურმა ორგანოებმა ნებისმიერი ეკიპაჟის წევრზე, რომელიც იმყოფება საავადმყოფოში გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის, მკურნალობისთვის საჭირო ვადის განმავლობაში  უნდა გასცენ ყოფნისთვის აუცილებელი დოკუმენტი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. 4.      თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს მის სახელმწიფო ტერიტორიაზე არასასურველი პირის შესვლაზე უარის თქმის უფლებას, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეს პირები ფლობენ ამ შეთანხმების მე-12 მუხლში ჩამოთვლილ დოკუმენტებს. 5.      ამ მუხლის 1-4 პუნქტები  გავლენას არ ახდენს უცხოელთა შესვლასთან, ტრანზიტთან ყოფნასთან ან ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებულ ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას. მუხლი 14🔗 საზღვაო შემთხვევები 1.      იმ შემთხვევაში, თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის გემი განიცდის ავარიას ან აღმოჩნდება ნებისმიერ სხვა საფრთხეში მეორე ხელშემკვრელი მხარის შიდა წყლებში ან ტერიტორიულ ზღვაში, მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ ყველა აუცილებელ ზომას ეკიპაჟის წევრებისათვის, მგზავრებისათვის, გემისათვის და ტვირთისათვის დახმარების აღმოსაჩენად იგივე ფარგლებში, როგორც ამ ხელშემკვრელი მხარის დროშით მცურავი გემის შემთხვევაში. საზღვაო ავარიების გამომწვევი მიზეზების განსაზღვრისას, ხელშემკვრელი მხარეები დაიცავენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წესების პრინციპებს, რომლებიც სავალდებულოა ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის. 2.      ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოები, რომლის შიდა წყლებშიც ან ტერიტორიულ ზღვაშიც განიცდის ავარიას ან აღმოჩნდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სხვა საფრთხეში მეორე ხელშემკვრელი მხარის გემი, შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უახლოესს საკონსულო დაწესებულებას. 3.      დაზიანებულ გემზე არსებული აღჭურვილობა და სხვა მოწყობილობები:  ტვირთი, სათადარიგო ნაწილები და მარაგები თავისუფლდება ყველა იმპორტის/ექსპორტის გადასახდელებისაგან და/ან გადასახადებისგან იმ პირობით, რომ ისინი არ იქნა მოწოდებული კომერციული ბრუნვისთვის იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოხდა ავარია. 4.      ამ მუხლის 1-3 პუნქტების დებულებები არ ზღუდავს გემისათვის, მისი მგზავრებისათვის, ეკიპაჟის წევრებისათვის და ტვირთისათვის გაწეული საზღვაო სამაშველო მომსახურებასთან დაკავშირებული ზარალის ანაზღაურებაზე სარჩელის წარდგენის უფლებას, ასევე სარჩელებს გარემოსათვის მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ”. მუხლი 15🔗 ტექნიკური თანამშრომლობა ხელშემკვრელი მხარეები წაახალისებენ მათი სახელმწიფოების საზღვაო  კომპანიებისა და ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოების საზღვაო ტრანსპორტთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა დაწესებულებას, განავითარონ თანამშრომლობის ყველა შესაძლო სფერო, კერძოდ, გემების კლასიფიკაციის, საზღვაო განათლების, საზღვაო ადმინისტრირების, ზღვის უსაფრთხოებისა და უშიშროების, საზღვაო გარემოს დაცვის, ზღვის დაბინძურებაზე რეაგირების, ასევე საზღვაო სამაშველო და საძიებო სფეროებში. მუხლი 16🔗 კონსულტაციები 1.      წინამდებარე შეთანხმებით ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, შეიძლება მოწვეულ იქნეს ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლების შეხვედრა. 2.      საჭიროების შემთხვევაში, ამგვარი შეხვედრა გაიმართება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს თხოვნით, ამგვარი თხოვნის მიღებიდან სამი თვის ვადაში. მუხლი 17🔗 დავების მოგვარება 1.      წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყდება ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შორის მოლაპარაკებების გზით. 2.      იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდება დავის მოლაპარაკებების გზით მოგვარება, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იგი გადაწყდება  დიპლომატიური არხების მეშვეობით. მუხლი 18🔗 ძალაში შესვლა  წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ოცდაათი დღის შემდეგ. მუხლი 19🔗 შესწორებები ამ შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა  ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-18 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული ოქმები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 20🔗 დენონსაცია წინამდებარე შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, ამ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმება წყვეტს მოქმედებას მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ. შესრულებულია ქ. თბილისში, 2013 წლის 12 ნოემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, პოლონურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ათენტურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)