ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.08.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №509
სარეგისტრაციო კოდი 120340000.10.003.018129
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.08.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
დოკუმენტის ტექსტი
ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №509
2014 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს:
ა) ვეტერანის მოწმობის ნიმუშები (დანართი №1);
ბ) ვეტერანის მოწმობის გაცემის წესი (დანართი №2).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
ვეტერანის მოწმობის ნიმუშები
მუხლი 1🔗. ვეტერანის მოწმობის კატეგორიები
1. ვეტერანის მოწმობა გაიცემა შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ა) ომის მონაწილე;
ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
გ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
დ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
ე) ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი;
ვ) სამხედრო ძალების ვეტერანი;
ზ) ომში დაღუპულის ოჯახის წევრი;
თ) მარჩენალდაკარგული.
2. ამ დადგენილების მიზნებისათვის, ტერმინი „ომი“ გულისხმობს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორი ან მეტი კატეგორიის მიკუთვნების უფლების წარმოშობის შემთხვევაში, ვეტერანის მოწმობა გაიცემა, მხოლოდ, ერთი კატეგორიის მიხედვით, პირის არჩევით.
მუხლი 2🔗. ვეტერანის მოწმობის რეკვიზიტები და აღწერილობა
1. ვეტერანის მოწმობაში აისახება ის აუცილებელი მონაცემები, რომლებიც გააჩნია სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს (შემდგომში - სამსახური) ვეტერანის სტატუსის მქონე პირის შესახებ და იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას.
2. ვეტერანის მოწმობა არის უკონტაქტო პლასტიკური ბარათი, რომელიც მზადდება მაღალი ხარისხის პოლივინილქლორიდისაგან (PVC) ზომით 85.725X53.975X0.87. ორივე მხარე იბეჭდება მაღალი ხარისხის ოფსეტური ბეჭდვის ტექნოლოგიით დაცული ფერადი საღებავებისა და მეთოდების გამოყენებით. ვეტერანის მოწმობას გააჩნია ეკვივალენტური პარამეტრების მქონე უკონტაქტო ჩიპი (MIFAREMF1 CS50).
3. ვეტერანის მოწმობის პირველ გვერდზე, ზედა მარცხენა კუთხეში განთავსებულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულება და წარწერა ქართულ ენაზე: „ვეტერანის მოწმობა“, ხოლო ზედა მარჯვენა კუთხეში - სამსახურის ლოგო. პირველ გვერდზე განთავსებულია ვეტერანის სტატუსის მქონე პირის ფოტოსურათი და მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: მოწმობის მფლობელის სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო კოდი ათნიშნა ციფრით, ვეტერანის სტატუსის მინიჭების თარიღი, პირადი ნომერი, მითითებულია ბეჭდის ადგილი ფოტოსურათის გადაკვეთით. ქვედა ნაწილში მითითებულია სამსახურის დასახელება: „სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური“ და დატანილია საქართველოს სახელმწიფო დროშისა და ჯარისკაცის გამოსახულების სილუეტური ფონი.
4. ვეტერანის მოწმობის მეორე გვერდზე, ზედა და ქვედა ნაწილებში მითითებულია სამსახურის დასახელება: „სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური“, ვეტერანის კატეგორია (სტატუსი) შემდეგი შინაარსის წარწერებით: „ომის მონაწილე“, „მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“, „მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“, „ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“, „ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი“, „სამხედრო ძალების ვეტერანი“, „ომში დაღუპულის ოჯახის წევრი“ და „მარჩენალდაკარგული“, საიდენტიფიკაციო კოდი ათნიშნა ციფრით, შემდეგი შინაარსის წარწერა - „სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით“. ვეტერანის მოწმობის მეორე გვერდზე, ასევე, გამოსახულია წარწერა - სამსახურის დირექტორი, რომლის გასწვრივაც არის ფაქსიმილეს, სამსახურის ბეჭდის ადგილი და შტრიხკოდი; ვეტერანის მოწმობის ფონად დატანილია სამსახურის ფერადი მკრთალი ლოგო.
5. ვეტერანის მოწმობა შეიცავს უსაფრთხოების შემდეგ მახასიათებლებს:
ა) მოწმობის პირველ გვერდზე სურათის ქვედა მარჯვენა კუთხის გასწვრივ არის უხილავი სამსახურის ლოგო, რომელიც ჩანს ულტრაიისფერი სხივების ქვეშ, საიდენტიფიკაციო ათნიშნა კოდის ქვეშ განთავსებულია მიკროტექსტი, სადაც იკითხება „სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური“, წარწერა „პირადი №:“ ინფრაწითელი სხივების ქვეშ უფერულდება;
ბ) მოწმობის მეორე გვერდზე სტატუსის ზემოთ არის უხილავი წარწერა და ულტრაიისფერი სხივების ქვეშ იკითხება „სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური“, სამსახურის დირექტორის ფაქსიმილე, ულტრაიისფერი სხივების ქვეშ, ანათებს წითლად, სამსახურის დირექტორის სახელი და გვარი დაბეჭდილია კოპირების საწინააღმდეგო საღებავით, მარჯვენა მხარეს კუთხის გასწვრივ დატანილია შტრიხკოდი, რომელშიც იკითხება ვეტერანის ათნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი.
დანართი №2
ვეტერანის მოწმობის გაცემის წესი
მუხლი 1🔗. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვა, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, ვეტერანის მოწმობების (შემდგომში - მოწმობა) გაცემა ხორციელდება სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის (შემდგომში - სამსახური) დირექტორის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. მოწმობებს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ პირებზე გასცემს სამსახური, ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
მუხლი 3🔗. ვეტერანების აღრიცხვიანობის მიზნით, იქმნება ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, რომლის ადმინისტრირებას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახდენს სამსახური.
მუხლი 4🔗. სამსახურის მიერ გაცემული მოწმობა და ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზა წარმოადგენს ვეტერანებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და შეღავათების განხორციელების სავალდებულო პირობას.
მუხლი 5🔗. მოწმობის შეცვლა ხდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) სახელის და/ან გვარის შეცვლისას;
ბ) მოწმობაში უზუსტობის აღმოჩენის ან ცვლილებების შეტანისას;
გ) მოწმობის გამოსაყენებლად უვარგისად ცნობის (დაზიანება და სხვა) ან დაკარგვის შემთხვევაში.
მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, წარდგენილი უნდა იქნეს ცნობა შესაბამისი უწყებიდან.
მუხლი 6🔗. მოწმობის დაკარგვის, დაზიანების, სახელის და/ან გვარის, რეგისტრაციის ადგილის შეცვლის, მოწმობაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს აღნიშნულის თაობაზე სამსახურს.
მუხლი 7🔗. მოწმობის გაცემა დასტურდება მისი მიმღები პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენელის ხელმოწერით, სპეციალურ ჟურნალში, რომელიც ინახება მოწმობის გამცემ დაწესებულებაში.
მუხლი 8🔗. მოწმობის შეცვლისას, ახალი მოწმობის მიღებამდე, სამსახური უზრუნველყოფს, მოთხოვნის შესაბამისად, დროებითი ცნობის გაცემას. დროებით ცნობაში მიეთითება ვეტერანის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დროებითი ცნობის გაცემის თარიღი, სტატუსის მინიჭების თარიღი, საიდენტიფიკაციო ათნიშნა კოდი, აგრეთვე, ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა, რომელიც დამოწმებულია სამსახურის ბეჭდით.