„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3937
სარეგისტრაციო კოდი
040.110.030.05.001.002.457
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 48, 22/12/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 9.07.1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-4 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დადგენილი წესით დამტკიცებული ისტორიულ-კულტურული და მხატვრული ფასეულობის ობიექტები, კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა-ნაგებობები დადგენილი პირობებისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე. თუ შესაბამის ობიექტს განსაკუთრებული საზოგადოებრივი, ისტორიულ-ტრადიციული მნიშვნელობა აქვს, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ მისი პრივატიზების შესახებ თანხმობის გაცემისას აუცილებელი პირობაა ამ ობიექტის საქმიანობის პროფილის შენარჩუნება;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები:

„ბ1) რელიგიური და საკულტო ნაგებობები (მოქმედი და არამოქმედი), მათი ნანგრევები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ისინია განთავსებული;

2) ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის სახელმწიფო არქივები, კინო, ფოტო -და ფონოდოკუმენტების სახელმწიფო ფონდი, საქართველოს სამინისტროების (უწყებების), სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების არქივები და ფონდები, სამუზეუმო კოლექციები, ფონდები, ეროვნული მნიშვნელობის სახლ-მუზეუმები;“.

2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9–მე-11 პუნქტები:

„9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქონების პრივატიზების დათქმული თარიღიდან 7 დღის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ქონების პრივატიზების შეწყვეტის შესახებ, სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი ითვლება 1 წლით გაგრძელებულად გამოცხადებული პირობებითა და ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში საპრივატიზებო ქონების საწყისი ფასი არ მცირდება. გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების პრივატიზების შეწყვეტის თაობაზე ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით.

10. თუ გამოცხადებული პირობებით ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ ვადაში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის განცხადება საპრივატიზებო ქონების შეძენის შესახებ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო განცხადების წარმოდგენიდან 1 თვეში იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლისათვის სახელმწიფო ქონების პრივატიზების თაობაზე. მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარე არსებობს მაშინ, თუ დაინტერესებული მხარის განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში იმავე მოთხოვნით სხვა პირმა არ წარადგინა განცხადება. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს წარმოდგენილი განცხადების შესახებ ინფორმაციის საჯაროობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. თუ ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში წარმოდგენილ იქნა სხვა პირის (პირების) განცხადება, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო შესაბამისი სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საპრივატიზებო ქონების შეძენის თაობაზე ბოლო განცხადების წარმოდგენიდან 1 თვეში.“.

    მუხლი 2.

საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში წარმოადგინოს „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი შესაბამისი ცვლილებები და დამატებები.

    მუხლი 3.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი         მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 8 დეკემბერი.

№3937–რს