სპეციალური პენიტენციური სამსახურის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეების, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 12.09.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №145
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016399
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.09.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეების, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №145
2014 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეების, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
პატიმრობის კოდექსის 571 მუხლის მე-18 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეების, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი და პირობები, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესი №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ ოქმის ფორმა №2 დანართის და სამედიცინო შემოწმების შესახებ აქტის ფორმა №3 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
დანართი №1
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეების, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი და პირობები, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესი
მუხლი 1🔗
1. ეს წესი, პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების (შემდგომში – სისტემის ორგანოები) შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეებს, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესსა და პირობებს, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესს.
2. სპეციალური საშუალებების გამოყენება ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) დაქვემდებარებაში არსებულ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება), აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას, თავდასხმისას, გაქცევისას ან გაქცევის მცდელობისას (გარე აკრძალულის ზოლიდან 5 კმ. რადიუსის მანძილზე).
3. ამ ბრძანებით დადგენილი წესით სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვთ:
ა) დაწესებულების მოსამსახურეს ან დაწესებულების მოსამსახურეებისაგან შემდგარ ჯგუფს;
ბ) დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებისაგან შემდგარ საბადრაგო ჯგუფს ან კოლონას;
გ) დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებისაგან შემდგარ ჯგუფს.
მუხლი 2🔗
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დასაშვებია გამოყენებულ იქნეს შემდეგი სპეციალური საშუალებები:
ა) ხელბორკილი;
ბ) დამაწყნარებელი პერანგი;
გ) დამაწყნარებელი სკამი;
დ) დამაწყნარებელი საწოლი;
ე) რეზინის ხელკეტი;
ვ) ცრემლსადენი გაზი;
ზ) წიწაკის გაზი;
თ) არალეტალური იარაღი;
ი) აკუსტიკური საშუალება;
კ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა;
ლ) წყალსატყორცნი;
მ) სასამსახურო ძაღლი.
2. სპეციალური საშუალება გამოიყენება უსაფრთხოების უკიდურესი ღონისძიების სახით იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალება არაეფექტურია. სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა იყოს წარმოქმნილი საფრთხის პროპორციული, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებს აღნიშნული ღონისძიების ადრესატს.
3. სპეციალური საშუალებების გამოყენება, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ - „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებებისა, ასევე დასაშვებია დაწესებულებაზე გარედან თავდასხმის მოსაგერიებლად.
4. დაუშვებელია სპეციალურ საშუალებათა ისეთი ფორმით გამოყენება, რომელიც იწვევს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატივისა და ღირსების შელახვას.
5. დაუშვებელია სპეციალური საშუალებების ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით გამოყენება.
6. ამ წესის მიზნებისათვის არალეტალურ იარაღად ჩაითვლება რეზინის ტყვია, საღებავის სასროლი, სასროლი ბადე, კვამლმდენი.
მუხლი 3🔗
1. სისტემის ორგანოს მოსამსახურის (შემდგომში – მოსამსახურე) მიერ დაუშვებელია ამ წესის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სპეციალური საშუალებების გარდა სხვა რაიმე სპეციალური საშუალების გამოყენება. ყოველი საფუძვლის არსებობისას გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შესაბამისი სპეციალური საშუალება.
2. უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელების მიზნით სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში:
ა) ხელბორკილი – პირის მიმართ, რომელიც თავისი ქმედებით წინააღმდეგობას უწევს სისტემის ორგანოს მოსამსახურეს ან/და არ ემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას; საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება; ცდილობს გაქცევას; აგრეთვე თუ არსებობს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის გონივრული ეჭვი;
ბ) დამაწყნარებელი პერანგი, დამაწყნარებელი სკამი და დამაწყნარებელი საწოლი – პირის მიმართ, რომელმაც სცადა ზიანი მიეყენებინა საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის ან/და ზიანი მიაყენა საკუთარ თავს ან სხვას; რომელიც აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება; აგრეთვე რომლის მოქმედება გამოხატულად აგრესიულია. აღნიშნული სპეციალური საშუალებები გამოყენებული უნდა იქნეს ექიმის მეთვალყურეობით;
გ) რეზინის ხელკეტი – ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა დაზიანების თავიდან აცილების, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, თავდასხმის მოგერიების, დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით;
დ) ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და აკუსტიკური საშუალება – გარშემომყოფებზე ან/და დაცულ ობიექტზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის თავდასხმის მოსაგერიებლად; მასობრივი არეულობის ან/და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად;
ე) წიწაკის გაზი – დანაშაულის, თავდასხმის, გაქცევის, მასობრივი დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად, დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად, შეიარაღებული პირის დასაკავებლად;
ვ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა – გარშემომყოფებზე ან/და დაცულ ობიექტზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული პირის დასაკავებლად, იმ დაკავებული ობიექტის დატოვების მიზნით, რომელსაც პირი თავს აფარებს;
ზ) წყალსატყორცნი – მასობრივი არეულობის ან/და წესრიგის დარღვევის აღსაკვეთად, დაცულ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული პირის დასაკავებლად;
თ) სასამსახურო ძაღლი – ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევისას ან გაქცევის მცდელობისას; აკრძალული ნივთების აღმოსაჩენად, თავდასხმის მოსაგერიებლად.
მუხლი 4🔗
1. ქალებისა და არასრულწლოვანების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალება, ხოლო ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის, თავდასხმის მოგერიების მიზნით და შეიარაღებული პირის დასაკავებლად, აგრეთვე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები.
2. სპეციალური საშუალების გამოყენებაზე უფლებამოსილი პირის მიერ წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, როგორც წესი, არ გამოიყენება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებისა.
3. სპეციალური საშუალებების გამოყენებისას შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აშკარად გამოკვეთილი ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობები.
4. აკრძალულია დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანისას ისეთი სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც ადამიანის მძიმე დასახიჩრებას იწვევს, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან იკრძალება საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საერთაშორისო აქტებით.
5. წიწაკის გაზის გამოყენება დასაშვებია უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ვ“ და „თ“–„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია არსებული საფრთხის აღმოსაფხვრელად. დაუშვებელია წიწაკის გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და იმ პირის მიმართ ვინც უკვე იმყოფება შესაბამისი უფლებამოსილი პირის კონტროლის ქვეშ.
მუხლი 5🔗
1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა შეწყდეს იმ საფუძვლის აღმოფხვრისთანავე, რომლის გამოც ხორციელდება აღნიშნული სპეციალური საშუალების გამოყენება ან როდესაც აშკარაა, რომ გამოსაყენებელი საშუალებით ვერ მიიღწევა ლეგიტიმური მიზანი.
2. სპეციალური საშუალებების ყოველი გამოყენებისას ხორციელდება არსებული სიტუაციის დინამიკაში შეფასება.
მუხლი 6🔗
1. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელბორკილით მყარ ზედაპირზე მიმაგრება, გარდა იმ უკიდურესი შემთხვევისა, როდესაც სხვა საშუალებებით შეუძლებელია კანონით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა.
2. ხელბორკილების დადებისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს, როგორც წესი, ხელები უნდა ჰქონდეს უკან, გარდა იმ შემთხვევისა როცა შესაბამისი მდგომარეობა არ მოიცავს სხვაგვარი ფიქსაციის აუცილებლობას. ხელბორკილები მოიხსნება მხოლოდ ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ. ხელბორკილები აგრეთვე მოიხსნება:
ა) ბუნებრივი საჭიროებისას და კვების დროს (გარდა მასობრივი არეულობის ან ჯგუფური დაუმორჩილებლობის შემთხვევისა);
ბ) მათი სიცოცხლისთვის საშიში პირობების წარმოქმნისას (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ.).
მუხლი 7🔗
1. დამაწყნარებელი პერანგის, დამაწყნარებელი სკამის და დამაწყნარებელი საწოლის გამოყენებისას, დაწესებულების ექიმი მეთვალყურეობის დროს პერიოდულად ამოწმებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
2. დაწესებულების ექიმი უფლებამოსილია გასცეს წერილობითი რეკომენდაცია ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენების მიზანშეუწონლობასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.
3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის არსებობისას, რეკომენდაცია შეიძლება გაიცეს ზეპირი ფორმითაც.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დაწესებულების ექიმი ვალდებულია ზეპირად გაცემული რეკომენდაცია გონივრულ ვადაში გააფორმოს წერილობით.
5. დამაწყნარებელი პერანგის ჩაცმის შემდეგ, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელები გადაიწევა უკან ზურგის მხარეს. დამაწყნარებელი პერანგის ჩაცმის შემდეგ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწოლა ლეიბზე უნდა მოხდეს სახით ზემოთ.
მუხლი 8🔗
დაუშვებელია რეზინის ხელკეტის მიზანმიმართულად გამოყენება სხეულის სხვა ადგილებში, გარდა სხეულის ზედა და ქვედა კიდურების მიდამოებისა.
მუხლი 9🔗
1. არალეტალური იარაღის, ცრემლსადენის, აკუსტიკური საშუალების და ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობის გამოყენება ხორციელდება მათი ტექნიკური მახასიათებლების/შეზღუდვების გათვალისწინებით, იმგვარად, რომ არ გამოიწვიოს ადამიანის მძიმე დასახიჩრება ან სიცოცხლის მოსპობა.
2. დაუშვებელია არალეტალური იარაღის თავში დამიზნებით სროლა, გარდა სასროლი ბადისა.
მუხლი 10🔗
1. წყალსატყორცნი გამოიყენება მასობრივი არეულობის ან/და წესრიგის დარღვევის აღსაკვეთად, დაცულ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაკავებლად.
2. დაუშვებელია წყლის ჭავლში ცრემლსადენი გაზის (CS) ან წიწაკის გაზის კონცენტრაცია აღემატებოდეს 5 %-ს.
3. წყალსატყორცნის გამოყენების თაობაზე გაფრთხილება უნდა განხორციელდეს ხმოვანი საშუალებით.
4. აკრძალულია წყალსატყორცნის გამოყენება ელექტრომოწყობილობებისა და დანადგარების ახლოს არანაკლებ 5 მეტრის ფარგლებში, თუ ძაბვა არ აღემატება 1000 ვოლტს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული მოწყობილობები და დანადგარები გამორთულია.
5. აკრძალულია წყალსატყორცნის გამოყენება ელექტრომოწყობილობებისა და დანადგარების ახლოს არანაკლებ 10 მეტრის ფარგლებში, თუ ძაბვა აღემატება 1000 ვოლტს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული მოწყობილობები და დანადგარები გამორთულია.
6. აკრძალულია წყალსატყორცნის გამოყენება იმ ადგილთან ახლოს, სადაც მუშავდება ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც წყალთან რეაქციის დროს იწვევენ აფეთქებას.
მუხლი 11🔗
1. დაუშვებელია სასამსახურო ძაღლის გამოყენება პირის მიზანმიმართულად სხეულის მძიმე დაზიანების მისაყენებლად.
2. სასამსახურო ძაღლის გამოყენება დასაშვებია, თუ იგი არის შესაბამისად გაწვრთნილი და ემორჩილება სპეციალური საშუალების გამოყენების უფლების მქონე პირის ბრძანებას.
მუხლი 12🔗
იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ შეუძლებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა ერთი საშუალებით, პატიმრობის კოდექსითა და ამ ბრძანებით დადგენილი საფუძვლებითა და ფარგლებში დასაშვებია რამდენიმე სახის სპეციალური საშუალების ერთდროულად გამოყენება.
მუხლი 13🔗
1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ზ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენებაზე (როდესაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ) გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების დირექტორი ან მისი არყოფნის შემთხვევაში, მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, ხოლო ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანის შემთხვევაში საბადრაგო ჯგუფის/კოლონის უფროსი.
2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების დირექტორი ან მისი არყოფნის შემთხვევაში, მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.
3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მოქმედი ჯგუფის უფროსი. აღნიშნული სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვთ დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს.
4. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს უფროსი ან მისი ნებართვით შესაბამისი ჯგუფის უფროსი. აღნიშნული სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვთ დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს.
5. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს იმ ჯგუფის უფროსი, რომლის განკარგულებაშიც არის სასამსახურო ძაღლი.
მუხლი 14🔗
1. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს სისტემის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება. სისტემის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილი პირი გადის პერიოდულ გადამზადებას.
2. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები სპეციალური მომზადების შემდეგ პერიოდულად გადიან სპეციალური გადამზადებას.
3. პასუხისმგებლობა სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ ეკისრება კონკრეტული სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირს.
4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სპეციალური საშუალების გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სპეციალური საშუალების გამომყენებელ პირს.
მუხლი 15🔗
სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს ბრალდებული/მსჯავრდებული, სხვა პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ქონების დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.
მუხლი 16🔗
1. სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამისი დაწესებულების დირექტორს ან მისი არყოფნის შემთხვევაში, მის მიერ საამისოდ განსაზღვრულ პირს და დაწესებულების ექიმს, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენების შემთხვევისა.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან/და მისი გაქცევის თავიდან აცილების მიზნით მის მიმართ სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ ჯგუფის ან კოლონის უფროსი დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და ექიმს, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენების შემთხვევისა.
3. სპეციალური საშუალებების გამოყენების შემდეგ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი გამოკვლევები, კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვით, რომლის შესახებაც დგება შესაბამისი აქტი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ექიმის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და მისი მოთხოვნით, შესაძლებელია შემოწმების პროცესზე განხორციელდეს ვიზუალური დაკვირვება, მოსმენის გარეშე. პირი, რომელიც შემოწმების პროცესს აკვირდება ვიზუალურად, ვალდებულია დაიცვას სამედიცინო შინაარსის ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აქტი ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში და ერთვის მის სამედიცინო ისტორიას. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული აქტი გადაეცემა გასაცნობად.
მუხლი 17🔗
1. სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ადგენს და ხელს აწერს სპეციალური საშუალებების გამომყენებელი პირი/პირები. ოქმი რეგისტრირდება დაწესებულებაში და მისი ერთი ასლი იგზავნება იმ სამსახურში, რომლის მოსამსახურემაც გამოიყენა სპეციალური საშუალება. ოქმში აღინიშნება გამოყენებული სპეციალური საშუალება, მისი, აგრეთვე დინამიკაში შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ დასაბუთება, ღონისძიების დაწყებისა და დასრულების დრო და სხვა მონაცემები. ოქმს აგრეთვე ხელს აწერს სპეციალური საშუალების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიმღები პირი.
2. თუ სპეციალურ საშუალებას იყენებს საბადრაგო ჯგუფი/კოლონა ან სპეციალური დანიშნულების ჯგუფი (შემდგარი ორი ან მეტი მოსამსახურისაგან), სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ ოქმს ადგენს და ხელს აწერს შესაბამისი ჯგუფის/კოლონის უფროსი.
3. სპეციალური საშუალების გამოყენებისას შესაბამის უფლებამოსილ პირებს, როგორც წესი, სახე აქვთ დაფარული და მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია მხოლოდ ყოველ დავალებაზე წინასწარ განსაზღვრული განსხვავებული ნუმერაციით, რომელიც აღინიშნება შესაბამის დოკუმენტში. აღნიშნული დოკუმენტი ინახება დაცულ ადგილას. ნუმერაცია აისახება სპეციალური საშუალების გამოყენების უფლების მქონე პირის ტანსაცმელზე.
4. ყველა მოსამსახურე ვალდებულია არ გაამჟღავნოს სპეციალური საშუალების გამომყენებელი პირის ვინაობას, რომელსაც სპეციალური საშუალების გამოყენებისას სახე ჰქონდა დაფარული. აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად და გამოიწვევს კანონმდებლობით დადგენილ დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
მუხლი 18🔗
სპეციალური საშუალებების გამოყენების საფუძვლების აღმოფხვრის შემდგომ შესაბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ უნდა შედგეს ანგარიში. მომზადებული ანგარიში დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრსა (შემდგომში - მინისტრი) და დეპარტამენტის თავმჯდომარეს.
მუხლი 19🔗
1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების შენახვისათვის გამოყოფილი დაცული ადგილი განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ.
2. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში საამისოდ გამოყოფილ ადგილას ინახება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა” – „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები და წიწაკის გაზი აეროზოლის სახით.
3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში და ქალთა სპეციალური დაწესებულებაში საამისოდ გამოყოფილ ადგილას ინახება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები.
4. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში საამისოდ გამოყოფილ ადგილას ინახება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა” - „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები და წიწაკის გაზი აეროზოლის სახით.
5. ამ მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სპეციალური საშუალებების შენახვაზე უფლებამოსილია სპეციალურად გადამზადებული დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების განყოფილების შესაბამისი მოსამსახურეებისაგან შემდგარი ჯგუფი.
მუხლი 20🔗
1. დაუშვებელია დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში და ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე სპეციალური საშუალების ტარება.
2. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დასაშვებია ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საშუალების ტარება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი სპეციალური საშუალების ტარების უფლება აქვს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეს, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება.
მუხლი 21🔗
სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №2
სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ
ოქმი №
„ ––––––– “ –––––––––––––––––––––––– 20 წ.
----------------------------------------
(ოქმის შედგენის თარიღი
)
(ოქმის შედგენის ადგილი
)
ვადგენთ ოქმს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის --------------------------------- თანამშრომლები შემდეგი შემადგენლობით
(სახელი
, გვარი
, თანამდებობა
):
1.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბრალდებულის
/მსჯავრდებულის
სახელი
, გვარი
,მამის სახელი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაბადების თარიღი:
–––––––--------------------------------------------------------------------------
სპეციალური საშუალების გამოყენების ადგილი
––––––––––––------------------------------------
ღონისძიების დაწყებისა და დასრულების დრო:
-----------------------------------------------------------------------------------------------------
გამოყენებულ იქნა შემდეგი სპეციალური საშუალება:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ
(მათ შორის, არსებული სიტუაციის დინამიკაში
შეფასებისას მიღებული გადაწყვეტილებით სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ
) დასაბუთება:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სხვა ინფორმაცია
: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ოქმი შევადგინეთ და ვადასტურებთ ხელმოწერით
:
1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დანართი №3
სპეციალური საშუალებების გამოყენების შემდგომ
სამედიცინო შემოწმების აქტი №
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი და გვარი, მამის სახელი------------------------------------
2. სქესი -------------
3. დაბადების თარიღი -------------------
4. დაწესებულება ------------------------------
4. შემოწმების დაწყების თარიღი და დრო -----------------
5. შემოწმების დამთავრების თარიღი და დრო-----------------
6. შემოწმების შედეგი (დიაგნოზი - მისი დასმის შესაძლებლობის შემთხვევაში) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. დანიშნულება/რეკომენდაცია ------------------------------------------------------------------------------------
8. რა სპეციალური საშუალებები იქნა გამოყენებული ( ოქმის საფუძველზე)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9. ექიმის (შემმოწმებლის) სახელი და გვარი --------------------------------------------------------------------