აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 11.09.2014
ძალის დაკარგვა 03.08.2015
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016171
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
📋 აუქმებს — 1 აქტი
- აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდევინების წესის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 12.04.2013
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2014 წლის 11 სექტემბერი
ქ. აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის,24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ" ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ", ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ", ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის", „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონების და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
შემოღებულ იქნეს აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
მუხლი 1🔗
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის
1) აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებელი განისაზღვროს ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ერთი ლარით;
2) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის - 5 (ხუთი) ლარი.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, თანახმად დანართი №1-ისა.
მუხლი 3🔗
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის
შემოღებულ იქნეს აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი.
1) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე 0,7 ლარით, ხოლო იურიდიულ პირებზე და ორგანიზაცია-დაწესებულებებზე 1 მ3 საყოფაცხოვრებო ნარჩენზე - 25 ლარით;
2) ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების, ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, გაუვნებლობის და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობის, ასევე დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯები დაფინანსდეს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს აბაშის რაიონში დასახლებული ტერიტორის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია თანახმად დანართი №2-ისა.
მუხლი 5🔗
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი
1) აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება
მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვროს:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარით;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 3 000 ლარით;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 3000 ლარი.
მუხლი 6🔗
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, თანახმად დანართი №5-ისა.
მუხლი 7🔗
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლი
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
1. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს:
ა) II კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 300 მ2-ს:
ა.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში --1000 ლარი:
ა.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში --500 ლარი:
ბ) III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500მ2 - მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის შენობა-ნაგებობისათვის:
ბ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში -2000 ლარი;
ბ.ბ)განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში -1000 ლარი;
ბ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში-500 ლარი;
გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 6000 მ2-ს, გარდა ამ პუნქტის ,,ბ' ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა- ნაგებობებისა:
გ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში - 2500 ლარი;
გ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში -1500 ლარი;
გ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში -1000 ლარი;
დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო ფართი აღემატება 6000 მ2-ს:
დ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში - 4500 ლარი;
დ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში - 2500 ლარი;
დ.გ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში -1000 ლარი;
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2 -მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის სათავსის მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.
4.მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტში ცვლილების შეტანის შესახებ დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა
ა) მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტში ცვლილების შეტანის შესახებ დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს:
ა.ა) განცხადების მიღებიდან ერთი დღის ვადაში – 200 ლარი;
ა.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში - 50 ლარი.
ბ) ამ მუხლის 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის სათავსის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ აქტში ცვლილებების შეტანის შემთხვევებზე.
მუხლი 8🔗
დამტკიცდეს აბაშის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია თანახმად დანართი №6-ისა.
მუხლი 9🔗
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს:
II-III- IV კლასების შენობა-ნაგებობებისთვის:
ა) ერთჯერადი შემოწმება პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ–ზე – 0,30 თეთრი;
ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ–ზე – 0,60 თეთრი;
გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ–ზე – 1,20 ლარი.
2. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.
მუხლი 10🔗
დამტკიცდეს აბაშის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, თანახმად დანართი №7-ისა.
მუხლი 11🔗
1) მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახორციელებს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და სტატისტიკის სამსახური;
2) მოსაკრებლის თანხა მთლიანად ჩაირიცხოს აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში.
მუხლი 12🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების,ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ აბაშის მუნციპალიტეტის საკრებულოს, 2013 წლის 28 მაისი № 24 დადგენილება (სსიპ ,,საკანონმდებლო მაცნე," ვებგვერდი, 03.06.2013, ს/კ 010250020.35.110.016132).
მუხლი 13🔗
დადგენილება გადაეგზავნოს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ფოთის რეგიონალურ ცენტრს(საგადასახადო ინსპექციას).
მუხლი 14🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავეაბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე
ინსტრუქცია
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდევინების წესის შესახებ
ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. იგი განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი - შემდგომში ,,მოსაკრებელი").
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა - შემდგომში ,,მშენებლობის ნებართვა" არის განსაზღვრული ფორმის მქონე ერთჯერადი დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად განახორციელოს შენობა-ნაგებობების მშენებლობა, ნებართვაში მითითებულ ვადებში.
3. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები, ნებართვაში მითითებულ ვადებში.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის დაბეგვრის ობიექტი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირი.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის გადამხდელი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელნი არიან მშენებარე ობიექტების მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირები, ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებთაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა.
მუხლი 4🔗.
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
მოსაკრებლისაგან გათავისუფლებულია:
ა) სტიქიური უბედურებების შედეგად დაზიანებულ ობიექტთა მშენებლობა;
ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები.
მუხლი 5🔗.
მოსაკრებლის გაანგარიშების წესი
მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართის (კვადრატულ მეტრში) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.
მუხლი 6🔗.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
1.მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების შესაბამისად.
2.მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელია აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვისა და ადგილობრივი გადასახდელების ადმინისტრირების სამსახური.
მუხლი 7🔗.
მშენებლობის ნებართვის გამცემი
ა) აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას გასცემს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
ბ)მოსაკრებლის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფაზე პასუხისმგებლობა ეკისრება აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურს.
მუხლი 8🔗.
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ინსტრუქცია
აბაშის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებულის გადახდევინების წესის შესახებ
წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია, ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინების წესს.
მუხლი 1🔗.
ზოგადი ნაწილი
1. ინსტრუქცია აწესრიგებს აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლებამოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში - მოსაკრებელი), წარმოადგენს აბაშის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის გაწეული მომსახურების საფასურს;
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური, იურიდიული პირები და ორგანიზაცია-დეწესებულებები, რომლებიც თვითმმართველ ტერიტორიაზე წარმოქმნიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებების წარმოქმნა და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება აბაშის მნუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისთვის.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა მოსახლეობისათვის - მომსახურების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში, ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირებისათვის - მომსახურების მიღებისთანავე.
3. მოსაკრებლის გადახდა შეიძლება განხორციელდეს, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.
4. მოსაკრებელი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
5. ქვითარი შენახული უნდა იქნეს 2 წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელი სამსახური.
6. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიახადოს წინასწარ.
7. თუკი მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, წინასწარ გადახდილი თანხა განაკვეთის ოდენობაზე ნაკლებია, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო თუ წინასწარ გადახდილი თანხა აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ჩაითვლება გადასახდელ თანხაში.
8. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქნელთა მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
9. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხელს არა აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
10. დასახლებული ტერიტორიის მოსაკრებლისაგან გათავისუფლდნენ:
ა) ეკლესია-მონასტრები;
ბ) ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
გ) I და II ჯგუფის ინვალიდები;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები (რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 70000-მდე სარეიტინგო ქულა);
ე) მრავალშვილიანი ოჯახები (ოთხი და მეტი არასრულწლოვანი შვილი).
მუხლი 4🔗.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურს ან/და საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
მუხლი 6🔗.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის
იურიდიული პირისა და ორგანიზაცია-დაწესებულებების მიერ ნარჩენების გატანაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობა ან გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ზომები.
მუხლი 7🔗.
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ქვითრის (დანართი №3, დანართი №4), უნაღდო ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.
2. ქვითრის ტიპურ ფორმას ამტკიცებს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა) მესაკუთრის მონაცემები;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) სულთა რაოდენობა(მოსახლეობისათვის);
დ) გადასახდელი თანხა;
ე) გადახდევინების ვადა;
ვ) გადახდევინების ადგილი;
3. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, თვეში ერთხელ, ყოველი თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში.
4. გადამხდელს შეუძლია გადასახადი გადაიხადოს წინასწარ.
5. ქვითარი შენახული უნდა იქნეს 2 წლის განმავლობაში.
მუხლი 8🔗.
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
(შესაბამისი პასუხისმგებელი იურიდიული პირი)
--------------------------- 20 ---- წელი
ქვითარი № ----------
გადამხდელი ---------------------------------------------------------------
(იურიდიული პირი)
მისამართი -----------------------------------------------------------------
(იურიდიული მისამართი)
(გადასახადის დასახელება)
ზომის ერთეული
საერთო რაოდენობა
გადასახდელი თანხა
გადახდილია
ნარჩენი
-------------------------------------------------------------------------------
(გადაიხადა თანხა სიტყვიერად)
გადაიხადა ---------------------------------------------------------------
(გადამხდელის ხელმოწერა)
მისამართი -----------------------------------------------------------------
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა გარკვევით)
-------------------------------------------------------------------------------
(შესაბამისი პასუხისმგებელი იურიდიული პირი)
--------------------------- 20 ---- წელი
ქვითარი № ----------
გადამხდელი ---------------------------------------------------------------
(იურიდიული პირი)
მისამართი -----------------------------------------------------------------
(იურიდიული მისამართი)
(გადასახადის დასახელება)
გადასახადი ფიზიკური პირებისათვის
სულ თვეში 0,70 ლარი
სულადობა
გადასახდელი თანხა
გადახდილია
ნარჩენი
-------------------------------------------------------------------------------
(გადაიხადა თანხა სიტყვიერად)
გადაიხადა ---------------------------------------------------------------
(გადამხდელის ხელმოწერა)
მისამართი -----------------------------------------------------------------
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა გარკვევით)
ინსტრუქცია
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის წესის შესახებ
წარმოდგენილი ინსტრუქცია ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" და ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონების შესაბამისად განსაზღვრავს კანონით დადგენილ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაწესებულ მოსაკრებლის გადახდის წესსა და ვადებს.
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.ინსტრუქცია აწესრიგებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2.სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირები ამავე ინსტრუქციით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის გადამხდელი
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან აგრეთვე ლატარიის მომწყობი პირები(ორგანიზატორები), რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, „ლატარიები, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის ობიექტები
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:
ა) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი;
ბ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;
გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა;
დ) ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები.
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.
მუხლი 4🔗.
მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი
1. წამახალისებელი გათამაშების მომწყობი (ორგანიზატორი), გარდა წამახალისებელი გათამაშების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობისა საქმიანობის ამ ნაწილში) ვალდებულია, ფოთის რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში) ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
2. წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი თანხით.
3. სამორინეს, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.
4. მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სამორინეს მაგიდისთვის კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ ელექტრონული ფორმის თამაშობისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ანდა მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის მომწყობის (ორგანიზატორის) უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდისა და სათამაშო აპარატის დადგმასა და სალაროს მოწყობაზე. სათამაშო მაგიდებსა და აპარატებზე, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებზე მისამაგრებელი ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშების ორგანიზატორის უფლებას, თამაშების
მოწყობის ადგილებში, სათამაშო მაგიდებისა და აპარატების დადგმასა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობაზე.
5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:
ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებულ ნუმერაციის ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც გაიცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშნები;
ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს.
6. თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი), საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.
7. სათამასო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებული ნუმერაციის ველი (დიაპაზონი) საგადასახადო ორგანოში აღირიცხება თამაშების მოწყობის(ორგანიზატორის) სახელზე.
8. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ნუმერაციის ველის(დიაპაზონის) გამოყოფის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
9. ლატარიის მომწყობნი (ორგანიზატორები) ვალდებულნი არიან ფოთის რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში), ყოველკვარტალურად წარადგინონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადონ მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
მუხლი 5🔗.
პასუხისმგებლობა
ინსტრუქციის დარღვევისათვის, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗.
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ინსტრუქცია
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) დაჩქარებული მომსახურეობის მოსაკრებლის გადახდის წესის შესახებ
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. ეს წესი განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ (შემდგომში – სამსახური) მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის/ნაწილების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) შემოღების, მოსაკრებლის გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.
2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ წესით, წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის ცნება
მოსაკრებელი არის პირის მიერ ამ წესით დადგენილი ოდენობით, სამსახურის მიერ მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) მომსახურების ვადების დაჩქარებისათვის აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა
1. მოსაკრებლის შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა ხდება ამ წესით.
2. ამ წესით დადგენილი მოსაკრებელი მოიცავს დაჩქარებული მომსახურებისთვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს.
3. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა მათი დაფუძნებული იურიდიული პირებისა, თავისუფლდებიან ამ წესით დაწესებული მოსაკრებლის გადახდისგან.
მუხლი 4🔗.
დაჩქარებული მომსახურება
1. დაჩქარებული მომსახურება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს სამსახურის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ამ წესით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა.
2. სამსახურის მიერ წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, სამსახური ამ წესით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.
3. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ წესით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
მუხლი 5🔗.
ვადის გამოთვლა
1. სამსახურის მიერ ამ წესით დადგენილი მომსახურების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.
2. ამ წესით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციისა და თანხის სრულად გადახდის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. სამსახური უფლებამოსილია განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს დაჩქარებული მომსახურების გარეშე დაწყებული წარმოებიდან გასული ვადა.
4. სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში აღმოფხვრის შემთხვევაში, დაწესებული დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება თავიდან.
მუხლი 6🔗.
მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები
1. ამ წესით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ წესით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებელი. დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს მოსაკრებლის გადახდის დამდასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია.
2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.
5. მოსაკრებელი ჩაირიცხება აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე.
მუხლი 7🔗.
გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება
1. მოსაკრებლის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ განაკვეთს შორის.
2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) სამსახური სათანადო საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე;
ბ) დაინტერესებული პირი განცხადების წარგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;
გ) სამსახურმა მომსახურება არ განახორციელა ამ წესით დადგენილ ვადებში ან ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ უარი განაცხადა ამ წესით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე.
3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების ათვლის დასაწყისამდე.
4. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა მეტ ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების დასასრულამდე.
5. განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს ან ხელს შეუშლის სამსახურს ექსპლუატაციაში მისაღებად წარმოდგენილი შენობა-ნაგებობის ადგილზე დათვალიერებაში, განმცხადებელს დაჩქარებული მომსახურებისათვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.
6. ამ მუხლის 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა დაჩქარებული მომსახურებისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
7. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც პირველი მომართვის შემდეგ დაჩქარებული მომსახურების წესით უარი ეთქვა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე და რომელიც იმავე შენობა-ნაგებობას არაუმეტეს ორჯერ წარადგენს სამსახურში ექსპლუატაციაში მიღებაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ან ვადაში იმავე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად მესამედ და ა. შ. დაჩქარებული მომსახურების შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება თავიდან.
8. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.
ინსტრუქცია
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობის და გადახდის წესის დადგინდეს შესახებ
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობის და გადახდის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის შემოღების, მოსაკრებლის გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.
2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ წესით, წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის ცნება
მოსაკრებელი არის პირის მიერ ამ წესით დადგენილი ოდენობით აბაშის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის გადასახდელი სავალდებულო თანხა.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა
1. მოსაკრებლის შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა ხდება ამ წესით.
2. ამ წესით დადგენილი მოსაკრებელი მოიცავს სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს.
მუხლი 4🔗.
სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება
1. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს სამსახურის მიერ მშენებლობის პროცესში კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ამ წესით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, რომელიც მოიცავს დამკვეთის მოთხოვნით, მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შესრულების შემოწმებას საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევასთან დაკავშირებით, ასევე მის თავიდან ასაცილებლად სამშენებლო საქმიანობის კონტროლს, აღნიშნულ საკითხზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
2. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ფორმებია:
ა) ერთჯერადი შემოწმება;
ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში;
გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის განმავლობაში.
3. სამსახური თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სამსახურის წინასწარი წერილობითი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, სამსახური ამ წესით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შესაბამისი ფორმ(ებ)ით.
5. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო შეუძლებელია ამ წესით განსაზღვრული მომსახურების განხორციელება, აგრეთვე, თუ განმცხადებლის მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახური ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗.
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მიღება, მომსახურების პირობები და მომსახურების შეწყვეტა.
1. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელების მიზნით სამშენებლო დოკუმენტით განსაზღვრულ ვადაში, სამსახურს განცხადებით მიმართავს დამკვეთი. განცხადება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სამშენებლო დოკუმენტზე და მოთხოვნას მომსახურების შესაბამისი ფორმით სარგებლობის შესახებ.
2. უფლებამოსილი ორგანოს მიერ, სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე, გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა ნიშნავს უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე.
3. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.
4. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების პროცესი შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე:
ა) დამკვეთის მოთხოვნით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთმა რაიმე ფორმით თავად შეუშალა ხელი სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესს ან/და მის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს წარმომადგენელს;
გ) რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის პროცესი ერთის გარდა სხვა შემოწმებას არ ითვალისწინებს, ან/და ადგილი აქვს მომსახურებით გათვალისწინებულ ბოლო შემოწმებაზე გაცემული რეკომენდაციის შეუსრულებლობას.
5. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების პროცესის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული გარემოებების დადგომიდან ან განცხადების წარდგენიდან 15 დღეში.
მუხლი 6🔗.
ვადის გამოთვლა
1. სამსახურის მიერ ამ წესით დადგენილი მომსახურების განხორციელებისთვის, განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.
2. ამ წესით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციის და თანხის სრულად გადახდის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. ამ წესის მე-6 მუხლით, აგრეთვე წესის შესაბამისად განხორციელებული მომსახურების დროს, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი საფუძველზე გაცემული რეკომენდაციით განსაზღვრული ვადები გამოითვლება კალენდარული დღეებით.
მუხლი 7🔗.
მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები
1. ამ წესით განსაზღვრული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ წესით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებელი.
2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.
5. მოსაკრებელი ჩაირიცხება აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშზე.
მუხლი 8🔗.
გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება
1. თუ მოსაკრებელი გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, მოსაკრებლის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ განაკვეთს შორის;
2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;
ბ) სამსახურმა უარი განაცხადა ამ წესით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე (გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).
3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში, განცხადება სხვა ფორმით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების განხილვის ვადის დასასრულამდე.
4. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა მეტ ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში, განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების განხილვის ვადის დასასრულამდე.
5. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მომსახურების განხორციელების შესახებ მიიღება ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით.
6. ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განმცხადებელს მომსახურებისთვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.
7. ამ მუხლის 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება, ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა მომსახურების ფორმისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
8. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.