ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.09.2014
ძალის დაკარგვა 27.12.2017
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.131.016122
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე | ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 01.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2014 წლის 4 სექტემბერი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების
დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს №8 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე
დანართი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ეს დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად განსაზღვრავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში - გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და წარმომადგენლების უფლებამოსილებებსა და მუშაობის ორგანიზებას.
მუხლი 2🔗
გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის უფლებამოსილების განხორციელებას. გამგეობას ხელმძღვანელობს გამგებელი.
გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას.
მუხლი 3🔗
1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, წარმომადგენლები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
მუხლი 4🔗
გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.
მუხლი 5🔗
გამგეობის ადგილსამყოფელია ქალაქი ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141.
თავი II
გამგეობის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები
მუხლი 6🔗
1. გამგეობის საქმიანობას უძღვება მუნიციპალიტეტის გამგებელი (შემდგომში - გამგებელი).
2. გამგებელი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.
3. გამგეობის თანამდებობის პირები არიან:
ა) გამგებელი;
ბ) გამგებლის პირველი მოადგილე;
გ) გამგებლის მოადგილე;
დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
მუხლი 7🔗
1. გამგებელი უძღვება გამგეობის საქმიანობას.
2. გამგებელი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით.
3. გამგებელი, ამ მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
ა) გამგეობის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებას და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის თანამდებობის პირებს;
ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის მოსამსახურეებს;
ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს გამგეობის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ა.ვ) გამგეობის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს გამგეობის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54 მუხლის პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს;
ა.ზ) იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ა.თ) ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:
ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;
ბ.ბ) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;
ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:
გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;
გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;
გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;
გ.ვ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას;
გ.ზ) ახორციელებს ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა კოტირების პროცედურებს, თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის წევრი;
დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
დ.ა) ამ კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;
დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;
დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;
დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;
დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;
დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;
დ.ზ) ამ კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;
დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;
დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;
დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;
დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;
ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:
ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;
ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;
ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;
ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს
ე.თ) უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
ე.ი) ახორციელებს კანონით, ამ დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ე.კ) გამგებელი ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის გამგებლის წარმომადგენელი.
2. გამგებელი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგებლის წარმომადგენელი. გამგებლის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით.
3. გამგებლის მიერ პერსონალურ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულოს წევრის მიერ მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია.
4. გამგებლის უფლებამოსილების შეჩერების და შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გამგებლის პირველი მოადგილე.
მუხლი 8🔗
1. გამგებელს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგებლის მოადგილეები გამგებლის მიერ სამუშაოთა განაწილებისა ან/და შესაბამისი სფეროს მიხედვით კურატორობენ გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და წარმომადგენლების მუშაობას; ხელს უწყობენ გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.
მუხლი 9🔗
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე, ხოლო ამ თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში - სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 10🔗
1. გამგეობის ადმინისტრაციულ ერთეულში ინიშნება წარმომადგენელი. წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგეობის წარმოადგენლის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გამგებელი. იგი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით.
3. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში გამგებლის წარმომადგენელი ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
ბ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
დ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
ე) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ვ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას;
ზ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს;
თ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;
ი) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში;
კ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;
ლ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
ნ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
ო) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;
პ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;
გ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე ადასტურებს ფაქტობრივ მდგომარეობას (ოჯახის შემადგენლობის, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილისა და ქონების ფაქტობრივი მოვლა-პატრონობის თაობაზე), რისთვისაც:
გ.ა) წარმომადგენელი ვალდებულია ზუსტად აღწეროს ის ფაქტი, რომლის დადგომის ან არსებობის ნამდვილობასაც ამოწმებს. ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით, წარმომადგენელი უფლებამოსილია შეადგინოს შესაბამისი აქტი, რომელიც შედგენილი უნდა იქნეს მოწმეთა თანდასწრებით (არანაკლებ ორი მოწმისა). წარმომადგენელი ამოწმებს მომთხოვნი პირისა და მოწმეთა ვინაობას, ფაქტობრივი მდგომარეობის ნამდვილობას შესაძლებლობის ფარგლებში.
გ.ბ) წარმომადგენელი ადგენს აქტის შედგენის მონაწილე (განმცხადებელი პირი, მოწმეები) ფიზიკური პირების ვინაობას მათ მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით.
გ.გ) წარმომადგენელი ვალდებულია აქტის შედგენისას მონაწილეებს განუმარტოს აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
გ.დ) ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის N46 დადგენილებით განსაზღვრული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობის გაცემის საფუძველია გამგებლის წარმომადგენლების მიერ ცნობის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.
დ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს გამგებლის დავალებით.
4. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტიულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ. აღნიშნული სამსახური ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.
5. გამგეობის საშტატო ნუსხით შეიძლება განისაზღვროს რამოდენიმე წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში.
თავი III
გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და წარმომადგენლები
მუხლი 11🔗
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს.
2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანებას, რაც განისაზღვრება შესაბამისი სამსახურის დებულებებით.
3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო სამსახური;
გ) არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური;
დ) ზედამხედველობის სამსახური;
ე) ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახური;
ვ) ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო განვითარების სამსახური;
ზ) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა სამსახური;
თ) შიდა აუდუტის სამსახური;
ი) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სამსახური;
კ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.
ლ) სახანძრო-სამაშველო სამსახური.
4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
მუხლი 12🔗
1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.
2. საფინანსო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.
3. არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების უზრუნველყოფა;
4. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციაა მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა.
5. ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია; მუნიციპალიტეტის ქონების მართვის უზრუნველყოფა, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.
6. ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა.
7. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.
8. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად.
9. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
10. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
11. სახანძრო სამაშველო სამსახური ახორციელებს მუნიციპალიტეტში სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიების დაცვას.
12. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.
მუხლი 13🔗.
სამსახურის განყოფილების უფროსი
1. სამსახურის განყოფილების უფროსს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს;
დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას;
თ) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას;
ი) უზუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;
კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
თავი IV
გამგეობის სამართლებრივი აქტები და გამგეობის საქმიანობის ორგანიზება
მუხლი 14🔗
1. გამგეობა თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დავალებების შესაბამისად.
2. გამგებელი კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს - ბრძანებებს.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამგებლის ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან, თუ იმავე ბრძანებით ძალაში შესვლის სხვა თარიღი არ იქნა დადგენილი.
მუხლი 15🔗
1. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.
2. გამგეობის შინაგანაწესს ამტკიცებს გამგებელი.
მუხლი 16🔗
1. გამგეობაში მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსს“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
2. გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტები ვიზირებული უნდა იქნეს პროექტის ავტორისა და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა პირად საკითხებთან დაკავშირებული პროექტებისა, აგრეთვე, უნდა იქნეს ვიზირებული გამგეობის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც შეეხება ეს პროექტი, აგრეთვე - გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ, თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას ანდა გამგეობის მიერ გასაწევ ხარჯებს.
მუხლი 17🔗
1. გამგებლის ბრძანებების რეგისტრაციას უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების რეკვიზიტები უნდა შეესაბამებოდეს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 52-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს.
3. გამგებლის ბრძანებები აღინუსხება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში უწყვეტი (ზრდადი) ნუმერაციითა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ბრძანებათა აღრიცხვა ხორციელდება დამტკიცებული ნომენკლატურის შესაბამისად.
თავი V
გამგეობის რეორგანიზაცია
მუხლი 18🔗
გამგეობის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დადგენილების (რეგლამენტის) შესაბამისად, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ ნორმატიული აქტების საფუძველზე გამოცემული ბრძანებების მიხედვით.
თავი VI
გამგეობის დებულებაში ცვლილებებისა ან/და დამატების შეტანა
მუხლი 19🔗
გამგეობის დებულებაში ცვლილებისა ან/და დამატების შეტანა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” დადგენილი წესის შესაბამისად საკრებულოს დადგენილებით.