საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი
მიღების თარიღი 16.05.2014
ძალაში შესვლა 01.09.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №41/16
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016271
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/09/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით _______________________ (ხელმოწერილია) | ბელარუსის რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს სახელით _______________________ (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი
ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ბელარუსის რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტრო, შემდგომში ,,მხარეები“,
გამოთქვამენ რა საერთო სურვილს, სპორტის სფეროში თანამშრომლობის მეშვეობით ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს,
აცნობიერებენ რა იმ როლს, რომელსაც სპორტი ასრულებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერების პროცესში,
ითვალისწინებენ რა ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის არსებობის ხანგრძლივ ისტორიას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები უზრუნველყოფენ დახმარების გაწევას სპორტულ ორგანიზაციებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და ორივე სახელმწიფოში ჩასატარებელ სპორტულ ღონისძიებებში მათი მონაწილეობის მიზნით.
მუხლი 2🔗
მხარეები ითანამშრომლებენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაში გამოცდილების გაზიარება, პირთა ჩაბმა რეგულარულ სპორტულ აქტივობებში და სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ინფორმაციის ურთიერთგაცვლა სპორტის მეშვეობით პირთა რეაბილიტაციის შესახებ.
მუხლი 3🔗
მწვრთნელებისა და შესაბამისი სპეციალისტებისათვის პროფესიონალიზმის დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირი ურთიერთობების დამყარებას ორივე ქვეყნის სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სპორტულ საქმიანობაში ჩართულ კვლევით ცენტრებსა და უნარშეზღუდულ სპორტსმენებს შორის.
მუხლი 4🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივი საწვრთნელი ბანაკების ორგანიზებას, მათ შორის შეჯიბრებებისთვის მომზადების მხრივ არსებული გამოცდილების გაზიარებასა და ორივე ქვეყნის პარაოლიმპიური ცენტრების გამოყენებას იმ უნარშეზღუდული სპორტსმენებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებს პარაოლიმპიურ თამაშებზე.
მუხლი 5🔗
მხარეები, თავიანთ სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას სპორტული აღჭურვილობისა და ფორმების დამზადების, ასევე სპორტული ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის სფეროში.
მუხლი 6🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ სპორტის სპეციალისტებს, მწვრთნელებსა და შესაბამის სფეროებში დაკავებულ სხვა სპეციალისტთა შორის გამოცდილების ურთიერთგაცვლას.
მუხლი 7🔗
მხარეები წინასწარ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, თავიანთ სახელმწიფოს ტერიტორიაზე დახმარებას აღმოუჩენენ მეორე მხარის სპორტულ ჯგუფებსა და სხვადასხვა ოფიციალურ წარმომადგენლებს.
მუხლი 8🔗
ყველა ხარჯი, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, განისაზღვრება და დაიფარება მხარეთა შორის დამატებითი ორმხრივი მემორანდუმის საფუძველზე.
მუხლი 9🔗
მხარეთა წარმომადგენლები იკრიბებიან ყოველწლიურად, რათა განიხილონ მემორანდუმის დებულებების განხორციელების საკითხი და მომავალი წლისთვის შეიმუშაონ ერთობლივი სამოქმედო გეგმა.
მუხლი 10🔗
წინამდებარე მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და წარმოადგენენ ამ მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები ძალაში შევა წინამდებარე მემორანდუმის მე-12 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 11🔗
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე მემორანდუმის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციებისა ან/და მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 12🔗
წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
წინამდებარე მემორანდუმი დადებულია 5 წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე მემორანდუმის მოქმედება, მეორე მხარისათვის მემორანდუმის შეწყვეტის შესახებ, თავდაპირველი ან ნებისმიერ მორიგი ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. მემორანდუმი მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.
შესრულებულია ქ. მინსკში, 2014 წლის 18 მაისს, ორ დედნად, ბელარუსულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ მემორანდუმის ტექსტის განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
სახელით
_______________________
(ხელმოწერილია)
ბელარუსის რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს სახელით
_______________________
(ხელმოწერილია)