ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.08.2014
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016111
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.08.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან კახიძე | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.12.2010
დოკუმენტის ტექსტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2014 წლის 26 აგვისტო
ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის
დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ვ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება თანახმად თანდართული დანართისა.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge 28/12/2010წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.133.016017) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 დეკემბრის №58 დადგენილება.
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან კახიძე
დანართი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება
ეს დებულება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად განსაზღვრავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებასა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
საკრებულოს აპარატის სტატუსი
1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.
2. აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნას და დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მოქალაქეთა ურთიერთობას საკრებულოსთან და საკრებულოს თანამდებობის პირებთან.
მუხლი 2🔗.
აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს რეგლამენტი და ეს დებულება.
2. აპარატის საქმიანობაზე კონტროლი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗.
აპარატის ძირითადი ფუნქციები
საკრებულოს აპარატი:
ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარებას. უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის საჭირო ინფორმაციის მომზადებას.
ბ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან.
გ) ორგანიზაციულ მომსახურებას უწევს საკრებულოს წევრებს უფლებამოსილებების განხორციელებისას.
დ) უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, სხდომის ოქმების წარმოებას, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაციას, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზებას, კენჭისყრისას ხმების დათვლას.
ე) ორგანიზებას უწევს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას.
ვ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობას, უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას, შესაბამისი მასალების მომზადებას, დავალებათა აღრიცხვას და კონტროლს მათ შესრულებაზე.
ზ) უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომრის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის და საკრებულოს სხვა საჯარო მოსამსახურეების საკადრო დოკუმენტების (პირადი საქმეების) აღრიცხვასა და გაფორმებას.
თ) ორგანიზაციას უწევს საკრებულოს ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტების საკრებულოს თანამდებობის პირების დავალებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს, უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტებისა და გადაწყვეტილებების შესრულების თანამდებობის პირთა დროულ ინფორმირებას;
ი) იღებს, რეგისტრაციაში ატარებს და აღრიცხავს საკრებულოს თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების სახელზე შემოსულ კორესპოდენციას, ახდენს მის ანალიზს და სისტემატიზაციას;
კ) აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე საკრებულოს თავმჯდომრის და სხვა თანამდებობის პირების დავალებებს და გადასცემს მათ შემსრულებლებს.
ლ) უზრუნველყოფს საკრებულოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულ ექსპლოატაციას და ფუნქციონირებას, მის გაუმჯობესებას და სრულყოფას;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტთ, ამ დებულებით და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალუ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი II
აპარატის ხელმძღვანელობა
მუხლი 4🔗.
აპარატის უფროსი
1. საკრებულოს აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. აპარატის უფროსი:
ა) უძღვება აპარატის საქმიანობას;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
გ) ანაწილებს ფუნქციებს აპარატის თანამშრომელთა შორის;
დ) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ე) ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებით, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს ბიუროს წინაშე.
4. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.
5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი თანამშრომელი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.
6. იზრუნოს თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად.
თავი III
აპარატის საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 5🔗.
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები
აპარატის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალოდ ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე და მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
ბ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
გ) დააყენოს უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
დ) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით.
ე) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებით და გარანტიებით.
მუხლი 6🔗.
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მოვალეობები
აპარატის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკაკნონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) იზრუნონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
დ) შეასრულონ საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შინაგანაწესის მოთხოვნები;
ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
მუხლი 7🔗.
აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი
აპარატის თანამშრომლების სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოს და საშტატო ნუსხას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო.
თავი IV
აპარატის დებულებაში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა
მუხლი 9🔗.
აპარატის დებულებაში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანის წესი
აპარატის დებულებაში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს დადგენილებით.