თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება - შპს "იალღუჯა 2002" - მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/9262-14
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2014 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „იაღლუჯა-2002” ( ს/კ 234162027)
წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაცია” (ს/კ 206096419; დირექტორი) – დირექტორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „იაღლუჯა-2002”-ის გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 03 ივნისს განცხადებით მიმართა შპს „იაღლუჯა-2002”-ის დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა – ბიძინა ჩიკვილაძემ და ითხოვა შპს „იაღლუჯა-2002”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „იაღლუჯა-2002”-ის უზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართაც დავალიანება შეადგენს 1 409,44 (ათას ოთხას ცხრა მთელი ორმოცდაოთხი მეასედი) ლარს. ბიუჯეტის მოთხოვნა უზრუნველყოფილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით. შპს „იაღლუჯა-2002”-ს არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს. განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ აქვს უძრავ-მოძრავი ქონება, ფულადი სახსრები, არ ჰყავს დებიტორები, საწარმოს შეწყვეტილი აქვს წარმოების პროცესი და შესაბამისად მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კრედიტორთა მოთხოვნები. განცხადებაში მითითებულია, რომ ორგანიზაციის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, თუმცა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 08 მაისის №1/1-809 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „იაღლუჯა 2002”-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 83.02.16.077) ორგანიზაციის კაპიტალიდან ამოღება და მისი სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება. ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელი ითხოვს შპს ”იაღლუჯა-2002”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 06 ივნისის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „იაღლუჯა-2002”-ს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით და მოეთხოვათ შპს ”იაღლუჯა-2002”-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყება და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იქნებოდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ივნისის განჩინება, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 12 ივნისს. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შპს ”იაღლუჯა-2002”-ის კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს „იაღლუჯა-2002”-ის კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს ”მერქსის” გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „იაღლუჯა-2002” (ს/კ 234162027) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. მოვალე შპს „იაღლუჯა-2002” (ს/კ 234162027) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე