განჩინება შპს „სალბუნი“-ს გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/14547-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/14547-14

 

განჩინება

 

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში

მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

2014 წლი ს   25 აგვისტო

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

განმცხადებელი: შპს „სალბუნი”

წარმომადგენელი: შპს ”რეაბილიტაცია” დირექტორი ბიძინა ჩიკვილაძე

 

მოთხოვნა: შპს „სალბუნის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

გამოარკვია:

2014 წლის 20 აგვისტოს შპს „სალბუნის” წარმომადგენელმა ბიძინა ჩიკვილაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „სალბუნის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, შპს „სალბუნი” არის შპს „თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო-საწარმოო სახელოსნოების” (ს/კ 203826510), შპს „შიდა ქართლი 2000”-ის (ს/კ 217892494), სს „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის” (ს/კ 204867206) და შპს „წალკის რაიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03”-ის (ს/კ 243123605) სამართალმემკვიდრე ორგანიზაცია. საწარმო არ ფუნქციონირებს. მას ბალანსსა და საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება. სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 1 ივლისის წერილის შესაბამისად, შპს „წალკის რაიონული სასწრაფო 03”-ის (ს/კ 243123605) სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „უაზ 39629” სახელმწიფო სანომრე ნიშნით IJI 119; სს „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის” (ს/კ 204867206) სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „მერსედეს - ბენც ვიტო” სახელმწიფო სანომრე ნიშნით ZCZ – 426. შპს „ოპერას” (საიდენტიფიკაციო ნომერი მითითებული არ არის, მისამართი: ქ. თბილისი, რ. ლაღიძის ქ. №2) სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „პეჟო 307” სახელმწიფო სანომრე ნიშნით TEO – 306. შპს „სალბუნის” (ს/კ 200116347) და შპს ”შიდა ქართლი 2000”-ის (ს/კ 217892494) სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა. განმცხადებლის მითითებით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ჯეო ჰოსპიტალსისათვის” პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის №14/09/07 განკარგულების საფუძველზე, შპს ”წალკის რაიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03”-ის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება „უაზ 39629” პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაეცა შპს „ჯეო ჰოსპიტალსს”, თუმცა სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებები არ განხორციელებულა. სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წერილში მითითებული შპს „ოპერა” არ არის შპს „სალბუნის” სამართალმემკვიდრე. შესაბამისად, მის სახელზე რიცხული სატრანსპორტო საშუალება ”პეჟო 307” არ წარმოადგენს შპს ”სალბუნის” საკუთრებას. ამდენად, შპს „სალბუნს” საკუთრებაში ერიცხება მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება „მერსედეს - ბენც ვიტო” სახელმწიფო სანომრე ნიშნით ZCZ – 426, რომლის სავარაუდო ნარჩენი ღირებულება არ აღემატება 5000 ლარს. შპს „სალბუნს” არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართაც საზოგადოების დავალიანება შეადგენს 5860,48 ლარს. დებიტორული დავალიანება შპს „სალბუნს” ერიცხება ასევე მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ. შპს „სალბუნს” ანგარიშსწორების ანგარიში არ აქვს გახსნილი არც ერთ ბანკში. ორგანიზაციას თანხა არ ერიცხება ასევე სალაროში. შპს „სალბუნი” გადახდისუუნაროა, რადგან ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 11 ივლისის ცნობის მიხედვით შპს „სალბუნის” და მასთან შერწყმული ორგანიზაციების: შპს ,,თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახ. აკად. თეატრის სამხატვრო-საწარმოო სახელოსნოების’’, შპს,,შიდა ქართლი 2000’’-ის, სს ,,თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის’’და შპს ,,წალკის რაიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03’’-ის სახელზე საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს, მიაჩნია, რომ შპს „სალბუნის” უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის № 144 ბრძანების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელების საფასური განისაზღვრება სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%-ით, მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა. აღნიშნული ღირებულების ქონება კი შპს ”სალბუნს” არ გააჩნია და შესაბამისად საპროცესო ხარჯების დაფარვასას ვერ უზრუნველყოფს, რის გამოც უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ამასთან უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „სალბუნის” (ს/კ 200116347) განცხადება არ იქნას მიღებული სასამართლოს წარმოებაში.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს ”სალბუნი”-ს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                             ლაშა ქოჩიაშვილი