„საქართველოს მთავრობასა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის“ ჩარჩო შეთანხმება
მიღების თარიღი 25.02.2014
ძალაში შესვლა 04.09.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №NEFCO (1)
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016274
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/09/2014
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| NEFCO-სთვის: | ფაბიანინკატუ 34, FI-00100 ჰელსინკი, ფინეთი (კურიერისთვის) P.O. ყუთი 249, FI-00171 ჰელსინკი, ფინეთი (ჩვეულებრივი ფოსტა) |
| საქართველოსთვის: | საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, გორგასლის 16, 0114 თბილისი, საქართველო |
| საქართველოს მთავრობისათვის და მისი სახელით: | სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციისათვის და მისი სახელით: |
| ნოდარ ხადური საქართველოს ფინანსთა მინისტრი | მაგნუს რისტედტი მმართველი დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის
დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმების“ №1 ცვლილების შეთანხმება“ „საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“ „საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმება“ „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2017) შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის“ ჩარჩო შეთანხმება
შეთანხმება
„საქართველოს მთავრობასა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის“ ჩარჩო
25 თებერვალი 2014 წელი
ჩარჩო-შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის
საქართველოს მთავრობა (შემდგომში "საქართველო") და სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია (შემდგომში "NEFCO", საქართველო და NEFCO შემდგომში ერთობლივად მოხსენიებული როგორც "მხარეები")
- იმის გათვალისწინებით, რომ NEFCO დაარსდა 1990 წელს, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და იგი მოქმედებს მისი სადამფუძნებლო დოკუმენტების ფარგლებში;
- ითვალისწინებენ რა NEFCO-ს მანდატს, რომელიც გამოიხატება გარემოს სკანდინავიური ინვესტიციების ხელშეწყობაში აღმოსავლეთ ევროპაში, ამ ქვეყნებში ინვესტიციების დაფინანსების გზით;
- სურთ რა ჩაეყაროს საფუძველი გრძელვადიან თანამშრომლობას, რათა გამოიყენონ NEFCO-ს დაფინანსება საქართველოს და NEFCO-ს მონაწილე სახელმწიფოებისათვის საინტერესო ინვესტიციებისთვის,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი I
განმარტებები
ამ შეთანხმების მიზნებისათვის, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
1) „აქტივები“ გულისხმობს ფინანსურ აქტივებს, ფასიან ქაღალდებს, საკუთრებას ან ნებისმიერ სხვა აქტივს, რომელსაც NEFCO ფლობს და/ან საკუთრებაში აქვს;
2) „სადამფუძნებლო დოკუმენტები“ გულისხმობს 1998 წლის 6 ნოემბერს დანიის, ფინეთის, ისლანდიის, ნორვეგიის და შვედეთის მთავრობებს შორის გაფორმებული სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევიდა 1999 წლის 9 ოქტომბერს და რომელმაც შეცვალა 1990 წლის 27 ოქტომბერს ძალაში შესული თავდაპირველი შეთანხმება, და მასთან დაკავშირებულ წესდებას.
3) „საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტ(ებ)ი“ გულისხმობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, როგორებიცაა: მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), სკანდინავიური საინვესტიციო ბანკი (NIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და სხვა მსგავსი მრავალმხრივი საფინანსო ინსტიტუტები;
4) „საჯარო ან კერძო განთავსება“ გულიხმობს ფასიანი ქაღალდების შეთავაზებას ინვესტორების შეუზღუდავი ან შეზღუდული რაოდენობისთვის;
5) „NEFCO-ს წარმომადგენლები“ გულისხმობს NEFCO-ს დირექტორთა საბჭოს წევრებს, მათ ალტერნატებს, მმართველ დირექტორს, ოფიცრებს და NEFCO-ს სხვა თანამშრომლებს და, საქართველოს მოქალაქეების გარდა, NEFCO-ს მიერ დანიშნულ ექსპერტებს;
6) „მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლება“ გულისხმობს NEFCO-ს სასარგებლოდ გაცემულ თავდებობას, გირავნობას, გარანტიას, რწმუნებას ან სხვა უზრუნველყოფას.
მუხლი II
თანამშრომლობის პრინციპები
პუნქტი 2.01 საქართველოს და საქართველოში ნებისმიერ საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს შეუძლია ისარგებლოს NEFCO-ს დაფინანსებით მისი სადამფუძნებლო დოკუმენტების და ამ შეთანხმების შესაბამისად. დაფინანსების თანხა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შერჩეული ინვესტიციების ნებისმიერი ხარჯვითი ნაწილისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
პუნქტი 2.02 NEFCO-ს დაფინანსება შემოთავაზებულია კაპიტალში ინვესტიციების, სესხების და NEFCO-ს გარანტიების ფორმით, პრიორიტეტი ენიჭება ინვესტიციებს გარემოს გაუმჯობესების კუთხით.
პუნქტი 2.03 NEFCO-ს დაფინანსება შესაძლებელია გაერთიანდეს სხვა ხელმისაწვდომ ფინანსურ წყაროებთან. NEFCO ხელს შეუწყობს ხელსაყრელი ინვესტიციების თანადაფინანსების განხორციელებას სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მისი დამფუძნებელი ქვეყნების საჯარო და კერძო საფინანსო ინსტიტუტებთან და სხვა შერჩეულ ინსტიტუტებთან.
პუნქტი 2.04 მხარეებმა რეგულარულად უნდა განიხილონ და გაუზიარონ ერთმანეთს შეხედულებები საქართველოში NEFCO-ს მიზნების, საინვესტიციო კრიტერიუმების და საქმიანობის თაობაზე.
მუხლი III
NEFCO-ს სტატუსი, მისი წარმომადგენლები და აქტივები
პუნქტი 3.01 საქართველო აღიარებს, რომ NEFCO არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მსგავს პოლიტიკას ახორციელებს ინვესტიციების განხორციელებისას შესყიდვების გამჭვირვალობის, კარგი მმართველობის და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კუთხით და არ მიიღებს მონაწილეობას ეროვნული ვალის ნებისმიერ რესტრუქტურიზაციაში.
პუნქტი 3.02 NEFCO საქართველოს ტერიტორიაზე თავის საქმიანობასთან დაკავშირებით ისარგებლებს იგივე დამოკიდებულებით, რაც ენიჭება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომელიც ყველაზე ხელსაყრელია ნებისმიერი ასეთი საქმიანობისათვის, მათ შორის შეზღუდვის გარეშე, NEFCO უნდა გათავისუფლდეს სატენდერო პროცედურებისაგან, როდესაც აფინანსებს საჯარო სექტორს, და იმ ერთეულებმა, რომლებიც სარგებლობენ NEFCO-ს ან NEFCO-ს ნებისმიერი თანადამფინანსებლის დაფინანსებით, უნდა გამოიყენონ NEFCO-ს შესყიდვების სახელმძღვანელო პრინციპები და წესები, როდესაც ამგვარი დაფინანსებით ხდება საქონლის, სამუშაოების და მომსახურების შესყიდვა, თუ NEFCO-თან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული.
პუნქტი 3.03 NEFCO არის საერთაშორისო იურიდიული პირი და შეუზღუდავად უნდა სარგებლობდეს იურიდიული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლებით. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, NEFCO-ს საქართველოში შუძლია:
- ფლობდეს, საკუთრებაში ჰქონდეს და განკარგოს უძრავი ქონება
- იყოს სამართალწარმოების მხარე, და
- მოიზიდოს სახსრები.
პუნქტი 3.04 NEFCO საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობს იმუნიტეტით სამართალწარმოებისაგან. როგორც NEFCO-ს სადამფუძნებლო დოკუმენტებშია მითითებული, NEFCO-ს წინააღმდეგ შეიძლება სამართალწარმოება მხოლოდ იმ ქვეყნის ტერიტორიის კომპეტენტურ სასამართლოში, სადაც NEFCO-ს დაფუძნებული აქვს ოფისი, ან დანიშნა აგენტი მის წინააღმდეგ საქმისწარმოების პროცესის წასამართად, ან როდესაც NEFCO სხვაგვარად დაეთანხმება სამართალწარმოების პროცესს.
პუნქტი 3.05 NEFCO-ს წარმომადგენლებს უნდა მიენიჭოთ იმუნიტეტი სამართლებრივი პროცესისგან მათ მიერ ოფიციალური ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც NEFCO აუქმებს ამ იმუნიტეტს, და უნდა სარგებლობდნენ ყველა მათი ოფიციალური საბუთებისა და დოკუმენტების ხელშეუხებლობით. თუმცა ეს იმუნიტეტი არ ვრცელდება ნებისმიერი ასეთი წარმომადგენლის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანისთვის გათვალისწინებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე. NEFCO-ს წარმომადგენლებს უნდა მიენიჭოთ შესაბამისი სამოგზაურო პრივილეგიები.
პუნქტი 3.06 NEFCO და NEFCO-ს აქტივები, კომუნიკაციები და დოკუმენტები ხელშეუხებელია და თავისუფლდება (i) ჩხრეკის და ყველა ფორმის ექსპროპრიაციისგან და (II) გადასახდელისგან ან ნებისმიერი საჯარიმო სანქციისგან ან დაყადაღებისაგან, სანამ კომპეტენტური იურისდიქციის მქონე სასამართლოს ან ტრიბუნალის მიერ არ იქნება გამოტანილი NEFCO-ს წინააღმდეგ საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
მუხლი IV
სახსრების მოზიდვა
პუნქტი 4.01 NEFCO-ს შეუძლია სახსრების მოზიდვა საქართველოს ეროვნულ ვალუტაში ობლიგაციების, ფასიანი ქაღალდების ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტების გამოშვების გზით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელთა საჯარო თუ კერძო განთავსებას მოახდენს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
პუნქტი 4.02 NEFCO-ს მიერ საქართველოში გამოცემული ფინანსური ინსტრუმენტები უნდა სარგებლობდნენ ისეთივე უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით, რაც გააჩნიათ სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოცემულ ფინანსურ ინსტრუმენტებს.
მუხლი V
გადასახადები და მოსაკრებლები
პუნქტი 5.01 ამ შეთანხმების შესაბამისად განხორციელებული NEFCO-ს ოპერაციების ყველა ტრანზაქცია, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი უზრუნველყოფის აღსრულება და საქართველოში სახსრების მოზიდვა თავისუფლდება საქართველოს ნებისმიერი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა ნებისმიერი სახის გადასახდელისგან.
პუნქტი 5.02 NEFCO-ს მიერ გამოცემული ფინანსური ინსტრუმენტების შეძენის და ფლობისგან მიღებული შემოსავლების, კაპიტალის ნამეტის ან სხვა სახის შემოსავლის საქართველოში დაბეგვრა ისეთივე უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით უნდა სარგებლობდეს, როგორც სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოცემულ ფინანსურ ინსტრუმენტებს გააჩნიათ.
პუნქტი 5.03 NEFCO-ს მიმართ ყველა გადახდები საქართველოში დაფინანსებასთან და სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებით უნდა გათავისუფლდეს საქართველოს ნებისმიერი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა ნებისმიერი სახის გადასახდელისგან.
პუნქტი 5.04 ერთეულები, რომლებიც საქართველოში სარგებლობენ NEFCO-ს დაფინანსებით ან რომლებშიც NEFCO-ს აქვს მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლება უნდა გათავისუფლდეს NEFCO-ს მიმართ გადახდებზე გადასახადების დაკავების ვალდებულებისაგან.
მუხლი VI
გადახდის შეზღუდვები
ვალუტის გადარიცხვა
პუნქტი 6.01 NEFCO უნდა გათავისუფლდეს გადახდის შეზღუდვებისგან და საკრედიტო პოლიტიკის ღონისძიებებისგან, რომლებიც რაიმე სახით კრძალავს ან ხელს უშლის მისი ვალდებულებების ან მისი დაფინანსების საქმიანობის განხორციელებას.
პუნქტი 6.02 NEFCO უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რათა მოახდინოს უცხოური ვალუტის თავისუფალად შეძენა, გადარიცხვა და რეპატრიაცია საქართველოში თავის ოპერაციებთან დაკავშირებით.
პუნქტი 6.03 საქართველოში მოქმედ ერთეულებს, რომლებიც სარგებლობენ NEFCO-ს დაფინანსებით ან რომლებშიც NEFCO-ს აქვს მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლება უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ თავისუფლად შეიძინონ და გადარიცხონ უცხოური ვალუტა, რათა გადაიხადონ NEFCO-ს მიმართ დასაფარი პროცენტი, ძირითადი თანხა და სხვა ფინანსური ვალდებულება.
მუხლი VII
ინვესტიციების დაცვა
პუნქტი 7.01 ერთეულები, რომლებიც სარგებლობენ NEFCO-ს დაფინანსებით, ან რომლებშიც NEFCO-ს აქვს მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლება, ან რომლებმაც მოახდინეს ინვესტირება NEFCO-ს მიერ გამოცემულ ფინანსურ ინსტრუმენტებში, საქართველოს ტერიტორიაზე უნდა სარგებლობდნენ იმაზე არანაკლები ხელსაყრელი პირობებით, ვიდრე ეს დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.
პუნქტი 7.02 საქართველომ სრულად და მუდმივად უნდა უზრუნველყოს NEFCO-ს თანხებით დაფინანსებული ინვესტიციების ექსპროპრიაციისგან და სამოქალაქო არეულობისაგან დაცვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი VIII
დავების მოგვარება
პუნქტი 8.01 ნებისმიერი დავა, დაპირისპირება ან პრეტენზია, რომელიც წამოიჭრება ამ შეთანხმებიდან ან მასთან დაკავშირებით, ან მისი ქმედუნარიანობის, ინტერპრეტაციის, გამოყენების, დარღვევის, შეწყვეტის ან არაკანონიერებასთან დაკავშირებით, რომელიც ვერ გადაწყდება მოლაპარაკების გზით ან დავის დარეგულირების სხვა შეთანხმებული რეჟიმით სამოცი (60) დღის განმავლობაში, უნდა გადაწყდეს მუდმივი საარბიტრაჟო სასამართლოს საარბიტრაჟო წესებით 2012, რომელიც ძალშია ამ შეთანხმების ხელმოწერის თარიღში[1].
პუნქტი 8.02 არბიტრების რაოდენობა უნდა იყოს სამი (3).
პუნქტი 8.03 ad hoc საარბიტრაჟო ტრიბუნალი შეიქმნება შემდეგი წესის დაცვით: არბიტრაჟის მოთხოვნასთან დაკავშირებული მოთხოვნის მიღებიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს საარბიტრაჟო ტრიბუნალის ერთ წევრს. ეს ორი წევრი შემდგომში აირჩევს მესამე წევრს, რომელიც ორივე ხელშემკვრელი მხარის თანხმობით უნდა დაინიშნოს ad hoc საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარედ.
პუნქტი 8.04 საარბიტრაჟო განხილვის ენა არის ინგლისური.
მუხლი IX
ძალაში შესვლა, ცვლილება და შეწყვეტა
პუნქტი 9.01 ეს შეთანხმება ძალაში შევა მომდევნო დღეს იმ დღიდან, როდესაც NEFCO დაუდასტურებს საქართველოს მთავრობას ამ უკანასკნელის რატიფიცირების ინსტრუმენტის ან მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებული სხვა ინსტრუმენტის დამოწმებული ასლის მიღებას, ამ შეთანხმების იურიდიული ძალის დამადასტურებელი NEFCO-თვის მისაღებ იურიდიულ დასკვნასთან ერთად.
პუნქტი 9.02 წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი წესების შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
პუნქტი 9.03 წინამდებარე შეთანხმება არის უვადო ხანგრძლივობის. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ეს შეთანხმება მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეწყვეტა ძალაში შევა მეორე მხარის მიერ ამგვარი შეტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი (6) თვის გასვლის შემდეგ, იმ პირობით, რომ ამ შეთანხმების დებულებები ძალაში რჩება ყველა იმ კონტრაქტებისთვის, რომლებიც შეწყვეტის ძალაში შესვლამდე იყო ხელმოწერილი, და სანამ ასეთი კონტრაქტების ფარგლებში გადასახდელი ყველა თანხა სრულად არ იქნება დაფარული.
მუხლი X
მისამართი კომუნიკაციებისთვის
მხარეები თანხმდებიან, რომ ამ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კომუნიკაცია უნდა გაიგზავნოს შესაბამის მისამართებზე შემდეგი სახით:
NEFCO-სთვის:
ფაბიანინკატუ 34, FI-00100 ჰელსინკი, ფინეთი (კურიერისთვის)
P.O. ყუთი 249, FI-00171 ჰელსინკი, ფინეთი (ჩვეულებრივი ფოსტა)
საქართველოსთვის:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, გორგასლის 16, 0114 თბილისი, საქართველო
შესრულებულია ორ ეგზემპლარად თბილისში 2014 წლის 25 თებერვალს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობისათვის და მისი სახელით:
სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციისათვის და მისი სახელით:
ნოდარ ხადური
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მაგნუს რისტედტი
მმართველი დირექტორი
ტიტა ანტილა
მთავარი იურისტი
[1] რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სავაჭრო კანონმდებლობის საკითხებზე გაეროს კომისიის (UNCITRAL) საარბიტრაჟო წესების შესაბამისად
.