ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.09.2014
ძალაში შესვლა 03.11.2014
ძალის დაკარგვა 09.01.2015
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016110
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 04.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №
23
2014 წლის 5 სექტემბერი
დ. ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ" ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ნოემბრის №18 დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ (ვებ. გვერდი 12/11/2013. ს. კოდი: 010260020.35.140.016074)“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და ამოქმედდეს 2014 წლის 3 ნოემბრიდან.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
1. სახანძრო-სამაშველო სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვის და საავარიო-სამაშველო საქმიანობის განხორციელებას - ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილების „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის გავლის წესს ამტკიცებს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით.
4. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას თანამშრომლები სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც მათ ეძლევათ უფასოდ, ნორმის ფარგლებში.
5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯზე.
6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება ასპინძის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ" ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო, სამაშველო-საავარიო საქმინობის განხორციელებას. ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას, კერძოდ:
ა) შემოსულ საგანგებო ზარებზე პირველადი რეაგირება;
ბ) დისლოკაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა;
გ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას: საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, სამედიცინო დაწესებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების შენობა-ნაგებობებში, სარკინიგზო ტრანსპორტში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე.
დ) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზებას და განხორციელებას;
ე) ხანძრების დროს ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადარჩენას;
ვ) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ხანძრების ჩაქრობას, ასევე საავარიო-სამაშველო სამუშაოებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრებში;
ზ) სახანძრო დაცვის, სახანძრო უსაფრთხოების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, ამ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას, სახანძრო დაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას;
თ) ახორციელებს ხანძრის ჩაქრობისათვის არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ეფექტურად გამოყენებისათვის საჭირო პირობების შექმნას;
ი) სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთქმედების ორგანიზებას, შესაბამისი თანამდებობის პირებისაგან წყალმომარაგების, კავშირგაბმულობისა და სხვა სისტემების დაზიანებების აღმოფხვრის უზრუნველყოფას, აგრეთვე სამსახურის ტექნიკის შეუზღუდავი მოძრაობისათვის ზომების მიღებას;
კ) მუნიციპალურ სამსახურებთან და სხვა ორგანიზაციებთან უსაფრთხოებისათვის საჭირო საერთო ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებას;
ლ) საჭიროების შემთხვევაში ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-სამაშველო-ტაქტიკურ სწავლებებში;
მ) სახანძრო-სამაშველო დაცვის ძალებისა და საშუალებების აღრიცხვა-კონტროლს, სამსახურის პირადი შემადგენლობის თანამდებობების პირების პროფესიულ მომზადებას, ტაქტიკური სწავლებების, შეკრებების, ტრენინგების ჩატარებას;
ნ) შეიმუშავებს დიდი ხანძრებისა და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში პირადი შემადგენლობის ჩაბმის ღონისძიებებს, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ხანძარზე გასვლის განრიგსა და გეგმას, რომელიც თანხმდება ადგილობრივი თვითმმართველობასთან;
ო) დადგენილი წესით სამსახურის საქმისწარმოებას, გამოძახებათა რეგისტრაციას, ხანძრის ჩაქრობის შტატგარეშე ოპერატიული შტატების შექმნას;
პ) სამსახურის ტექნიკური საშუალებების მუდმივ მზადყოფნას, გაუმართაობების ოპერატიულად აღმოფხვრას, ტექნიკის მოვლა-პატრონობის კონტროლს, სხვადასხვა სახის ინვენტარის მორიგე ცვლებისათვის გადაბარების წესების დაცვას, სახანძრო-სამაშველო-სამწყობრო მომზადების ნორმატივების შესრულებისათვის ზომების მიღებას;
ჟ) გასვლაში მყოფ სამსახურის ავტომობილებზე ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შენახვისა და მოვლის წესების კონტროლს;
რ) მასობრივი უწესრიგობის აღკვეთისა და თავიდან აცილების ღონისძიებებში სამსახური მონაწილეობს მისი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, მხოლოდ ხანძრის კერის ჩასაქრობად;
ს) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, ტექნიკის წესების შესრულების პირადი შემადგენლობის მიერ კონტროლს, დანაყოფის გასვლას რაიონში, ამ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი აფეთქებასაშიში თუ ხანძარსაშიში ობიექტების განლაგების, წყალმომარაგების, გასასვლელების, ქუჩების შემოვლითი გზების და სხვა მახასიათებლების ცოდნის კონტროლს;
2. სამსახური ჩართულია საქართველოს ტერიტორიაზე და სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო დაცვის ძალებისა და საშუალებების გამოყენების ურთიერთდახმარების შეთანხმებაში.
3. ხანძრის ჩაქრობის დროს სამსახურის პირადმა შემადგენლობამ უნდა მიიღოს ზომები ნივთიერი მტკიცებულებების შესანარჩუნებლად და ქონების დასაცავად.
4. მოქმედი კანონმდებლობით და ასპინძის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა და მოხელეთა უფლება- მოვალეობები
1. სამსახური მოიცავს სამაშველო განყოფილებას, რომელსაც ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
2. დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) სამსახურის უფროსი – უფროსი საჯარო თანამდებობა;
ბ) განყოფილების უფროსი -სამაშველო საკითხებში;
გ) უფროსი სპეციალისტი – ხანძარ საწინააღმდეგო პირობების ზედამხედველობის დარგში;
დ) უფროსი სპეციალისტი – საქმის წარმოების საკითხებში;
ე) უფროსი სპეციალისტი – ათმეთაურები;
ვ) უფროსი სპეციალისტი – უფროსი მძღოლი;
ზ) სპეციალისტი – მძღოლები ;
თ) სპეციალისტი – მეხანძრე მაშველები.
2. სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, რომელსაც ''საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი .
3. სამსახურის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ე) პერიოდულად ისმენს თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) ორგანიზაციას უწევს სამსახურში შემოსული მოქალაქეების წიდადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას, აწარმოებს მათ პირად მიღებას;
ზ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით, გამგეობის დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამაშველო განყოფილების უფროსი უზრუნველყოფს
ა) მაშველთა საქმიანობის წარმართვას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისათვის წინადადებების მომზადებას და წარუდგენს გამგებელს მათ სარეალიზაციოდ;
გ) აანალიზებს ხანძრებზე სამუშაოების ჩატარებისას სამსახურის მუშაობას, გეგმავს ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადების, ხანძრის ჩაქრობის და სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების გასაუმჯობესებლად;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით და შიდა ინსტრუქციებით დადგენილ სხვა ღონისძიებებს.
5. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორცილებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე გამგებლის დავალებით.
6. სამსახურის მოხელე ვალდებულია:
ა) მზად იყოს საგანგებო სიტუაციის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად, სრულყოს თავისი ფიზიკური, თეორიული, სპეციალური და ფსიქოლოგიური მომზადება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს დახმარება განსაცდელში მყოფ ადამიანებს;
გ) განახორციელოს დაზარალებულთა მოძიება, მიიღოს ზომები მათ გადასარჩენად, აღმოუჩინოს მათ პირველადი და სხვა სახის დახმარება;
დ) სახანძრო-სამაშველო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას დაიცვას სამაშველო სამუშაოების ჩატარების ტექნოლოგია, შეასრულოს ხელმძღვანელობის ბრძანებები;
ე) მოსახლეობას განუმარტოს უსაფრთხოების მოთხოვნები სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით და გართულების შემთხვევაში - აუცილებელი მოქმედების თანმიმდევრობის შესახებ;
ვ) დაიცვას უსაფრთხოების წესები სამუშაოთა შესრულებისას;
ზ) შეასრულოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
7.სამსახურის მოხელეს უფლება აქვს:
ა) გამოძახების შემთხვევაში, სპეციალურ ტექნიკასა და მანქანებზე გამოიყენონ ხმოვანი სიგნალები და ციმციმა:
ბ) მინიჭებული უფლებების ფარგლებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მთლიანი და უტყუარი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მისი მოვალეობის შესასრულებლად;
გ) დაუბრკოლებლად შევიდეს სამრეწველო ობიექტსა და ტერიტორიაზე, საცხოვრებელ შენობაში სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად;
დ) მოსთხოვოს საგანგებო სიტუაციის ზონაში მყოფ ყველა პირს უსაფრთხოების დადგენილი წესების დაცვა;
ე) აღიჭურვოს სამაშველო სამუშაოების წარმოებისათვის საჭირო ტექნოლოგიის შესაბამისად;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადამიანთა გადარჩენის უზრუნველსაყოფად, გამოიყენოს კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო საშუალებები, სხვადასხვა ორგანიზაციის კუთვნილი ქონება და სხვა მატერიალური საშუალებები;
ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
8. სამსახურის პირადი შემადგენლობა, ხანძრების, ავარიების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის სხვა მონაწილეები, რომლებიც მოქმედებდნენ უკიდურესი აუცილებლობის ან/და დასაბუთებული რისკის პირობებში, თავისუფლდებიან მიყენებული ზარალის ანაზღაურებისაგან.
9. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით.
მუხლი 4🔗. სამსახურის ქონება
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებას, მის მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე საფინანსო რესურსები აისახება სამსახურის დამოუკიდებელ ბალანსზე.
2.აკრძალულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკის, ტექნიკური შეიარაღების არადანიშნულებისამებრ გამოყენება.
მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი
1. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.